„აქ ყველას გაკილვა და ფეხქვეშ გათელვა შეიძლება“
როცა საზოგადოებაში რაციონალიზმს ირაციონალიზმი სჭარბობს, თავისუფალ აზროვნებას - განსხვავებული აზრის დევნა, ურთიერთკავშირს - მტრის ხატის შექმნა და პოპულიზმი, ეს ყველაფერი ხშირად ფაშიზმის ნიშნებად მოიხსენიება. სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე.
- ბატონო ლევან, საზოგადოების აგრესიულობაზე საუბრისას ხშირად გაისმის შეფასება: "ფაშიზმის ნიშნები". სწორია თუ არა ეს შეფასება და როდის ჩნდება ეს ნიშნები?
- აგრესიას იწვევს ადამიანების უფუნქციოდ დარჩენა. როდესაც დილით ვიღვიძებთ და ვაცნობიერებთ, რომ არსად წასასვლელი არ ვართ, არც არაფერი გვაქვს გასაკეთებელი და არ ვიცით, ენერგია რაში დავხარჯოთ, იძულებული ვხდებით, ის ირგვლივ მყოფებისკენ აგრესიად მივმართოთ. როდესაც ვსაუბრობთ ფაშიზმის ნიშნებზე, უნდა გავიხსენოთ, რომ ფაშიზმის ნიშნები წარმოიშვა სწორედ იმ საზოგადოებაში, სადაც, ერთი მხრივ, დიდი იყო უმუშევრობა, მეორე მხრივ კი სამუშაო, ძირითადად, იყო უშინაარსო, რუტინული და არაფრის მომცემი. ანუ თუ შეიძლება ადამიანმა ერთ სამუშაოზე 30 წელიწადი ისე იმუშაოს, რომ განწირული იყოს უპერსპექტივობისა და განუვითარებლობისთვის, ვერ შეძლოს თვითრეალიზაცია და მეტიც, საკუთარი თავის პატივისცემა დაკარგოს, მოსალოდნელია, მისი ენერგია გარშემო მყოფთა მიმართ აგრესიად იქცეს. თუ ამას დავუმატებთ გლობალურ მოვლენებს: ომს, კლიმატურ და ეკონომიკურ კრიზისს, ალბათ, უკეთ გავაცნობიერებთ, რა მძიმე მდგომარეობაში არიან ჩვენი უფუნქციოდ დარჩენილი მოქალაქეები, რომელთაც სახელმწიფო და პოლიტიკოსები ვერ იცავენ, ვერ ესაუბრებიან კრიზისიდან გამოსავლის გზებზე და ამის ნაცვლად ურთიერთქიშპობით არიან დაკავებული. ჩვენში არ არსებობს ჰუმანისტური ინსტიტუტი, რომელსაც შემუშავებული ექნებოდა ბერკეტები ამ სიტუაციაში მყოფი საზოგადოების დასახმარებლად. ასეთ დროს ადამიანთა მართვის სადავეებს ადვილად იგდებენ ხელში რადიკალურად და ექსტრემისტულად განწყობილი პირები, რომლებიც დაგროვილ აგრესიას სასურველ მიმართულებას აძლევენ.
იცით, რა მიიჩნევა პოსტმოდერნისტული საზოგადოების ყველაზე დრამატულ მომენტად? ის, რომ ამ საზოგადოებაში აზროვნებისა და რეალობის თანხვედრა აღარ ხდება. რაც, სხვათა შორის, მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა, მაგრამ ჩვენნაირ სახელმწიფოებში - გაცილებით დრამატულად. განსაზღვრული სუბიექტების მიერ მიზანდასახულად მიმდინარეობს ავტორიტეტების რყევა და მათთვის ლაფის დასხმა. მნიშვნელობა არა აქვს, ხელში ვინ მოგხვდება - აქ ყველას გაკილვა და ფეხქვეშ გათელვა შეიძლება, რასაც მივყავართ პიროვნულ კრიზისამდე. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩვენში არც მეგულება სფერო, სადაც იხილავთ პიროვნული თვისებებით გამორჩეულ, დამოუკიდებელ ადამიანებს, რომელთაც პატივს სცემენ იმის გამო, რომ უკან არ იხევენ კონიუნქტურისა და იმ ლიბერალური იდეების წინაშე, რომლებიც ხელს უწყობს ავტორიტეტების რყევას და ქაოსს.
- დღეს ავტორიტეტული ადამიანები საჭირო აღარ არიან, ვინაიდან ისინი ხელს უშლიან ინდივიდს, რომელიც ხელშეუხებელი უნდა იყოს თავისი ზრახვების ასრულებისას.
- დღეს ჩვენს საზოგადოებაში განა ვინმეს ეგულება ადამიანი, რომელსაც, როგორც კი ავტორიტეტის მოპოვება შეძლო მაშინვე ტალახი არ შეასხეს?! როგორც კი მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული ადამიანი გამოვა ასპარეზზე, მას ჯერ ცაში აიყვანენ ქება-დიდებით, მერე კი უსათუოდ ძირს დაანარცხებენ და ჩაქოლვას დაუწყებენ.
- ამის მაგალითად სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლების გახსენება შეიძლება, რომელთაც პანდემიის მართვისთვის მთელი ქვეყანა ტაშს უკრავდა, დღეს კი ხალხის ღალატში, თანხების გაფლანგვაში სდებენ ბრალს.
- ტალეირანი ამბობდა, თუ შენი მოწინააღმდეგის განადგურება გსურს, ჯერ ისე მაღლა უნდა აიყვანო, როგორც არწივს აჰყავს კლანჭებით მსხვერპლი, მერე კი სიმაღლიდან ჩამოაგდოო. ჩვენ გამუდმებით ვხდებით მოწმენი უამრავი ადამიანის ცაში აყვანისა და მერე ძირს დანარცხებისა. ჩვენ გვერდით არის ხალხი, რომელთაც გუშინ ლამის ქრისტეს ადარებდნენ, დღეს კი რუსეთის აგენტებად და ხალხის მტრებად აცხადებენ. უნდა დავაკვირდეთ, ეს რა სტრატეგიაა. როდესაც კიბეზე ასვლა გსურს და წინა საფეხურზე ვიღაც გეღობება, შენთვის გამოსავალია, ხელი სტაცო და დაბლა დაანარცხო. აზრადაც არ მოგდის, რომ სხვა კიბეებიც არსებობს, რომლებზეც შენი გზა უნდა გაიარო. და რა გიადვილებს ვიღაცის დანარცხებას? კომპრომატები, რომელთაც აგროვებ, ან თავადვე ქმნი, რათა ვიღაცამ არ გაბედოს და წინსვლის ამბიციები არ გამოამჟღავნოს.
- ადამიანები ადვილად ემორჩილებიან პროპაგანდას... როდესაც მაგალითად, ეკლესიის შეურაცხყოფაზე ვსაუბრობთ, ამას ვამართლებთ ფრაზით: "მერე რა მოხდა! ჩვეულებრივი ამბავია..."
- ამასთან დაკავშირებით მუშაობს ერთი სახარებისეული პრინციპი: თუ ეშმაკს ნეკს მისცემ, ის იდაყვამდე მოგწვდება, ზემოთ ამოიჩოჩებს და გადაგყლაპავს. ანუ როდესაც ჩვენ თუნდაც მცირე ბოროტებას ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამთ, სწორედ აქედან იწყება პირადად ჩვენი და მთელი საზოგადოების დაცემა. რას ნიშნავს "რა მოხდა" და "ეს ჩვეულებრივი ამბავია"?! სწორედაც მოხდა, სწორედაც ბოროტებასთან კომპრომისი არ შეიძლება. უკომპრომისო და მიუღებელი უნდა იყოს ლიბერალიზმის რადიკალური აზროვნების წარმომადგენლების იდეოლოგია, როდესაც ცდილობენ იმ საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც წესი და მორალი აღარ იქნება. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ რაც უნდა ხშირი იყოს ამ იდეოლოგიის დამკვიდრების მცდელობა, ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ღრმა შრეებში მათ ყოველთვის დახვდებათ წინააღმდეგობა. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ოჯახების უმრავლესობაში ჭიქა წყალსაც არ მიაწოდებენ ადამიანს, რომელმაც შარვალი ჩაიხადა და სამაჩაბლოს უკანალი მიუშვირა.
- დაგეთანხმებით, რომ ჩვენი საზოგადოება გადამწყვეტ მომენტებში ადეკვატურად იქცევა... ჩვენ პოლიტიკური კერპების შექმნით ათეული წლების განმავლობაში მივიღეთ სისხლისღვრა და დაქუცმაცებული საზოგადოება.
- კერპი მაშინ იქმნება, როდესაც ადამიანები ამარტივებენ ან საერთოდ წყვეტენ კრიტიკულ აზროვნებას და არჩევანს სხვას, ამ შემთხვევაში - კერპს ანდობენ. კერპი არასოდეს არის მოაზროვნე ადამიანი, იმიტომ, რომ მოაზროვნეს აღიზიანებს მისით აღფრთოვანება და აუცილებლად აღკვეთს ამას. მოაზროვნე ადაიანმა მშვენივრად იცის, რომ ეს როლი დაღუპავს, რადგან მასზე მინდობილი სურვილების ასრულებას ვერ შეძლებს.
- კერპების შექმნასთან ერთად, მტრის ხატის შექმნაც არ გვეზარება. მაგალითად, ჩვენი პოლიტიკოსები მძიმე სიტუაციაში შეკავშირების ნაცვლად ხელისუფლებას ევროპული არჩევანიდან გადახვევაში ადანაშაულებენ...
- ჩემი აზრით, ამ პოლიტიკოსებს ეს მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ ყურადღება სერიოზული თემებიდან სხვა, ბინძურ თემებზე გადაიტანონ. ეს არის ცდა პოლიტიკური საჭის შენარჩუნებისა. თავის მხრივ, ხელისფლებასაც ასევე გადააქვს ხალხის ყურადღება სერიოზული თემებიდან კინკლაობაზე. დღეს ქართველ ხალხს რომ ჰკითხო, რა არის პოლიტიკაო, ალბათ, ბევრი იტყვის, რომ პოლიტიკა კინკლაობაა, არადა, იცით, რა არის პოლიტიკა? ის, რაც გერმანიის ოპოზიციის ლიდერმა ფრიდრიხ მერციმ გააკეთა უკრაინაში ჩასვლის წინ - თავის უმთავრეს ოპონენტს, კანცლერ ოლაფ შოლცს დაურეკა და საქმის კურსში ჩააყენა. ასეთი ფაქტებით მე, ერთი მხრივ, აღფრთოვანებული ვარ, მეორე მხრივ კი სევდა მეძალება, რადგან ჩემს ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის იმედი არა მაქვს, მით უფრო, რომ ამ პოლიტიკოსებმა თავადაც მშვენივრად იციან, რა არის მართლაც მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. კინკლაობის ნაცვლად უნდა დასხდნენ, რესურსები გაანაწილონ და გეგმა შეიმუშაონ, რა და როგორ გააკეთონ, რომ ნორმალურ სახელმწიფოდ ვიქცეთ. სერიოზულია, მაგალითად, ეკონომიკის განვითარება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობა, ჯანდაცვა, განათლება... მე, როგორც ადამიანი, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ასწავლის, გაოგნებული ვარ ჩემი სტუდენტების "განათლების" დონით, რომელიც მათ სკოლიდან მოაქვთ. ჩვენი განათლების სისტემის "დამსახურებაა", რომ ჩვენში განათლება აღარ არსებობს, ამის გარეშე კი განვითარება შეუძლებელია.
- დაგეთანხმებით. შეუძლებელია თუნდაც შინაარსი გამოიტანო ჩვენი სკოლების სახელმძღვანელოებიდან, რასაც მასწავლებლებიც აღიარებენ.
- სწორედ ამიტომ ჩვენს ახალგაზრდობას წაკითხულის შინაარსის გაგება უჭირს. ეს კატასტროფაა.
- ბევრი ფიქრობს, რომ ახლა ისტორიის ჩარხი ჩვენს სასარგებლოდ ტრიალებს და რუსეთის დაშლა ხელს შეუწყობს ჩვენს აღზევებას...
- ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა სურვილებისა და შესაძლებლობების განურჩევლობაა. ჩვენი უდიდესი სურვილი რუსეთის დამხობის, რუსეთის დაშლის შესაძლებლობას, ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში ვერ დაემთხვევა, თუნდაც უკრაინასთან ომის წაგების შემთხვევაში და თუ ჩვენ ამ შესაძლებლობას სამომავლოდ განვიხილავთ, უნდა გვესმოდეს, რომ ამ პერიოდისთვის ჩამოყალიბებული სახელმწიფო უნდა ვიყოთ. როგორ ფიქრობთ, ჩვენი ქვეყანა, თუნდაც რუსეთისგან გათავისუფლებული, მაგალითად, კადიროვის შემოსევას გაუძლებს?! ამისთვის მაინც იქნება მზად ქვეყანა, სადაც დანიშნულ დროს მატარებელიც კი ვერ შემოდის ლიანდაგზე, სადაც ნებისმიერი რუსი დეპუტატის ჩამოსვლა ან რუსული კინოფილმის ჩვენება დენთის კასრში ასანთის ჩაგდებას ნიშნავს?! და იმისთვის, რომ გაუძლოს, ყველამ ვიცით რაც გვჭირდება - სერიოზული პოლიტიკოსები და განვითარებული საზოგადოება, რომელსაც ფაშიზმის ნიშნები კი არ გამოარჩევს, არამედ საქვეყნო საქმეებზე ზრუნვა და საკუთარი სამშობლოს მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა. ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც ჩემს ქვეყანაში ამას დავინახავ.