"საგანგაშო ჩემოდანი“ - სამოქალაქო თავდაცვა
რედაქციაში უამრავი თხოვნა შემოდის, მეტი ყურადღება დავუთმოთ საკითხს, როგორ მოიქცნენ მოქალაქეები ექსტრემალურ ვითარებაში. როგორც ყოველთვის, ვითვალისწინებთ მკითხველის თხოვნას და ახალ რუბრიკაში მარტივად და გასაგებად ვხსნით, როგორ უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ, უპირველესად, მშვიდობიანობის დროს, ნებისმიერ მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად, იქნება ეს წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი, ავტოკატასტროფა, ხანძარი, მიწისძვრა თუ სხვა. ვუსურვებთ ჩვენს მკითხველს, ამ რჩევების პრაქტიკულად გამოყენება არასოდეს დასჭირდეთ. რუბრიკაში„"სამოქალაქო თავდაცვა" სიამოვნებით ვუპასუხებთ ამ საჭირბოროტო თემებთან დაკავშირებულ კითხვებსაც, რომელთა გამოგზავნა შეიძლება„"კვირის პალიტრის" საიტზე: www.kvirispalitra.ge გამოქვეყნებული სტატიების კომენტარებში.
გაისმა საჰაერო განგაშის სიგნალი. მოქალაქე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვიდეს სახლიდან და მიაშუროს თავშესაფარს, მაგრამ ის ფეხს ითრევს. ვერ გადაუწყვეტია, თან რა წაიღოს - საჭმელი, მედიკამენტები, ძვირფასეულობა თუ თბილი ტანსაცმელი და ასე, ჭოჭმანში, იკარგება ყველაზე მნიშვნელოვანი წუთები, რადგან თანამედროვე ომებში საჰაერო განგაშის გამოცხადებას დაბომბვა შეიძლება 5-10 წუთში მოჰყვეს მოწინააღმდეგის შეიარაღებაში ზებგერითი ბომბდამშენების, ფრთოსანი რაკეტებისა და, მით უფრო, ბალისტიკური რაკეტების არსებობის გამო.
ასეთ შემთხვევაში ღირს კი გადამწყვეტი წუთების, რომლებზეც შეიძლება თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე იყოს დამოკიდებული, დაკარგვა იმისთვის, რომ ოქროს საყურე ან კონსერვი ეძებოთ წასაღებად? ცხადია, არა. ამისთვის არსებობს "საგანგაშო ჩემოდანი", რომელიც მომზადებული უნდა იყოს და სახლიდან თავშესაფრისკენ გაქცევისას მის ხელში აღებას მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდება.
"საგანგაშო ჩემოდანი" ბევრი ქვეყნის არმიის ოფიცრის განუყოფელი თანამგზავრია. ის სახლში ინახება და განგაშის გამოცხადებისთანავე თავის ნაწილში მიმავალ სამხედრო მოსამსახურეს თან მიაქვს, რადგან წინასწარ არ იცის, განგაში სასწავლოა თუ საბრძოლო. "საგანგაშო ჩემოდანში" აწყვია პირადი ჰიგიენის ნივთები, საცვლები, წინდები...
მიუხედავად იმისა, რომ ახალ საუკუნეში ვცხოვრობთ, ომები ისევ თან სდევს კაცობრიობას და, სამწუხაროდ, განსაკუთრებით, ყოფილი საბჭოთა იმპერიის ნანგრევებზე დამოუკიდებლობააღდგენილ ქვეყნებს.
ახლა უკრაინა აგრესორი რუსეთისგან გაცილებით უარესს განიცდის, ვიდრე საქართველომ 2008 წელს განიცადა და "საგანგაშო ჩემოდანიც" მილიონობით უკრაინელის მუდმივ თანმხლებ ატრიბუტად იქცა. ის აუცილებელია მათთვისაც, ვისაც ქვეყნიდან სასწრაფოდ წასვლა მოუხდა და მათთვისაც, ვინც საბრძოლო მოქმედების ზონებში დარჩა და საჰაერო დაბომბვებს თითქმის ყოველდღე თვშესაფრებში ემალება.
საქართველოს მოსახლეობისთვისაც არ უნდა იყოს უინტერესო იმის ცოდნა, როგორ მოვამზადოთ "საგანგაშო ჩემოდანი". არა იმიტომ, რომ გარდაუვალი დაბომბვის საფრთხე გვემუქრება, არამედ ბუნებრივი თუ ტექნოგენური კატასტროფების შემთხვევისთვისაც, მაგალითად, მიწისძვრების სერიის დროს.
„საგანგაშო ჩემოდანი“
ეს ტერმინი არ ნიშნავს, რომ მართლაც ჩემოდანი უნდა ატაროთ, პირიქით, ეს ძალზე მოუხერხებელია. ამისთვის გამოდგება 25-30 ლიტრი მოცულობის ჩვეულებრივი ზურგჩანთა, რომელსაც კარგი იქნება თუ წყალგაუმტარი შალითა ექნება შემოცმული და რამდენიმე დამატებითი ჯიბეც მიკერებული. უფრო დიდი ზომის ზურგჩანთის არჩევა იმ მოსაზრებით, რომ მეტი ნივთი ჩაეტევა, არ ღირს - მძიმე ზურგჩანთის თრევა მალე დაგღლით და გაგაწამებთ.
აუცილებელი ნივთები
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ექსტრემალურ სიტუაციაში საით და რამდენი ხნით მოგიწევთ სასწრაფო ევაკუაცია. რამდენიმედღიანი იძულებითი გამგზავრების დროს "საგანგაშო ჩემოდანი" სხვანაირად კომპლექტდება, ჩვენ კი განვიხილოთ ვარიანტი, როდესაც საჰაერო განგაშის გამოცხადებისთანავე თქვენ მხოლოდ რამდენიმე საათით ტოვებთ სახლს და ჩადიხართ უახლოეს თავშესაფარში.
დოკუმენტები
პირადობის მოწმობა, პასპორტი, მანქანის მართვის მოწმობა, სახლის მესაკუთრეობის საბუთები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორც წესი, ექსტრემალურ სიტუაციებში ადვილად იკარგება, მათი აღდგენა კი ბევრ პრობლემასა და ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. ამასთან, ქვეყანაში შეიძლება გამოცხადებული იყოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობა და პირადობის დამადასტურებელი საბუთები აუცილებლად თან უნდა გქონდეთ.
ზედმეტი არ იქნება ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტის რამდენიმე ქსეროასლის დამზადებაც, რომლებიც წყალგაუმტარ ცელოფნის პარკში უნდა ჩადოთ.
ასევე რეკომენდებულია თქვენი და თქვენი ახლობლების ფოტოების, მისამართების, ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მონაცემების ქონა ყველა გაუთვალისწინებელი, მათ შორის, ტრაგიკული შემთხვევისთვის, მაგალითად, დაბომბვაში მოყოლილი და გარდაცვლილი ადამიანების იდენტიფიკაციისათვის...
ფული და ძვირფასეულობა
საჰაერო განგაშის მოულოდნელად გამოცხადებისას შეიძლება თანხა თან არ გქონდეთ, ამიტომ "საგანგაშო ჩემოდანში" უნდა გქონდეთ ფულიც, სასურველია - წვრილი კუპიურები. ნაღდი ფული იმიტომ არის აუცილებელი, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში შეიძლება ყველა ბანკომატი გაითიშოს და ბარათით თანხა ვეღარ აიღოთ, თუმცა ბანკომატის ბარათი მაინც თან უნდა გქონდეთ. ნაღდი ფულის წვრილი კუპიურები იმიტომაც ჯობს, რომ არავინ დახარბდეს თქვენს ხელში დანახულ ბევრ ფულს - სამწუხაროდ, ექსტრემალურ სიტუაციებში მაროდიორები ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით უსწრაფესად მრავლდებიან.
საჰაერო განგაშის დროს ბევრმა შეიძლება ფეხი აითრიოს იმის გამოც, რომ ვერ გადაუწყვეტია, ძვირფასეულობა თან წაიღოს თუ სახლში საიმედოდ გადამალოს, ამასობაში კი სიცოცხლისთვის აუცილებელი დრო იკარგება.
თავშესაფარში ძვირფასეულობის წაღება, ერთი მხრივ, გამშვიდებთ, რომ ის საიმედო ხელშია, თუმცა აჩენს სხვა საშიშროებას - არეულობის დროს ვინმემ ჩაბნელებულ ქუჩაში თავშესაფრისკენ გაქცეული ან სახლისკენ მობრუნებული არ დაგაყაჩაღოთ. მეორე მხრივ, დატოვებთ სახლში და უნდა ინერვიულოთ, სანამ მე თავშესაფარში ვზივარ, იქნებ ვიღაც ჩემს სახლში იქექებაო. მოკლედ, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ერთი რამ არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ: თავშესაფარს ძვირფას სამკაულასხმული ნუ ესტუმრებით, ნურც ბიჟუტერიით, რათა უცოდინარი მაროდიორის მსხვერპლი არ გახდეთ.
ტექნიკური ატრიბუტები
"საგანგაშო ჩემოდანში" აუცილებლად უნდა გქონდეთ ტექნიკური დანიშნულების ნივთები, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციაში გამოგადგებათ. ასანთი, სანთებელა, ნემსი, ძაფი, პატარა სარკე, ფარანი, ელემენტები, მობილური ტელეფონის დამტენი, შვეიცარიული დანა, მექანიკური საათი, მაკრატელი, კალამი, ბლოკნოტი, კომპაქტური რადიომიმღები - აი, იმ საგნების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია.
ტანსაცმელი
თუ თქვენ თავშესაფრის სტუმარი“ მხოლოდ რამდენიმე საათით უნდა იყოთ, "საგანგაშო ჩემოდანში" ბევრი ტანსაცმლის ჩალაგება არ დაგჭირდებათ, თუმცა ერთი ხელი საცვალი და წინდა მაინც უნდა გქონდეთ, ასევე, თბილი სვიტერი და პლედი, იმის გათვალისწინებით, რომ თავშესაფრებში ყოველთვის ნესტია.
თავშესაფარში გაქცევამდე უნდა მოასწროთ და რაც შეიძლება თავისუფალი, მოსახერხებელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩაიცვათ, რადგან იქ კოპწიაობისა და მოდების ჩვენების არც ადგილია და არც დრო.
საჭმელი
თავშესაფარში ცხელ სადილს ვერ მოითხოვთ. კვება შეიძლება ორგანიზებული იყოს, მაგრამ ჯობს, თავი დაიზღვიოთ და "საგანგაშო ჩემოდანში" წინასწარ ჩაალაგოთ არამალფუჭებადი საკვები, კერძოდ, ხორცისა და თევზის ორ-ორი კონსერვი, გალეტები და მაღალკალორიული, მაგრამ პატარა ზომის შოკოლადის ბატონები. ისე, ჩურჩხელაც არ იქნება ზედმეტი...
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში საჭმელზე უფრო დეფიციტურად სასმელი წყალი იქცევა, თუნდაც იმიტომ, რომ დაბომბვის ან მიწისძვრის შედეგად მწყობრიდან გამოსული გამწმენდი დანადგარები ონკანებში მომდინარე სასმელი წყლის გასუფთავებას ვეღარ ახერხებს. ამიტომ თქვენს "საგანგაშო ჩემოდანში" პერიოდულად უნდა ცვალოთ პლასტმასის წყლის ბოთლები. ჯობს, ნახევარლიტრიანები ჩააწყოთ.
არ დაგავიწყდეთ რამდენიმე ცალი ერთჯერადი ჭიქის, კოვზისა და ჩანგლის ჩადებაც ერთჯერად ქაღალდის ხელსახოცებთან, კბილის ჩხირებთან, საღეჭ რეზინთან, ტუალეტის ქაღალდთან, ჩაისა და ყავის პაკეტებთან ერთად. ისინი უსათუოდ გამოგადგებათ.
მინიაფთიაქი
თქვენს "საგანგაშო ჩემოდანში" კანონიერი ადგილი სააფთიაქო ყუთსაც უნდა მიუჩინოთ, რადგან წამლებით შეგიძლიათ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოთ როგორც საკუთარ თავს, ასევე გვერდით მყოფთაც.
ექიმების რეკომენდაციით, იმ წამლების მინიმალურ ჩამონათვალში, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ "საგანგაშო ჩემოდანში" არის: "პარაცეტამოლი", ანტიბიოტიკები ფხვნილის სახით, თვალის წვეთები, აქტივირებული ნახშირი, სიცხის დამწევი საშუალებები, ნაწლავური ინფექციისა და დიარეის საწინააღმდეგო წამლები ("ფტალაზოლი", "იმოდიუმი" და ა.შ.), მოწამვლის საწინააღმდეგო "ატოქსილი".
გარდა ამისა, მინიაფთიაქში უნდა იდოს იოდი, ბინტი, ბამბა, ლეიკოპლასტირი, ერთჯერადი ნიღბები და... პრეზერვატივების შეკვრაც კი.
მართალია, საჰაერო დაბომბვის დროს ამ უკანასკნელის პირდაპირი დანიშნულებით გამოყენების სურვილი შეიძლება ბევრს ვერც გაუჩნდეს, მაგრამ ექსტრემალურ და საბრძოლო სიტუაციებში პრეზერვატივის ეფექტიანად გამოყენების კიდევ ათზე მეტი ხერხი არსებობს.
"საგანგაშო ჩემოდანში" სამედიცინო სპირტის ან არყიანი ფლაკონის ჩადებაც საჭიროა ჭრილობების დასამუშავებლად.