რუსულ "ქვაბებში" მოხვედრის საფრთხე ისევ დიდია... - კვირის პალიტრა

რუსულ "ქვაბებში" მოხვედრის საფრთხე ისევ დიდია...

უკრაინის არმია ხარკოვის ჩრდილო-დასავლეთით წარმატებულ კონტრიერიშებზე გადავიდა და რუსი ოკუპანტებისგან ათზე მეტი დასახლებული პუნქტიც გაათავისუფლა, მაგრამ ილოვაისკისა და დებალცოვოს მსგავსი "ქვაბების", ანუ რუსული ალყების გამეორების საფრთხე სევეროდანეცკთან თუ პოპასნასთან ისევ არსებობს.

რუსეთ-უკრაინის ომში საბრძოლო მოქმედებების საერთო ფრონტის სიგრძე 700 კმ-ს აღემატება. ის იწყება ჩრდილოეთში, ხარკოვის მისადგომებიდან და მთავრდება სამხრეთში, მიკოლაევამდე. დასავლეთელი სამხედრო ექსპერტები ამ ნახევარრკალური ფრონტის ხაზს, პირობითად, შვიდ მიმართულებად ყოფენ.

პირველ, ხარკოვის მიმართულებაზე, სადაც ფრონტის ხაზის სიგრძე 100 კმ-მდეა, თავმოყრილია რუსეთის შეიარაღებული ძალების ხუთი საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი.

მეორე, იზიუმის მიმართულება, უკრაინელებისთვის ყველაზე საშიშად ითვლება, რადგან 60 კმ სიგრძის ფრონტზე რუსმა ოკუპანტებმა 22 საბატალიონე-ტაქტიკურ ჯგუფს მოუყარეს თავი და მათი შეტევები სამხრეთით ვითარდება.

მესამე მიმართულება სევეროდანეცკისაა - 100 კმ-ზე 19 რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი უტევს.

რუსული შეტევების მეოთხე, პოპასნის, მიმართულებაზე, 20-ოდე კმ სიგრძის ფრონტზე შვიდი რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ცდილობს წასვლას.

მეხუთე მიმართულების, დონეცკის ფრონტის, სიგრძე 140 კმ-ია და იქიდან აღმოსავლეთისკენ შეტევას 20 რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი ცდილობს, მაგრამ თითქმის წარუმატებლად, რადგან რვა წლის განმავლობაში უკრაინელებმა ამ მიმართულებაზე კაპიტალური თავდაცვითი ზღუდეები ააგეს და უკან ერთი ნაბიჯითაც არ იხევენ.

შეტევის მეექვსე მიმართულება ზაპოროჟიეს ემუქრება. აქ ფრონტის ხაზის სიგრძე 130 კმ-ია და 13 რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი მზად არის სამხრეთიდან ჩრდილოეთით შეტევისთვის.

ბოლო, მეშვიდე მიმართულება ხერსონშია, სადაც ფრონტის ხაზის ყველაზე დიდი მონაკვეთია - 160 კმ, რომელზეც განლაგებულია მხოლოდ შვიდი რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი, რაც არასაკმარისია დასავლეთით მიკოლაევსა და, მით უმეტეს, ოდესაზე ფართომასშტაბიანი შეტევის დასაწყებად.

რა თქმა უნდა, ზემოთ მოყვანილი მონაცემები აბსოლუტურად ზუსტი არ არის, მაგრამ ისინი მაინც გვიქმნის წარმოდგენას რუსეთ-უკრაინის ომში დღეისათვის შექმნილ სიტუაციაზე.

უკრაინელები უნდა უფრთხოდნენ ორ "ქვაბში", ანუ ალყაში აღმოჩენას.

პირველი, "პატარა ქვაბის", საშიშროება წარმოიქმნება, თუკი ლისიჩანსკთან რუსი ოკუპანტები სევეროდანეცკის მესამე და პოპასნის მეოთხე შეტევის მიმართულებების შეერთების შემთხვევაში რკალის შეკვრას მოახერხებენ.

მეორე, "დიდი ქვაბის", წარმოქმნის საფრთხე, რამაც შეიძლება უკრაინული არმია კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდოს, გაჩნდება მაშინ, თუკი რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები მეორე, იზიუმის მიმართულებიდან სამხრეთით წარმატებულ შეტევას დაიწყებენ, დონეცკის, მეხუთე მიმართულებიდან კი ჩრდილო-დასავლეთით გაიჭრებიან. ამ ურთულეს შემთხვევაში ალყაში აღმოჩნდება აღმოსავლეთ უკრაინის ორი დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი - სლოვიანსკი და კრამატორსკი ათიათასობით უკრაინელ სამხედროსთან ერთად.იმისათვის, რომ მოწინააღმდეგემ ვერ მოახერხოს ძალების კონცენტრაცია იზიუმის, სევეროდანეცკის, პოპასნისა და დონეცკის მიმართულებებიდან ალყის შესაკრავად, უკრაინის გენშტაბმა კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყო პირველ მიმართულებაზე - ხარკოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.ამ კონტრშეტევას რამდენიმე შორს გამიზნული ჩანაფიქრი აქვს. პირველი: ვოვჩანსკისკენ იერიშით გავიდეს რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე. მეორე: ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან, ზურგიდან მიადგეს იზიუმს. მესამე: კონტრშეტევებით აიძულოს რუსი ოკუპანტები, შეტევებიდან და ალყის შეკვრის ოპერაციებიდან დროებით მაინც გადავიდეს თავდაცვით მოქმედებაზე, რისთვისაც საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების შეტევიდან მოხსნა და ზურგში გადასროლა მოუწევს, რაც შეასუსტებს ან საერთოდ გააქრობს დონბასში რუსული „ქვაბების“ შექმნის საშიშროებას.