მსოფლიოს უძველესი ამორძალი - კვირის პალიტრა

მსოფლიოს უძველესი ამორძალი

თბილისში, ზემო ავჭალის ტერიტორიაზე,­ ოდესღაც ამორძალები ცხოვრობდნენ - ამას ადასტურებს სამარხი, სადაც მებრძოლი ქალი ცხენთან, საბრძოლო იარაღსა და სამკაულებთან ერთად არის დაკრძალული. 1927 წელს ქართული არქეოლოგიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა გიორგი ნიორაძემ გათხარა და შეისწავლა სამარხი, რომელიც დღევანდელი მონაცემებით, მებრძოლი ქალის ყველაზე ადრეულ სამარხად ითვლება მსოფლიოში."მსოფლიოს არქეოლოგიურმა ლიტერატურამ ჯერ კიდევ არ იცის არც ერთი შემთხვევა, რომ ეპოვოთ ბრინჯაოს მახვილით, ხანჯლითა და შუბით შეიარაღებული ქალი, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ზემო ავჭალაში, და თუ გამოჩენილი მსოფლიო მეცნიერი­ მონდელიუსი დანიაში აღმოჩენილი ხანჯლით შეიარაღებულ ქალებს­ უკავშირებდა­ ამაზონების ანუ ამორძალების­ შესახებ წარმოშობილ მოთხრობებს, მით უმეტეს, ჩვენ უფრო მეტი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ზემო ავჭალის შეიარაღებული ადამიანი, რომელსაც ჭრილობა ჰქონდა მიღებული, მეომარი ქალი უნდა ყოფილიყო, ქალი, რომელმაც ცხენოსნობა კარგად იცოდა", - წერს 1931 წელს გიორგი ნიორაძე. მისი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სამარხი 1927 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს ავჭალაში. გიორგი ნიორაძემ 95 წლის წინ სამარხი გახსნა, სადაც სამხედრო პატივით დაკრძა­ლული ქალის ნეშტი აღმოჩნდა. არქეოლოგის ყურადღება მიიქცია ბრინჯაოს ხმლის ფრაგმენტმა, თავის ქალაზე ჭრილობის­ კვალმა და იმ სამკაულებმა, რომლებიც, მეცნიერის მტკიცებით, ძვ. წ. XI-IX საუკუნეებში ამორძალს საფლავში ჩაატანეს. ის, რომ შეიარაღებული ადამიანი ნამდვილად ქალი იყო, დადასტურდა ანთროპოლოგიური­ კვლევებითაც. საქართველოში ეს აღმოჩენა­ არასოდეს გახმაურებულა. ჩონჩხი უკვე ათწლეულებია,­ ეროვნული მუზეუმის­ საცავში ინახება. ეს მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. ეკუთვნის თუ არა სამარხი მითურ პერსონაჟს, ამორძალს და რა შეიძლება­ გაკეთდეს მისი დამატებითი შესწავლისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ­ აბრამიშვილი გვესაუბრა:

- ეს უნიკალური კოლექცია ინახება ეროვნული მუზეუმში და თარიღდება ძვ.წ. XI-IX საუკუნეებით. ასე რომ, ავჭალაში აღმოჩენილი მეომარი ქალი შესაძლოა მსოფლიოში უძველესი ამორძალია. თავის ქალის მოცულობის, ძვლების წონის, პატარა­ ზომის კბილებისა და კიდევ რამდენიმე ნიშნის მიხედვით თავიდანვე დადგინდა, რომ სამარხში ნამდვილად ქალი იყო. ორი თვის წინ კი თანამედროვე მეთოდით კიდევ ერთხელ განისაზღვრა სქესი და ასაკი. თავის ქალაზე სქესის განმსაზღვრელი 26 ნიშანია... გიორგი ნიორაძის­ შეფასებით, ეს უნდა ყოფილიყო 30-40 წლის 1.47 სიმაღლის ქალი. ნიორაძე სამარხის პერიოდს ბრინჯაოს ხანის მიწურულითა და რკინის ხანის დასაწყისით განსაზღვრავს­. ზუსტად ვერ ვიტყვით, ქალი რომელ რასას განეკუთვნებოდა ან რა კულტურით ცხოვრობდა, თუმცა ამ დროს უკვე არსებობდა კლასობრივი­ დაყოფა და ვაჭრობა.­ ქალი დიდგვაროვანი უნდა ყოფილიყო, რადგან უამრავი ძვირფასი ნივთი ჩაატანეს სამარეში. საბრძოლო იარაღებში გამორჩეულია მახვილი, რომელსაც ბოლოში წვერი არა აქვს. ეს საგანგებოდ კეთდებოდა - წვერიანი მახვილი უფრო მძიმეა, უწვერო კი მსუბუქია და განკუთვნილია მხოლოდ მხედრისთვის. სამარხშიც აღმოჩნდა ცხენის თავის ქალის ნაწილებიც, რაც მიანიშნებს, რომ ქალი ნამდვილად ცხენოსანი მეომარი იყო. ბუნებრივია, მებრძოლ ქალს საბრძოლო იარაღი­ და ცხენიც ჩააყოლეს, რაც ნიშნავს, რომ დიდი პატივით დაუკრძალავთ. ჩანს, ძვ. წ. XI-IX საუკუნეებში დღეს პოპულარული გენდერული სტერეოტიპები არ არსებობდა. იმ ადგილას კიდევ რომ მოიძებნოს სამარხი, შეიძლება დამატებითი დეტალები აღმოვაჩინოთ. რა საიდუმლოს ინახავს ზემო ავჭალის ეს ადგილი გათხრების შემდეგ გავიგებთ, თუმცა ტერიტორიის ხელახლა შესწავლა დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს...

ქალს ორივე ხელზე ეკეთა ბრინჯაოს სამაჯურები. მახვილის ტარზე გამოსახულია რვაქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც, ნიორაძის აზრით, ვენერაა. მახვილს ეტყობა სხვადასხვა კულტურული წრეების გავლენა. მაგალითად, მასზე გამოსახული სპირალები მცირე აზიისა და ეგეოსის ზღვის ქვეყნებშია გავრცელებუ­ლი. ტარის მოყვანილობა თითქოს ხეთურია,­ მოტივების განლაგება კი ასურულ გავლენას ჰგავს. ასეთი მახვილები აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ბევრია აღმოჩენილი.

- 1927 წლის შემდგომ ვინმემ თუ შეისწავლა ეს მასალა?

- არა, მეორედ არავის უკვლევია. ერთადერთხელ გერმანიაში იყო გამოფენაზე...

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა გერმანელ მეცნიერს, პალეოპათოლოგ მიხაელ შულცს: - მეომრები იყვნენ არა მარტო­ სკვითი ქალები, რომლებიც ბერძნული მითის­ წყალობით გახდნენ ცნობილი, არამედ მესამე და მეოთხე ათასწლეულების ხალხი უკრაინიდან, ციმბირიდან. ცენტრალურ­ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც­ იყვნენ ამორძალები. ამორძალების­ მითი ძველ საბერძნეთში დაიწერა. ჰერო­დოტეს მიხედვით, ამორძალები სკვით მეომრებს შიშის ზარს სცემდნენ. ჩვენ გადავწყვიტეთ შპაიერის მუზეუმში გაგვემართა­ გამოფენა, სადაც­ ერთ-ერთი­ მთავარი იყო ზემო ავჭალის ექსპონატი - ის ყველაზე ძველი სამარხია, სადაც ქალი მეომარია დამარხული. ამ გამოფენით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ მეომარი ქალები ჯერ კიდევ შორეულ წარსულში არსებობდნენ. ანთროპოლოგების აღწერით, მათი ჩონჩხისა­ და კუნთების განვითარების მიხედვით შეიძლება თქმა, რომ აღნაგობით თანამედროვე­ ათლეტებს ჰგავდნენ. ზოგიერთი ასეთი სამარხი სამკაულსაც­ ინახავდა და იარაღსაც და გენდერული როლების შეზღუდული აღქმის გამო არქეოლოგები ამბობდნენ, ეს ქალია, რომელიც ქმრის იარაღით დაიმარხაო. დარწმუნებული­ ვარ თქვენი ექსპონატი არავის შეუსწავლია, რადგან საქართველოში ცოტაა მეცნიერი, რომელიც პალეოპათოლოგიაში მუშაობს. არადა, საჭიროა ლაბორატორიული კვლევა, რაც ბევრ ინფორმაციას ამოიღებს ძვლიდან.

შევიტყვე, რომ საქართველოში ეს ექსპონატი არასოდეს გამოფენილა, რაც სამწუხაროა. ვფიქრობ, ქართველი ხალხი უნდა ამაყობდეს, რომ საქართველოში პირველი მეომარი ქალის სამარხია აღმოჩენილი. ეს აღმოჩენა საქართველოს წარმოაჩენს როგორც ძალიან საინტერესო ქვეყანას სწორედ უძველესი ისტორიის კუთხით.

რუსუდან შაიშმელაშვილი