"როგორ მიიღო პუტინმა გადაწყვეტილება ომის დაწყების შესახებ" - რა ხდებოდა კრემლსა და "ეფ-ეს-ბეში" - კვირის პალიტრა

"როგორ მიიღო პუტინმა გადაწყვეტილება ომის დაწყების შესახებ" - რა ხდებოდა კრემლსა და "ეფ-ეს-ბეში"

"რატომ იყო ომის დაწყება თავიდანვე ჩასაშლელად განწირული, რომელ წყაროებს ეყრდნობოდა პრეზიდენტი "სპეცოპერაციის" დაწყებამდე და რატომ არავინ ამბობდა ეფ-ეს-ბეში სიმართლეს უკრაინაში არსებულ რეალურ მდგომარეობაზე - საინტერესო სტატია რუსულ ფედერალურ გამოცემა "ობშაია გაზეტაში" (Общая газета) სათაურით - "როგორ მიიღო პუტინმა გადაწყვეტილება ომის დაწყების შესახებ" (ავტორი - რომან ბადანინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში ომი გაჭიანურებულ ფაზაში გადავიდა, მაგრამ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები სამომავლოდ, უკვე ახლავე აშკარაა: რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის თავდაპირველი გეგმა ჩაიფუშა. მესამე თვეა, ბრძოლები მიდის, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კი ჯერჯერობით ვერც ერთ იმ მიზანს ვერ მიაღწიეს, რომელიც ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა.

რუსეთის არმიამ ვერ შეძლო კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვის და სხვა მსხვილი ქალაქების სწრაფი დაკავება და, მძიმე ბრძოლებში მიღებული დანაკარგების გამო, იძულებული გახდა, უკან დაეხია. ამის შემდეგ გამოცხადებული "სპეცოპერაციის მეორე ფაზა" ანუ ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების ადმინისტრაციული საზღვრების გაკონტროლება, აგრეთვე, უკრაინის სამხრეთის დაპყრობა, დნესტრისპირეთამდეც კი, ფრონტის ახალი ამბების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რთულად ვითარდება: რაღაც უბნებზე რუსეთის არმია ნელა მიდის წინ, მაგრამ ამ წინსვლას თან ძალიან დიდი ზარალი ახლავს. სხვა უბნებზე კი, მაგალითად, ხარკოვის ოლქში, უკრაინის არმიამ რუსეთის არმიის ქვედანაყოფები თითქმის სახელმწიფო საზღვრამდე მოისროლა.

ფრონტზე აშკარა წარუმატებლობის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა გაუჩერებლად იმეორებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მაგრამ ეს, როგორც ჩანს, ასე არ არის. "ამოცანა ასეთი იყო: მარიუპოლის აღება სამ დღეში, კიევის - ხუთ დღეში", - ამბობს რუსეთის სპეცქვედანაყოფის თანამშრომელი. მას სხვა წყაროებიც ეთანხმებიან: რუსეთის ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ არმია რამე სერიოზულ წინააღმდეგობას არ წააწყდებოდა. "თქვენც ხომ ნახეთ პატიმრებისათვის განკუთვნილი დამწვარი ავტომანქანები - ე.წ. ავტოზაკები? მოსკოვში რეალურად ფიქრობდნენ, რომ მთელ უკრაინას სწრაფად გააკონტროლებდნენ და თუ სადმე ვინმე საპროტესტო აქციას მოაწყობდა, მას სწრაფად დაშლიდნენ ხელკეტებით, მონაწილეებს "ავტოზაკებში" ჩასხამდნენ და წაიყვანდნენ", - ამბობს სპეცქვედანაყოფის ოფიცერი.

საიდან ასეთი თავდაჯერებულობა და რწმენა? "როგორ სასაცილოდაც უნდა ჟღერდეს, რასაც ახლა ვიტყვი, ეს სინამდვილეა: ომის დაწყებაზე გადაწყვეტილება მიიღო ყველაზე არაინფორმირებულმა ადამიანმა - პრეზიდენტმა", - ირონიას არ მალავს ოფიცერი.

შეინარჩუნა თუ არა ვლადიმერ პუტინმა რეალობასთან კავშირი?

უცხოელი ლიდერები, რომლებმაც ვლადიმერ პუტინი ომის დაწყებამდე ან ომის დროს მოინახულეს, თითქმის ერთ აზრზე არიან. მაგალითად, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა, რომელმაც პირადად ნახა რუსეთის პრეზიდენტი "სპეცოპერაციის" დროს, მოგვიანებით ინტერვიუში განაცხადა, რომ "ვლადიმერ პუტინი თავის საკუთარ სამყაროშია ჩაკეტილი, იგი თავისი ლოგიკის ტყვეობაშია, არ სჯერა საერთაშორისო თანამეგობრობისა... ვფიქრობ, მას მტკიცედ მიაჩნია, რომ ომში გაიმარჯვებს".

ვლადიმერ პუტინის "საკუთარ სამყაროზე" ბევრი სხვა წყაროც მიუთითებს. საკითხი ეხება არა იმდენად მის მენტალურ ჯანმრთელობას (თუმცა ზოგიერთებს ამაშიც შეაქვთ ეჭვი), არამედ - პრეზიდენტის ფიზიკურ და საინფორმაციო იზოლაციას.

პანდემიის დროს ვლადიმერ პუტინმა მკვეთრად შეამცირა ვიზიტების რაოდენობა და პირადი შეხვედრები, თათბირებს ონლაინ-რეჟიმში ატარებდა. და ვისაც ხვდებოდა - პოლიტიკოსებს ან თანამდებობის პირებს, ისინიც იძულებულნი იყვნენ, ორი კვირა კარანტინში გაეტარებინათ. თვით პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი თავის უფროსს ტელევიზორის ეკრანზე ხედავდა.

"პრეზიდენტი იმ დროს თუ ვინმეს იღებდა თავისთან, კაბინეტში, მაქსიმუმ 4-5 ადამიანს, ახლო გარემოცვას. მუშაობა მძიმე იყო, ყველა გადაწყვეტილებას სულ ბოლოს ვიგებდით", - ჩიოდა კრემლის ერთ-ერთი ჩინოვნიკი.

ეს რეჟიმი, პრინციპში, დღემდე შენარჩუნებულია: ომის დროს ვლადიმერ პუტინი მხოლოდ რამდენიმეჯერ გამოჩნდა საჯაროდ. ასეთმა იზოლაციამ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ პრეზიდენტამდე, რომელიც ისედაც დიდი ეჭვიანობით გამოირჩეოდა - თითქმის ვერავის მიჰქონდა ალტერნატიული თვალსაზრისი - ანუ ის, რაც სპეცსამსახურების პოზიციას არ ემთხვეოდა. საბოლოო ჯამში, ვლადიმერ პუტინი, რომელმაც უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო, ძირითადად, თავისი ყოფილი კოლეგების შეტყობინებებს ეყრდნობოდა, მათ შორის - "ეფ-ეს-ბეს" "დიდ მეხუთე სამსახურს" (მას ასე იმიტომ უწოდებენ, რომ სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი სამსახურებიდან განასხვავონ)

და ვინ მუშაობს "დიდ მეხუთე სამსახურში" და რა მოხსენებებს აწვდიდნენ პუტინს ომის დაწყების წინ?

"ჰაერის გამყიდველი"

"მეხუთე სამსახური" – "ეფ-ეს-ბეს" ერთ-ერთი ყველაზე დახურული სტრუქტურაა, მას ზოგჯერ დაზვერვასაც უწოდებენ - იმიტომ, რომ ის სპეციალიზდება ინფორმაციის შეგროვებაზე რუსეთის შიგნით და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. სამსახურის საკვანძო ქვედანაყოფია ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტი, მასში შედის სხვადასხვა განყოფილება, რომელსაც თავისი ვიწრო მიმართულება აქვს, მათ შორის ერთ-ერთია - უკრაინის მიმართულება.

"მეხუთე სამსახურს" ხელმძღვანელობს გავლენიანი გენერალი სერგეი ბესედა. მისი პირველი მოადგილე და, იმავდროულად, დეპარტამენტის ხელმძღვანელია გიორგი გრიშაევი. სწორედ ის და მისი მოადგილე დიმიტრი მილიუტინი უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებლები იმ ინფორმაციისათვის, რომელიც უკრაინაში არსებულ სიტუაციას ეხებოდა და რუსეთის ხელმძღვანელებს ეგზავნებოდათ (თუმცა, როგორც ამბობენ, ინფორმაციას "ოპერატივნიკები" ადგენდნენ, ხელმძღვანელების ბრალი კი ისაა, რომ ისინი არაფერს ამოწმებდნენ და ყველა მათთვის სასურველი ინფორმაციისა სჯეროდათ).

ომის დასაწყისში მასმედიის ბევრი საშუალება იმასაც კი იტყობინებოდა, რომ სერგეი ბესედა და მისი კოლეგები უკრაინის შესახებ არასწორი ინფორმაციების მიწოდების გამო დაპატიმრებულები არიანო, მაგრამ ოთხი წყაროს თქმით, ეს ასე არ არის: "სერგეი ბესედა ხელშეუხებელი პიროვნებაა. "ეფ-ეს-ბეში" არსებობს რამდენიმე სამსახური, რომელთა ხელმძღვანელები თავიანთი სტატუსით დირექტორსა და მის მოადგილეს უთანასწორდებიან, მაგალითად, იგივე "მეხუთე სამსახური" და "პირველი სამსახური", რომელიც კონტრდაზვერვით არიან დაკავებულნი. ისეთებს, როგორიც სერგეი ბესედაა, არ აპატიმრებენ", - ამბობს ნაცნობი ინკოგნიტო წყარო.

მაგრამ "ეფ-ეს-ბეს" შიგნით დღეს არავინ მალავს, რომ "მეხუთე სამსახურის" მუშაობის მიმართ კითხვები არსებობს. უფრო მეტიც, ბევრ თანამშრომელს ამ სამსახურში მომუშავე კოლეგების "სისხლი სწყურია" და ელოდება, თუ როდის აღიძრება მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები. "ისინი ჰაერის გამყიდველები არიან", - ასე ამბობს "მეხუთე სამსახურის" თანამშრომლებზე "ეფ-ეს-ბეს" ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, - მათ მოიფიქრეს სისულელეები, არასწორი ინტერპრეტირება მოახდინეს, ხელმძღვანელებს კი მათი სჯეროდათ". მაგალითად, ისინი წერდნენ, რომ უკრაინის რეგიონები კიევის ხელისუფლებისაგან ცალკე, თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენო, მათ მხოლოდ პატარა ბიძგი სჭირდებათ და ყველა რუსეთისაკენ გამოიქცევიანო".

"პროფესიონალიზმის დონე "მეხუთე სამსახურში" ძალზე დაბალია. იქ ისეთი ადამიანები იკრიბებოდნენ, რომლებმაც მუშაობა არ იცოდნენ. კაცმა რომ თქვას, ბევრს იქ გადასვლა არ უნდოდა, რადგან იცოდნენ, რომ ჭაობში მოხვდებოდნენ. ჩვენ გვქონდა მომენტები, როცა სერგეი ბესედას სამსახურში დსთ-ის ერთ-ერთი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მიუტანეს, მაგრამ ამ ქვეყნის ძირითადი ჩინოვნიკების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ, ვერ ხვდებოდნენ ბევრ მოვლენას, არ იცოდნენ ამა თუ იმ თანადებობის პირის ალტერნატიული ბიოგრაფია... გვიწევდა ახსნა-განმარტების ჩატარება", - ამბობს "ეფ-ეს-ბეს" ექსთანამშრომელი.

სულელები და ბრიყვები, როგორც ინფორმაციის წყაროები

დიდი ხნის განმავლობაში უკრაინის მიმართულება "ეფ-ეს-ბეში" პრიორიტეტულად არ ითვლებოდა, მრავალი მიზეზის გამო. პირველ რიგში, იმიტომ, რომ რუსეთისა და უკრაინის სპეცსამსახურების ბევრი თანამშრომელი, რა დასამალია და, ყოფილი თანაკურსელები და გუშინდელი კოლეგები იყვნენ; მეორე - რუსეთის ხელისუფლება უკრაინას ყოველთვის მეტროპოლიის პროვინციად მიიჩნევდა, ხოლო "ეფ-ეს-ბეში" მაინცდამაინც არავის აინტერესებდა გაეგო, თუ რა ხდებოდა რეალურად მეზობელ ქვეყანაში. "მთელი პოლიტიკური ფსონები ვიქტორ იანუკოვიჩზე კეთდებოდა და არავინ აქცევდა ყურადღებას იმას, რომ 2013 წლისათვის იგი მთელ უკრაინას სძულდა - კორუფციისა და ქვეყნის სულელური მართვის გამო. მისი დამხობა რუსეთის ხელისუფლებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა".

ნორმალური სპეცსამსახური მაიდნის შემდეგ დასკვნებს გააკეთებდა და თავის მიდგომებს შეცვლიდა უკრაინაში სიტუაციის შეფასებასთან დაკავშირებით, მაგრამ საქმე პირიქით, უარესად, უკან-უკან წავიდა.

ყირიმის სწრაფი ანექსიით და დონბასში რუსეთის არმიის წარმატებების ეიფორიის გამო (იგულისხმება უკრაინის არმიის განადგურება დებალცევოსა და იელოვაისკთან), შექმნეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი კონტროლქვეშ არის. ამასთან, არავინ ცდილობდა იმის გაგებას, თუ რა ხდებოდა რეალურად უკრაინულ საზოგადოებაში ამ ბოლო რვა წლის განმავლობაში.

"ეფ-ეს-ბეს" მთავარი ინფორმატორები იმაზე, თუ რა ხდებოდა უკრაინის შიგნით, იყვნენ გამოქცეული ჩინოვნიკები, ძალოვნები და ბიზნესმენები ვიქტორ იანუკოვიჩის გუნდიდან. მათგან საკვანძო ფიგურა ომის დაწყებამდე იყო ვლადიმერ სივკოვიჩი, საბჭოთა "კა-გე-ბეს" ყოფილი თანამშრომელი, რომელიც პოტსდამში (გერმანიაში) მსახურობდა. იგი უკრაინის სახელმწიფო ორგანოებში მაღალ პოსტებს იკავებდა. 2010-დან 2014 წლამდე ვლადიმერ სივკოვიჩი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილე იყო. როგორ ამბობენ, სწორედ მან მიიღო გადაწყვეტილება 2013 წლის მაიდნის დროს სტუდენტების ცემის შესახებ, რასაც მოვლენების უკონტროლო განვითარება მოჰყვა. შემდეგ სივკოვიჩი რუსეთში გამოიქცა, სადაც სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს, მოსკოვის ცენტრში კაბინეტი მისცეს და შეუქმნეს თანამშრომლების შტატიც, უკრაინაზე ინფორმაციის შეგროვების მიზნით.

"თქვენ ამ ადამიანების ფსიქოლოგია უნდა იცოდეთ (იგულისხმებიან ვიქტორ იანუკოვიჩის გუნდის წევრები). ისინი სერგეი ბესედას თავიანთი ფანტაზიებით კვებავდნენ, რომ თავიანთი არსებობა გაემართლებინათ და საბიუჯეტო თანხები აეთვისებინათ, რომელსაც "აგენტურაზე" ხარჯავდნენ. მათი მთავარი მიზანი უკრაინაში დაბრუნება იყო, ისინი უკვე თანამდებობებს ინაწილებდნენ და ინფორმაციებსაც საკუთარი მიზნის გათვალისწინებით თხზავდნენ. და ბოლოს, ეს ადამიანები 2014 წლის რეალობით ცხოვრობდნენ და არ სურდათ გაეგოთ, რომ რვა წლის განმავლობაში უკრაინაში ყველაფერი შეიცვალა. სერგეი ბესედას კი მათ მიერ შეთხზული სისულელეები "ზევით" მიჰქონდა", - ამბობს "ეფ-ეს-ბეს" ყოფილი თანამშრომელი. მაგრამ საქმე არა მარტო და არა იმდენად ის კი არ იყო, რომ ვლადიმერ პუტინს ატყუებდნენ, არამედ ის, რომ თვითონ პუტინიც მოხარული იყო, მოტყუებულიყო.

უარყოფითი სელექცია

"რა უნდა ვთქვა სერგეი ბესედაზე, როცა თვითონ "ეფ-ეს-ბეს" დირექტორს არ შეუძლია ხელმძღვანელობას ის მოახსენოს, რისი გაგონებაც მათ არ სურთ. "ეფ-ეს-ბეში" დიდი ხანია, ყველა ძალიან ფრთხილობს ინიციატივისა და ინფორმირების თვალსაზრისით. სერიოზული ინფორმაციის მიღების დროსაც კი, უპირატესად, იმას ფიქრობდნენ, რომ ეს ინფორმაცია სეიფში რაც შეიძლება დიდხანს შეენახათ და არ ეფიქრათ მასზე მანამ, სანამ ხელმძღვანელობას არ გაახსენდებოდა ან სანამ "პოლიტიკური აუცილებლობის" დრო არ დადგებოდა", - ამბობს "ეფ-ეს-ბეს" თანამშრომელი.

"მხოლოდ იმის მოხსენება შეიძლება, რისი გაგონებაც ხელმძღვანელობას სურს, სხვანაირად სამსახურში წინ ვერ წახვალ. უფრო მეტიც - შეიძლება პრობლემები შეგექმნეს", - ადასტურებს კიდევ ერთი წყარო სპეცსამსახურიდან.

თეორიულად ვლადიმერ პუტინთან თავმოყრილი უნდა იყოს ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან, მაგალითად, "მეხუთე სამსახურიდან" და საგარეო დაზვერვის სტრუქტურიდან, მაგრამ პრაქტიკაში ეს სქემა არ მუშაობს. "როგორ ხდება ეს პრაქტიკაში? დავუშვათ, ორი წყაროდან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოდის. უფროსობა ორივე სამსახურიდან იძახებს პასუხისმგებელ პირებს და ეუბნება: "ამ თავხედ ჟურნალისტზე თქვენ დაგიწერიათ, რომ "ცეერუს" (იგულისხმება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) აგენტია, თქვენ კი წერთ, რომ რუსეთის პატრიოტია. გაარკვიეთ სინამდვილეში, ვინ არის". ყველა ხვდება, რომ უფროსს რაც უნდა, იმის დაწერაა აუცილებელი [ანუ რადგან ჟურნალისტი თავხედია, ის "ცეერუს" აგენტია].

ფსიქოლოგიაში ასეთ "კოგნიტიურ დამახინჯებას" confirmation bias-ს, ანუ "წინასწარ აკვიატებულ დადასტურებას" უწოდებენ, როცა ადამიანი მხოლოდ იმ ინფორმაციას ირჩევს, რომელიც მის თვალსაზრისს შეესაბამება. "კოგნიტიური დამახინჯების" შედეგია კადრების ნეგატიური შერჩევა. თანამდებობისთვის დასანიშნი პირების შერჩევის დროს "ფილტრები" უკვე აღარ მუშაობს, "ეფ-ეს-ბესა" და ქვეყნის ხელმძღვანელობა უპირატესობას აძლევენ "შემსრულებელ დებილებს", რომლებიც, თავის მხრივ, ისეთივე ოპერატიულ მუშაკებს ანუ "შემსრულებელ დებილებს" არჩევენ, როგორებიც თვითონ არიან.

შურისმაძიებელთა კორპორაცია

"გარეშე მაყურებელი ვერ შენიშნავს და ვერ წარმოიდგენს იმ მასშტაბებს, თუ როგორია "შემსრულებელი დებილების" შეღწევის მასშტაბი რუსი მოქალაქეების ცხოვრების ყველა სფეროში. როგორც ერთ-ერთმა სპეცსამსახურის მუშაკმა ჩემთან საუბარში გაიხუმრა, პუტინი მართლაც "ეფ-ეს-ბეს" დირექტორად მუშაობას აგრძელებს, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის ლეგენდით (სხვათა შორის, ამაზე თვითონ პუტინიც ამბობდა)".

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ქვეყნის ხელისუფლების ყველა სტრუქტურას აკონტროლებს - პოლიციის უფროსებს, მოსამართლეებს, გუბერნატორებს, მინისტრებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, სახელმწიფო კომპანიების ტოპ-მენეჯერებს, უმაღლესი სასწავლებელების რექტორებს... ყველა მნიშვნელოვან პოსტებზე დასანიშნი კანდიდატების შეთანხმება "ეფ-ეს-ბეში" ხდება. და არა მარტო შეთანხმება: ჩამოთვლილ სტრუქტურებში ყველგან არიან "კანტორის" წარმომადგენლები (ასე უწოდებენ სამართალდამცველები "ეფესბეშნიკებს") - ან მივლინებული მუშაკების, ან აგენტურის სახით.

ასეთი ფართო შეღწევა არ ნიშნავს იმას, რომ სპეცსამსახურები ყველაფერს ხედავენ, ყველაფერი იციან და ყველას უსმენენ. მათი ფართო ფუნქციები ვერ ამაღლებს ვერც მათ საკუთარ ეფექტიანობას და ვერც იმ ორგანოებისა და კომპანიებისას, სადაც ისინი არიან ჩანერგილნი. მაგრამ მათი "ყველგან არსებობა" აყალიბებს საერთო მენტალობას: ყველა იძულებულია მიიღოს გადაწყვეტილება "ეფესბეშნიკის" თვალსაზრისის გათვალისწინებით, ხოლო თვითონ "ეფესბეშნიკი" მოქმედებს თავისი უფროსის პოზიციის მიხედვით.

რუსეთს ღრმად მოხუცებული ჩეკისტები მართავენ. მაგალითად, უშიშროების საბჭოში საშუალო ასაკი 65 წელია. მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა უდევთ ამ ადამიანებს თავში ისეთი, რომ შეძლეს ასეთი კატასტროფული გადაწყვეტილების მიღება - თავდასხმა ოდესღაც მოძმე ქვეყანაზე.

მე, პირადად, ბევრი სპეცსამსახურის წარმომადგენელთან მისაუბრია, მიდავია, დამილევია კიდეც. მათგან ბევრი პუტინის ასაკისაც ყოფილა და ისინიც, ვისთანაც იგი გერმანიაში მსახურობდა. ყველას "ერთ ტაფაზე" ვერ მოვათავსებ, მაგრამ მათ ყველას ერთი საოცარი "ავადმყოფობა აერთიანებს" – "ვერსალის სინდრომი" საბჭოთა კავშირის დაშლის გამო, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ 2005 წელს "მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა" უწოდა. სხვათა შორის, ვიტყვი, რომ ჭეშმარიტი კომუნისტები თითქმის არ შემხვედრია. მათმა უმრავლესობამ სიამოვნებით მიიღო ახალი კაპიტალისტური თანამდებობები და მილიარდიანი ქონების მფლობელები გახდნენ. მათ შეინახეს თავიანთი პარტიული ბილეთები, მაგრამ კაბინეტებში ფელიქს ძერჟინსკის ბიუსტები დაიტოვეს, კუთხეში კი მართლმადიდებლური ხატები ჩამოჰკიდეს.

"ვერსალის სინდრომი" - ასე უწოდებენ პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული ქვეყნების ლიდერთა ცნობიერების მტკივნეულ მდგომარეობას, რომელიც, ფაქტობრივად, საბჭოური ნოსტალგიის მქონე ადამიანებზეც ვრცელდება - მათ შურისძიებისაკენ უბიძგებდა იმ საშინელი გეოპოლიტიკური მარცხის გამო, რომელიც მოსკოვს ვაშინგტონმა, ლონდონმა და, საერთოდ, კოლექტიურმა დასავლეთმა მიაყენა. და ეს შურისძიების წყურვილი ნავთობიდან მიღებულ ფულთან ერთად მატულობდა.

ისინი რეალურად 21-ე საუკუნეში ცხოვრობდნენ, მენტალურად კი 1970-იანი - 1980-იანი წლების კაბინეტებში დარჩნენ - მწვანემაუდიან მაგიდაზე დადგმული ჩაის ფინჯნით, დერეფნებში იატაკზე გაფენილი ფიანდაზებით - და, ასევე, უყურებდნენ მსოფლიოსაც, 1970-იანი წლების ჭრილში. მე ასეთ ადამიანებს შევხვედრივარ და მათთან მისაუბრია. ისინი ახლაც თანამდებობებზე არიან. ისინი მზად არიან, მიწასთან გაასწორონ უკრაინის ქალაქები. მათ სჯერათ ალენ დალესის გეგმა საბჭოთა კავშირის დაშლაზე, მადლენ ოლბრაითის განცხადება, რომ "რუსებს არც ციმბირი ეკუთვნით და არც შორეული აღმოსავლეთი"...

არავინ იცის, როდის გაჩნდა ასეთი მოარული მტკიცებები მადლენ ოლბრაითზე. ალბათ, მაშინ, როცა ერთ-ერთი ფორუმის დროს რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებების თეორიები იხილებოდა, სახელმწიფო დაცვის ფედერალური სამსახურის გენერალმა ბორის რატნიკოვმა განაცხადა, რომ "იუგოსლავიის დაბომბვის წინ ჩვენ მადლენ ოლბრაითის ქვეცნობიერებასთან კავშირი მოვახერხეთ და მასში სლავებისადმი პათოლოგიური სიძულვილი აღმოვაჩინეთ. ოლბრაითი აღშფოთებული იყო იმითაც, რომ საბჭოთა კავშირი ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში უდიდეს სასარგებლო წიაღისეულს ფლობდა". გენერალმა ეს ყველაფერი "როსიისკაია გაზეტასათვის" მიცემულ ინტერვიუშიც გაიმეორა.

შეიძლება ბევრი ვიცინოთ გენერლის მტკიცებაზე, მაგრამ სწორედ ასეთი ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას ომის დაწყებისა და ათასობით ადამიანის დაღუპვის თაობაზე.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ მათი კორპორაციის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მათგან რაიმეთი გამოირჩევა. იგი იმავე ცრურწმენებით ცხოვრობს. გავიხსენოთ მისი ნათქვამი, რომ ამერიკელები ყოფილ საბჭოთა სივრცეში არსებულ ლაბორატორიებში ეთნოსებისა და ხალხების ბიომასალებს აგროვებენ და სასიკვდილო ბაცილების გავრცელებას გეგმავენო". აი, პრეზიდენტს ასეთი ზღაპრების სჯერა და მათ საფუძველზე მოქმედებს.

ზოგიერთი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინს მიუნხენში 2007 წლის სიტყვით გამოსვლამდე სხვა თვალსაზრისი ჰქონდა, იგი დასავლეთთან მეგობრობას ცდილობდაო. პრეზიდენტს იმედი გაუცრუვდა და ამიტომ საგარეო-პოლიტიკური კურსი საპირისპიროდ შეაბრუნაო. მე კი მგონია, რომ არავითარი "კურსის შებრუნება" არ ყოფილა. ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ისეთი იყო, როგორიც არის. ის და მისი კორპორაცია დასავლეთზე შურისძიებას 30 წელი ელოდა და ფიქრობდნენ, რომ ახლა ამის დრო დადგაო. იგი დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, იმიტომ, რომ 2008-ში საქართველოს ერთ კვირაში გაუსწორდნენ, 2014-ში ყირიმი თოფის გაუსროლებლად მიიღეს, სირიაშიც შედარებით იოლად გაიმარჯვეს. და, რასაკვირველია, 2022-ში მათ მოხსენებაში დაწერეს, რომ უკრაინაში თითქმის ყვავილებით გველოდებიან. ჰოდა, გადაწყვეტილებაც მიიღეს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ