"დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ ეს უფრო ძლიერი მიწისძვრისგან­ დაგვიცავს" - რატომ გახშირდა მიწისძვრები საქართველოში - კვირის პალიტრა

"დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ ეს უფრო ძლიერი მიწისძვრისგან­ დაგვიცავს" - რატომ გახშირდა მიწისძვრები საქართველოში

ბოლო თვეებში საქართველოში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა, რამაც მოსახლეობა შეაშფოთა. რატომ გახშირდა­ მიწისძვრები? - გვესაუბრება თსუ-ის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორის ხელმძღვანელი, ამერიკის სეისმოლოგიური საზოგადოების წევრი ნინო წერეთელი.

- ჩვენ სეისმურად აქტიურ ზონაში ვცხოვრობთ და ახლა მეტისმეტად გააქტიურებულია ჯავახეთის ზეგანი, რომელიც სომხეთის საზღვართან მდებარეობს. თუმცა ეს არ არის ახალი ამბავი, რადგან ისტორიულად ასე იყო. მაგალითად, 1088 წელს ჯავახეთის ზეგანზე ძალიან დიდი მიწისძვრა მოხდა. 1999 წელს მოხდა ახალქალაქის ძლიერი მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 6,1 იყო. ამ ტიპის მიწისძვრები ჯავახეთის ზეგანზე ხშირად ყოფილა...

- ბოლო რამდენიმე მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის რაიონში, სოფელ სამებაში იყო...

- სოფელი სამება ჯავახეთის ზეგანზე მდებარეობს. ბოლო ხანებში ჯავახეთის ზეგანი ძალიან გააქტიურდა და მიწისძვრების ციკლიც ამას უნდა დავაბრალოთ.

- ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ შედარებით სუსტი მიწისძვრები უნდა გვიხაროდეს, რადგან ამ დროს მიწისქვეშა ქანებში დაგროვილი ენერგია თავისუფლდება და დამანგრეველი მიწისძვრებისგან გვიცავს?

- ლოგიკურია, რომ ბევრი სუსტი მიწისძვრა ხელს უშლის მიწის ქვეშ ენერგიის დაგროვებას. თუმცა, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ ეს უფრო ძლიერი მიწისძვრისგან­ დაგვიცავს, უბრალოდ, ამის ალბათობა­ მცირდება. ბოლო დროს ჩვენთან საშუალო სიმძლავრის მიწისძვრები დადასტურდა. თუ ჯავახეთის ქედზე მიმდინარე პროცესის ანალიზს ვენდობით, მომდევნო მიწისძვრები უფრო სუსტი იქნება - ამას გვკარნახობს ფაქტები და ისტორიული გამოცდილება. 13 თებერვალს ჩვენი მოსახლეობა ძალიან შეაშინა მიწისძვრამ, რომლის მაგნიტუდა 5,4 იყო. მას შედარებით სუსტი მიწისძვრა უნდა მოჰყოლოდა და მართლაც, 1-ლ მაისს მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდა 4,9 იყო, ამას კი რამდენიმე დღის შემდეგ უფრო სუსტი მიწისძვრა მოჰყვა...

- ამბობენ, რომ ვერტიკალური მიწისძვრა­ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ჰორიზონტალური­.

- საბედნიეროდ, ჩვენთან სრულად ვერტიკალური მიწისძვრები არ ხდება. ჩვენი­ რეგიონისთვის შედარებით სუსტი­ მიწისძვრებია დამახასიათებელი, რომე­ლთაც სპეციალისტები შეცოცებით მიწისძვრებს ვეძახით. ვერტიკალური მიწისძვრები ხშირად ხდება იაპონიაში.

- იაპონიას "მიწისძვრების ქვეყანასაც" უწოდებენ. როგორ იცავენ იაპონელები თავს?

- 1985 წლის მიწ­ისძვრის შემდეგ ამ ქვეყანაში ახალი სამშენებლო ნორმები­ შეიმუშავეს და ისეთი ეფექტიანია, რომ მიწისძვრის გამო იქ შენობები თითქმის არ ინგრევა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალ შენობებს აგებენ, ისინი დრეკადია, შუაზე არ ტყდება და ყველაზე ძლიერ მიწისძვრასაც კი უძლებს. მაშ, რატომ დაანგრია შენობები­ 2011 წლის მიწისძვრამ? იმიტომ, რომ მიწისძვრით გამო­წვეულმა ცუნამმა ატომური ელექტროსადგური დაა­ზიანა და ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდა, რომელიც იაპონელ სეისმოლოგებს გათვლილი არ ჰქონდათ.

- საქართველოში ბოლო წლებში მომხდარ მიწისძვრებს შორის რომელს გამოყოფთ?

- ყველაზე ძლიერი 1991 წლის რაჭის მიწისძვრა იყო, თუმცა უფრო დამანგრეველი აღმოჩნდა სპიტაკის მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 6,9 იყო, რაჭის მიწისძვრისა კი - 7. ეს ორი მიწისძვრა თითქმის ერთნაირი სიმძლავრის აღმოჩნდა­, მაგრამ სპიტაკის მიწისძვრას საშინელი ნგრევა მოჰყვა. ამ პატარა ქალაქში 25 ათასადმე ადამიანი დაიღუპა, ეს კი მშენებლობის ბრალი იყო: შენობები 7 ბალზე იყო გათვლილი, მაგრამ ეპიცენტრში ისეთი პროცესები განვითარდა, რომლებმაც 10-ბალიანი მიწისძვრა გამოიწვია, ამიტომ სპიტაკის დანგრევას მხოლოდ მიწისძვრას ვერ დავაბრალებთ - იქ რისკები არასწორად იყო შეფასებული. სპიტაკში მხოლოდ ძველი შენობები გადარჩა. და რამ გადაარჩინა რაჭა? უპირველესად იმან, რომ ეს კუთხე არ არის ისე მჭიდროდ დასახლებული, როგორც სპიტაკი. მეორე მხრივ, რაჭველები, ძირითადად, ხის სახლებში ცხოვრობენ, რომლებიც დრეკადია და ადვილად არ ინგრევა.

- გამოდის, რომ ჩვენი წინაპრები გაცილებით საიმედო და მტკიცე შენობებს აგებდნენ?

- დიახ, ჩვენმა წინაპრებმა შენება მართლაც კარგად იცოდნენ. გავიხსენოთ სვანური კოშკები, რომლებმაც საუკუნეებს­ გაუძლო და ძალიან ბევრი ძლიერი მიწი­სძვრა გამოიარა. ისტორიული ფაქტია, რომ სვეტიცხოველმა მე-12 საუკუნეში ძალიან ძლიერ მიწისძვრას გაუძლო. არსებობს გამონათქვამი, მიწისძვრა კი არ კლავს, არამედ - შენობებიო. სამწუხაროდ, ვიდრე საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა, მოსკოვის გადაწყვეტილების გარეშე აქ არაფერი შენდებოდა. თბილისში მაქსიმალური ბალიანობა, მოსკოვის მითით­ებით, 7 იყო. წესით, აქ 8-ბალიანი შენობები­ უნდა აეგოთ, მაგრამ კორპუსების­ დიდი ნაწილი არასწორი გათვლის მიხედვით აშენდა. ბალიანობის გაზრდა ანუ 7 ბალიდან 8-ზე გადასვლა მშენებლობას ძალიან აძვირებდა. ახლაც, თუ ამ ხარჯს არ მოვერიდებით და სათანადოდ ავაშენებთ, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყვება, მით უმეტეს, რომ ჩვენთან მიწისძვრების მაგნიტუდა დაახლოებით 7-ს უტოლდება.

მიწისძვრამ შეიძლება გამოიწვიოს მეწ­ყრული პროცესების გააქტიურებაც. მაგალითად, რაჭის მიწისძვრამ ძალიან ბევრი მეწყერი გააჩინა,­ რის გამოც სოფელი ხახიეთი მთლიანად დაიმარხა - იქ რამდენიმე ადამიანი წამებში დაიღუპა...

მიწისძვრის პროგნოზირება გამორიცხულია. იაპონიას აქვს თანამედ­როვე სისტემები, მაგრამ როცა იქ მიწისძვრა ან ცუნამი იწყება, ამას სიგნალი მხოლოდ რამდენიმე­ წამით ან წუთით ადრე ატყობინებს. ამ დროის განმავლობაში შეიძლება­ მხოლოდ ელექტროენერგია გათიშონ, რაც მოსახლეობას ხანძრებისგან დაიცავს. ერთადერთი გამოსავალია, მოსალოდნელი საფრთხე სწორად გავთვალოთ და კორპუსები სწორად ვაშენოთ. ძალიან მიხარია, რომ უკვე არსებობს მსოფლიო ბანკის პროექტი, რომლის საფუძველზეც საქართველომ თანამედროვე სამშენებლო ნორმები უნდა მიიღოს. შედგენილია რუკა, რომელიც გეოფიზიკის ინსტიტუტმა უკვე გადასცა ეკონომიკის სამინისტროს. ვისურვებდი, ისეთი შენობები ააგონ, რომლებიც მიწისძვრის საშიშროებას შეამცირებს. კიდევ კარგი, 8-9 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრები ჩვენთან არ ყოფილა და არც ველოდებით.

ყველაზე ძლიერი მიწის­ძვრები

ყველაზე დამანგრეველი მიწის­ძვრებით პირველ ადგილზეა იაპ­ონია. 1923 წლის 1 სექტემბერს კონტიის დაბლობი კატასტროფის ცენტრად იქცა: ტოკიოსა და იოკოჰამაში 575 000 საცხოვრებელი სახლი განადგურდა, დაიღუპა 142 807 ადამიანი.

1960 წლის 22 მაისს ჩილეში მიწისძვრის სიმძლავრე 9.5 მაგნიტუდას უდრიდა.

ბუნებრივ მოვლენას 1655 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ცუნამმა იაპონიამდე მიაღწია.

1964 წლის 28 მარტს ალასკაზე 9.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სამი წუთის განმავლობაში არ შეჩერებულა, რამაც ძლიერი ცუნამი გამოიწვია. სტიქიურ უბედურებას ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო რეგიონის ზარალმა ათეულობით მილიონი დოლარი შეადგინა.

2004 წლის 26 ნოემბერს ინდონეზიაში, სუმატრაში, მიწის ქვეშ 30 კილომეტრში­ მომხდარმა ბიძგმა იმოქმედა თითქმის მთელ მსოფლიოზე. სტიქიურ უბედურებას­ 230 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2.5 მილიონზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა.

2011 წლის 11 მარტს იაპონიის ქალაქ სენდაიში 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. ამ მიწისძვრას დამანგრეველი ცუნამი მოჰყვა. კატასტროფას 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ქვეყანამ ძლიერი ეკონომიკური ზარალი განიცადა.

ხათუნა ჩიგოგიძე