Z-ასოიანი რუსული რაკეტა კოსმოსმაც კი არ "მიიღო"... - კვირის პალიტრა

Z-ასოიანი რუსული რაკეტა კოსმოსმაც კი არ "მიიღო"...

ლათინური ასო Z რუსმა გენერლებმა რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ აქციეს მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრილ ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებსა თუ შვეულმფრენებს ზედ დაახატეს.

რატომ აირჩიეს მაინცდამაინც ეს ლათინური ასო, ძნელი სათქმელია, მაგრამ მისი, ისევე, როგორც სხვა ლათინური ასოების - V-სა და O-ს დახატვას საბრძოლო ტექნიკაზე თავდაპირველად ის მიზანი ჰქონდა, რომ უკრაინის არმიის თითქმის ანალოგიური ტიპის ტანკებისგან და ჯავშანტექნიკისგან განესხვავებინათ საკუთარი და "მეგობრული ცეცხლი" თავისივე დანაყოფებისთვის არ გაეხსნათ.

რუსულმა სახელმწიფო პროპაგანდამ კი ეს ფაქტი აიტაცა და სამოქალაქო პროდუქციაზეც - ნამცხვრებზე თუ ავტობუსებზეც კი დაიწყეს რუსეთში ამ ლათინური ასოს - Z-ის დატანება, რითაც მიანიშნებენ, რომ მხარს უჭერენ სხვა ქვეყნის საოკუპაციოდ შეჭრილ რუს სამხედროებს.

რუსეთის კოსმოსური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კი კიდევ უფრო შორს წავიდა და კოსმოსში გასაგზავნ რაკეტა-მატარებელს კორპუსის ცხვირის ნაწილში დიდად მიახატა Z ასო...

Z-ასოიანი რაკეტა-მატარებლის სტარტი დედამიწის ორბიტაზე გასასვლელად დიდი პიარით გაშუქდა რუსეთის პროპაგანდისტების მიერ - ხომ ხედავთ, რუსეთის სამხედრო ძალა კოსმოსშიც კი გაგვყავსო, მაგრამ გავიდა რამდენიმე დღე და სრულმა სიჩუმემ დაისადგურა რუსულ მასმედიაში - არც ერთი სიტყვა იმაზე, რა ბედი ეწია Z-ასოიანი რაკეტა-მატარებლით კოსმოსში გაყვანილ თანამგზავრს...

2-poto-1652865176.jfif

Z-იანი რაკეტა-მატარებლით გაყვანილი სადაზვერვო თანამგზავრი რუს გენერლებს უკან დედამიწის ატმოსფეროში „ჩაფერფლილი“ დაუბრუნდათ...

გუშინ კი გაირკვა, რომ Z წარწერით შემოსილი რუსული რაკეტა-მატარებლით გაშვებული თანამგზავრი, თურმე, არც კოსმოსს "მიუღია" და უკან "გამოუბრუნებია", რის შემდეგაც მრავალმილიონიანი თანამგზავრი რუსებს დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლის დროს დაეწვათ...

როგორც ირკვევა, ეს არ იყო ჩვეულებრივი, დედამიწის ორბიტაზე გაყვანილი კოსმოსური ობიექტი -"კოსმოსი-2555" სახელით დარეგისტრირებული ეს თანამგზავრი სინამდვილეში სადაზვერვო ფუნქციების შემსრულებელი უნდა გამხდარიყო და ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე შეეგროვებინა, სავარაუდოდ, დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის სამხედრო ტვირთების პოლონეთიდან და რუმინეთიდან ტრანსპორტირების თაობაზეც.

რუსეთის კოსმოსური დაზვერვის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ნატოს წევრი ქვეყნებისას და, პირველ რიგში, აშშ-ის ტექნიკურ შესაძლებლობებს ამ სფეროში და თითოეული ახალი სადაზვერვო თანამგზავრის გაშვებას რუსეთის გენშტაბისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს - უკრაინაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დროს.

რუსეთის სამთავრობო და საექსპერტო წრეებში უკვე გაჩნდა ეჭვები იმის შესახებ, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში "კოსმოს-2555"-ის "ჩამოვარდნა" შემთხვევითობა შეიძლება სულაც არ იყოს და ამაში დასავლეთის სპეცსამსახურების ხელი ურევია.

3-poto-1652865228.jpg
Z ნიშანი აფეთქებული რუსული ჯავშანტექნიკის სიმბოლოდაც იქცა...

"როსკოსმოსის" ხელმძღვანელი როგოზინი, როგორც ყოფილი ჟურნალისტი, ყოველთვის გამოირჩეოდა პიარის კუთხით (გაიხსენეთ, თუნდაც, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისი ინიციატივით გაგზავნილი რობოტი "ფიოდორი", რომელიც მისი სიტყვებით იძლეოდა ინტერვიუებს ორბიტიდან) და უდავოდ მისი მორიგი ინიციატივა იქნებოდა Z ასოს დაწერა რაკეტა-მატარებლის კორპუსზე, რაც, საბოლოო ჯამში, უკუღმა მოუტრიალდა...

ბავშვობაში Z-ის ჯოხით ქვიშაში გამოსახვით, შეიძლება, ბევრიც ვთამაშობდით და "ზოროს" დადებით კინოგმირს ვბაძავდით, მაგრამ რუსულმა სამხედრო აგრესიამ ეს უწყინარი ლათინური ასო ბარემ ნახევარ მსოფლიოს შეაჯავრა და მისი დანახვა ბევრ ქვეყანაში ადამიანების ძალზე გამოკვეთილ უარყოფით რეაქცია იწვევს - Z-ასოიან მანქანებს მინებს უმსხვრევენ და საბურავებს უშვებენ, მათ შორის, თავად რუსეთშიც კი...

არ არის გამორიცხული, გარკვეულმა ძალებმა საქართველოშიც სცადონ პროვოკაციების მოწყობა Z -ებით, ისევე, როგორც "გეორგიევსკი ლენტებით" შემოდიოდნენ რუსი ტურისტების მანქანები ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან.

ამის დაშვება კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის სიმბოლოები ჩვენთანაც გამოჩნდეს, ეს იგივე ომია, საინფორმაციო-პროპაგანდისტული ომი ჯერ ადამიანების გონების, შემდეგ კი ქვეყნის ტერიტორიების დასაპყრობად...