"რუსეთი "იფიტება": დასავლელ ექსპერტთა სცენარები უკრაინის ომის შესახებ"
გერმანული "დოიჩე ველე" (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს მასალას სათაურით - "რუსეთი "იფიტება": დასავლელ ექსპერტთა სცენარები უკრაინის ომის შესახებ".
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
"როგორც ჩანს, დონბასისთვის ბრძოლა რუსეთის არმიის ბოლო მსხვილ ოპერაციას წარმოადგენს. უკანასკნელ დღეებში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, ძირითადად, უკან იხევდნენ, განსაკუთრებით, ხარკოვის ოლქში დაკავებული პოზიციებიდან.
როგორი იქნება რუსეთის არმიის სარდლობის მიერ მიღებული ზომები და როგორი სცენარით განვითარდება ომი? "დოიჩე ველე" ესაუბრა წამყვან სამხედრო ექსპერტებს - მაიკლ კოფმანს, ვაშინგტონის სამხედრო ანალიზის ცენტრის კვლევითი პროგრამების ხელმძღვანელს და რობერტ ლის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს ფილადელფიიდან.
რუსეთს ცოცხალი ძალის პოტენციალი აღარ რჩება...
"რუსეთის არმიას თუ რამის გაკეთების ძალა კიდევ აქვს, მხოლოდ ისაა, რომ მას უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში მხოლოდ მცირე წინსვლა შეუძლია, ქალაქ სევეროდონეცკის რაიონში, თუმცა ამ შეტევის განხორციელებისას რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგები ექნება", - ამბობს რობერტ ლი. ამასთან დაკავშირებით იგი იხსენებს მდინარე სევერნი დონეცკზე რუსეთის არმიის გადასვლის წარუმატებელ მცდელობებს, რომელსაც მოსკოვი ბოლო დღეების განმავლობაში მიმართავდა. მდინარის ფორსირების დროს რუსეთმა, დაახლოებით, 70 ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგა, რაც ერთი საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფის (ქვედანაყოფის) შეიარაღებას შეადგენს. ჯერჯერობით დაღუპულების რაოდენობა უცნობია.
"დიახ, დღემდე რუსების მცდელობები უკრაინის თავდაცვის ხაზის დასანაწილებლად დონბასში ჩაიშალა", - ეთანხმება რობერტ ლის მაიკლ კოფმანი, - "რუსებმა უარი თქვეს ქალაქ იზიუმთან შეტევის გაგრძელებაზე, განლაგდნენ სევეროდონეცკთან და რადგანაც ხიდები დანგრეულია, მდინარეზე გადასვლა პონტონების მეშვეობით დააპირეს, მაგრამ უკრაინის არტილერიამ მათი მცდელობა ჩაშალა".
ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ დონბასში რუსული მხარის შეტევა "სულს ღაფავს" - იმ შეთხვევაშიც კი, თუ რუსები რამე დასახლებულ პუნქტს დაიკავებენ. რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის შეფასებისას მაიკლ კოფმანი ასკვნის, რომ დონბასის ოპერაციაში რუსეთი თავის ბოლო შემტევ რეზერვებს იყენებს: "არ ვფიქრობ, რომ კრემლს ომის გაგრძელების პოტენციალი რჩება", - აცხადებს ექსპერტი, რომელმაც თავის დროზე ზუსტად გამოიცნო თარიღი, თუ როდის დაესხმებოდა თავს რუსეთი უკრაინას.
"რუსეთის არმიის მთავარ პრობლემას პირადი შემადგენლობის (ცოცხალი ძალის) მწვავე უკმარისობა წარმოადგენს", - ამბობენ რობერტ ლი და მაიკლ კოფმანი, - "მისი ბრძოლისუნარიანი ნაწილების 75-80% უკვე ომშია ჩაბმული, განსაკუთრებული რეზერვები მოსკოვს აღარ აქვს". ექსპერტები მიუთითებენ იმას, რომ რუსეთმა, რეზერვების ძიების მიზნით, ჯარების ნაწილების გადასროლა ჯერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დაიწყო, შემდეგ - ტაჯიკეთიდან და სირიიდან. ეს ყველა მგრძნობიარე წერტილია და, შესაბამისად, მოსკოვმა კიდევ სადმე რომ რამე ახალი კონფლიქტი წამოიწყოს, ის ამისთვის მზად არ არის.
გამოილია საბრძოლო ტექნიკა და მასალები...
პირად შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემის გარდა, რუსეთის არმიას საბრძოლო მასალებიც ელევა, კერძოდ, მაღალი სიზუსტის მქონე რაკეტები: "ძნელია იმის თქმა, ახლა რამდენი აქვს, მაგრამ აშკარაა, რომ საკმაოდ ცოტაღა დარჩა", - ვარაუდობს რობერტ ლი, თუმცა მას მაიკლ კოფმანი არ ეთანხმება: "დიახ, რუსეთმა ბევრი ტანკი და ჯავშანტექნიკა დაკარგა, მაგრამ საბრძოლო მასალების რეზერვის შეფასება რთულია. შესაძლოა, ჩვენ შევცდით და ვერ განვსაზღვრეთ, რომ რუსები ძველ რაკეტებს იყენებდნენ და, აქედან გამომდინარე, დავასკვენით, რომ მათი რეზერვი იწურება. ალბათ, რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა რუსებს კიდევ აქვთ".
რუსეთს "უსიამოვნო არჩევანი" ელოდება
"რუსეთს სამი ოფცია აქვს: ესკალაცია, არჩეული ტაქტიკის გაგრძელება და დეესკალაცია", - დარწმუნებულია რობერტ ლი, თანაც ესკალაცია მხოლოდ მობილიზაციის გამოცხადებით იქნება შესაძლებელი. "ძალების როტაცია რუსეთს აღარ შეუძლია - თავისუფალი რეზერვი არ აქვს. შესაბამისად, კრემლი ომს მანამდე გააგრძელებს, სანამ ძალები ეყოფა. ჩემი მთავარი დასკვნა ისაა, რომ რუსეთს არასასიამოვნო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. საყოველთაო მობილიზების გამოცხადების ვარიანტი ნაკლებად მოსალოდნელია, სარდლობა ცოცხალი ძალის დეფიციტის შევსებას ისევ "ნახევარზომებით" ამჯობინებს - მაგალითად, მაღალანაზღაურებითი სამხედრო კონტრაქტების გაგრძელებით, მოხალისეების მიზიდვით და ა.შ.
უკრაინის შესაძლებლობები უმჯობესდება...
"ომში პატური და საყაიმო სიტუაციები არ იქნება: უნდა ველოდოთ შეტევებისა და კონტრშეტევების უწყევეტ ჯაჭვს. დღეს უკრაინის არმიას უფრო კარგი შესაძლებლები აქვს, ვიდრე ომის დაწყების დროს ჰქონდა", - ამბობს მაიკლ კოფმანი, - "სიტუაციის განვითარების ტრაექტორია უფრო კიევის სასარგებლოდ არის, რასაც დასავლური შეიარაღების აქტიური მიწოდება განაპირობებს".
"კონფლიქტი რაც უფრო გაგრძელდება, უკრაინის საომარი შესაძლებლობები უფრო გაუმჯობესდება, მაგალითად, არტილერიის თვალსაზრისით. სწორედ უკრაინის არტილერიამ შეაჩერა 18 აპრილს რუსეთის არმიის შეტევა. დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ უფრო უკეთაა უზრუნველყოფილი მეტი საბრძოლო მასალებით".
... მაგრამ ომი ორივე მხარის ძალებს ფიტავს
იმის მიუხედავად, რომ რუსეთის არმიის პერსპექტივა უარესდება, მაიკლ კოფმანი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვითი სფეროს შესაძლებლობების ჩამოწერა ნაადრევია. "დიახ, დანაკარგები მნიშვნელოვანია, მაგრამ დღემდე არ ყოფილა ჯარების ალყაში მოქცევის და მათი მასობრივი ნებაყოფლობითი ჩაბარების ფაქტები. ასე რომ, რუსეთის არმიის სწრაფი და დრამატული დამარცხება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. "ალბათ, ორივე მხარე მიმართავს ერთმანეთის გამოფიტვის პოლიტიკას, მაგრამ ამ მხრივ უკრაინას მეტი უპირატესობა აქვს - მას მთელი დასავლეთი ეხმარება. ამასთან, რასაკვირველია, უკრაინის დანაკარგებიც მნიშვნელოვანია: რუსეთი არსებით დარტყმებს ახორციელებს სამხედრო ობიექტებზე, დაბლოკილი აქვს უკრაინის ნავსადგურები, ანგრევს ეკონომიკას. მაიკლ კოფმანის აზრით, რუსეთი უკრაინის ეკონომიკურ ბლოკადას კიდევ დიდხანს გააგრძელებს, კიევისათვის სიტუაცია ტრაგიკულია. თუმცა არის ერთი მომენტი: რუსეთსაც კარგი სიტუაცია არ ექნება, მისი ეკონომიკა ომის ტვირთს ვერ გადაიტანს, წინ კატასტროფული შედეგები იქნება".
სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება?!
"რუსეთის არმიის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. გადამწყვეტი იყო პირველი ოთხი-ხუთი დღე, მაქსიმუმ - ერთი კვირა. მაგრამ სიტუაციის გარდასატეხად რუსებს ძალები არ ეყოთ, ისინი დროს აჭიანურებდნენ, არ იყენებდნენ ალტერნატიულ ვარიანტებს. საბოლოოდ, მათ მიიღეს ისეთი ვარიანტები, რომლებიც ერთიმეორეზე უარესია", - ამბობს მაიკლ კოფმანი.
"მარტის შუა ხანებში რუსეთს ჯერ კიდევ შეეძლო სამშვიდობო შეთანხმების დადება, თავისი მოთხოვნების გათვალისწინებით", - ამბობს რობერტ ლი, - "მაგრამ მოსკოვმა არ ისარგებლა შესაძლებლობით, როცა კონფლიქტიდან გასვლა შედარებით უმტკივნეულოდ მოხდებოდა და კრემლი რაღაც მიზანს მაინც შეასრულებდა. დღეს პერსპექტივა ბევრად უფრო ცუდია. არ ვფიქრობ, რომ რუსეთი თავის ადრინდელ მიზნებს მიაღწევს", - ასკვნის რობერტ ლი. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ