ნატოში  შესვლის მსურველ ფინეთს რუსეთმა საზღვართან უკვე რაკეტები მიუყენა, ოღონდ - არა "ისკანდერები"... - კვირის პალიტრა

ნატოში  შესვლის მსურველ ფინეთს რუსეთმა საზღვართან უკვე რაკეტები მიუყენა, ოღონდ - არა "ისკანდერები"...

დღეს დილით ფინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად გააჟღერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების სურვილი, საღამოს კი ლენინგრადის ოლქში, ფინეთის საზღვრისკენ მიმავალი გრძელი სამხედრო კოლონის ვიდეოკადრები გავრცელდა იმის მტკიცებით, რომ რუსეთის არმია ფინეთთან ახლოს "ისკანდერის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო დანადგარებს გზავნის.

რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქმა კატეგორიულად უარყო ფინეთის საზღვართან "ისკანდერების" გადასროლა და ეს სწორედ ის უიშვიათესი გამონაკლისია, როდესაც რუსი გენერლები... სიმართლეს ამბობენ - ვიდეოკადრებში გამოჩენილი ოთხხიდიანი დიდი სამხედრო მანქანები მართალაც სარაკეტო დანადგარებია და წააგავს "ისკანდერს", მაგრამ ეს "ისკანდერები" არაა - ეს სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსები "ბასტიონებია", თუმცა, ამით ფინეთს ბევრი ვერაფერი შეღავათი ეძლევა, რადგან იმავე უკრაინას, რუსეთი "ისკანდერების" გარდა, "მშვენივრად" ბომბავს "ბასტიონებითაც" ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან.

მართალია "ბასტიონიდან" სტარტაღებული "ონიქსის" ფრთოსანი რაკეტის მთავარი დანიშნულება მოწინააღმდეგის ხომალდის ჩაძირვაა, მაგრამ ის 300 კმ მანძილზე სახმელეთო მიზანსაც დიდად არ სცდება და ამიტომაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ნატოში შესვლის მსურველი იმ ფინეთისთვის, რომლის დედაქალაქი ჰელსინკი რუსეთის საზღვრიდან 150 კმ-ზე შორს არ მდებარეობს...

დღეს ფინეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას ესაუბრა და სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა იმით, რომ თურმე პუტინი ტელეფონის ყურმილში არ დაემუქრა დაბომბვით, ფინეთის ნატოში გაწევრიანების სურვილისთვის.

ანუ, არც ფინეთში და არც შვედეთში, რომელმაც ასევე ოფიციალურად გააჟღერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების გადაწყვეტილება, არ მალავენ დიდ შიშს, რომ რუსეთმა მათ იგივე არ დაუპიროს, რაც საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმე თვეში განახორციელა ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების - საქართველო და უკრაინა როდისმე გახდებიან ალიანსის წევრებიო - გამოცხადებიდან.

სხვათა შორის ამ საფრთხეს ეტყობა ალიანსის წევრებიც გრძნობენ, რადგან ჯერ აშშ-ის, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა ღიად განაცხადეს, სანამ ფინეთი და შვედეთი ნატოს სრულუფლებიანი წევრები ოფიციალურად გახდებიან, ამ ქვეყნების უსაფრთხოებაზე გარანტიებს ჩვენ ვიღებთ და მათ საზღვრებთან დამატებით სამხედრო ძალებს განვათავსებთო...

რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის განცხადებაც თავშეკავებულობით გამოირჩეოდა - რუსეთს არ აქვს პრობლემები ფინეთთან და შვედეთთან, მათი ნატოში შესვლა არ გვიქმნის უშუალო საფრთხეს, მაგრამ ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ქვეყნების ტერიტორიებზე, რუსეთის საპასუხო რეაქციას გამოიწვევსო...

ისე, მაგრად უმართლებთ ფინეთსა და შვედეთს - არც პუტინი დაემუქრა დაბომბვით ნატოში გაწევრების სურვილისთვის (საქართველოს კი არა მარტო სიტყვიერად დაგვემუქრა, არამედ, დაგვომბა და ეხლა უკრაინას ასწორებს მიწასთან) და თავად ნატოც მათ სრულუფლებიან წევრებად მიღებას სულ რამდენიმე თვეში აპირებს, ყოველგვარი "მაპ"-ის (ალინსში გაწევრების სამოქმედო გეგმა) გარეშე, რომელიც ალიანსის ხელმძღვანელობამ და დასავლეთის რიგი ქვეყნების მაშინდელმა ლიდერებმა ალბათ სწორედ საქართველოსა და უკრაინისთვის მოიგონეს, დროის უსაშველოდ გასაწელად, რადგან თავისივე მოცემულ სიტყვას ვერ ასრულებდნენ - სწორედ პუტინის შიშით ვერ და არ გვღებულობდნენ და გვეღულობენ თავის რიგებში...

ასე, რომ დასავლეთელი ლიდერები, ყოფილებიც და ამჟამინდელიც, დიდად თავადაც არიან იმაზე პასუხისმგებელები, რომ რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის მიმართ ასეთი ღია სამხედრო აგრესიები განახორციელა...

მაგრამ ის რაც თითქმის ბოლომდე გამოუვიდა საქართველოს წინააღმდეგ პუტინს, უკრაინასთან კბილებს იტეხს და მომდევნო რამდენიმე კვირა გარდამტეხი აღმოჩნდება ყველასათვის იმის დასანახად, მართლაც შეძლებს პუტინი 2022 წლის 30 დეკემბრისთვის - საბჭოთა კავშირის შექმნის 100 წლისთავისთვის - ახალი იმპერიის გაფორმებას... თუ მისი რეჟიმი ახალ წლამდეც ვერ გასტანს...

მანამდე კი "დიდმა სტრატეტეგმა და პოლიტიკოსმა" - პუტინმა, თხარა, თხარა და ... ნატო ფაქტობრივად კიდევ ორი წევრით გააფართოვა (არადა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე, ფინეთი და შვედეთი ათწლეულობით თავს იკავებდნენ ნატოს რიგებში შესვლაზე), რითაც ალიანსის უშუალო სახმელეთო საზღვარი რუსეთთან, ფინეთის ხარჯზე, დამატებით 1 271 კმ-ით გაზარდა...