"მიკვირს, ქალაქში როგორ გააქვთ თავი... ვხუმრობ ხოლმე, სხვა თუ არაფერი, აქ ქათამს კვერცხი მაინც გავარდება-მეთქი“ - რეპორტაჟი მთისძირიდან - კვირის პალიტრა

"მიკვირს, ქალაქში როგორ გააქვთ თავი... ვხუმრობ ხოლმე, სხვა თუ არაფერი, აქ ქათამს კვერცხი მაინც გავარდება-მეთქი“ - რეპორტაჟი მთისძირიდან

"სოფელი მთისძირი მდინარე რიონის მარცხენა მხარეს მდებარეობს, ვანიდან 10 კილომეტრში. სოფელში დაფნარი-ბაღდათის შიდასახელმწიფოებრივი­ მნიშვნელობის­ გზა გადის. ულამაზესია იმერეთის ეს პატარა სოფელი. თავდაპირველად თვალში მომხვდა სიმწვანე და თეთრად გადაპენტილ აკაციის ტყეში მიმალული­ სახლები, რომელთა უმეტესობას აივანი და მორკალული კიბე ამშვენებს, თუმცა იქვე მიტოვებული, უპატრონობით ჩამოშლილი რამდენიმე შენობაც შევნიშნე. ჭიშკრიდანვე ატყობ, რომ იქ ათეული წლების განმავლობაში ფეხი არავის დაუდგამს და ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს პატრონსა და ბავშვების ჟრიამულს მონატრებული სახლ-კარი სწორედ სევდამ ჩამოაქცია და არა - დროის სვლამ.…

2014 წლის აღწერით, სოფელში 413 ადამიანი ცხოვრობდა. ალბათ­, ახლა უფრო ნაკლებია. ამის მიზეზად იქაურები უმუშევრობასა და მიგრაციას ასახელებენ, თუმცა­ ზოგს, გაჭირვების მიუხედავად, არასდროს უფიქრია სოფლის მიტოვება. ისინი, პირიქით, ცდილობენ, ისეთი­ გარემო შექმნან, რომ არც თავისას და არც სხვის შვილებს იქიდან გაქცევა არ მოუნდეთ.

დედა-შვილმა მიმასპინძლა - ლიდა და ქეთი თომეიშვილებმა. იმერულ სტუმართმოყვარეობაზე ახალი რა უნდა ვთქვა - დიასახლისის ხაჭაპური უგემრიელესი იყო, ვერც დაბრაწულ წიწილაზე, ნიგვზიანებსა და შავ ღვინოზე იტყოდი უარს! ეს ყველაფერი თავიანთი ხელით აქვთ მოყვანილი შესაშური შრომისმოყვარეობის ფასად.

"მშიერი არ მოკვდებოდი მაშინ"

ლიდა თომეიშვილი: - 18 წლის ვიყავი, ტობანიერიდან აქ რომ გამოვთხოვდი­. მამიდა მყავდა აქაური და სტუმრად რომ ჩამოვდიოდი, ჩემი მეუღლის ხალხს მოვწონებივარ. საქმის კეთება არ მეზარებოდა­ და, ალბათ, იფიქრეს, გამოადგება ოჯახსო.­ ოთხი დედმამიშვილი ვიზრდებოდით. დედა უკრა­ინელი მყავდა. მშობლები დღედა­ღამ­ მუშაობდნენ და ჩვენც გვაჩვევდნენ შრომას­. სკოლაში წასვლამდე ვენახში შევდიოდით, სკოლის შემდეგ კი საქონელი უნდა გაგვედენა სამწყემსურში. წიგნისთვის­ ვის ეცალა, სწავლაზე წინ შრომას აყენებდნენ.

გაჭირვება ჩვენმა თაობამაც ბევრი გამოიარა. მახსოვს, ჩემს ერთ კლასელს პიანინო ჰქონდა სახლში და სულ მაინტერესებდა, როგორ იკვრებოდა. სათამაშოები არ გვქონდა, არც ბურთი, არც თოჯინები. საქონელში რომ ვიყავით, ძროხის ზურგზე სველი ხელით ბეწვს ავპუტავდით ხოლმე და პატარა ბურთს ვაკეთებდით. იმით ვთამაშობდით, ვიდრე ჩემმა უფროსმა ძმამ თბილისიდან 40-კაპიკიანი რეზინის ბურთი არ ჩამოგვიტანა. მაინც მომწონს ის დრო - პატიოსნება­ იყო, წესიერება, უფროს-უმცროსი იცოდნენ.­ დღეს სხვანაირადაა. მე რომ მოვედი, სოფელში 700 კომლი ცხოვრობდა, ახლა, მგონი,­ 550-ია. პატარა, მაგრამ სავსე სოფელი იყო, შეძლებული. მაშინ ყველა კოლმეურნეობაში მუშაობდა. ვინც სხვაგან იყო დასაქმებული, მაინც აძლევდნენ საკარმიდამო ნაკვეთს, ოღონდ სხვას თუ, მაგალითად, ხახვი 5000 მეტრზე უნდა გაეთოხნა, მე - 2000-ზე მევალებოდა, რადგან ვმუშა­ობდი კიდეც. თუთის პლანტაცია გვქონდა, სადაც სიმინდსაც ვთესავდით. აბრეშუმის ჭიაც გვყავდა. 100 ძირამდე ტყემალი გვედგა, ვკრეფდით და ვაბარებდით. მშიერი არ მოკვდებოდი მაშინ, გინდოდა თუ არ გინდოდა, ყველას უნდა ემუშავა. ასეა, შრომა თუ არ გიყვარს, ბევრს ვერაფერს მიაღწევ.

"თურქეთში 6 ლარით წავედი"

ქეთევან თომეიშვილი 14-წლიანი ემიგრ­ა­ციის შემდეგ დაბრუნდა სოფელში.­ საზღვარგარეთ მუშაობით დაზოგილი თანხა სოფლის მეურნეობაში დააბანდა და თანასოფლელი ქალებიც დაასაქმა. ამ წამოწყების­ ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ქალი წავიდეს ემიგრაციაში და დედებს შვილები არ ენატრებოდეთ.

- თავიდან ყველა ეჭვით უყურებდა ჩემს წამოწყებას, მაგრამ წინააღმდეგობებს არ ვეპუები. მეექვსე წელია, რაც საქართველოში დავბრუნდი. ჯერ თურქეთში წავედი­, 6 ლარით. ისიც 50 თეთრობით ამიგროვა ჩემმა დამ. ვიყავი ბულგარეთშიც, აზერბაიჯანშიც. ძალიან გამიჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება. ჩემი შვილის არც ბაღში მისვლა მინახავს, არც - სკოლაში, არც მის კონცერტებს დავსწრებივარ, როდესაც ცეკვაზე დადიოდა. ემიგრაციაში ყოფნისას ყველაზე რთული იყო მონატრების გაძლება. ჩემი სახლის სუნიც კი მენატრებოდა. ეტყობა, ქვა და რკინა ხდები ადამიანი, როდესაც უკან დასახევი­ გზა არ გაქვს და მიზნისთვის იბრძვი. ვინ რა იცოდა,­ როგორ ავადმყოფს ვუვლიდი იქ. ჩავარდნილ მოხუცს 700 დოლარად თუ მოუვლიო, რომ მკითხეს, კი-მეთქი, გამიხარდა. ოთახში რომ შევედით და შვილმა საბანი გადახადა, კედელს მივეყრდენი - შემეშინდა, არ წავქცეულიყავი. სხეულზე ნაწოლები კი არა, ხვრელები ჰქონდა, შესაზარი სანახავი იყო. ისე მოვუარე, რვა წელი ვაცოცხლე ის ქალი. მისი გარდაცვალების შემდეგ მეუღლე და შვილები ხუთი წლის განმავლობაში ყოველთვე მიგზავნიდნენ 100 დოლარს, მადლიერების ნიშნად. მიუხედავად ასეთი ტანჯვისა და წვალებისა, უფალს მაინც მადლობას ვეუბნები, არასდროს დავიწუწუნებ, რადგან ვისთვისაც ეს ყველაფერი გავაკეთე - ჩემს შვილს ვგულისხმობ, დამიფასა. წასული ვიყავი, მაგრამ იქიდან ვასწავლიდი, რა იყო სწორი და რა - არასწორი. თურქეთშიც ჩავიყვანე, რადგან შორს მყოფი­ ვერ გაიგებდა ჩემი შრომის სიმძიმეს. აი, ხომ ნახეთ, დღესაც რომელ საათზე შემოვიდნენ სახლში ჩემი ბიჭი და დისშვილი! ყველაფერში მეხმარებიან. ხვალ დილით უსაქმურად ვერც ერთს ვერ მოკრავთ თვალს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის დედაჩემს. სწორედ მათ გამო მოვინდომე და ავაშენე ეს სახლი, რომელსაც "ოცნების სახლი" დავარქვი. როდესაც პირველ ღამეს ვათევდით, სიხარულით ვერ მოვისვენე, რამდენჯერმე ავდექი, ეზოში გავედი და იქიდან ვუყურებდი ჩემს ნაშრომს. ვფიქრობდი, ნუთუ ეს მე შევძელი-მეთქი.

თავდაპირველად კიტრის მოყვანით დავიწყე. ორი სათბური გავაკეთე, მერე კი სახელმწიფო გრანტით სამი კიდევ მივამატე.­ მომყავდა კიტრი, პამიდორი, ქინძი და ოხრახუში. რამდენიმე მეზობელიც დავასაქმე, გარდა იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრებიც ჩემთან მუშაობენ. მერე წიწილების ფერმაც ავაშენე. ახლა უკვე ფარშავანგები, მტრედები, კოლუმბიური ბრამები, ჩინური აბრეშუმის ქათმები, დეკორატიული ჯიშის "სიბრაიტები", თუთიყუშები, კოლხური ხოხბები და ციცრებიც…მყავს...

"ერთადერთი, რაც გვაწუხებს, უმუშევრობაა"

თამარ ახვლედიანი: - აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ. სხვა სოფელში­ გავთხოვდი, მაგრამ ისევ აქ დავბრუნდი მეუღლესა და შვილებთან ერთად. ორი ბიჭი მყავს - 23 და 19 წლისები. უფროსმა­ ერთხანს სცადა ქალაქში მუშაობა, მაგრამ ისევ სოფელში დაბრუნება არჩია. არც მე მიფიქრია არასდროს სხვაგან წასვლაზე. ვერ მოვწყდები ჩემს კუთხესა და სახლ-კარს. აქ დილის გათენებაც სხვანაირად მახარებს. ახლა ახალი სახლის აშენებას ვიწყებ. ქუთაისშიც შემიძლია იმ ფულით ვიყიდო, მაგრამ ერთ ღამესაც ვერ გავათევ კორპუსის ბინაში. სულ მიკვირს, ვისაც ქალაქში სამსახური არ აქვს, როგორ გააქვთ თავი. ვხუმრობ ხოლმე, სხვა თუ არაფერი, აქ ქათამს კვერცხი მაინც გავარდება-მეთქი. გზა, გაზი, წყალი, შუქი - ყველაფერი გვაქვს­ სოფელში. ერთადერთი, რაც გვაწუხებს, უმუშევრობაა, მაგრამ გულხელდაკრეფილები არ ვსხედვართ: ზოგი ვაჭრობს, ზოგს საზამთრო მოჰყავს, ზოგს - ნესვი. ასეა: რაღაცას მიწა მოგცემს, ფრინველი და საქონელი გეყოლება და თავს გაიტან.

მე ის უფრო მაწუხებს, ხალხი ასე რომ შეიცვალა. ადრე ერთმანეთის დახმარება იცოდნენ, სტუმართმოყვარეები იყვნენ. ბებია­ 7-8 წლის წინ გარდაიცვალა და უკვირდა, ადრე მარტო ცივ მჭადსა და ყველზე­ შეგვეძლო ნადი გაგვეკეთებინა, ახლა კი გაცივდა ხალხი, საჭმელი ბევრია და გული - აღარ, ყველა ფულის შოვნაზეა გადასულიო.

ძველმა ხალხმა ყველაფრის ყადრი და ფასი იცოდა. ერთხელ, თურმე, ბაბუაჩემი ქორწილში დაპატიჟეს და 25 მანეთის სასესხებლად მისულა მეზობელთან, სამსონ სულაქველიძესთან, რომელსაც შეძლებული ოჯახი ჰქონდა. ზამთრის პირი ყოფილა და სახლში შეუპატიჟებია, თუ არ გეჩქარება, ნარდი გავაგოროთ, ფულს კი მეტსაც გასესხებ, იქნებ დაგჭირდეს და როცა გექნება, მერე ჩამასესხეო. თამაშობენ, თურმე... ბაბუას ამოუღია პაპიროსი და ასანთი გაუკიდებია. სამსონს უთქვამს, ჟორა, ახლა მივხვდი, რატომაც მოხვედი ფულის სასესხებლად. ბუხარში ისეთი ცეცხლი გიზგიზებს, ცეცხლით გეწვება თავ-ყბა და შენ ასანთს უკიდებ. რანაირად გექნება ფულიო?

მთისძირელი გენერლის საიდუმლო

ქეთი თომეიშვილი: - მიტოვებული სახლი ბევრია ჩვენს სოფელში, რაზედაც ძალიან მწყდება გული. ისიც კი აღარ აინტერესებთ, ჩამოიშალა თუ ისევ დგას მათი ბებია-ბაბუების კერა, არადა, თითით საჩვენებელი ოჯახები ჰქონდათ ადრე. გზის იქითა მხარეს დგას უშველებელი აგურის სახლი, სწორედ სულაქველიძეებისაა. ალბათ, 30 წელიც იქნება, რაც არავინ ჩამოსულა. ამ სახლში ცხოვრობდა გენერალი ვიქტორ სულაქველიძე, რომელიც ცნობილია, როგორც ლაზერული პისტოლეტის­ ავტორი. საინტერესო პიროვნება ყოფილა, მისი საქმიანობა კი - გასაიდუმლოებული.­ ჩემს მშობლებს ახსოვდათ, ოჯახით რომ ჩამოდიოდა სოფელში. ეს სახლიც მისი აშენებულია 1960-იან წლებში.

ვიქტორ სულაქველიძე ინჟინერი­, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ყოფილა... საბჭოთა გენერლები არ გამორიცხავ­დნენ, რომ ამერიკელ ასტრონავტებს დედამიწის ორბიტაზე მფრენი საბჭოთა უპილოტო და პილოტირებული ხელოვნური თანამგზავრების ხელში ჩაგდება განეზრახათ. სწორედ ამიტომ, კოსმოსურ ორბიტაზე თავდასაცავად საბჭოთა კავშირის გენშტაბმა ექსპერიმენტული ლაზერული პისტოლეტის შექმნა დაუკვეთა იმ სამეცნიერო­-კვლევით ჯგუფს, რომელსაც სულაქველიძე ხელმძღვანელობდა. მისმა ჯგუფმა 1984 წელს შეძლო შეექმნა პისტოლეტი­ (გენერალი­ ამავე წელს გარდაიცვალა), რომლის ვაზნაში არც ტყვია იყო და არც - დენთი. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ექსპერიმენტული ლაზერული პისტოლეტი­ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ დიდ საიდუმლოდ ითვლებოდა. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ "კოსმოსური ომების" საფრთხე წარსულს ჩაჰბარდა და სულაქველიძის ლაზერულმა პისტოლეტმაც საბოლოო ნავსაყუდელი სამხედრო აკადემიის ისტორიის მუზეუმში ჰპოვა. მისი საქმიანობა­ გასაიდუმლოებული ყოფილა. მის შესახებ სამშობლოში არაფერი იცოდნენ. "შენ მიყიდული ხარ სახელმწიფოს", - უთქვამს ერთხელ. მთელი ცხოვრება საქართველოში მუშაობაზე ოცნებობდა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ის ხვეწდა­ და აუმჯობესებდა საბჭოთა­ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო (ბირთვულ) ქობინებსაც. ჯერჯერობით კვლავ საიდუმლოა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ შემუშავებული ჰქონდა ჩვეულებრივი ჭურვების აფეთქებისას წარმოქმნილი ენერგიის გენერირების მეთოდები ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაში, რაც მომავლის იარაღად ითვლება, რადგან მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული მოწყობილობების მწყობრიდან გამოსაყვანად არის განკუთვნილი.

P.S. მთისძირის მეზობლად სოფელი ჭყვიშია, სადაც გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეები დაიბადნენ. მოვასწარით და მოვინახულეთ მათი სახლ-მუზეუმები. ვიყავით სოფელ დიხაშხოშიც, გეიზერზე, რომლის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის, ცნობილი კი ცოტა ხნის წინ გახდა. თერმული წყლის გეიზერზე მისვლა და სამკურნალო აბაზანის მიღება ზამთარშიც შეიძლება. იქ წყლის ტემპერატურა დაახლოებით 350ჩ-ს აღწევს. იქამდე მისასვლელი გზა არ არის კეთილმოწყობილი, თუმცა სტუმარი მაინც არ აკლია. სხვათა შორის, ჩვენი იქ ყოფნის დროსაც მოვიდნენ ტურისტები, ასე რომ, ვანში ბალნეოსპელეოტურიზმის განვითარების დიდი პერსპექტივაცაა და უპრიანი იქნება, თუ ხელისუფლება ასეთი პროექტების განხორციელებას, ადგილობრივ ფერმერებსა და იმ ადამიანებს შეუწყობს ხელს, ვისაც სოფლის მიტოვება არ უნდა. აქ დაბადებულები აქ უნდა დავიხოცოთო, მითხრეს მთისძირელებმა და მათმა ნათქვამმა მურმან ლებანიძის ლექსი გამახსენა: "მთის ჩიტი მთას შააკვდაო, თოვლი თოვს, არ ჩანს საფრენი./მთას ჰკითხეს: რა შაგაკლდაო? მთამ: "დიდი არც არაფერი!" ვა, ბეჩა, მაგას სტყუვდები! არ გაცოცხლდების ბედკრული,/მაგრამ შენც გამაჰყრუვდები, გამაგელევის ერთგული".

ნინო ჯავახიშვილი