სოფელ ვარიანში სტალინი „აღდგა“ - კვირის პალიტრა

სოფელ ვარიანში სტალინი „აღდგა“

თუ ჯერ არ გაგიგიათ, მე გეტყვით, რომ ვარიანში სტალინი "აღდგა". დიახ, ამას წინათ სოფლიდან გატანილი, წითელსაღებავდასხმული და კისერმოტეხილი ძეგლი ისევ თავის ადგილზეა და ვარიანის პარკში მისი ოქროსფერი კიტელიც თვალისმომჭრელად ბზინავს. ვარიანელებმა გადაწყვიტეს, სადაცN დიდი იაკობი გვყავს, იქ დიდი სოსოც იყოსო­ და სტალინის ძეგლი ზარ-ზეიმით აღმართეს. რა თქმა უნდა, არ იცოდნენ, ამას რა ამბები მოჰყვებოდა, მაგრამ რომ სცოდნოდათ, გგონიათ, უკან დაიხევდნენ? მოკლედ, ჯერ იყო და, ვიღაცამ სტალინს წითელი საღებავი შეასხა, მერე კისერი მოტეხა, მაგრამ სტალინი მაინც "აღდგა". ვარიანელები ამბობენ, ჭიდაობაზე არ მიდგეს საქმე, თორემ ყოფას გიტირებთო (სახელგანთქმული ვარიანელი მოჭიდავეების იმედით, მგონი, ტყუილად არ ტრაბახობენ). \ამ ამბავზე ვარიანელებთან საუბარი გადავწყვიტე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფრთხილად. აბა, ხომ არ ვეტყოდი, იაკობ გოგებაშვილის პატრონებს სტალინის ძეგლი რამ დაგადგმევინათ-მეთქი?! მერე ჩემს მოტეხილ თავს ვინღა იპოვიდა - სტალინი კი არ ვარ, ისევ შევკოხტავდე!

ჩემი თანამოსაუბრე ვარიანელი თემურა პაპაა (კურატაშვილი), რომელიც ისე იცავს სტალინს, როგორც შვილი მამას.

stal2-1652646334.jpg

- თემური პაპა, მითხარით, ასე რამ შეგაყვარათ სტალინი?

- შენა, შვილო, ისტორია წაკითხული გაქვს?!

- მერე როგორ! უნივერსიტეტში ხუთი წელიწადი ვკითხულობდი!

- მერე იმ ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც არ გითხრეს, სტალინმა რა საქმე გაუკეთა საბჭოთა ხალხს და მთელ მსოფლიოს? კაციჭამია ჰიტლერი რომ მაგან მოიშორა, ეგეც არ იცი?! სტალინია ჩვენი ერის მამა და მსოფლოს ბელადი. კარგად რომ წაგეკითხა ისტორია, ეგ ამბები გეცოდინებოდა! ზოგი სტალინს მკვდარსაც კი შენატრის, ზოგს კიდევ მისი ძეგლებისაც ეშინია. თუ არ ეშინიათ, მაშ, რას დაედვნენ­ ბურღებითა და ჩაქუჩებით. მაგრამ მაინც ვერაფერს დააკლებენ. მსოფლიოში საქართველოს ყველგან სტალინით იცნობენ და არა - ვიღაც ჩიტრაკუნა­ პოლიტიკოსებით.

- ჩიტრაკუნა რას ნიშნავს?

- რას ნიშნავს და ღობემძვრალებს, რომლებიც მშიერ ხალხს ღობეებში ემალებიან, აქაოდა, რამე არ მოგვთხოვონ და არ შეგვაწუხონო. სტალინი კიდევ ხალხისთვის მუდამ შეწუხებული იყო. თავად ერთი კიტელის მეტი არა გააჩნდა, მაგრამ ხალხს აძლევდა ყველაფერს. ის მაინც არ გაგიგიათ, რომ სტალინის დროს "სპიჩკა" 1 კაპიკი ღირდა, ხორცი კიდევ 1 მანეთი?! ეგ თუ არ გაგიგიათ, ის მაინც ხო იცით, ახლა რაც ღირს ხორცი! და ჯერ სადა ხართ, კიდევ ორი მაგდენი გახდება! თუმცა მაგიტომ კი არ გვიყვარს, ხალხის მამა რომ იყო, იმიტომ. თუ ჯანმრთელად აზროვნებ, სტალინი როგორ არ უნდა გიყვარდეს?!

- თუ ეგრეა, მაშ, ხალხი წითელ საღებავს რატომ ასხამს, ან თავი რატომ მოახერხეს?!

- თავად ტვინი არა აქვთ და სტალინის ტვინისა შურთ - იმიტომაც მოახერხეს. რა გგონია, ეგ ვინ ჩაიდინა? განა ვარიანელებმა? ვარიანელი სტალინს ხელს როგორ დაადებდა! ვიღაც ბიჭბუჭები გამოგზავნეს ქალაქიდან და იმათ იმუშავეს ეგრე "ყოჩაღად". თანაც თურმე ნიღბებით იყვნენ, ემანდ ვარიანელებმა არ გვიცნონ და წიხლქვეშ არ გაგვიგდონო. ფრთხილად იყვნენ, თორემა! სტალინს ბუზი აღარავინ აუფრინოს! ახალი თავიც ვუშოვეთ და საღებავიც კოხტად ჩამოვბანეთ. ახლა უფრო უკეთესადაც გაბრწყინდა. ჯერ დაიცადეთ, ნახავთ, მაგის ძეგლები საქართველოს ყველა ქალაქს და სოფელს რომ მოედება!

- მხოლოდ ეგღა აკლია ჩვენს დალხინებას!

- აკლია, მა, არ აკლია?! სწორედ იმიტომაც ვართ მშიერ-მწყურვალი და თავწამორტყმულები, სტალინისთანა კაცი რომ არა გვყავს! სტალინს ვინც ლანძღავს, იმას გადაეცით, რომ მომავალი არ უწერია...

P.S. თემურა პაპა მოულოდნელად დამემშვიდობა. ვარიანელ ბიჭებთან ერთად სტალინის სადღეგრძელოს დალევას აპირებდა და მივხვდი, ჩემი ჩარევა არ ივარგებდა.­ ერთხელ ნათესავებს რომ ვუთხარი, საქართველოს დამღუპველს როგორ ადღეგრძელებთ-მეთქი, სუფრიდან მიმაბრძანეს, რამდენს ბედავო! ჰოდა, ვზივარ ახლა და ვფიქრობ, ამ ჩვენს "ბელადს" მაინც რა ძალა ჰქონდა ასეთი, რომ დროდადრო კვლავ აღდგება, "გაგვთვალავს" და ამ თავისი ძეგლების გამოც დაგვატაკებს ერთმანეთს?! ისე, თუ მკვდარი ბელადები ასე გვაგიჟებენ, ცოცხლები რასაც გვიშვრებიან, რაღა გასაკვირია?! თანაც "სპიჩკა" უკვე 10 თეთრი ღირს, ხორცი კიდევ - 23 ლარი. მაშ, ერთი სტალინი არ გვინდა ახლა ჩვენ?! როგორ არ გვინდა! ჰოდა, ჩამოვიდეს ვარიანიდან და მოგვხედოს!