"უკრაინაში ყველაფერი სხვაგვარი სცენარით ვითარდება, ვიდრე ეს პუტინსა და მის გარემოცვას ჰქონდა დაგეგმილი..."
კრემლში დაგეგმილი პროექტი - უკრაინის რამდენიმე დღეში აღება, არათუ ჩავარდა, რუსულმა არმიამ, რამდენიმედღიანი უშედეგო ბრძოლის მიუხედავად, ვერ შეძლო ვერც ერთი დიდი ქალაქის აღება. სარაკეტო იერიშების მიუხედავად, საკმაოდ ორგანიზებულად წინ მიიწევს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ყოველი ახალი გათავისუფლებული ქალაქი, რაიონი თუ სოფელი ნიშნავს ახალ-ახალ ადამიანურ და ოჯახურ ტრაგედიებს, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა იქ ყოფნისას ჩაიდინეს.
ვოლოდიმირ კონოვალიუკი ომის დაწყებიდან ლეგენდარული "აზოვის" ბატალიონის რიგებში იბრძვის. მისი თქმით, არ ელოდება, რომ ხვალ და ზეგ დასრულდება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამ ომში უკრაინა, უდიდესი დანაკარგის ფასად, მაგრამ მაინც ბევრად გაძლიერდება, რუსეთის დამარცხება კი გარდაუვალია.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ბოლო დღეებში, განსაკუთრებით ხარკოვის გარშემო განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ უკრაინაში ყველაფერი სხვაგვარი სცენარით ვითარდება, ვიდრე ეს პუტინსა და მის გარემოცვას ჰქონდა დაგეგმილი... მათი არმია აჩვენებს ქვეყანაში არსებულ, წლების განმავლობაში დაგროვილ სისტემურ პრობლემებს, ჩვენი შეიარაღებული ძალები კი ერთიანობას, პროფესიონალიზმს, თუნდაც უთანასწორო ბრძოლაში თავდადებას..."
"ჩვენთან საუბარში რუსი ტყვეები ჰყვებიან იმ წარმოუდგენლად არაადამიანურ პირობებზე, რაც მათ ნაწილშია; არავითარი წესრიგი, დისციპლინა. როდესაც ვინაობას ვეკითხებით და სამხედრო ნაწილს ასახელებენ, გაოცებას ვერ ვფარავთ, რადგან სამოქალაქო ფეხსაცმელები აცვიათ. მათი დღიური ულუფა, ფაქტობრივად, მოპარული საკვებია ან ვადაგასული კონსერვი. არავითარი პირველადი სამედიცინო მომსახურების ნივთები არა აქვთ. იმდენად უბადრუკად არიან აღჭურვილები, რომ ზოგჯერ დაუჯერებელიც კია, რომ ომში ასეთი რამეებით მიდიან..."
"ქალაქის გაწმენდისას, ჩემი მეზობლის, გერმანული წარმოშობის ებრაელების სახლის კარი მხოლოდ მოხურული აღმოჩნდა. ბინაში ყველაფერი თავდაყირა იყო, არეულ-დარეული. აშკარად, გაძარცვეს. თუმცა, ეს არ იყო მთავარი, სახლში სუნი იდგა - ოკუპანტებს ცოლ-ქმარი პირდაპირ მაგიდასთან დაუხვრეტიათ. მაგიდაზე საჭმელი ელაგა. ვიღაცამ ოჯახი ჩაუშვა - მისი შვილების ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა..."
"მეზობელს უნახავს, სამხედრო მანქანას ტვირთავდნენ, თეთრეული და დანების ნაკრები დაუცვივდათო... სახლში ჟალუზები ჩამოუგლეჯიათ, საკვები წაუღიათ. გადმოყირავებული და დაცხრილული იყო მაცივარი, ტანსაცმლის კარადა, სათავსი. იმ სართულზე ვინც დახვდათ, ცოცხალი არავინ დატოვეს, გადარჩა მხოლოდ 11 წლის გოგონა, რომელიც გაექცათ და მეზობელმა 5 დღის განმავლობაში სარდაფში შეიფარა. ის ამჟამად ლვოვშია და ფსიქოლოგები მეთვალყურეობენ..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 19 მაისის ნომერში წაიკითხავთ.
ლალი პაპასკირი