რუსებს სურთ კუნძული ზმეინი „ჩაუძირავ მინიავიამზიდად“ გადააქციონ და იქიდან... - კვირის პალიტრა

რუსებს სურთ კუნძული ზმეინი „ჩაუძირავ მინიავიამზიდად“ გადააქციონ და იქიდან...

შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძული ზმეინი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე შევიდა ისტორიაში, როცა იქ გამაგრებულმა პატარა უკრაინულმა გარნიზონმა კუნძულთან მიმდგარი მრისხანე რუსული სარაკეტო კრეისერი „"მოსკვა"“ კარგად ცნობილ სამ რუსულ ასოზე გაგზავნა. მართალია, „"მოსკვას"“ მალევე აუხდა უკრაინელების ნათქვამი და სწორ „მისამართზეც“ წავიდა, მაგრამ ზმეინი რუსმა სამხედროებმა დაიპყრეს და მის გამაგრებას შეუდგნენ, განსაკუთრებით - „"მოსკვას"“ დაკარგვის შემდეგ.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „"მოსკვა", მართალია, უკრაინული ქალაქების მიმართულებით რაკეტებს არ უშვებდა, მაგრამ მის ბორტზე განთავსებული ძლიერი რადიოლოკაციური სადგურებით უკრაინის შავი ზღვის სანაპიროსთან საჰაერო სივრცეს აკონტროლებდა. უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო „"ნეპტუნების" მსხვერპლიც, ეტყობა, სწორედ ამიტომ გახდა, რის შემდეგაც რუსეთის გენშტაბმა დაკარგა უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს (რუმინეთის საზღვრიდან ოჩაკოვამდე) საჰაერო სივრცის კონტროლის საშუალება.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში ჯერჯერობით დარჩენილ რამდენიმე ფრეგატსა და კორვეტს კი შეუძლიათ „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით უკრაინაზე თავდასხმა, მაგრამ მათ გემბანებზე რადიოლოკაციური სადგურების სიმძლავრე გაცილებით ნაკლებია და მათ სრული რადიოლოკაციური სურათის შექმნა არ შეუძლია, მით უმეტეს - შორი მანძილიდან, რადგან „ნეპტუნების“ შიშით უკრაინის სანაპიროს ვერ უახლოვდებიან, არადა, რუსეთის გენშტაბს ძალიან სჭირდება ამ მიმართულების გაკონტროლება უკრაინის საბრძოლო თვითმფრინავებსა და უპილოტო „ბაირაქტარებთან“ საბრძოლველად, რადგან ოდესის აღებასა და მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთში სახმელეთო დერეფნის გაჭრაზე კრემლს საბოლოო უარი ჯერ არ უთქვამს.

სწორედ ამიტომ ჩაძირული "მოსკვას"“ ჩანაცვლება რუსეთის გენერალიტეტს სურს... კუნძულ ზმეინით და მას "ჩაუძირავ" მინი-ავიამზიდად“ გადაკეთებას უპირებს, რადგან ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სახით დიდი "ჩაუძირავი ავიამზიდი" მოსკოვს უკვე მერვე წელია, ისედაც აქვს.

samxx2-1652652362.jpg
კუნძულ ზმეინიზე რუსული საზენიტო-სარაკეტო "ტრიუმფების" განთავსების შემთხვევაში რუსეთი, უკრაინის გარდა, ნატოს წევრი რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის საჰაერო სივრცეებშიც კარგად "შეიხედავს"

რუსმა სამხედროებმა დაპყრობილ კუნძულზე გადაისროლეს "ტორის" ტიპის რამდენიმე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, კუნძულის სანაპიროების გაკონტროლება კი სწრაფმავალი კატარღებით დაიწყეს. დიდი ალბათობით, რუსები კუნძულზე შორს მოქმედი „ს-400“ "ტრიუმფის"“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის დივიზიონის განთავსებას აპირებენ, რომლის შემადგენლობაში შემავალ მძლავრ ფაზირებულანტენიან რადიოლოკაციურ სადგურს არანაკლებ 500-600 კმ-ის რადიუსში საფრენი აპარატების აღმოჩენა შეუძლია, საზენიტო რაკეტებს კი 400 კმ-მდე მანძილზე - მათი დაზიანება-ჩამოყრა. ამ ჩანაფიქრის განხორციელების შემთხვევაში რუსეთის გენშტაბს ოკუპირებულ კუნძულ ზმეინიდან საჰაერო სივრცის გაკონტროლება (საშუალო სიმაღლეების - 5 კმ-ის ზევით) კიევამდეც კი შეეძლება, რომელიც ამ კუნძულიდან პირდაპირი ხაზით 570 კმ-ით არის დაშორებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ოდესასა თუ მოლდოვაზე, სეპარატისტული დნესტრისპირეთით, მაგრამ კუნძულ ზმეინიზე მძლავრი საზენიტო-სარაკეტო "ტრიუმფის"“ სისტემების შეტანის მთავარი აზრი ის არის, რომ იქიდან რუსეთმა ნატოს წევრი შავიზღვისპირა ქვეყნების საჰაერო სივრცეებშიც კი შეიძლება "შეიჭყიტოს", რადგან 600 კმ-იან რადიუსში ხვდება არა მარტო რუმინეთისა და ბულგარეთის თითქმის მთელი ტერიტორია, არამედ თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი ბოსფორის სრუტისა და სტამბოლის ჩათვლით. სწორედ ამიტომ ოციოდე ჰექტარი ფართობისა და ექვსასიოდე მეტრი სიგანე-სიგრძის ეს ხრიოკი კუნძული სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილად და სერიოზული საჰაერო-საზღვაო დარტყმების სამიზნედაც იქცა.

უკრაინელებმა ამერიკული თანამგზავრული დაზვერვის მონაცემებისა და თურქული უპილოტო სადაზვერვო-დამრტყმელი „"ბაირაქტარების"“ გამოყენებით კუნძულზე რამდენიმე ზუსტი საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ჩაძირეს ზმეინის სანაპიროსთან მცურავი ორი რუსული სწრაფმავალი სადესანტო-საიერიშო კატარღა „"რაპტორი"“ და ერთი „"სერნას" ტიპის სადესანტო კატარღა, რომლის გემბანზე საზენიტო-სარაკეტო დანადგარი იყო, უშუალოდ კუნძულზე კი ჯერ ააფეთქეს საზენიტო „"ტორი", შემდეგ - სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი, რომლიდანაც რუსი მედესანტეები გადმოდიოდნენ. ორმა უკრაინულმა საბრძოლო თვითმფრინავმა კუნძულზე ის შენობები დაბომბა, სადაც რუსი სამხედროები აფარებდნენ თავს და ყველა ამ წარმატებული საჰაერო დარტყმის ამსახველი ვიდეოკადრები უკრაინულმა მხარემ გაავრცელა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კუნძულ ზმეინიზე საჰაერო შეტევების მოგერიებისას რუსებმა ათობით (?!) უკრაინული ბომბდამშენი და უპილოტო თვითმფრინავი ჩამოყარეს, თუმცა, უკრაინელებისგან განსხვავებით, ამის დამადასტურებელ ფოტო-ვიდეო მასალას არავინ ავრცელებს, თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე კი ჩანს, რომ რუსეთმა კუნძულ ზმეინის სევასტოპოლიდან წამოყვანილი მცურავი ამწე მიაყენა, რომ სანაპიროსთან უკრაინული "ბაირაქტარის" ჩაძირული „სერნას“ ტიპის სადესანტო კატარღა ამოიღოს.

კუნძულ ზმეინისთვის ბრძოლა კიდევ წინ არის, რომლის წარმატებით უკრაინელებზე არანაკლებ უნდა იყოს დაინტერესებული ნატოს წევრი რუმინეთი, რადგან ეს კუნძული მისი სანაპიროდან მხოლოდ 40-ოდე კმ-ით არის დაშორებული.