"Facebook-ში უყვართ ქართველები და დიდ პატივს გვცემენ" - ვინ არის გოგონა, რომელიც ცნობილ უცხოურ კომპანიებში მუშაობს - კვირის პალიტრა

"Facebook-ში უყვართ ქართველები და დიდ პატივს გვცემენ" - ვინ არის გოგონა, რომელიც ცნობილ უცხოურ კომპანიებში მუშაობს

გიგანტურ კომპანიებზე საუბრისას, პირველ რიგში, მარკ ცუკერბერგის facebook-ი, ლარი პეიჯის google და რეიდ ჰოფმანის linkedIn-ი გვახსენდება, კომპანიები, რომლებმაც ციფრული სამყარო ამოატრიალეს და დედამიწას ახალი ერა აჩუქეს.

ჩემი დღევანდელი რესპონდენტი, არც მეტი, არც ნაკლები, ჯერ Facebook-ის გუნდის წევრი იყო, ახლა linkedIn-ში მუშაობს და არავინ იცის, სამომავლოდ კიდევ რომელ კომპანიას შეუერთდება. 27 წლის ანალიტიკოსი ნინა პერტენავა რამდენიმე წელია, დუბლინში ცხოვრობს და ირლანდიიდან გვიყვება თავისი წარმატების საინტერესო ამბებს.

- ნინა, როგორ აღმოჩნდით საქართველოსგან ასე შორს?

- 2019 წელს გადავწყვიტე, მშობლებთან ჩამოვსულიყავი, დუბლინში. მინდოდა, აქ ცხოვრება მეცადა, მემუშავა და ირლანდიელი ხალხი გამეცნო. ჩამოვედი და მალევე გაყიდვების მიმართულებით დავიწყე მუშაობა. საკმაოდ რთული იყო, თუმცა ვუმკლავდებოდი.

ირლანდიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს წამყვანი კომპანიები - facebook, google, linkedIn და სხვა. მეც გამიჩნდა სურვილი facebook-ის გუნდს შევერთებოდი და მიზნად დავისახე, facebook-ის დუბლინის ოფისში მოვხვედრილიყავი. სამწუხაროდ, ამდენი გამოცდილება არ მქონდა და ნელ-ნელა უნდა დამეგროვებინა. სხვა კომპანიაში ვმუშაობდი, მაგრამ თავში სულ მიტრიალებდა, რომ მე facebook-ში უნდა მემუშავა. ერთ დღეს, მივლინებაში ყოფნის დროს, facebook-ის სამუშაო აპლიკაცია შევავსე, მაშინ კომპანიაში ქართველ სპიკერს ეძებდნენ, ეს შანსი არ გამოვტოვე და მაინც ვცადე. გავგზავნე აპლიკაცია, სადაც ვმუშაობდი, იმ კომპანიამ რეკომენდაცია გამიწია და გასაუბრებაზეც დამიბარეს. 2-თვიანი გასაუბრებების შემდეგ ამიყვანეს. არ დამავიწყდება ის ემოცია, როდესაც მითხრეს, რომ facebook-ში უნდა მემუშავა, არ მჯეროდა, რომ მე მირეკავდნენ.

nina-4-1652703916.jpg

facebook-ში წელიწადი და სამი თვე ვიმუშავე. შემდეგ ისე მოხდა, რომ გარკვეული პერიოდით საქართველოში დავბრუნდი. ორი გოგონა მყავს, შვილები საქართველოში არიან და პანდემიის პერიოდში დაბრუნება ვარჩიე. ჩავედი საქართველოში და რამდენიმე კარგ კომპანიაში ვცადე ბედი. მინდოდა, რომ დუბლინში მიღებული ნებისმიერი გამოცდილება საქართველოში გამომეყენებინა და მეცხოვრა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, სამწუხაროდ, ქართული მუშაობის სტილს, მიდგომებს ვერ შევეგუე, წელიწად-ნახევარი ვიყავი საქართველოში და ისევ უკან დაბრუნება ვარჩიე.

საქართველოდანვე დავიწყე სამსახურის ძებნა, facebook-ის შემდეგ მინდოდა, Google-შიც მეცადა ბედი, მოვხვდი გასაუბრებით, მაგრამ შემდეგ Linkedin-დან მქონდა ძალიან კარგი შემოთავაზება და უარი არ ვთქვი. ახლა Linkedin-ში ვმუშაობ.

- facebook-ზე მოგვიყევით, როგორი იყო იქ მუშაობა?

- გამიმართლა, რომ იქ, ოფისში დავდიოდი და ონლაინ არ მომიწია მუშაობამ. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ძალიან კარგი გარემოა. საოცნებოა იქაურობა. რომ ამარჩევინონ, რომელ სამსახურში დაბრუნდებოდი თვალდახუჭულიო, დაუფიქრებლად facebook-ს ავირჩევ!

- როგორ მიგიღოთ ხალხმა დუბლინში და Facebook-ში?

- ვერ ვიტყვი, რომ დუბლინში თავს უცხოდ ვგრძნობდი, ეს ხალხი არ მაგრძნობინებდა იმას, რომ სხვა ქვეყნიდან ვიყავი ჩასული. ასეთ გიგანტურ კომპანიაში თანამშრომლების ნახევარი სწორედ სხვადასხვა ქვეყნიდან არის ჩამოსული. ერთ ადამიანს რომელიღაც ენები აბარია, მე, მაგალითად, ქართული, რუსული და ინგლისური მებარა, ამიტომ იქ უცხოელი ბევრია და სტუმრად თავს არავინ გრძნობს. მთელი კომპანია და ქვეყანა ერთ ნავში ვართ.

nina-2-1652703950.jpg

- თქვენი საქმიანობა რა იყო?

- საქართველოს პლატფორმის ანალიტიკოსი ვიყავი, მევალებოდა ჩვენს ქვეყანაში facebook-ის პლატფორმის უსაფრთხოებაზე მეზრუნა.

- ახლა გვიამბეთ, როგორია linkedIn?

- არანაკლებ კარგია. ხალხი, გარემო, პირობები - ყველაფერი შესანიშნავია, ახლა დისტანციურად ვმუშაობ. მინდა, ეს განსაკუთრებით აღვნიშნო, სწორედ იმიტომ, რომ ბევრ ქართველ ახალგაზრდას გაუჩნდეს სურვილი, გიგანტურ კომპანიებში სცადოს ბედი.

- არსებობს შანსი დიდ კომპანიაში მოხვედრის, როდესაც სამყარო ამხელაა და კონკურენცია ყოველდღე იზრდება?

- შანსი მუდამ არსებობს, ჩემთვის იმდენად უშანსო იყო ყველაფერი, რომ არც ვოცნებობდი ამაზე, თუმცა Facebook-ში ვიყავი, ახლა linkedIn-ში ვარ და მომავალში სად ვიქნები, ჯერ არ ვიცი. მინდა, ბევრ ქართველს მივცე მოტივაცია, საერთაშორისო კომპანიების დახმარებით განივითარონ თავიანთი კარიერა, ჩარჩოებში არ მოექცნენ, ყველაფერი შესაძლებელია.

საქართველოში უამრავი ჭკვიანი ახალგაზრდა გვყავს, ასეთი განათლებული ერი ბევრი არ მეგულება, სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი. ჩვენ განვითარებაზე ორიენტირებული თაობა ვართ და ირლანდია ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოსთან ახლოს არის და აქ ცოდნა, შრომა და გამოცდილება განსაკუთრებით ფასდება.

- რას ამბობენ ჩვენზე Facebook-ში და, ზოგადად, ირლანდიაში?

- Facebook-ში რომ ვმუშაობდი, საქართველოდან ჩურჩხელები და ღვინო დამაბარეს, მათთვისაც ცნობილია ჩვენი ღვინო. ჩემს სექტორში საქართველოს მეზობელი ქვეყნების ბევრი წარმომადგენელი იყო. რომ მივედი, მაგიდაზე ანბანი ედოთ, ქართველი სპიკერის პოვნამდე თვითონ ცდილობდნენ პრობლემების მოგვარებას. Facebook-ში უყვართ ქართველები და დიდ პატივს გვცემენ. ირლანდიელი ხალხი არ გვიცნობს, მათთვის ჩვენს ქვეყანაზე ბევრი არაფერია ცნობილი, ამაზე ცოტა გულიც მწყდება.

nina-5-1652703996.jpg

- როგორც ახსენეთ, შვილები გყავთ, გვიამბეთ მათზე…

- უმცროსი გოგონა 5 წლის ხდება, დიდი - 9 წლისაა. ახლა ორივე საქართველოშია, ვიცი, განათლების და სწორად არჩეული პროფესიის ფასი, სწორედ ამიტომ, ახლა ჩემი მიზანია მათი მომავლის დაგეგმვა, რომ სწორ გარემოში გაიზარდონ, შესაბამისი განათლება მიიღონ და მეც მივცე მათ ისეთი განათლება, რომელიც მათ წარმატებულ ცხოვრებას მოუტანს.

- საქართველოში დაბრუნებას ხომ არ გეგმავთ?

- დისტანციურად ვმუშაობ, შესაბამისად, როდესაც ჩემს ქვეყანაში ჩამოსვლის სურვილი მექნება, მაშინ ჩამოვალ ხოლმე. ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნებას და მუშაობას არ ვგეგმავ.

- უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას ხშირად ენის ბარიერს აწყდებიან, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

- როგორც უმეტესობას, ენის ბარიერი მეც მქონდა, ინგლისურს პირველი კლასიდან ვსწავლობდი, ვემზადებოდი, თუმცა ყველა ქვეყანაში სხვადასხვა აქცენტით საუბრობენ და დუბლინშიც თავისებური აქცენტი აქვთ. პირველი რამდენიმე თვე ამ აქცენტთან შეგუება გამიჭირდა, თუმცა შემდეგ ყური მიეჩვია და ეს ბარიერიც გადავლახე.

- ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის დაწყებისას, სწორედ ენის ბარიერი შეიძლება გახდეს ხელისშემშლელი ფაქტორი…

- ახალგაზრდებისთვის მინდა ვთქვა, რომ ამან არ შეგაშინოთ. ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც უცხო ენის საშუალო დონის ცოდნით მუშაობენ, ზოგმა მეტად იცის, ზოგმა - ნაკლებად. ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის. ყველა საერთაშორისო კომპანია მუშაობის დაწყებამდე გატრენინგებს და შესაბამის გამოცდილებას გაძლევს. არც ენა და არც იმ სფეროში ნაკლები გამოცდილებაა პრობლემა, ორივე ფაქტორის მიუხედავად, შესაძლებელია დიდ კომპანიაში დასაქმდე.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ჩემი დღე 9-ის ნახევარზე იწყება. დიდი კომპანიები ხელს უწყობენ ყველა თანამშრომლის ფსიქიკურ მდგომარეობას და ამიტომ შუადღეს, რომელი დროც ჩვენ გვსურს, ერთი საათის განმავლობაში შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც მოგვესურვება. გვყავს ფსიქოლოგი, რომელთანაც შეგვიძლია ონლაინ შევიდეთ 1-საათიან ვიზიტზე, თუ გვსურს, შეგვიძლია ეს დრო ჩვენი საყვარელი საქმის კეთებას დავუთმოთ, მოკლედ, რაც გვინდა, ის უნდა ვაკეთოთ, თავისუფლები ვართ.

nina-6-1652704039.jpg

- ინტერვიუს ისე ვერ დავასრულებთ, თუ არ მოგვიყვებით ერთ სახალისო ამბავს დუბლინიდან…

- ხშირად მახსენდება ხოლმე… ირლანდიაში ახალი ჩასული ვიყავი, სამსახურში ყველა “sorry”-ის ანუ “ბოდიშს” მეძახდა, არ მესმოდა მათი საუბარი და ვეკითხებოდი - sorry, what? და ისინიც sorry-ის მეძახდნენ, ხუმრობით, შემდეგ ირლანდიურ აქცენტს მივეჩვიე და სახელიც გადამერქვა.

- ბოლოს, თქვენი აზრით, რა უნდა იყოს მოტივაციის წყარო დღევანდელი ახალგაზრდებისთვის?

- ჩემთვის მოტივაცია იყო ის, რაც წინ მელოდა, მქონდა მიზნები. კარიერაში მიზანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. არ დაგეზაროთ, იშრომეთ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. წარმატებისკენ გზა შრომით მიდის, სცადეთ, არ დანებდეთ. ცხოვრებაში ბევრი მარცხი განმიცდია, მაგრამ ღირდა ამ ყველაფრად. მარცხმა მასწავლა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი და რა უნდა შემეცვალა მომავალში. ასე რომ, არც მარცხის და არც დაცემის არ შეგეშინდეთ.

(სპეციალურად საიტისთვის)