"სისხლში, ფილტვებში ყველას ფოსფორი აღმოგვიჩინეს“ - კვირის პალიტრა

"სისხლში, ფილტვებში ყველას ფოსფორი აღმოგვიჩინეს“

რუსებმა დონეცკის მისადგომებთან ფოსფორის რაკეტა გამოიყენეს, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია. შედეგად ათი ქართველი მეომარი მოიწამლა, თუმცა ყველა გადარჩა. ერთ-ერთი, ავთო ქაჯაია, დღეს ჩვენი სტუმარია.

- 2002-დან 2017 წლამდე ვირიცხებოდი საქართველოს ჯარში. 2018 წელს პოლონეთში წავედი. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, სამ დღეში უკვე იქ ვიყავი­ და შეიარაღებულ ძალებში ჩავირიცხე. ყოველთვის ვიქნები იმ ქვეყნის გვერდით, რომელსაც რუსეთი დაემუქრება... 2014 წლიდან რუსეთის ჯარები განლაგებულია დონეცკის მისადგომებთან ძალიან­ ახლოს. იმ დღეს პოზიციებზე გამაგრებული იყვნენ როგორც უკრაინელები, ისე, 100 მეტრის მოშორებით, რუსები.­ ჩვენ დაგვევალა შეტევაზე გადასვლა და პოზიციების გადანაცვლება.­ დავალების შესასრულებლად წავედით და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ მეტი მებრძოლი დაგვხვდა, მაინც მოვერიეთ...

- და რუსული ჯარი ორჯერ იმაზე უკან გადაისროლეთ, ვიდრე დავალება გქონდათ?

- გადავისროლეთ კი არა, ადგილზე­ დავტოვეთ... პირველი დღე იყო ამ პოზიც­იების განადგურება, დაკავება. მეორე დღეს 500-600 მეტრით წინ წავიწიეთ. ამ ორი დღის განმავლობაში ჭურვების წვიმაში ვიყავით. ჯარისკაცები დაიჭრნენ, ზოგმა კონტუზია მიიღო. ათნი დავრჩით. უსაფრთხოების გამო ორ-სამ საათში­ ერთხელ ვიცვლიდით პოზიციებს. დილის 4 საათი იქნებოდა, მე და ჩემი მეგობარი ვპატრულირებდით, როცა ჩვენ გვერდით ტერიტორიაზე, სადაც მანამდე ვიყავით დაბანაკებული, ფოსფორის რაკეტა გასკდა­. ჰაერში სკდება და ფოიერვერკივით ჩამოდის... ამდენი წელი ჯარში გვაქვს გატარებული, თითქმის ყველანაირი ბომბისა თუ რაკეტის შეფასება შეგვიძლია და სუნის მიხედვით ვხვდებით, რა არის... მაშინვე წამოვხტით­ და შევცვივდით რაღაც ქოხში, კარი, ფანჯრები ნაჭრებით ამოვქოლეთ, მაგრამ სუნმა მაინც შემოაღწია. ფოსფორი ნისლივით მოდის...

ცოტა ხანში დაგვეწყო ჰაერის უკმარისობა,­ გულისრევა. ფოსფორით მოწამვლას ახასიათებს სუნთქვის შეკავება, ჟანგბადის უკმარისობა, თვალების წვა, აზიანებს სასუნთქ ორგანოებს. ყველაზე რთული ფილტვების დაზიანებაა... ველო­დებოდით გათენებას, რომ რამე მოგვეხერხებინა. ისეთ ადგილას ვიყავით, ჩვენი პატრონი არავინ იყო. 50 კმ იყო გასავლელი,­ სამშვიდობომდე რომ მიგვეღწია. აქვე ქართული ლეგიონია და ამ ბიჭებმა იზრუნეს, რომ სამედიცინო დაწესებულებამდე­ ჩამოვეყვანეთ. ლეგიონის ექიმი ბატონი ირაკლი დაგვხვდა თავისი­ კოლეგებით. საავადმყოფო გაფრთხილებული ჰყავდათ და მოგვხედეს. სისხლში, ფილტვებში ყველას ფოსფორი აღმოგვიჩინეს, სასუნთქი გზებიც დამწვარი გვაქვს. არ ვიცი, რა მოგვივიდოდა, იქ რომ დავრჩენილიყავით.

- რაც მთავარია, თქვენ მიერ გადაწეული საზღვრები შენარჩუნებულია...

- კი და კიდევ გადაიწიაო, ამბობენ, თუმცა რაც ჩემი თვალით არ მინახავს, გადაჭრით ვერ ვიტყვი. ადგილობრივი ბატალიონის ბიჭები მადლობას გვითვლიან, თქვენი გამოცდილება გამოგვადგაო. მინდა მალე გამწერონ, რომ ჩვენი დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ - ისტორიულ საზღვარს უნდა გავცდეთ. უკრაინელებმა ქართველი "ანგელ ხრანიტელები" შეგვარქვეს. ეს მოტივაციას გვმატებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მტერზე გავიმარჯვოთ. რუსეთს ბოლო უნდა მოეღოს.