"ბევრისთვის გოიმი ვარ - ამას შევეგუე" - კვირის პალიტრა

"ბევრისთვის გოიმი ვარ - ამას შევეგუე"

ვინ ეწინააღმდეგება "ჯაბოვიჩის" ჯეისონ სტეითემად გარდასახვას?

იუმორისტი ჯიმი აბესაძე ეკრანს მიღმა ისე ექსტრავაგანტურად არ იმოსება, როგორც გიორგი გაბუნიას "ღამის შოუში" ჩნდება ხოლმე - ლომის, ირმისა თუ მზის ფორმაში გამოწყობილი. იმ პროცედურებსაც კეთილსინდისიერად იტარებს, რაც გარეგნობაზე ზრუნვისთვის სჭირდება. დიზაინერ ჯიმი ჩუსთან მხოლოდ თავისი გადაცემის - "ჯიმი არა ჩუ" სახელი აკავშირებს - მისი პროდუქციის მომხმარებელი არ არის...

მოკლედ, გადავწყვიტეთ, რომ შეძლებისდაგვარად გაგვერკვია, როგორი გემოვნება აქვს "ჯაბოვიჩს"...

- მგონია, საკუთარ თავს ყველა ადამიანი გემოვნებიანად მიიჩნევს, ალბათ - მეც, ნაწილობრივ. ჩემს სამუშაო სფეროში რასაც ვაკეთებ, მათი 99% მომწონს.

- გარშემო მყოფები რჩევას ყველაზე ხშირად, რასთან დაკავშირებით გეკითხებიან?

- ძირითადად მეკითხებიან, - გაბუსთან ("ღამის შოუში") რასაც აკეთებ, წინასწარ გიწერენო? ვისაც იუმორის სფეროსთან შეხება აქვს, უმრავლესობა მეუბნება, - ვხვდებით, სცენარს რას ამატებ, შენი ფანტაზიის ნაყოფი რა არისო?.. უკვე მეოთხე წელია, რაც გიორგი გაბუნიასთან შოუში ვარ. გადაცემაში ჩემს სასაუბროს რაღაც სისულელეებს თავად ვამატებ, ხან ფეხზეც ვდგები, ხან - საიდანღაც ვხტები... ეს გონებაში მომდის ხოლმე. რჩევა-დარიგებას რაც შეეხება, ჭკუა ვის უნდა დავარიგო? თავად დასარიგებელი მაქვს... ახლა ახალი პროექტი - "ქართული ლიგა" (ადრე "მანსანკანი" ერქვა) დავიწყეთ. რეგიონებიდან და უნივერსიტეტებიდან 17 გუნდი გვყავს. დღეს ვინც ქართულ ტელესივრცეშია (არა მხოლოდ იუმორის სფეროში), ბევრი მათგანი ადრე "მანსანკანში" თამაშობდა. ახლა თამაში განვაახლეთ როგორც "ახალი ლიგა". ახალი თაობა წამოვა, რადგან ხალხს ძველი სახეები მოჰბეზრდა. შეიძლება კარგი ბავშვები აღმოვაჩინოთ... სწორედ ეს მოზარდები მეკითხებიან ხოლმე: საიდან, როგორ დავიწყე იუმორის სფეროში მუშაობა? აბა, მე კანტზე არავინ დამელაპარაკება...

- თქვენი აზრით, ქართულ ტელესივრცეში ყველაზე გემოვნებიანი იუმორისტული შოუ რომელია?

- ყველაზე მეტად "კაცების შოუ" მომწონს. ამ გადაცემის არც ერთი ეპიზოდი არ მაქვს გამოტოვებული - "ვახვევ" და ისე ვუყურებ. ძალიან მიყვარს! გიორგი ჯანელიძე ჩემი მეგობარია. მის იუმორზე მარტო, სულელივით ვიცინი... ასევე - რა თქმა უნდა, ჩემი გიორგი გაბუნიას შოუსაც დავასახელებ, რადგან გიო ძალიან ნიჭიერია თავისი იუმორით, ცეკვით, სიმღერით... ამ ადამიანს ყველაფერი შეუძლია! თან, განა რეპეტიციები სჭირდება?! ეტყვი და გააკეთებს. ვეუბნები, - ამ მხრივ, არაამქვეყნიური ხარ-მეთქი. საერთოდ, ყოველთვის ვამბობ, შოუს რეიტინგულობა არც გიორგის დამსახურებაა, არც - ბენდის, არც - ჩემი, ეს ერთიანი გუნდის შრომის შედეგია: ბენდს თავისი როლი აქვს - ბაბის, თათას, გელას ვენაცვალე, ვგიჟდები მათზე, ჩემი ოჯახის წევრებად მიმაჩნია! კარგ სიმღერებს "აქავერებენ". მათ თავიანთი მაყურებელი ჰყავთ, გიოს - თავისი, როგორც გაწონასწორებულ, სიმპათიურ, ჩამოყალიბებულ ადამიანს, მე (დოღრიალა კაცს, რომელიც რაღაცებს ყვირის) - ჩემი... ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ზვიოს (პროდიუსერის) დამსახურებაა. გადაცემის წარმატებაში ლომის წილი მას აქვს. სულ მუშაობს - ვერასდროს მივასწარი სამსახურში...

- სამოსს როგორ არჩევთ?

- წონაში ძალიან მოვიმატე, რის გამოც ოჯახში მეჩხუბებიან... შოპინგს ყველაზე ნაკლებ დროს ვუთმობ - ამაზე უფრო ჩემი მეუღლეა "გადართული". საყიდლებზე სიარული არ მიყვარს, - ვაიმე, ეს არ მიხდება, ის ტანზე მოტკეცილი რატომ მაქვს-მეთქი?.. მერე მეუღლისგან ლანძღვის მოსმენა მიწევს: ნახე, რამხელა ხარ? დაიკელიო! მირჩევნია, სახლში ბავშვები დავიტოვო და მეუღლეს ვუთხრა, - ელო, მიდი, სამოსი შენ მიყიდე და თუ ვერ მოვირგებ, ისევ ბავშვებს დავიტოვებ, ტანსაცმელი უკან დააბრუნე და სხვა წამომიღე-მეთქი. ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე მაღაზიებში სიარულისას... 3-4 თვის წინ გიორგი გაბუნიას ქორწილი იყო. თან, მისი მეჯვარე ვიყავი. ელოს ბევრი ვეხვეწე, - ჩვენს მხატვარს ვთხოვ და შოუში რაც მაცვია, ქორწილშიც იმას ჩავიცვამ-მეთქი. წარმოიდგინე, ტანზე შარვალ-კოსტიუმის მორგება რა ცუდია! თან, გინდა, რომ კარგად გამოიყურებოდე... ბოლო პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირთულე ეს იყო.

- სამოსის შერჩევა ყოველთვის მოსაწყენად მიგაჩნდათ თუ იყო პერიოდი, როცა მეტად იპრანჭებოდით?

- კარგად ჩაცმა როგორ არ მიყვარს?! ოღონდ საყიდლებზე მარტო უნდა წავიდე. ვინმე თუ მახლავს, ჩემთვის დისკომფორტი ეს არის. მარტო აჭარაშიც წავალ, ვინმემ რომ მითხრას, - დედა, ბიჭო, იქანა ჯინსებია ისეთიო!.. ახლავე "დავეშვები"!.. სხვათა შორის, ამჟამად ჩემს ჩაცმულობაზე ჩემი მეგობარი - ქუთაისელი მზია დეიდა ზრუნავს. ტანსაცმელი ევროპიდან ჩამოაქვს. ბოლო დროს რაც მაცვია, ყველაფერი მზიკოს დამსახურებაა. მთელი ქართული შოუბიზნესი მასთან გავიცანი - ტელევიზიაში არ მინახავს იმდენი ხალხი, რამდენიც მზიასთან ვნახე. თქვენი ჟურნალის მეშვეობით მზიკოს დიდი სიყვარულით მოვიკითხავ.

- საბოლოო ჯამში, როგორი სტილის სამოსი მოგწონთ?

- სპორტული. თავისუფლად რომ ვგრძნობ თავს, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი კომფორტია და არა - ირმის და ლომის ფორმაში გამოწყობა, როგორც გიორგი გაბუნიას შოუში ვარ ხოლმე... გიოს ვეუბნები, - მიჩალიჩებ-მეთქი! ერთი პერიოდი, შოუში ლომის ფორმაში გამოწყობილი ვიყავი. ახლა გადაცემაში ირმის ფორმით შევდივარ, ალბათ მალე მაჩვიც "ვიქნები"... მახსოვს, ერთხელ მზე "ვიყავი" - ყველაზე მეტად მრცხვენოდა. მაშინ გადაცემაში გიორგი გილიგაშვილი გვყავდა სტუმრად. ვიღაცამ ფრაზა "გაისროლა": მოდი, ჯიმი მზის ფორმაში გამოეწყოსო. მეგონა, ღადაობდნენ... - არა, ბიჭო-მეთქი, - ვამბობდი, მაგრამ მზის ისეთი კარგი ფორმა მომიტანეს, მერე მეც მომეწონა.

- თუ არის სამოსი, რომელსაც ვერასოდეს ჩაიცვამთ?

- ალბათ - ქალის ბიკინი (იცინის). სავარაუდოდ, ცხოვრებაში კი არა, გადაღებაზეც ვერ ჩავიცვამ.

- ძალიან კარგად რომ გადაგიხადონ?

- მაშინ - კი.

- კერძებთან დაკავშირებით, როგორი გემოვნება გაქვთ?

- მწვადი, ხაშლამა, ხინკალი - ქართველი მამაკაცების უმრავლესობას ეს კერძები მოსწონს, არა? როგორი საკვირველიც უნდა იყოს, პირადად მე, ძეხვეულზე მაქვს გართულება - ვგიჟდები, ისე მიყვარს! შემიძლია სუფრასთან, მაგალითად, მწვადი გვერდზე გადავდო და ძეხვი, სოსისი ვჭამო... ამას წინათ ერთ-ერთ რეკლამაში გადამიღეს და ინტერნეტში რომ გამოქვეყნდა, ვიღაცამ ნაღვლიანი სახით კომენტარი დამიწერა: ეჰ, ჯაბოვიჩ, ფულის გამო რას არ გააკეთებს კაციო?!. რატომ კაცო? ხორცპროდუქტების რეკლამაში გადამიღეს, სხვა რამის ხომ არა? ხომ არაფერი დამიშავებია, არა?..

- როგორი ჟანრის ლიტერატურის კითხვა გიზიდავთ?

- თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლისას, მინდოდა თუ არა, სულ ვკითხულობდი. ახლა "ოსტატი და მარგარიტას" კითხვა დავიწყე (ამდენ ხანს უკვე წაკითხული უნდა მქონდეს - მრცხვენია). ძალიან რთული წიგნი აღმოჩნდა. ვკითხულობ, ვკითხულობ, მაგრამ ვგრძნობ, ხელახლა წაკითხვა მომიწევს: ან მე ვარ ძალიან შტერი, ან ძალიან რთული ნაწარმოებია... საერთოდ, კითხვას რაც შეეხება, რა ვიცი, ბოლო დროს იმდენი სცენარი მაქვს წაკითხული (ჯერ - "ჯიმი ჩუსი" და მერე - გაბუნიას შოუს ორ-ორი სცენარი კვირაში), რომ ალბათ, დედაჩემმა ან მამაჩემმა უნდა დაწეროს რამე, რომ წავიკითხო... სხვათა შორის, ბოლო დროს ლექსებს "მივაწექი", რადგან თამადობა ხშირად მიწევს. ბევრი ლექსი უკვე მოძველდა, ყველამ იცის... ინტერნეტში ახალ-ახალს ვეძებ ხოლმე. მერე, სუფრასთან ჩემ შესახებ ამბობენ, - ნახე, რა ნიჭიერი ბიჭია, სად უნახავს ეს ლექსიო?! სულ უცხო პოეტების ლექსებს ვკითხულობ...

- ჯიმი ჩუზე რას გვეტყვით?

- ვამბობ ხოლმე, - მე უფრო პოპულარული ვარ, ვიდრე ჯიმი ჩუ-მეთქი. ამ გადაცემის - "ჯიმი არა ჩუ" - სახელწოდება სცენარისტებმა უცებ მოიფიქრეს. არც ვიცოდი, ჯიმი ჩუ ვინ იყო... საერთოდ, სპორტული ფეხსაცმელი მიყვარს: "ჰკარი ფეხი, გავარდი!.."

- როგორი აქსესუარები, სამკაული მოგწონთ?

- ჩემი მეუღლე დამდევს, რომ საათი გავიკეთო, მაგრამ დისკომფორტს მიქმნის... ხელზე სკვნილები მიკეთია - ეს უფრო მომწონს. ერთი "მამაომ" მაჩუქა, მეორე - ბერმა... ოქროს ვერ ვიტან. ახლახან ოქროს "ცეპი" მაჩუქეს თავისი ჯვრით, მაგრამ ვერ ვატარებ... ვერც სათვალესთან ვმეგობრობ. გიორგი გაბუნიას სათვალე მიდევს მანქანაში - ქუთაისში ვიყავი და გზად დამჭირდა, მზის მოსაგერიებლად...

- გარეგნობაზე როგორ ზრუნავთ?

- მინდა თუ არა, ამას ყურადღებას ვაქცევ: ეპილაცია, კბილების გათეთრება... ამას ეკრანი "ითხოვს". ამ საკითხშიც ჩემი ცოლია დატვირთული - აბა, ჯიმი, სტომატოლოგთან ხარ წასასვლელი, აბა, ეპილაციაზე წადიო და ა.შ.

- თავად სპეციალისტები აღნიშნავენ ხოლმე, რომ მამაკაცები ეპილაციისას ტკივილს ძნელად უძლებენ...

- რამე მეშველებოდეს, ლამაზად გამოვიყურებოდე და ყველაფერს ვუძლებ! კბილებს ისე "ვიკეთებ", ნემსი არ მჭირდება! როცა ვიცი, გასაკეთებელია, უნდა გავაკეთო...

- ეკრანისთვის რომ არ გჭირდებოდეთ, ამ პროცედურებს მაინც ჩაიტარებდით?

- რა თქმა უნდა. უბრალოდ, ჩემს წონას ვერაფერს ვუხერხებ, სამუშაო რეჟიმის გამო, მაგრამ ახლა უკვე ვარჯიშს დავიწყებ. ზვიო მეუბნება, - ვარჯიში რომ დაიწყო და კუნთები დაიყენო, მაყურებელს კი აღარ ეყვარები? იმიტომ უყვარხარ, რომ ცოტათი პუტკუნა და ოღრაში კაცი ხარო. მართლაც, მგონი, იმერელი "ჯეისონ სტეითემი" საინტერესო არ იქნებოდა...

- პროფესიით მსახიობი ხართ. იუმორისტულის გარდა, სხვა როლში საკუთარი თავი წარმოგიდგენიათ თეატრში, კინოეკრანზე?

- თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თეატრს საერთოდ ჩამოვშორდი. ამაზე აღარც მიფიქრია და მოდი, პირდაპირ გეტყვი - აღარც მიზიდავს, რადგან, რასაც ახლა ვაკეთებ, იმით თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მაგალითად, ჩემი მეგობრები ფილმებს იღებენ. მონაწილეობა შემიძლია - ვიღაცას როგორ არ მიმამსგავსებდნენ, რომელიმე როლს ვითამაშებდი, მაგრამ სურვილი არ მქონია. ჩემი პლუსი ისაა, რომ რა საქმესაც ხელს მოვკიდებ, მინდა, მაქსიმალურად კარგად გავაკეთო. ამიტომ სხვა რამეს დროს ვეღარ ვუთმობ. გიოს შოუში საქმეზე ისეთი კონცენტრირებული ვარ, რომ ხუთშაბათობით, როცა ჩაწერა გვაქვს, სანამ ჩემს საქმეს არ გავაკეთებ, ვერც ვჭამ, ვერც ვსვამ. 12 საათზე ჩაწერა გვეწყება, 10-ის ნახევარზე უკვე ადგილზე ვარ, რეპეტიციას გავდივარ, ვკითხულობ... ყველასთვის ნათქვამი მაქვს: ჩათვალეთ, რომ ოთხშაბათობით თქვენთვის მკვდარი ვარ-მეთქი. როცა ვიცი, რომ მეორე დღეს გადაცემის ჩაწერა მაქვს, არ არსებობს, რომ ოთხშაბათი ან თუნდაც სამშაბათი რამეს დავუთმო, რადგან გათიშული ვარ. ადამიანებთან ურთიერთობაც მძაბავს. როდესაც რეპეტიციას გავდივარ და ვინმე რამეს მეკითხება, ძალიან აგრესიული ვხდები. მეუღლისთვისაც ნათქვამი მაქვს: მივდივარ, ბავშვები ბაღიდან, სკოლიდან შენ მოიყვანე-მეთქი. ტელეფონი გადადებული მაქვს, ზოგჯერ მანქანაში ვტოვებ - საერთოდ არ ვეკარები...

- ჯიმი, თქვენი აზრით, როგორი ადამიანია გოიმი?

- ალბათ - ის, ვინც სხვის შესახებ ამბობს, რომ გოიმია. სამყაროში ყველა ადამიანს საკუთარი შეხედულება აქვს - როგორც მოსწონს, ისე იცვამს, ისეთ აქსესუარს იკეთებს... სხვის ცხოვრებას რას დავეძებ?!. მე უფრო გოიმი ვიქნები, რომ სხვა შევაფასო. თავად სიტყვა "გოიმი" მეზიზღება, რა... ბევრისთვის გოიმი ვარ - ამას შევეგუე. ღმერთმა ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"