"საქართველოში ძალიან ბევრი რუსია, მადლობა ღმერთს, მათ მიმართ აგრესია არ იგრძნობა“ - კვირის პალიტრა

"საქართველოში ძალიან ბევრი რუსია, მადლობა ღმერთს, მათ მიმართ აგრესია არ იგრძნობა“

"ყველა ომი უაზრობაა და მით უმეტეს - ასეთი გამოგონილი მიზეზებით“

მსოფლიოში აღიარებულმა­ მხატვარმა­ რუსუდან ფეტვიაშვილმა გამ­ოფენა რუსე­თში ჯერ კიდევ 12 წლისამ გამართა. მაშინ იქ ისევ კომუნისტების­ დრო იყო, გამ­ოფენის თემა კი - თავისუფალი: ანგელოზები, ჯვარცმა, ნათლობა... გამოფენა ორი კვირის მანძილზე იყო დაგეგმილი და სამი თვე ვერ დახურეს, იმდენი დამთვალიერებელი ჩამოდიოდა სხვადასხვა ქალაქიდან. ამის შემდეგ რუსეთში კიდევ რამდენიმე გამოფენა დაიგეგმა, მაგრამ 9 აპრილის მერე მხატვარს ამის სურვილი აღარ ჰქონდა. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსუდან ფეტვიაშვილი საფრანგეთში იყო და რუსეთის დეზინფორმაციის წინააღმდეგ პრესკონფერენციებს მართავდა. "2008 წელს ვერ ჩამოეხსნა რუსეთს ნიღაბი, ახლა - კი! მაშინ ბევრს ჩვენ ვეგონეთ­ დამნაშავე, რადგან რუსეთს ევროპის­ გაზეთებსა და ტელევიზიებში სასუ­რველი ინფორმაცია გაჰქონდა" - ამბობს მხატვარი.

- უკვე მესამე თვეა, რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. ხომ არ გქონიათ კონტაქტი უკრაინელებთან ან რუსებთან?

- უკრაინელებთან კონტაქტი ჯერჯერობით არ მქონია, გარდა იმისა, რომ საახლობლო ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგროვებთ და როგორც შეგვიძლია, ვეხმარებით. ადრე უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენები მქონდა, იქაურმა ტელევიზიამ ყველა გააშუქა, ბევრს ვიცნობ, მაგრამ მათი ტელეფონის ნომრები არა მაქვს, სოცქსელებს კი არ ვიყენებ და, ცოტა არ იყოს, აუტსაიდერივით ვარ. რუსეთშიც­ მყავდა მეგობრები. ახლა ზოგიერთი მათგანი,­ ძირითადად, მოსკოვში მცხოვრები ქართველები, საქართველოში არიან. შევხვდით კიდეც. რა თქმა უნდა, უკიდურესად აღშფოთებული, შეწუხებული არიან და მათთან ამ საკითხზე საუბარს თავს ვარიდებ.

მეცოდებიან რუსები, ასეთ საშინელ დღეში რომ ჩაყარა მათმა ხელისუ­ფლებამ. დიდი დრო გავიდა და ხალხს უნდა გაეანალიზებინა, რა დღეში ამყოფებენ­ უკრაინელ ხალხს და თუნდაც მთელ მსოფლიოს! როგორ არ აპროტესტებენ ამ ყველაფერს, მიკვირს... თვითონ რუსებმა უნდა თქვან უარი თავიანთ ქმედებებზე,­ თორემ სხვანაირად როგორ შეიძლება რუსეთი შეაჩერო? ძალმომრეობაზე პასუხი ისევ ძალმომრეობა ან ძალიან დიდი სიყვარულია, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი სიყვარული როგორ უნდა გამოვიჩინოთ, არ ვიცი. საქართველოში ძალიან ბევრი რუსია, მადლობა ღმერთს, მათ მიმართ აგრესია არ იგრძნობა. მათ რას ვერჩით - თავს უშველეს და გამოიქცნენ, ოჯახების გადარჩენას ცდილობენ...

- ფიქრობთ, რომ სიყვარულით შეიძლება­ რუსეთი შეჩერდეს?

- ძალიან დიდი სიყვარულია საჭირო, ამხელა ბოროტებას რომ დაუპირისპირდე...­ მშვიდობის ფასი დედამიწაზე არაფერია! თუ მშვიდობა არ არის, ყველაფერი აზრს კარგავს! იმიტომ არის ნათქვამი: "ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან..."

- ნახატი ხომ არ მიუძღვენით ამ საშინელებას, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება?

- ვერაფერი... მუშაობა ისე მიჭირს, ძლივს დავამთავრე თითო-ოროლა ნამუშევარი, რომლებიც დაწყებული მქონდა. რაც ხდება, ჩემზე ძალიან მოქმედებს. როცა ბავშვები, უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან, საშინელ გაჭირვებაში არიან, მე ვერაფრით ვახერხებ, დავჯდე და მშვიდად­ ვიმუშაო. სიმშვიდე ვერ მოვიპოვე. ომი ძალიან მაგდებს კალაპოტიდან. როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ადამიანები ისეთი­ უგუნურები აღმოჩნდნენ, რომ ამხელა აგრესია გამოიჩინონ?! ბავშვები დაიღუპნენ, რომლებსაც თავიანთი ოცნებები, მიზნები ჰქონდათ... ან უფროსმა რა დააშავა? ყველა ადამიანს ხომ თავისი სამყარო აქვს და უცებ ყველაფერს უსპობ! ეს ხომ სიყვარულის, ტოლერანტობის, ურთიერთგაგების საუკუნეა! არ შეიძლება ამხელა ბოროტება­ ჩაიდინო და მერე ეს ყველაფერი მოგეტევოს! რუსების მიმართ არც აგრესია მაქვს, არც - სიძულვილი, არაფერი სიბრალულის გარდა. ძალიან დიდ ცოდვას იდებენ, უსაზღვროდ მძიმე ტვირთს იღებენ და ვერც კი წარმომიდგენია, ეს როგორ უნდა ჩამოირეცხონ... ჩვენც ხომ გამოვიარეთ ომი, ნგრევა,­ უბედურება... ფეხზე დადგომა ძალიან ძნელია­ და, რაც ყველაზე დიდი ტრაგედიაა, დაღუპულებს ხომ აღარაფერი ეშველებათ!.. ყველა ომი უაზრობაა და მით უმეტეს - ასეთი გამოგონილი მიზეზებით, რის გამოც ამდენი საცოდაობა დატრიალდა!..