„პუტინის რეჟიმი გააგრძელებს ბრძოლას და მოინდომებს, უფსკრულში გადაჩეხოს მსოფლიო“ - კვირის პალიტრა

„პუტინის რეჟიმი გააგრძელებს ბრძოლას და მოინდომებს, უფსკრულში გადაჩეხოს მსოფლიო“

"ახლა მარიუპოლში უკრაინა მთელ მსოფლიოს იცავს", - გვითხრა "აზოვის" პოლკის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაქსიმ ჟორინმა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

- ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება, როგორ შეიძლება "აზოვის" პოლკის წევრების გამოყვანა "აზოვსტალის" ტერიტორიიდან. დღეს უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნას?

- „აზოვსტალის“ სახით გვაქვს 21-ე საუკუნის ჰუმანიტარული კატასტროფა და ადამიანური ტრაგედია. წარმოიდგინეთ - ყოველ საათში ვიღაც კვდება, 500-მდე დაჭრილი დახმარებას ვერ იღებს, უთავდებათ წყალი და მედიკამენტები, უამრავი ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი და უკრაინას არ აქვს საშუალება, მათ დაეხმაროს...ვისაუბროთ იმაზე, რას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება... მე მგონია, რომ "აზოვსტალიდან" ხალხის გამოყვანაზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროს ეკისრება. ყველა ქვეყანა, რომელსაც მიაჩნია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოა, უნდა გაერთიანდეს და უკრაინა დაიცვას. ახლა მარიუპოლში უკრაინა მთელ მსოფლიოს იცავს. ამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთონ მესამე ქვეყნები და გახდნენ გარანტი, რომ იქ მყოფ ადამიანებს გამოიყვანენ, თორემ ჩვენ დავრწმუნდით, რომ რუსების სიტყვას ფასი არ აქვს. მათი პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევს, საჯაროდ იცრუოს. - ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს უკრაინის ხელისუფლება შუამავლის საშუალებით მართავდა მოლაპარაკებას რუსეთის ხელისუფლებასთან "აზოვსტალიდან" 38 დაჭრილი­ ჯარისკაცის ევაკუაციის შესახებ. პესკ­ოვმა პუტინის სიტყვები გაახმაურა, თქვა, რომ "აზოვსტალიდან" დაჭრილების ევაკუაციის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. პუტინი­ ისევ მოუწოდებს "აზოვის" მებრძილებს, დაყარონ იარაღი და გამოვიდნენ...

- პუტინი და მთელი რუსეთი ოცნებობენ, რომ მარიუპოლი დაეცეს. მათ მებრძოლებს იარაღის დაყრისა და ჩაბარებისკენ უკვე სამჯერ მოუწოდეს, მაგრამ დაავიწყდათ, რომ უკრაინელები არ ჰგვანან რუსებს. უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს, მით უმეტეს, ამას არ გააკეთებს„"აზოვი". ისინი მზად არიან, ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი სიკვდილამდე იბრძოლონ. სანამ თუნდაც ერთი ავტომატი და ტყვია ექნებათ, არ დანებდებიან.

jarisk2-1652651306.jpg

- რამდენიმე დღის წინ თქვენი კომენტარი ვნახე. თუ არ ვცდები, ამბობდით, რომ უკრაინის ხელისუფლებას­ ომის დაწყებიდან პირველი ერთი თვის განმავლობაში უნდა მოეხერხებინა და მარიუპოლში­ დაეტოვებინა საევაკუაციო დერეფანი. იქნებ დააზუსტოთ, რას გულისხმობდით?

- ეს სწორი თარგმანი არ არის იმისა. მე ვთქვი, რომ პირველი თვის განმავლობაში დებლოკაცია უნდა მომხდარიყო. უნდა ყოფილიყო უბრალო სამხედრო ოპერაცია, ერთეტაპიანი, დღეს კი ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ჯარის ძალა: ავიაცია, ფლოტი, რომელიც აზოვის ზღვაშია... დღეს [მარიუპოლის გათავისუფლება] ძალიან გართულდა. ცხადია, უკრაინელები ამისთვის ემზადებიან, მაგრამ ამას რამდენიმე ეტაპი და მასშტაბური ოპერაცია დასჭირდება­. მანძილი, რომელიც ჩვენ უნდა გავარღვიოთ მარიუპოლის გასათავისუფლებლად, უკვე 150 კილომეტრამდეა. ამისთვის უნდა დაველოდოთ ტექნიკას, რომელსაც სხვადასხვა­ ქვეყანა გვაძლევს, ამის შემდეგ კი დავიწყოთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, მათ შორის - მარიუპოლის. როდესაც ვლაპარაკობთ იმ ადამიანების გადარჩენაზე, რომლებიც "აზოვსტალის" ტერიტორიაზე არიან, არ ვარ დარწუნებული, რომ მათ აქვთ დრო, დაელოდონ მარიუპოლის გათავისუფლებას. ჩვენ ვალდებულები ვართ, პარალელურად ვიმუშაოთ ამ საკითხზე როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო საშუალებებით.

- დარწმუნებული ვარ, რუსებმაც იციან, მარიუპოლის დებლოკაციის რა შესაძლებლობები­ არსებობს და მათაც ექნებათ გათვლა. თქვენ ბრძანეთ, რომ ამ ყველაფერს დრო სჭირდება, უნდა მოემზადოს უკრაინული მხარე და მერე რამდენიმე ეტაპად მოხდეს მარიუპოლის განბლოკვა. აქვთ ამდენი დრო მარიუპოლის დამცველებს, "აზოვის" წევრებს, რომლებიც "აზოვსტალში" არიან გამაგრებული?

- დარწმუნებული ვართ, ადრე თუ გვიან უკრაინა გაათავისუფლებს მარიუპოლს, მაგრამ ყოველდღიურად იქ ტონობით საავიაციო ბომბი იყრება და სანამ ჩვენ ვემზადებით, იქ ადამიანები იხოცებიან.

- ჩვენ მოვისმინეთ შეფასება "აზოვის" მეთაურებისა, რომლებიც ახლა "აზოვსტალის"­ ტერიტორიაზე არიან, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია არ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულ სამხედრო ოპერაციად.

- ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ევაკუაციისთვის საჭირო იყო სამხედრო მოქმედებები. იქ სულ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ამიტომ შეუძლებელია ვიცოდეთ, რამდენი ადამიანია ჩარჩენილი ნანგრევებში. "აზოვსტალის" გარდა კიდევ ათასობით უკრიანელია მარიუპოლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ისინიც გამოსაყვანი არიან, მათი გამოყვანა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა სრულად შეწყდება საომარი მოქმედებები.

- როგორც სამხედრო, ეთანხმებით თუ არა შეფასებას, რომ რუსეთს დღეს უკრაინაში შეტევის პოტენციალი აღარ გააჩნია?

- მე ახლა ზაპოროჟიის ოლქში ვარ - უფრო ზუსტად ვერაფერს გეტყვით. ჩვენ აბსოლუტურად გავათავისუფლეთ კიევის ოლქი და ახლა მარიუპოლისკენ მივდივართ. რაც შეეხება რუსეთს, უდავოდ დიდი დანაკარგი აქვს, თუმცა ისინი ხალხის რაოდენობას არც კი ითვლიან და საზარბაზნე ხორცად უშვებენ. ჩვენ შევძელით და რუსეთის ჯარი შევაჩერეთ. არის ტერმინი - აქტიური დაცვა და ახლა სწორედ ამ მდგომარეობაში ვართ. დარწმუნებული ვარ, რუსეთის ფედერაცია უფრო მეტ ჯარისკაცს გამოგზავნის და მათ არასდროს შეიცოდებს. არც ის გამიკვირდება, თუ რუსეთი­ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. საქმე ის არის, რომ წარუმატებლობის გამო რუსეთმა უკვე არაერთხელ გამოიყენა ქიმიური იარაღი მარიუპოლსა და იზიუმის ოლქში. თუ მთელ მსოფლიოს ამაზე რეაქცია არ ექნება და რუსეთს არ შეეწინააღმდეგება, შემდეგ ეტაპზე [რუსები] ბირთვულ იარაღსაც გამოიყენებენ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი?

- როგორც მე, ასევე ბევრი ჩემი ახლობელი, რვა წელია, ვებრძვით რუსეთის ფედერაციას და ეს ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინა გაიმარჯვებს რუსეთზე, როცა მთელი მსოფლიო გაიმარჯვებს რუსეთის ფედერაციაზე. დამიჯერეთ, რუსეთის ფედერაცია უკრაინაში არ გაჩერდება. პუტინის რეჟიმი გააგრძელებს ბრძოლას და მოინდომებს, უფსკრულში გადაჩეხოს მსოფლიო.