დროის ათვლა დაიწყო! საით მიდის სომხეთი?..
უკვე რამდენიმე დღეა სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმა მოსახლეობას აცნობა, რომ "საერთაშორისო საზოგადოებრიობა სომხეთისგან ყარაბაღის სტატუსის შესახებ საბოლოოდ ჩამოყალიბებას, ასევე კონფლიქტის თვითგამორკვევის გზით მოგვარებას მოითხოვს". ოპოზიცია ირწმუნება, რომ ფაშინიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებას აპირებს და მოსახლეობას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეებს შეუერთდა სომხეთის მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. ოპოზიციის მხარდამჭერთა ერთმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა, მეორემ კი მომხრეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. ქალაქის ცენტრში, საფრანგეთის მოედანზე, კარვებია გაშლილი. გაჩნდა ლოზუნგები: "ნიკოლ, მოღალატე!" "სომხეთი ნიკოლის გარეშე!" სამოქალაქო აქტივისტისა და პუბლიცისტ გორ არმათუნის თქმით, თუ არეულობა დაიწყება, ეს ოპოზიციის არაკეთილსინდისიერებითა და ხელისუფლების სისუსტით იქნება განპირობებული.
- თუ ქალაქში სროლა და მაროდიორობა, განუკითხაობა დაიწყება, ხელისუფლებას დავადანაშაულებ, რადგან შეუძლებელია ასეთი უუნარო იყო, როდესაც ქვეყანა საფრთხის წინაშეა. ეს კლოუნადაა და ქვეყანას უნდა ვუშველოთ. პრემიერს შეუძლია შსს-ს და სპეცრაზმს უბრძანოს, იმუშაონ ღამე, რათა ხვალ მშვიდობიანი დილა გათენდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესები უმართავი იქნება. ქალაქში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ. კრემლის მართული სომხური მაფია ფინანსურ რესურსებს არ ზოგავს, აამუშავეს მეხუთე კოლონა... დროის ათვლა დაწყებულია. ამიტომ ისინი, ვინც ქვეყნის სტაბილურ მომავალს უჭერენ მხარს, ყველა საშუალებით მივმართავთ ხელისუფლებას, სპეცსამსახურებს უბრძანოს, იმოქმედონ, რადგან ოპოზიცია ძალიან სახიფათოდ არყევს ქვეყანას...
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი: - ოპოზიცია, რომელიც ახლა ფაშინიანის გადადგომას ითხოვს, არის ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც წლების განმავლობაში ხელისუფლებაში იყო და მათ დროს კორუფცია ყვაოდა. ამიტომ სომეხი მოსახლეობის განწყობა დაახლოებით ისეთია, როგორიც ახლანდელ საქართველოში - არჩევანი "ქართულ ოცნებასა" და "სისხლიან ნაციონალებს" შორის რომ გვიწევს... მათ ფონზე სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება უფრო კონსტრუქციული ჩანს. ფაშინიანთან ბევრი კითხვა აქვთ, მაგრამ ხედავენ, რომ მას უფრო ესმის რეალობა. ოპოზიციურ ძალებში კი ის კორუმპირებული ძალები არიან, რომელთაც გავლენა გამოეცალათ, არადა, ფაშინიანისგან განსხვავებით მდიდრები არიან, მაგრამ ახლა ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან. მათი კორუფციული სქემები რუსეთზე იყო მიბმული. ფაშინიანმა იცის, რომ სომხეთიც რუსეთზეა მიბმული, ოღონდ კორუმპირებული ოპოზიციური ძალებისგან განსხვავებით, მას რუსული კი არა, სომხური კონტექსტი აქვს, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა სურს. ფაშინიანი პირდაპირ ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღი ვერ დაბრუნდება იქ, სადაც იყო, რადგან ეს იყო მრავალწლიანი კრიზისი, რომლის შექმნაშიც ყველას აქვს წვლილი იმ ოპოზიციური ძალებიდან, რომლებიც დღეს მას ებრძვიან. ეს ოდესღაც მაინც მოხდებოდა, თუმცა მისი ხელისუფლებაში ყოფნისას მოხდა და ამ რეგიონის დაბრუნება იმ ფორმით, რაც იყო, შეუძლებელია...
სომხეთი მტრულ გარემოცვაშია: ერთ მხარეს თურქეთი ჰყავს, მეორე მხარეს - აზერბაიჯანი. საქართველო მისი მეგობარი ქვეყანაა, მას არ მტრობს, თუმცა ვერც ვერაფერში დაეხმარება. ამიტომ ჩვენ მხოლოდ დადებით კონტექსტში გვახსენებენ. თურქეთი, რომელიც ამხელა გავლენით სარგებლობს, აზერბაიჯანზე, უკრაინაზე, შავ ზღვაზე, კონკურენციას უწევს რუსეთს. სომხეთი მთლიანად მოწყვეტილია ამ რეალობას და რუსეთზეა მიბმული. მისი ერთადერთი სასიცოცხლო გზა საქართველოზე გადის. ამიტომ იძულებულია დაფიქრდეს, როდემდე უნდა იყოს მიბმული რუსეთზე, რომელთანაც საზღვარიც არა აქვს, მით უფრო, რუსეთი ახლა ძალზე არაპოპულარული ქვეყანაა, უამრავი სანქციით... ამის ახსნას ცდილობს ფაშინიანი თავისი ხალხისთვის, სურს პრაგმატული გზები დაანახოს. ასეთივე ნაბიჯებს დგამს თურქეთთან, აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციაზე დაიწყო მოლაპარაკება. ასე რომ, ძალიან მტკივნეულად, მაგრამ მაინც წინ მიდის, რაც არ მოსწონს ოპოზიციას და გამოსვლებით კრემლს აგრძნობინებს, რომ თუ დაბრუნდებიან, თურქეთსა და აზერბაიჯანთან მშვიდობიანი პოლიტიკა ჩაიშლება.
- ოპოზიცია რას სთავაზობს მოსახლეობას?
- არაფერს, გარდა იმისა, რომ ფაშინიანი მოღალატეა და ქვეყანა დააქცია. ვითარება დაძაბულია, ფაქტობრივად, წკიპზე არიან, ერთი არასწორი ნაბიჯი და შესაძლოა ძალზე ცუდი პროცესები დაიწყოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს ეყოფა ნერვები ფაშინიანს და მის გარემოცვას. იმედია, ასე არ იქნება, მაგრამ თუ მაინც რუსეთისგან შეგულიანებული ოპოზიცია დაბრუნდა, ისინი ქვეყანას უფრო თუ აწეწავენ. თორემ ვერაფერს უშველიან და ყველაფერს ფაშინიანს დააბრალებენ, იტყვიან, რომ ყარაბაღი უკვე დაკარგულია. სავსებით შესაძლებელია, როგორც ფაშინიანის, ასევე მისი გენერლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან. ძალიან მალე ყველაფერი ფაშინიანის ხელისუფლების მოსვლამდე პერიოდს დაუბრუნდება, ოღონდ მთიანი ყარაბაღის გარეშე. თუმცა ოპოზიციას მხარდამჭერები არა ჰყავს, მის აქციებზე მხოლოდ აქტივისტები იკრიბებიან. სომეხ ერს ფაშინიანი არ მოსწონს, მაგრამ ოპოზიციასაც კარგად იცნობენ. პოლიციას, სამხედროებს ესმით, რომ ამ რეალობაში სხვაგვარი ნაბიჯების გადადგმა უკან დახევას ნიშნავს. იციან, რომ ფაშინიანის გადადგომას სარგსიანის ან სხვა კორუმპირებული პირების ძალაუფლებაში მოსვლა მოჰყვება. კარგად ხედავენ საგარეო პროცესებსაც - ყარაბაღი დაკარგულია, რუსეთი კი "გადამგდებია". ოპოზიციის დაბრუნება ნიშნავს, რომ რუსეთი ბრუნდება სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენით, გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის და არა სომხეთის დასახმარებლად. ვერც დაეხმარება, რადგან თურქეთის მხარდაჭერით აზერბაიჯანი უკვე წელში გამართულია და ვითარების სომხეთის სასარგებლოდ შეცვლა ძალზე საეჭვოა. მეტიც, თუ სომეხი ოპოზიცია გაიმარჯვებს და რუსეთი თავისი გეოპოლიტიკური ინტერესებით დაბრუნდება, შესაძლოა ეს კიდევ ერთი ომის მიზეზი შეიქნეს, რაც უფრო დაასუსტებს სომხეთს. ამიტომ ცდილობს ვითარება გონივრულად შეაფასოს და თურქეთთან თუ აზერბაიჯანთან ურთიერთობა დაალაგოს. ასე რომ, ახლა სომხეთი სახელმწიფოებრიობის გამოცდას გადის. სხვათა შორის, საქართველომ გასაბჭოების შედეგად სახელმწიფოებრიობა დაკარგა, სომხეთმა კი ანტიკური პერიოდის შემდეგ სწორედ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღიდგინა სახელმწიფოებრიობა. ამიტომ რუსეთს ამისთვის ემადლიერებიან, თუმცა ისიც ესმით, რომ მუდმივად რუსეთზე მიბმული ვერ დარჩებიან. ახლა ვხედავთ, როგორ იბადება სომხეთში თავისუფლებისმოყვარე ერი, რომელიც შეძლებს დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას.
ბევრი რამეა დამოკიდებული თურქეთსა და აზერბაიჯანზეც. ამიტომ მუდმივად უნდა ლაპარაკობდნენ სუვერენიტეტზე, მთიან ყარაბაღში დარჩენილი სომხების უფლებებზე. ალიევმა ერთი-ორჯერ ახსენა, სომხები ისევე უსაფრთხოდ უნდა ცხოვრობდნენ ჩვენთანაც, როგორც საქართველოშიო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამ მხრივ ჩვენთან რაღაც მაინც კეთდება. ახლა მსოფლიო, მათ შორის საქართველო და სომხეთიც, ელოდება, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. ამის ეშინია რუსეთსაც. ამიტომ ცდილობს სომხეთზე მაინც არ ჰქონდეს სანერვიულო და იქ თავისი ერთგული ხელისუფლება დასვას. ამას წინათ ევროსაბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი და ფაშინიანი კი შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ დასავლეთის ხმა კავკასიაში მაინც სუსტად ისმის. სიტუაციას ჯერჯერობით თურქეთი და რუსეთი მართავენ. კრემლის გავლენა სუსტდება, თურქეთი კი, როგორც ნატოს წევრი, თავის დროს ელოდება. საქართველოს უნიკალური შანსი აქვს შუამავალი იყოს მათ შორის - დაელაპარაკოს სომხეთს, გადადგი თამამი ნაბიჯი, დაელაპარაკე აზერბაიჯანს, თურქეთს, რათა ვიცოდეთ, რას შეიძლება ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიოთო. რუსეთი კავკასიონის ქედს მიღმაა, ჩვენ კი ჩვენი ანგარიშები გვაქვს. თუ მასთან ბმას გაწყვეტ, რაღაც საკითხებზე მუშაობა შეიძლება. გენოციდზე უარი არ უნდა თქვას, მაგრამ ამან სხვა საკითხები, თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, საზღვრებზე, ყარაბაღის სომხების უფლებებზე მუშაობა არ უნდა შეაჩეროს.