ცრუ საჰაერო სამიზნეები რუსული საზენიტო რაკეტების მოსატყუებლად და რუსული ქალაქების ასაფორიაქებლად... - კვირის პალიტრა

ცრუ საჰაერო სამიზნეები რუსული საზენიტო რაკეტების მოსატყუებლად და რუსული ქალაქების ასაფორიაქებლად...

ომში მარტო შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის ქონა გამარჯვების ტოლფასი ვერ გახდება, მთავარია, ეს იარაღი, სწორი ტაქტიკით გამოიყენო - საჭირო მომენტში, საჭირო ადგილას...

რუსეთ-უკრაინის ომის მესამე თვის მიწურულისკენ გამოიკვეთა, რომ უკრაინის არც საბრძოლო ავიაცია და არც ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები რუსეთს, თურმე, ბოლომდე ვერ გაუნადგურებია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გენშტაბმა ტელეეკრანებთან ზომბირებულ რუსეთის მოსახლეობას ამის შესახებ არა ერთხელ ახარა...

თითქმის ყოველ ღამეს რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მოსახლეობას აღვიძებს გამაყრუებელი აფეთქებების ხმები - ეს მათი ქალაქის შემოგარენიდან სტარტს იღებენ რუსული საზენიტო რაკეტები, რომლებიც რამდენიმე ათეულ წამში ცაში ფეთქდებიან - რუსი გენერლები კი მორიგი უკრაინული თვითმფრინავისა თუ რაკეტის ჩამოგდებას ზეიმობენ და ახალი ორდენებისთვის ამზადებენ ადგილს მუნდირზე...

მაგრამ მართლაც ამდენ თვითმფრინავს უგდებენ რუსი მეზენიტეები უშუალოდ რუსეთის საჰაერო სივრცეში უკრაინელებს?

რა თქმა უნდა, არა, სავარაუდოდ, აქ საქმე გვაქვს უკრაინელების სამხედრო ეშმაკობასთან - რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა რომ არ „მოდუნდეს“, ისინი დროდადრო საინტერესო „საჩუქრებს“ აგზავნიან რუსეთის ცაში, რითაც ორ კურდღელს იჭერენ - რუს სამხედროებსაც ახარჯვინებენ ძალზე ძვირად ღირებულ საშუალო და შორი მოქმედების საზენიტო რაკეტებს და ამასთან, უკრაინის საზღვრისპირა რუსული ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობას აფორიაქებენ - რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი შეიძლება მალე თავად რუსებს, მათსავე ტერიტორიაზე დაგიბრუნდეთო...

ტექნიკურად, როგორ შეიძლება ახორციელებდნენ უკრაინელები ამ სამხედრო ეშმაკობას, რომელსაც რუსი მეზენიტეები უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან მუდმივად დაძაბულ სიტუაციაში ჰყავს?

ცრუ საჰაერო სამიზნეებით - ანუ საფრენი აპარატებით, რომლებიც რუსების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რადიოლოკატორების ეკრანებზე მოჩანს, როგორც ბომბდამშენი, სინადვილეში კი სპეციალური რადიოამრეკლავებით აღჭურვილი ერთჯერადი უპილოტო საფრენი აპარატებია, რომლისგანაც არეკლილი ელექტრომაგნიტური ტალღები გაზრდილია...

საჰაერო სამიზნის ფრენის სიჩქარისა და სიმაღლის პარამეტრებით კი შეიძლება რადიოლოკატორის ოპერატორმა მიახლოებით გაარკვიოს საჰაერო სამიზნის კლასი, ანუ ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავია თუ შვეულმფრენი, მაგრამ, როდესაც უბრალო დრონს უყენდება სპეციალური რადიოამრეკლები, ის რადიოლოკატორის ეკრანზე ბევრად უფრო მსხვილ და საშიშ სამიზნედ გამოჩნდება, ვიდრე სინამდვილეში არის.

დიახ, რუსული „ს-300“-დან გაშვებული ტონანახევრიანი და მილიონ დოლარზე ძვირად ღირებული მართვადი საზენიტო რაკეტა მართლაც ჩამოაგდებს საჰაერო სამიზნეს, მაგრამ გასახარად ექნებათ კი საქმე იმ რუს გენერლებს, როდესაც აღმოაჩენენ, რომ მათმა ასეთმა ძვირად ღირებულმა რაკეტამ სინამდვილეში უკრაინელების საბრძოლო თვითმფრინავი კი არა, არამედ - იაფფასიანი ერთჯერადი დრონი ჩამოაგდო?!

ცრუ საჰაერო სამიზნეების მასობრივად გამოყენება აზერბაიჯანელებმა 2020 წლის 27 სექტემბერს განახორციელეს, ყარაბაღის ბოლო ომის დაწყებისას, როდესაც ცაში აჭრილი „ან-2“ ტიპის ბიპლანებიდან პარაშუტებით გადმომხტარმა მფრინავებმა ეს მოძველებული თვითმფრინავები სომხების პოზიციებისკენ მიმართეს - სომეხმა მეზენიტეებმა კი მათ ჩამოსაგდებად საზენიტო რაკეტები დახარჯეს, რითაც თავიანთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების საცეცხლე პოზიციები გაამჟღავნეს და აზერბაიჯანელების „ბაირაქტარებმა“ და კამიკაძე „ჰაროპებმაც“ აღარ დააყოვნეს მათთან „სტუმრობა“...

2-1652693955.png
საბჭოთა დროიდან შემორჩენილი უკრაინული „ტუ-143“-ის „რეისის“ სტარტი

რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინამ არანაკლებ 5 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების „ტუ-141“„სტრიჟი“ და ერთი ტაქტიკური „ტუ-143“ „რეისი“ გამოიყენა, რომელთა ფრაგმენტები ნაპოვნი და დაფიქსირებული იქნა, მათ შორის - ერთი 5-ტონიანი „სტრიჟი“, არც მეტი და არც ნაკლები... ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების ცენტრში, პარკში ჩამოვარდა და, საბედნიეროდ, არავინ იმსხვერპლა.

შეცდომა ყველას მოსდის - ოდესის ოლქიდან „სტრიჟი“ ეტყობა, აღმოსავლეთით, ანექსირებული ყირიმისკენ უნდა გაეშვათ, მაგრამ ზუსტად საპირისპირო მხარეს, დასავლეთისკენ გაფრინდა, თანაც ისე, რომ ვერც რუმინეთის, ვერც უნგრეთისა და ვერც ხორვატიის საჰაერო თავდაცვამ, არათუ ჩამოაგდო, ვერც კი აღმოაჩინეს... არადა, სამივე ნატოს წევრი ქვეყანაა...

ეს საჰაერო ინციდენტი, გასაგები მიზეზების გამო, მიჩუმდა, ისევე, როგორც, თუკი გახსოვთ, 2020 წლის შემოდგომაზე, ყარაბაღის ბოლო ომის დროს, საქართველოში, კახეთში, ვენახებში ჩამოვარდნილი და აფეთქებული ორი „გზააბნეული“ აზერბაიჯანული კამიკაძე-დრონის ამბავიც...

„სტრიჟი“ და „რეისი“ საბჭოთა დროინდელი უპილოტო ზებგერითი რეაქტიული სადაზვერვო თვითმფრინავები გახლდათ და მათი სამხედრო ნაწილი უკრაინის არმიას დარჩა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

3-1652694074.jpg
ანექსირებული ყირიმის თავზე რუსებმა რამდენიმე საზენიტო რაკეტა მიახარჯეს ამ უკრაინული „სტრიჟის“ ჩამოსაგდებად...

როგორც საჰაერო მზვერავები, დღეს ისინი ნაკლებად გამოდგებოდნენ, თუმცა მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის განგაშზე წამოყრა წარმატებით შეეძლოთ, რადგან ფრენის სიჩქარითა და სიმაღლით საფრონტო ბომბდამშენის იმიტაციას ახდენდნენ რადიოლოკატორის ეკრანზე...

ამ საბჭოთადროინდელი უპილოტოების მარაგი უკრაინელებს შეიძლება გამოელიათ კიდეც, მაგრამ ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებაში არის რიგი თანამედროვე ცრუ საჰაერო სამიზნეები, რომელთა აქტიური გამოყენების შემთხვევაში უკრაინელები რუსებს საზენიტო რაკეტების მარაგებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირებენ (როგორც წესი, ერთი საჰაერო სამიზნის დასაზიანებლად-ჩამოსაგდებლად ორ საზენიტო რაკეტას ერთმანეთის მიყოლებით უშვებენ) და საზღვრისპირა რუსული ქალაქებისა და სოფლების მილიონობით მაცხოვრებელსაც არ დაავიწყებენ, რომ ყურისძირში მიმდინარე ომში მარტო უკრაინის მოქალაქეები არ უნდა ზარალდებოდნენ...