"აზოვსტალის" დამცველებმა 82-დღიანი საბრძოლო ამოცანა შეასრულეს - ახლა მათი მეორე ბრძოლა იწყება ტყვეობაში გადასარჩენად... - კვირის პალიტრა

"აზოვსტალის" დამცველებმა 82-დღიანი საბრძოლო ამოცანა შეასრულეს - ახლა მათი მეორე ბრძოლა იწყება ტყვეობაში გადასარჩენად...

ყველაფერი ადრე თუ გვიან სრულდება -17 მაისის გამთენიიდან "აზოვსტალის" განადგურებული საწარმოს ტერიტორიიდან ათი ავტობუსით 53 მძიმედ დაჭრილი და 211 უიარაღო უკრაინელი გაიყვანეს...

გაიყვანეს, რა თქმა უნდა, რუსმა ოკუპანტებმა და მათმა ქვეშემრდომმა დონბასელმა სეპარატისტებმა...

82-დღეღამიანი კოშმარი დასრულდა, თუმცა შეიძლება "აზოვსტალის" ყოფილი დამცველებისთვის, განსაკუთრებით კი - "აზოვის" პოლკის მებრძოლებისთვის არანაკლები ტრაგედია იწყება რუსი რაშისტების ტყვეობაში, სანამ მათ რუს სამხედრო ტყვეებზე გადაცვლიან...

უკრაინის ხელისუფლებამ და გენშტაბმა მადლობა გადაუხადეს მარიუპოლისა და "აზოვსტალის" დამცველ სპეციალური დანიშნულების ცალკეული რაზმის - "აზოვის", უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადის, საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის, მესაზღვრეების, პოლიციის, ტერიტორიული თავდაცვის და მოხალისეების იმ მებრძოლებს, რომლებმაც ბოლომდე გმირულად იბრძოლეს და მათ მეთაურებს მიეცათ ბრძანება, პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადასარჩენად ემოქმედათ.

1-1652772796.jpeg
„აზოვსტალის“ დაჭრილი მებრძოლების ევაკუაცია... რუსი ოკუპანტების ავტობუსებით

რა თქმა უნდა, ვერც პრეზიდენტი ზელენსკი და ვერც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი სამვარსკვლავიანი გენერალი ზალუჟნი პირდაპირ ვერ უბრძანებდნენ "აზოვსტალის" ბოლო დამცველებს იარაღის დაყრასა და ტყვედ ჩაბარებას და ამიტომაც იქნა არჩეული ასეთი ფორმა.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მარიუპოლისა და "აზოვსტალის" გმირმა დამცველებმა ორ თვეზე მეტხანს ბრძოლებით შებოჭეს რუსი ოკუპანტების არანაკლებ 17 საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფის ოცი ათასამდე მომხვდური, რითაც სერიოზულად ჩაუშალეს გეგმები კრემლს დონბასისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით სწრაფი შეტევების განსახორციელებლად.

თავად "აზოვის" რაზმის მეთაურების განცხადებით, მარიუპოლის ქუჩებში ბრძოლისას და "აზოვსტალის" ტერიტორიის დაცვისას, მათ რუს ოკუპანტებს აუფეთქეს არანაკლებ 60 ტანკი და 30-მდე დაუზიანეს, ამასთან, გაანადგურეს 2,5 ათასამდე მოწინააღმდეგე.

შეეძლოთ თუ არა მარიუპოლის დამცველებს სამშვიდობოს გამოსვლა, სანამ მოწინააღმდეგე ქალაქს მთლიანად ალყაში მოაქცევდა?

შეეძლოთ, მაგრამ მათ ბოლომდე ბრძოლა არჩიეს უკან დახევას, რაც უთუოდ გმირობის ტოლფასია და დასაფასებელია...

შეიძლებოდა თუ არა სამხედრო გზით უკრაინის არმიას ალყიდან გამოეყვანა "აზოვსატალის " დამცველები?

არა, რადგან ამისთვის უნდა დაგეგმილიყო დიდი სამხედრო ოპერაცია, მოხსნილიყო საბრძოლო დანაყოფები და ტექნიკა, ფრონტის სხვა უბნების შესუსტების ხარჯზე და უკრაინის არმიას 120 კმ-ზე მეტი სტეპებში იერიშით უნდა ევლო მარიუპოლამდე, განუწყვეტელი რუსული საჰაერო და საარტილერიო დაბომბვების ქვეშ, რაც უზარმაზარ დანაკარგს გამოიწვევდა.

შეიძლებოდა თუ არა მოლაპარაკებებით მომხდარიყო დერეფნის მიცემა "აზოვსტალის" დამცველებისთვის, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გასაყვანად?

უკრაინის ხელისუფლებამ თითქმის ყველა ღონე იხმარა პოლიტიკურ კულუარებში - სცადა პუტინის ნათელ-მირონ მედვედჩუკში და ათასამდე რუს სამხედრო ტყვეში მათი გაცვლა, მსოფლიოს ლიდერებს სთხოვა პუტინთან შუამდგომლობა გაცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა - პუტინი არავითარ დათმობაზე არ წავიდა და თურქ კოლეგას - ერდოღანს ორჯერ უარი უთხრა "აზოვსტალის" დამცველების გემით თურქეთში ექსტრადიციაზეც.

2-1652787619.jpeg
82 დღიანი კოშმარი დასრულებულია, მაგრამ სამწუხაროდ იწყება ახალი გამოცდა რუსულ ტყვეობაშიREUTERS/Alexander Ermochenko

პუტინისთვის "აზოვსტალის" დამცველების მიერ მხოლოდ იარაღის დაყრა და ტყვედ ჩაბარება იყო მისაღები, რადგან რუსეთის პროპაგანდის მიერ ნეონაცისტებად შერაცხული "აზოველების" გაშვებას თავად ათწლეულობით ზომბირებული რუსეთის მოქალაქეები ვერ გაუგებდნენ კრემლს...

რა მოელით "აზოვსტალის" დამცველებს და განსაკუთრებით კი - "აზოველებს", რუსების ტყვეობაში?

სამწუხაროდ, კარგი არაფერი. თუკი "აზოვსტალის" მიწისქვეშა კატაკომბებში ისინი სამტონიანი რუსული ბომბებისგან გადარჩენას ცდილობდნენ, ახლა წინ ელოდებათ საშინელი წამება რუსული სპეცსამსახურების ჯალათებისგან, განსაკუთრებით კი - დონბასელი სეპარატისტებისგან, რომლებიც ციხის ჯურღმულებში წამების ზუსტად იმავე საშინელ მეთოდებს იყენებენ, როგორიც ბოლშევიკების "ენ-კა-ვე-დემ" დანერგა ლენინ-სტალინ-ბერიას დროიდან.

ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ რუსული პროპაგანდისტული მანქანა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყებს "აზოვსტალის" ყოფილი დამცველების "აღიარებითი" ფანტასტიკური ჩვენებების გავრცელებას - არ არსებობს ადამიანი, რომელიც ბოლომდე გაუძლებს სპეცსამსახურების მიერ მეცნიერულ დონეზე დამუშავებულ-დახვეწილ წამების მეთოდებს, მათ შორის - სპეციალური სამედიცინო პრეპარატების გამოყენებით.

როგორ შეიძლება შეფასდეს "აზოვსტალის" დამცველთა 82-დღიანი გმირული ბრძოლა?

საერთოდ, ასე ხდება ომებში - გმირობის ჩადენა უწევთ სხვების მშიშრობისა და შეცდომების გამო, ანუ 24 თებერვალსვე რომ აეფეთქებინათ ანექსირებული ყირიმიდან ხერსონის რაიონში გამავალი ხიდები, მელიტოპოლთან და ბერდიანსკთან ბრძოლები რომ გაემართათ, მტერი ორიოდე დღეში ზურგიდან ვერ მიადგებოდა მარიუპოლის დამცველებს...

რამდენად სწრაფად შეიძლება "აზოვსტალის" დამცველების ტყვეობიდან გამოხსნა?

ეს მალე არ მოხდება, რუსეთი ეცდება, მთლიანად გამოიყენოს სიტუაცია საინფორმაციო ომის ფრონტზე პროპაგანდისტული დარტყმებისთვის - გაიხსენეთ თუნდაც 2004 წელს ცხინვალის ცენტრში სეპარატისტების მიერ დაჩოქებული, ტყვედ აყვანილი პოლიციისფორმიანი ქართველები.

გარდა ამისა, რუსეთის პროკურატურამ "აზოველებზე" შეიძლება სისხლის სამართლის საქმეებიც აღძრას და ისინი სამხედრო ტვეებადაც არ მიიჩნიოს.

წესით, საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციამ დიდი დახმარება უნდა აღმოუჩინოს ტყვეობაში მყოფ "აზოვსტალის" დამცველებს და არ დაუშვას მათი წამებით მოკვლა, მაგრამ დონბასელი სეპარატისტები საერთოდ ჩაუშვებენ კი ციხის ჯურღმულებში წითელი ჯვრის წარმომადგენლებს?!

არის კიდევ ერთი რეალური გზა მათი ტყვეობიდან რაც შეიძლება სწრაფად დასახსნელად - უკრაინელებს ბრძოლებში ტყვედ აჰყავთ რაც შეიძლება მეტი რუსეთისა და სეპარატისტების სამხედრო, სასურველია, მაღალი ჩინის - პოლკოვნიკები და თვით გენერლებიც კი, რომელთა გაცვლაზე რუსეთის ხელისუფლება უფრო წავა, ვიდრე უბრალო ჯარისკაცებისა...