"ხალხს სარდაფში საჭმელი რომ გაუთავდა, მზად იყვნენ, ერთი ყლუპი წყლისთვის ერთმანეთი­ დაეხოცათ“ - კვირის პალიტრა

"ხალხს სარდაფში საჭმელი რომ გაუთავდა, მზად იყვნენ, ერთი ყლუპი წყლისთვის ერთმანეთი­ დაეხოცათ“

ქერათმიანი გოგონა წითელი ყაყა­ჩოების გვირგვინით. უკრაინული ეროვნული სამოსით და ბანდურით ხელში - ასეთია ჩვიდმეტი წლის მარია ვდოვიჩენკო ომამდე გადაღებულ ბევრ ფოტოზე. ის ოჯახთან ერთად მარიუპოლში ცხოვრობდა, უკრავდა ბანდურაზე, სწავლობდა სკოლაში და დადიოდა ეკლესიაში. მისი ცხოვრება 24 თებერვალს შეიცვალა, როდესაც ქალაქის დაბომბვა დაიწყო. სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ, ნანგრევებად იქცა, ცოტა ხნის წინ კი მარიას ოჯახი მარიუპოლიდან წამოვიდა. ისინი ფილტრაციის ბანაკს გადაურჩნენ და ახლა ლვოვში არიან. მარია კოშმარულ დღეებს ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს.

"ომი დაიწყო. მივდივართ!"

24 თებერვალს, 3:50 საათზე დედამ გაიგო პირველი აფეთქება, ოთახში შემოვარდა ჩემს უმცროს დასთან ერთად და ხმამაღლა წარმოთქვა საშინელი სიტყვები: ომი დაიწყო­. მივდივართ! სად მივდივართ? როგორ მივდივართ? - ვიკითხე, მაგრამ მერე სწრაფად ჩავყარეთ ტანსაცმელი და საკვები ჩანთებში. გვეგონა, შევძლებდით წასვლას, მაგრამ ქალაქი დაიხურა და დაიწყო ნამდვილი კოშმარი. ხალხი სახლებიდან გამორბოდა. ცდილობდნენ, საკვების მარაგი ეყიდათ. ბანკომატებიდან ფული გამოჰქონდათ, მანქანებს ავსებდნენ, ირგვლივ კი აფეთქებების ხმა ისმოდა... 12 საათზე ჩვენმა სახლმა რყევა დაიწყო. არ ვიცოდით, რომელ სარდაფში გავქცეულიყავით. დავურეკე ამხანაგობის თავ­მჯდომარეს და მითხრა, რომ ჩვენი სარდაფი თავშესაფრად არ იყო გათვლილი. მაშინ ჯერ ისევ გვქონდა ურთიერთობის საშუალება, საკვებისა და წყლის მცირე მარაგიც და გვეგონა, რომ ეს საშინელება სამ-ოთხ დღეში დამთავრდებოდა...

სააბაზანო „ხრუშჩოვკაში“

ომის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ­ მოიშალა კომუნიკაციის საშუალებები­, შეწყდა წყალი, დენი, გაზი. მარიუპოლში ჭურვები დაფრინავდა. ქალაქის მარცხენა სანაპირო განადგურდა დAა აფეთქების ტალღებმა პრიმორსკის რაიონამდე მოაღწია. ფანჯრები დავგმანეთ, ქაფი ჩავასხით, გვეგონა, დაგვიცავდა, მაგრამ...

გადავწყვიტეთ, აბაზანაში დავმალულიყავით. როგორც კი ხმაურს, აფეთქების ხმას გავიგონებდით, მაშინვე სააბაზანოში გავრბოდით. თანდათან იმედიც გაქრა, რომ ეს როდისმე დასრულდებოდა და ვინმე გვიშველიდა... აბა, როგორ დაგვიცავდა ჩვეულებრივი "ხრუშჩოვკის" სააბაზანო?

ერთ დილას, როცა ყველა ერთ ოთახში­ ვიწექით, უცებ ყველაფერი აზანზარდა. მიწაც ამოძრავდა, სახლი თითქოს ხტოდა. სწრაფად ჩავიკეტეთ სააბაზანოში. თავიდან სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი აფეთქების ტალღამ თითქოს ყველაფერი გაარღვია. სახლის ზედა სართულები დაინგრა. სახურავიდან ბეტონის ნამტვრევები, ავეჯი, მინის ნამსხვრევები მოფრინავდა. ირგვლივ ყვირილი, კივილი ისმოდა...

სარდაფი

ჩვენ სახლიდან გამოსვლა მოვახერხეთ.მამამ გვითხრა, პირველივე შემხვედრ სარდაფამდე გავქცეულიყავით. ირგვლივ შუშის ნამსხვრევები ფენებად იყარა­, ისმოდა სროლის ხმა, ჩვენ კი უკანმოუხედავად გავრბოდით და ვფიქრობდით, ოღონდ სადმე კიბე და სარდაფი გამოჩენილიყო...“

უახლოეს სარდაფამდე ჯერ ჩემმა დამ მიირბინა, მერე - მე და ბოლოს - მშობლებმა. დავიწყეთ ბრახუნი. კარს უკან ხალხი იყო, მაგრამ... ბოლოს ვიღაც კაცმა გააღო კარი და გვითხრა, ვერ შემოგიშვებთ­, სარდაფში ბევრი ხალხია, ადგილი აღარ გვაქვსო. მამამ არ მოუსმინა, ხელი ჰკრა და შევედით...

შიგნით 20 კაცი იყო, ჩვენი მეზობლები. ფეხდაფეხ შემოგვყვა კიდევ ერთი ოჯახი ხუთი თვის ჩვილით. ამ სარდაფში საშინელება ვნახეთ. ხალხს საჭმელი რომ გაუთავდა, მზად იყვნენ, ერთი ყლუპი წყლისთვის ერთმანეთი­ დაეხოცათ. პროდუქტი არ გვქონდა და საჭმელი როგორ უნდა მოგვემზადებინა! წყალს კი ყინულისა და თოვლის დნობით ვიღებდით. გარეთ გამოსვლა სიგიჟე იყო: შენობის ფრაგმენტები, ტყვიები, ნამსხვრევები, ქვები ჰაერში დაფრინავდა... ერთხელ ჩვენი სარდაფის კარის წინ ნაღმი აფეთქდა და უზარმაზარი ღრმული გაჩნდა, რომელიც ნელ-ნელა ივსებოდა ნანგრევებით. შენობამ რღვევა დაიწყო. გვეშინოდა, სარდაფი ჩვენს მასობრივ საფლავად არ ქცეულიყო.

დაკარგული იმედი

დედაჩემი ექვსი წელია პოლინეიროპათი­ით იტანჯება - ეს ნერვული სისტემის დაავადებაა. მან სტრესის ფონზე სიარული შეწყვიტა, გული ორჯერ გაუჩერდა... აფთიაქები არ მუშაობდა, წამლები არ გვქონდა,­ სასწრაფო დახმარების განყოფილება კი, რომელიც ჩვენი სარდაფის მოპირდაპირედ იყო, ნანგრევებად იქცა. მამაჩემი უწევდა რეანიმატოლოგობას - ხელოვნური სუნთქვა, გულის მასაჟი. ამ სარდაფში­ ჩვენი იმედი მხოლოდ ლოცვა იყო... მეათე დღეს ბოლო პურის ნაჭერი დაგვრჩა,­ ხელისგულისოდენა, რომელიც ოთხად გავი­ყავით. ჩემს ნაჭერს ვერ ვჭამდი, მეშინოდა,­ რომ შემეჭამა, ნამცეციც აღარ დაგვრჩებოდა. ხალხი ჩხუბობდა, სკანდალს აწყო­ბდნენ, ცდილობდნენ, ვინმე გაეგდოთ სარდაფიდან, რომ ერთით ნაკლები მჭამელი ყოფილიყო. იქ სიკეთე არ იყო, სიბნელე მეფობდა და სიკვდილის სუნი იგრძნობოდა...

დაბომბვა დილის 4 საათზე იწყებოდა. მერე ცოტა ხანს შესვენება იყო, 10 საათზე კი განაახლებდნენ. ერთ ღამეს მანამდე გაუგონარმა ხმაურმა გამოგვაღვიძა. ღამის 2 საათი იყო. ჩემს თავთან თაროზე დადებული ჭიქა ხტოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიწექი და ჩემკენ ოთხივე მხრიდან მატარებლები მოქროდნენ. სხვა დროს, როცა გვბომბავდნენ, ან ბავშვის ტირილი ისმოდა, ან ვიღაც ხმამაღლა ლოცვას კით­ხულობდა, ამჯერად კი ყველა დუმდა... უცებ, თითქოს დედამიწა აკანკალდაო, ყველაფერი ჩვენკენ გამოფრინდა, ჭერიდან აგურები ცვიოდა... გაუნძრევლად ვიწექი და ვფიქრობდი: აქედან ვერ გავაღწევთ, ეს ჩვენი საფლავია. სასოწარკვეთილი ვიყავი, აღარც ლოცვა შემეძლო და იმედიც დავკარგე. დარწმუნებული ვიყავი, რომ დავიხოცებოდით... მერე გადავწყვიტე, მაინც მელოცა. ღმერთს ვთხოვდი, მალე მოვმკვდარიყავი, რომ ჩემი ახლობლების სიკვდილი არ მენახა. არაფერი გაგვაჩნდა: არც - ძალა, არც - იმედი... მას შემდეგ აღარ მახსოვს, როგორ გადიოდა დღეები. გატანჯულები ვიყავით, მშივრები, დაღლილები. ერთ დღეს მამაჩემმა თქვა: ან შიმშილით დავიხოცებით, ან ნანგრევებში ჩავიმარხებით, ან დაგვხოცავენო. რუსი ჯარისკაცები დადიოდნენ სარდაფ-სარდაფ, ამოწმებდნენ, ვინმე იყო თუ არა და მერე ყუმბარებს ესროდნენ. ჩვენი სარდაფის კარს რომ მოუკაკუნებდნენ, ვირინდებოდით, თითქოს სუნთქვასაც ვიკავებდით...

ერთ დღეს მეზობლებისგან გავიგეთ, რომ მელენკინოთი გასვლა შეგვეძლო. მამას­ ძველი "ჟიგული" ჰყავდა, ნანგრევებში მოყოლის შემდეგ არც კი გვქონდა იმედი, რომ დაიქოქებოდა, მაგრამ დაიძრა. გრადების, ტყვიების წვიმაში უკანმოუხედავად მივქროდით. მხოლოდ ერთი მიზანი გვამოძრავებდა - გადარჩენა! ამ ჯოჯოხეთიდან გაღწევა! თითქმის მივედით მელენკინომდე, სადაც მოწინააღმდეგის პოსტი იყო. ვიცოდით, რომ უკან ვეღარ დავბრუნდებოდით, მაგრამ წინ წასვლაც არ გვინდოდა. საგუშაგოზე გაგვაჩერეს და რეგისტრაციის ადგილზე წასვლა გვთხოვეს. მარიუპოლელები ხართ? მაშინ მარჯვნივ. სად მარჯვნივ, არ ვიცოდით, მაგრამ წავედით. ასე ნელ-ნელა ბევრი შევიკრიბეთ და ჩამოვყალიბდით კოლონად. მერე გვითხრეს, რომ ქვევით წავსულიყავით. ჩვენც გეზი ავიღეთ, მაგრამ ზურგში ტყვიები დაგვიშინეს... ასე ჩავაღწიეთ იალტამდე (სოფელი დონეცკის ოლქში), სადაც 10 დღეზე მეტი ვიმალებოდით ძველ პანსიონატში. საჭმელი არ გვქონდა, წყალს ჭიდან ვიღებდით. იალტაში დენაციონალიზაცია იყო: ჯარისკაცები კარდაკარ დადიოდნენ და ეძებდნენ "ნაციონალისტებს", "ფაშისტებს", როგორც თვითონ ამბობდნენ. ხალხი სადღაც მიჰყავდათ, ვიღაცები დახოცეს.

სიკვდილის ბლოკპოსტები

იალტაშიც შიმშილი და სიცივე დაგვხვდა. მშობლებმა აქედანაც გადაწყვიტეს წასვლა. ასე მივედით მანგუშში, ფილტრაციის ბანაკებში. ორი ბანაკი იყო: პირველი - ფეხით მოსიარულეთათვის, მეორე კი მათთვის, ვინც მანქანებით იყო. ჩვენ წინ რიგში 500-ოდე მანქანა იდგა, ათასობით კი - ჩვენ უკან. აკრძალული იყო მანქანებიდან გადმოსვლა, საკვების, წყლის ძებნა, ტუალეტში შესვლა. შეიარაღებული ჯარისკაცები ყველგან დადიოდნენ, გვემუქრებოდნენ, ამოწმებდნენ, ეძებდნენ... მათ არ აინტერესებდათ მშვიდობიანი მოსახლეობა. საათში ორი მანქანა ძლივს გადიოდა. ჩვენი რიგის მოლოდინში მანქანაში ორი დღე ვიცხოვრეთ...

ukrain3-1652616493.jpg

გაფილტვრა ხდება ასე: ბლოკპოსტზე შედის მანქანა. ამოწმებენ ყველა ჯიბეს, ჩანთას, საბარგულს... ადამიანებს უმოწმებდნენ ტანსაცმელს და რაც ტანსაცმლის ქვეშ აქვთ, იმასაც. მანქანებთან მამაკაცებს პირდაპირ ღია ცის ქვეშ აშიშვლებდნენ. ეძებდნენ ტატუებს, რაღაც ნიშნებს, ერთი სიტყვით, "ნაციონალისტებს". ზოგჯერ მანქანაში მსხდომთაგან ყველა ვერ გადიოდა ფილტრაციას. ვინც ვერ გაივლიდა, მიჰყავდათ... ერთი კაცი გამოვიდა ფილტრაციის ბანაკიდან, უზარმაზარი, შეშინებული თვალებით, კანკალებდა. სასტიკი დაკითხვა იყო, მცემეს კიდეც, ჩემი ცოლი კი არ გამოუშვესო, თქვა... არასდროს დამავიწყდება ორი ჯარისკაცის საუბარი: - რას უშვრები იმათ, ვინც ფილტრაცია ვერ გაიარა? - ათს ვესროლე, დანარჩენების დათვლა კი დამეზარა, უინტერესოა.

აკანკალებული ხალხი ქუჩაში იდგა, ტანსაცმელი არ ჰქონდათ, გარეთ კი ყინავდა... ჩვენ რიგმა ღამის 11 საათზე მოგვიწია. შეგვიშვეს, გაგვჩხრიკეს. დედა თავისი დაავადების გამო ვეღარ დადიოდა. მას და ჩემს დას ნება დართეს, მანქანაში დარჩენილიყვნენ. გვითხრეს, რომ ფილტრაცია 14 წლიდან იწყებოდა. მე და მამა მანქანიდან გადავედით. 200 მეტრში ჯიხური იდგა ორი ოთახით. ისე შემცივდა, ფეხის თითებს ვეღარ ვგრძნობდი. მე ერთ ოთახში შევედი, მამა - მეორეში. ამიღეს თითის ანაბეჭდები, დაასკანერეს ჩემი დოკუმენტები, შემიმოწმეს ტელეფონი. მისვამდნენ პროვოკაციულ კითხვებს უკრაინაზე, ჩემს პოზიციაზე. ცდილობდნენ ეპოვათ პატრიოტი ხალხი, ვისაც უკრაინაში ნორმალურად ცხოვრება უნდა. დასცინოდნენ, ამცირებდნენ, შეეძლოთ ეცემათ. ჩემს პასპორტში ნახეს, რომ 17 წლის ვიყავი, თუმცა რატომღაც მიიჩნიეს, რომ უფრო პატარას ვგავდი. ვიღაც გოგონებს ეძებდნენ, ზუსტად ჩემხელებს, მე კი გამომიშვეს. მანქანამდე შეიარაღებული ჯარისკაცი გამომყვა. უცებ ხელი მკრა - როგორც ჩანს, ნელა მივდიოდი და ამან გააღიზიანა. წავიქეცი და მუხლი ვიტკინე, მაგრამ მივხვდი, სწრაფად უნდა წამოვმდგარიყავი და რაც ძალი და ღონე მქონდა მანქანისკენ მოვკურცხლე. დედამ დამინახა და კივილი დაეწყო: რა დაემართა მამას? უკვე მოკლეს?“ვერაფერი ვთქვი. ვიჯექი და არ ვიცოდი, ამის შემდეგ რა მოხდებოდა... მამა 40 წუთის შემდეგ დაბრუნდა. მოდიოდა, ეცემოდა, დგებოდა და ისევ მოდიოდა. როგორც იქნა, მოაღწია მანქანამდე.

ukrain2-1652616493.jpg

მერე ისევ გზას დავადექით. ბერდიანსკა­მდე პირდაპირი გზა არ იყო - ხიდი ააფ­ეთქეს, ამიტომ გავიარეთ გარ­ე­უბნები და სოფლები. ვნახეთ გვამები, დაზიანებული ტექნიკა... ბერდიანსკში ღამე მანქანაში გავათიეთ. მამამ იქ გვიამბო, როგორ ჩაიარა­ ფილტრაციამ: საბუთები­ მოსთხოვეს, ანაბეჭდები აუღეს, გააშიშვლეს, გაჩხრიკეს. დაიწყეს დაკითხვა. როდესაც დაინახეს, რომ ცარიელი ტელეფონი ჰქონდა, გაცოფდნენ: რატომ არის ტელეფონი ცარიელი, რას მალავო? მერე კი თავში ურტყეს და ამის გამო მხედველობა დაკარგა...

ბერდიანსკიდან ზაპოროჟიემდე 27 ბლო­კპოსტი იყო და თითოეულში გვიმოწმებდნენ საბუთებს, მანქანას, გვეკითხებოდნენ, გაფილტრული ვიყავით თუ არა. ხალხს ართმევდნენ საკვებს, თბილ ტანსაცმელს, სთხოვდნენ სიგარეტს; ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზეც კი ეკითხებოდნენ.

ჩვენ გზას ვაგრძელებდით, ირგვლივ კი ბრძოლები მიმდინარეობდა. ვხედავდით დანგრეულ სახლებს, ეზოებში აფეთქებულ ტანკებს ასო ძ-ით, დამწვარ სხეულებს.

"არ შეგეშინდეთ, ეს უკრაინაა"

გამთენიისას მივედით ორეხოვოში, ზაპოროჟიეს ოლქში. თითქოს სუნთქვა გაგვიადვილდა, შემდეგ კი უკრაინის დროშა დავინახეთ. თავიდან შეგვეშინდა, გავიფიქრეთ: პროვოკაციაა? თუ კიდევ ერთი გამოცდა? გაგვაჩერეს. - შუადღე მშვიდობისა, მაჩვენეთ დოკუმენტები, გთხოვთ, - გვითხრა ერთმა თავაზიანად. ვაჩვენეთ, თუმცა დარწმუნებული ვიყავით, ეს პროვოკაცია იყო და უცებ გვეუბნებიან: - ნუ გეშინიათ, ეს უკრაინაა.“ტირილი დავიწყეთ. ვერ ვიჯერებდით, რომ სამშვიდობოს ვიყავით. შემდეგ წავედით ლტოლვილთა დახმარების ცენტრში, ზაპოროჟიეში. დედას სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მამაც ძალიან ცუდად იყო, თითქმის ვეღარ ხედავდა, მე და ჩემი და კი ემოციურად გამოფიტული და ფსიქოლოგიურად გატეხილი ვიყავით. მოხალისეები დაგვეხმარნენ დნეპრამდე მისვლაში. ქალაქში ორმა ექიმმა მამა გასინჯა და დაასკვნეს, რომ ერთ თვალში მხედველობა კონტუზიის შედეგად ჰქონდა სრულად დაკარგული, მეორით კი ბუნდოვნად ხედავდა. უკეთესი სამედიცინო დახმარების მისაღებად მოხალისეებმა ლვოვში გამოგვგზავნეს. აქ მამა კიდევ ერთხელ გასინჯეს. გვითხრეს, რომ მკურნალობა ხანგრძლივი, რთული და ძვირი იქნება­ და შესაძლოა საზღვარგარეთ წასვლამაც მოუწიოს. ჩვენ ვერ დავკარგავთ მამას, უნდა დავეხმაროთ... ახლა ველოდებით, როგორ გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება...