"მართალია, თავიდანვე დიდი სიყვარული არ გვქონდა, მაგრამ თანდათან მოვიდა" - კვირის პალიტრა

"მართალია, თავიდანვე დიდი სიყვარული არ გვქონდა, მაგრამ თანდათან მოვიდა"

კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებას საქართველოში კარგად იცნობენ, მის სიმღერებს ყველაზე ცნობილი მომღერლები ასრულებენ და, რაც ყველაზე მთავარია, ეს სიმღერები ხალხმა ზეპირად იცის. ეს ყველაზე დიდი ჯილდოა მუსიკოსისთვის, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია და თავის ცხოვრებაზე გვიამბობს.

- მუსიკის სიყვარული ჩვენს ოჯახს ოდითგანვე მოსდგამდა: მამაჩემი, შალვა აზარაშვილი, კონსერვატორიაში სწავლობდა და ძალიან კარგად მღეროდა - მას საუკეთესო ბარიტონი ჰქონდა. აზარაშვილები მესხეთში ცხოვრობდნენ და რადგან კათოლიკეები იყვნენ, "ფრანგებს" ეძახდნენ. მერე თანდათან მართლმადიდებლები გახდნენ და მეც, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ვარ. დედის მხრიდან გურული ვარ და გურიაში, ლანჩხუთის რაიონში ხშირად ჩავდიოდი. გურია ჩემთვის ყველაზე გამორჩეული, ძალიან საყვარელი კუთხეა, რადგან სანახევროდ იქ ვარ გაზრდილი. სიამოვნებით ვუსმენდი ბიძაჩემს, რომელიც ძალიან კარგი მომღერალი იყო, ბაბუაჩემიც, ჩონგურზე რომ დაამღერებდა, მოსმენად ღირდა... ასე რომ, მუსიკის სიყვარული ჩვენი ოჯახის თანმდევი იყო, როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან.

- ბატონო ვაჟა, პროფესიული მუსიკით რა ასაკიდან დაინტერესდით?

- ძალიან ადრე: ჩვენ თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ჩემი ბავშვობა მეორე მსოფლიოს ომის ურთულეს წლებს დაემთხვა. 1945 წელს ჩემმა მეზობელმა, რომელიც სამუსიკო სკოლაში ასწავლიდა, შემომთავაზა, ვიოლინოს მოგცემ და ისწავლეო. რადგან მამა ომში მყავდა და დაკარგული გვეგონა, უარი ვთქვი - საამისო განწყობა არც მე მქონდა და არც ჩემი ოჯახის წევრებს. ასე დავკარგე ერთი წელი, მაგრამ ვიოლინოს სწავლა მაინც დავიწყე. ალბათ პირველად მაშინ მივხვდი, რომ მუსიკის გარეშე ვეღარ ვიცოცხლებდი. მართალია, ჩემი ტოლი ბიჭები ქუჩაში რომ დამინახავდნენ, "სკრიპაჩ-ტრიპაჩს" მეძახდნენ, ბევრი შრომა მჭირდებოდა, მაგრამ გავუძელი და მუსიკა მთელი გულით შევიყვარე. ვიოლინოც ძალიან მიყვარდა და გულმოდგინედ ვსწავლობდი. ასე დავამთავრე შვიდწლედი და მეოთხე სამუსიკო სასწავლებელი.

vaja.jpg

- არიან ბავშვები, რომლებსაც იშვიათი მუსიკალური ნიჭი აქვთ, მაგრამ ბევრს ვერაფერს აღწევენ. თქვენს საქმეში ნიჭი უფრო მნიშვნელოვანია თუ შრომა?

- მუსიკოსს უშრომლად არაფერი გამოუვა. მეღიმება, როცა ამბობენ, "ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი". მე უშრომლად მიღწეული წარმატების არ მჯერა. ვინც მართლა ნიჭიერია, ის მშრომელიც იქნება, რადგან საქმის სიყვარული არ მოასვენებს. შრომის გარეშე მიღწეული წარმატება არ არსებობს. მე საუკეთესო პედაგოგი - ალექსანდრე შავრადაშვილი მასწავლიდა, რომელსაც ბევრი ქება არ უყვარდა და თუ გვეტყოდა, "ნეპლოხო", ესე იგი, კარგად ვუკრავდით. მერე პროფესორ იონა ტუსკიას ჯგუფში მოვხვდი, რომელიც ასევე განუმეორებელი პედაგოგი იყო და მისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. ყველა ჩემი პედაგოგი გვიმეორებდა, რომ სიზარმაცე ნიჭიერების პირველი მტერია. მეც ბევრს ვშრომობდი და ვსწავლობდი. შვიდწლედში რომ ვსწავლობდი, მუსიკის წერა მაშინ დავიწყე და ამის გარეშე ვეღარც წარმომედგინა. მაშინ ძირითადად, სავიოლინო ნაწარმოებებსა და საგუნდო სიმღერებს ვწერდი. 1970 წელს ელდარ ჩიმაკაძემ დაუკრა ჩემი კონცერტი ვიოლონჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი აღმავლობა მაშინ დაიწყო. ამ კონცერტს ტრიუმფალური წარმატება ჰქონდა და მაშინ დაიწყო ჩემი კარიერული წინსვლაც. ძალიან მიწყობდნენ ხელს უკვე ცნობილი კომპოზიტორები - გიორგი ცაბაძე, სულხან ცინცაძე, არჩილ ჩიმაკაძე, რომლებიც ჩემი უფროსი მეგობრები იყვნენ. უფროსმა თაობამ კარგად მიმიღო და ყველა მხარში მედგა. მეორე კურსზე ვიყავი, როცა კომპოზიტორთა კავშირმა ხუთი პრემია გასცა და აქედან სამი მე ავიღე. ჩემს სადიპლომო ნამუშევარში მეოცე საუკუნის უდიდესმა კომპოზიტორმა - შოსტაკოვიჩმა ხუთიანი დამიწერა და ასპირანტურისთვის რეკომენდაცია მომცა. თანდათან ჩემი რომანსები და სიმღერებიც პოპულარული ხდებოდა და ცნობილი მომღერლები მღეროდნენ.

- მესმის, რომ გარჩევა ძნელია, მაგრამ საყვარელი, გამორჩეული სიმღერები თუ გაქვთ?

- ალბათ ბევრი ასეთი სიმღერა ნანი ბრეგვაძისთვის მაქვს დაწერილი. ეს უნიჭიერესი მომღერალი ჩემი კურსელი იყო. მისთვის დავწერე "ისევ წვიმს" და "დღეები მიდიან". სხვათა შორის, "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება" უეცრად, მანქანაში დავწერე, მერე ამ სიმღერას ნანი ბრეგვაძე მღეროდა "ორერასთან" ერთად და ის ძალიან პოპულარული გახდა. ანსამბლ "ორერას" დავუწერე "ხევსურული ბალადა", რომელიც ასევე პოპულარული იყო. ლამის ყველა მღეროდა ჩემს სიმღერებს გენო ნადირაშვილის შესრულებით - "პატარა გოგო და პატარა მთაწმინდა", "დამშრალ ნაკადულს" და ა.შ. თამარ გვერდწითელს, რომელიც უდიდესი მომღერალია, მრავალ ქვეყანაში აქვს ნამღერი ჩემი დაწერილი "მუსიკა" და სხვა სიმღერები...

vaja-azarashvili-1652689852.jpg

- ალბათ უნდა გავიხსენოთ უამრავი ცნობილი შემოქმედი, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის.

- რა თქმა უნდა. ეს ხალხი მარტო მე კი არა, მთელ ჩვენს ქვეყანას დააკლდა. პირველ რიგში მახსენდება ჩემი მეგობარი - ეთერ კაკულია, რომელსაც 15 სიმღერა დავუწერე. მისი ძმა ალეკო კაკულიაც საინტერესო შემოქმედი იყო და ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით. მათთან სტუმრად რომ მივიდოდი, იტყოდნენ - ვაჟას ღომი უყვარსო, მაშინვე ღომს გააკეთებდნენ და მომართმევდნენ. თემურ წიკლაურსაც არაერთი სიმღერა დავუწერე, მათ შორის - "დედა", რომელსაც ის არაჩვეულებრივად ასრულებდა. ამ კაცს ყველაფერი ჰქონდა ბუნებისგან მომადლებული - პატრიოტიზმი, ნიჭი, შეუდარებელი ხმა და გარეგნობა... გული მწყდება, რომ ჩვენ შორის აღარ არის, რომ ასეთი ადამიანები მიდიან.

- როგორ დაიწერა თქვენი ცნობილი სიმღერა "დინამო", რომელსაც მარტო საქართველოში კი არა, ფეხბურთის მოყვარულები ყველგან მღეროდნენ და მღერიან?

- ფეხბურთი განსაკუთრებით მიყვარდა და სულ სტადიონზე ვიყავი. ბორის პაიჭაძის და ავთანდილ ღოღობერიძის თამაში მახსოვს, მახსოვს თბილისის "დინამოს" ყველა წარმატება თუ მარცხი. ყველა ცნობილ ფეხბურთელთან ვმეგობრობდი და ვმეგობრობ. ერთი სიტყვით, ფეხბურთი იყო და დღემდე რჩება ჩემს მთავარ სიყვარულად. "დინამო" 1976 წელს დავწერე, როცა ჩვენმა ბიჭებმა ერევნის "არარატს" მოუგეს. ეს მატჩი მოსკოვში გაიმართა. მახსოვს, მთელი ღამე არ მიძინია და უეცრად დავწერე, ან რა დამაძინებდა?! ამ სიმღერის ტექსტი მორის ფოცხიშვილმა შექმნა და ის საოცრად პოპულარული გახდა. ეს სიმღერა ჩვენს "დინამოს" კარგად დაებედა - მსოფლიოში ცნობილი გუნდი გახდა და დიუსელდორფში ევროპის თასების თასიც მოიგო - ეს 1981 წლის 13 მაისს მოხდა. სხვათა შორის, 13 რიცხვი ჩემთვისაც ბედნიერია: 13 ივლისს ვარ დაბადებული, ჩემი ქალიშვილი ნათია 13 მაისს დაიბადა და ყველაფერი კარგი ჩემს ცხოვრებაში 13 რიცხვს ემთხვევა.

- როგორ იწერება თქვენი სიმღერები?

- ჩემი მუსიკა ხშირად უეცრად, სპონტანურად იწერება და ტექსტს მერე მოვარგებ ხოლმე. ტექსტს ხშირად ჩემი მეუღლე - მანანა დანგაძე მიწერს, რომელიც ძალიან კარგ ლექსებს ქმნის. ნუნუ დუღაშვილის, ეკა კვალიაშვილის, მაცაცო სებისკვერაძის სიმღერები სწორედ მის ლექსებზეა შექმნილი. მან ახლა წიგნიც გამოსცა და ჩვენი კომპოზიტორები ერთ-ერთ საინტერესო პოეტად მიიჩნევენ.

- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?

- სრულიად შემთხვევით გავიცანი ჩემს ნათესავებთან. ძალიან კარგი გარეგნობის გოგო იყო, მომეწონა და ოჯახის შექმნა უცებ გადავწყვიტეთ.

manana-dangadze-azarashvili-1652688774.jpg

მართალია, თავიდანვე დიდი სიყვარული არ გვქონდა, მაგრამ ეს სიყვარული თანდათან მოვიდა. ერთი შვილი გვყავს - ნათია აზარაშვილი, რომელიც მუსიკოსია და ამავდროულად, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი. ის საოპერო თეატრის წამყვანი კონცერტმაისტერია.

vaja-azarashvili-1652688664.jpg

- თანამედროვე მომღერლებს შორის ყველაზე მეტად ვინ მოგწონთ?

- ძალიან მომწონს სოფო გელოვანი და ოთო ნემსაძე, ასევე - სოფო და ბორის ბედიები, სხვებიც... რადგან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, არ მინდა, ვინმე გამოვტოვო და ვინმეს გული დავწყვიტო. ჩემს მარჯვენა ხელს ვეძახი ზურაბ კობეშავიძეს, რომელიც ყველა კონცერტის გამართვაში მეხმარება. ამ კონცერტების წამყვანი და ორგანიზატორი ლადო ხელაშვილია, ზოგჯერ ირმა სოხაძეც გვიერთდება და ასე, სიმღერით შემოვიარეთ მთელი საქართველო. მოკლედ, ქართულ სიმღერას დღემდე ვერ ვღალატობ. სულ ვმუშაობ, ბევრი ისეთი სიმღერა აღმოვაჩინე, რომელიც მეც კი არ მახსოვდა, უცნობია და ჯერ არავის უმღერია. სიმღერების 5 ტომი მაქვს გამოცემული და ახლა მეექვსე ტომის გამოცემას ვაპირებ. მიხარია, რომ ჩემს კონცერტებს ბევრ ქვეყანაში უკრავენ. არ მინდა, თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ ჩემი დაწერილი სერიოზული მუსიკა უცხოეთში უფრო მოსწონთ. რას ვიზამ - შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო, ნათქვამია. ალბათ მკითხველი იკითხავს - თუ უცხოეთში მიცნობენ, საქართველოში ცხოვრება რატომ გადავწყვიტე?.. საქართველოს და ქართული სიმღერის გარეშე მე ვერ ვიცხოვრებ, ამიტომ ვერსად წავედი! თუნდაც, სხვა ქვეყანაში სასახლეები ამიშენონ, მე მაინც აქ ყოფნა მირჩევნია.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"