"თუ "ვაჟა" გაიყიდება, გაიყიდება მხოლოდ ჩემს სამშობლოში და არსად სხვაგან!"
ქართველი მხატვრის მორიგი აღიარება
6 მაისს, ქალაქ ბარსელონაში, ქართველი მხატვრის - ეკატერინე სიხარულიძის რიგით მეორე პერსონალური გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე ფავორტი ნაშრომი ვაჟა-ფშაველას პორტრეტი გახლდათ. აღნიშნული ფერწერული ტილო ქალბატონი ეკატერინეს შემოქმედებაში ყველაზე "იღბლიანი" აღმოჩნდა...
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ვაჟა-ფშაველას პორტრეტზე არაერთხელ მისაუბრია. ეს ნაშრომი ჟურნალ "გზის" სტატიის საფუძველზე დაიხატა, ისევე, როგორც ჩემი არაერთი ტილო. "ვაჟაზე" მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ლუვრში მისი გამოფენა იყო ყველაზე დიდი აღიარება. აქვე დავძენ, ძალიან ბევრი მსურველი იყო შეძენისა, მაგრამ ჩემი დაჟინებული მოთხოვნა ასეთია: "ვაჟა" ან ჩემს კოლექციაში დარჩება, ან ჩემს სამშობლოში!.."
"ფრთხილად ვარჩევ ჯგუფურ გამოფენებსა და კონკურსებს, რომლის მონაწილეც უნდა ვიყო. ასამდე პრიზი და აღიარება არ არის ცოტა ემიგრანტისთვის და მიხარია, რომ ჩემი ნიჭის რეალიზება შევძელი. ამაში მეხმარება ჩემი მეუღლე და მეგობარი ჩავი პრატი, რომლის თანადგომის გარეშე ბევრს ვერაფერს შევძლებდი..."
"რაც შეეხება ჩემს ნამუშევარს "ენი". ის შეიქმნა კონკრეტული ამბის საფუძველზე: პარიზში, მდინარე სენადან ახალგაზრდა ქალის ცხედარი ამოიღეს. მნახველები შოკში იყვნენ მიცვალებულის სახის მშვიდი გამომეტყველებით და გადაწყვიტეს გამოსახულების უკვდავსაყოფად მისი სახის თაბაშირის ასლის გაკეთებინათ..."
"ენი ანუ "უცხო სენიდან" ამის შემდეგ ცნობილი გახდა, როგორც ქალის საიდუმლოებისა და სილამაზის მოდელი...ენის სახე არაერთხელ გამხდარა მწერლების, პოეტების, მხატვრებისა და ფოტოგრაფების შთაგონების წყარო. კამიუმ ენის ღიმილი მონა ლიზას ღიმილს შეადარა. ჟიულ სუპერვიელმა და კლერ გოლმა მიუძღვნეს მოთხრობები ამ იდუმალი ღიმილის მქონე "უცხოს"...
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 19 მაისის ნომერში წაიკითხავთ.
როლანდ ხოჯანაშვილი