ფაშისტების "ვუნდერვაფე" ბალისტიკური "ფაუ" იყო, რაშისტების კი ლაზერული "ზადირა" გახდება? - კვირის პალიტრა

ფაშისტების "ვუნდერვაფე" ბალისტიკური "ფაუ" იყო, რაშისტების კი ლაზერული "ზადირა" გახდება?

ჩაფლავებული ბლიცკრიგების შემდეგ, დიქტატორებს ომებში როდესაც გაუჭირდებათ და თავის არმიასა და მოსახლებაში საბრძოლო განწყობის ამაღლება სურთ, "საოცრება იარაღის" იმედს სთესავენ, რომელმაც ომებში მათ სწრაფი გამარჯვება უნდა მოუტანოს...

1944 წლის ზაფხულისთვის, როდესაც მეორე ფრონტიც გაიხსნა და მეოთხე რეიხის დამარცხება გარდაუვალი გახდა, ჰიტლერი გერმანიის არმიას ისეთი "ვუნდერვაფეს" - "საოცრება იარაღის" მიწოდებას ჰპირდებოდა, რომლითაც ორივე ფრონტზე მოკავშირეების ჯარებს დაამარცხებდნენ - მართლაც, გერმანიამ, პირველად მსოფლიო ომების ისტორიაში, დაიწყო ფრთოსანი "ფაუ-1"-ისა და ბალისტიკური "ფაუ-2" ტიპის რაკეტებით ლონდონისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, მაგრამ ამან ფაშისტურ გერმანიას გამარჯვება ვერ მოუტანა...

ასევე, დიდად საეჭვოა, რაშისტულ რუსეთს უკრაინასთან ომში გამარჯვება მოუტანოს პუტინის "ვუნდერვაფემ" - ლაზერულმა იარაღმა სახელწოდებით "ზადირა".

რუსული "ზადირა" ქართულად დაახლოებით გამომწვევს, ჩხუბის წამომწყებს ნიშნავს და კარგად შეესაბამება რუსეთის ხელისუფლების ჰაბიტუსს, რომელიც ბოლო 30 წელია, ხან ჩეჩნეთს ანადგურებს, ხან საქართველოში იჭრება, ხან სირიას ბომბავს, ხანაც უკრაინას მიწასთან ასწორებს...

მაგრამ სწორედ უკრაინა იქცევა რუსეთის იმ ბოლო წერტილად, სადაც პუტინის რეჟიმს ვერანაირი "ვუნდერვაფე" ვეღარ უშველის.

1-poto-1652948472.jpg
რუსებს ლაზერული ქვემეხით უკრაინული დრონების ჩამოგდება სურთ...

მაინც რას წარმოადგენს ლაზერული "ზადირა" და ვის რა შეიძლება ავნოს?

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით ეს არის ლაზერული დანადგარი, რომელსაც 5 კმ-ის სიშორიდანაც შეუძლია უპილოტო საფრენი აპარატის კორპუსის გამოწვა და მისი ჩამოგდება.

მაგრამ ამაში რამე განსაკუთრებული "ვუნდერვაფული" არაფერია - ამერიკელი სამხედროები ჯერ კიდევ ათი წლის წინ საზღვაო ხომალდიდან ლაზერის სხივით წარმატებით აგდებდნენ პატარა დრონებს, შემდეგ კი შედარებით მცირე ზომის ლაზერული დანადგარი სატვირთო ავტომობილის ძარაზეც კი დაამონტაჟეს, ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის დრონებისგან თავდასაცავად.

ამიტომაც არაფერია გასაკვირი იმაში, რომ რუსებმა უზარმაზარი "პერესვეტის" (ლაზერული დანადგარი, რომელიც პუტინმა პირველად ხუთი წლის წინ "გაამჟღავნა") შემდეგ, რუსმა კონსტრუქტორებმა ბოლოსდაბოლოს შექმნეს მისი საველე, შედარებით მომცრო მოდიფიკაცია, ხოლო რუსმა გენერლებმა, საბრძოლო გამოცდის მიზნით, უკრაინის ფრონტზე ჩაიტანეს.

3-poto-1652948521.jpg
საჰაერო თავდაცვის ამერიკული მობილური ლაზერული დანადგარის პროტოტიპი

თუკი რამდენიმე ათეულტონიანი "პერესვეტი" განკუთვნილი არის დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების ოპტიკური სისტემების ლინზების ლაზერის სხივით ამოსაწვავად და მათ "დასაბრმავებლად", "ზადირას" საბრძოლო ამოცანა, ეტყობა, რამდენიმე კმ-ში დრონის კორპუსის გამოწვა, მართვის ელექტრონული ბლოკის დაზიანება და მისი საბოლოო ჩამოგდებაა.

მცირე ზომის დრონების კორპუსები მსუბუქი პლასტმასისგანაა დამზადებული და შედარებით ძლიერი ენერგიის მქონე ლაზერის სხივს ეს არ გაუჭირდება, მაგრამ თუკი ამინდმა არ "გაუმართლა" - ნისლია, წვიმს, თოვს - მაშინ ეს ლაზერული დანადგარი ძალზე ძვირად ღირებულ, მაგრამ უმაქნის საბრძოლო იარაღად დარჩება.

საერთოდ, ლაზერის სხივის საბრძოლო მიზნით გამოყენების მცდელობები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო და მაშინდელ საბჭოთა კავშირში გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია, რაც უნდა გასაკვირი იყოს, რადგან ამ საიდუმლო პროგრამას მაშინდელი საბჭოთა თავდაცვის მინისტრის, უსტინოვის ვაჟი უძღვებოდა და, შესაბამისად, დაფინანსებაც შეუზღუდავი ჰქონდა.

იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში საცდელი ეგზემპლარების სახით დამზადდა რამდენიმე სახის საბრძოლო ლაზერული დანადგარი, მათ შორის - ტანკისა და სატრანსპორტო თვითმფრინავის ბაზაზე.

4-poto-1652948564.jpg
გენერალ ვიქტორ სულაქველიძის ლაზერული პისტოლეტი, დამზადებული კოსმონავტებისთვის

ლაზერული იარაღის შესაქმნელად ანალოგიურ ინტენსიურ კვლევებს აშშ-სა და ჩინეთშიც ატარებდნენ და გარკვეულ წარმატებებს იქაც მიაღწიეს, მაგრამ ბოლო დრომდე ლაზერული იარაღის სერიული წარმოება არ დაწყებულა რამდენიმე მიზეზის გამო.

ლაზერული იარაღის მთავარი პრობლემებია, მისი მაღალი თვითღირებულება, ენერგიის წყაროს სიმძლავრის ნაკლებობა, ამინდზე დამოკიდებულება და... არაჰუმანურობა.

საქმე ისაა, რომ არაჰუმანური იარაღის ამკრძალავ საერთაშორისო კონვენციაში 1995 წელს მიღებული იქნა დამატება, რომელიც კრძალავს ისეთი ლაზერული იარაღის გამოყენებას, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს გამოიწვევს ადამიანის დაბრმავებას მაშინაც, თუკი ის არ სარგებლობს ოპტიკური ხელსაწყოებით.

ბრძოლის ველზე, ბინოკლში ან სხვა ოპტიკურ ხელსაწყოში მაყურებელი ადამიანის თვალის ბადურის გარანტირებული ამოწვა მოხდება, თუკი ამ ოპტიკური ხელსაწყოს ლინზას ლაზერული სხივი მიენათა, რადგან ოპტიკა აძლიერებს ლაზერის სხივის ენერგიას.

ჯერ კიდევ საბჭოთა არმიას შეიარაღებაში ჰქონდა სპეციალური ლაზერული მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილი იყო მოწინააღმდეგის ოპტიკური ხელსაწყოების, მათ შორის - ტანკების სათვალთვალო და დასამიზნებელი მაღალმგრძნობიარე ოპტიკური ხელსაწყოების მწყობრიდან გამოსაყვანად - ადვილი წარმოსადგენია თუ რა დაემართებოდა ამ ოპტიკური ხელსაწყოების ოკულარში მომზირალ-დამმიზნებელი ოპერატორისა თუ ტანკის მეთაურის თვალებს...

სხვათა შორის, ასეთი დანადგარი (ან დანადგარები) ქართულ არმიასაც დარჩა და იყო გარკვეული მოსაზრებები მათი დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან...

რუსულ "ზადირას", რა თქმა უნდა, არაფრის შეცვლა არ შეეძლო უკრაინის ფრონტზე - მაქსიმუმ, რამდენიმე დრონი თუ ჩამოაგდოს, მაგრამ თავად შეიძლება გახდეს უკრაინელი არტილერისტებისთვის მსუყე ლუკმად, მაგრამ რუსი პროპაგანდისტები ეცდებიან, ის აქციონ პუტინის რეჟიმის "ვუნდერვაფედ" რუსეთის "ტელეზომბი" მოსახლეობისთვის - "Zადირათი" უკრაინელებს ომს მალევე მოვუგებთო...