"რაც უფრო იზრდები, უკეთესი დედა ხარ" - კვირის პალიტრა

"რაც უფრო იზრდები, უკეთესი დედა ხარ"

მსახიობ ანკა ვასაძის შემოქმედებით ცხოვრებაში აქტიური პერიოდია. როგორც თავად ამბობს, გიჟურ რიტმში მიდის სერიალის - "სიყვარულს მიღმა" გადაღებები, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს, პარალელურად თამაშობს მარჯანიშვილის თეატრში და ზრდის 2 შვილს. როგორ ახერხებს ამ ყველაფერს, ვინ არის მისი ცხოვრების ყველაზე დიდი მოტივატორი და რას ფიქრობს საკუთარ პერსონაჟზე? - ამ ყველაფერზე ანკა თავად გვიამბობს.

- როგორც რიგითმა მაყურებელმა, მინდა შეგაქოთ მარიამის როლის შესრულებისთვის სერიალში "სიყვარულს მიღმა", როგორ მოხვდით გადასაღებ მოედანზე?

- დიდი მადლობა, მსახიობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელს მოსწონდეს. ბევრი წელია "ღამის შოუს" სტუდიის შემოქმედებით ჯგუფს ვიცნობ, მათთან ადრეც მითანამშრომლია. ამჯერად კასტინგზე დამიბარეს, მივედი და როლზე დამამტკიცეს.

- თუ არ ვცდები, სერიალში ეს თქვენი პირველი მთავარი როლია. როგორია ანკას თვალით დანახული მარიამი?

- წლების მანძილზე ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა და ასეთი რეჟიმით მუშაობას, ფიზიკურად ვერ მოვახერხებდი. ახლა მივეცი თავს უფლება, სერიალში გამომეცადა საკუთარი შესაძლებლობები. ჩემი გმირი ხასიათით ჩემგან ძალიან განსხვავდება. ვეცადე, სხვანაირი ვყოფილიყავი. მარიამს სხვაგვარი მანერები და ხასიათი აქვს, ნაზი, მომთმენი და მორიდებულია, ჩაცმის სტილიც ჩემგან განსხვავებული აქვს. ყველა სიტუაციაში ღირსეულად იქცევა და ეს ძალიან მომწონს, სწრაფად პოულობს გამოსავალს. როდესაც შენს გმირს არ ეთანხმები, მისი ქცევა არ მოგწონს, ცდილობ გაამართლო. ამ შემთხვევაში კი ვცდილობ, ანკასგან განსხვავებული ვიყო, რომ არ მგავდეს და რომელიმე სცენაში ჩემი გმირის ხაზს არ ავცდე.

anka23.jpg

- როგორ მიიღო მაყურებელმა მარიამი? მგონი, ეს პერსონაჟი შეუყვარდათ, არა? როგორია გამოხმაურება?

- ყველაზე დიდი ბედნიერებაა მსახიობისთვის, როცა მაყურებლის სიმპათიას იმსახურებს, როცა პერსონაჟს იღებენ, იყვარებენ ან თავის თავთან აიგივებენ. როგორც ვხედავ, ქართველ მაყურებელს სერიალი მოეწონა. ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, ეს დიდ სტიმულს მაძლევს, მათ ყოველთვის ვპასუხობ და მადლობას ვუხდი.

- ოჯახის წევრებისგან, ახლობლებისგან როგორი შეფასებები მოისმინეთ?

- მოეწონათ, რაც მთავარია, აღნიშნავენ, რომ ჩემს გმირს არ ვგავარ, მეც მინდოდა, რომ ამ სიტუაციაში ჩემი თავი არ მეთამაშა. ზოგადად თბილი ვარ, მაგრამ მარიამთან შედარებით, ბევრად ემოციური და მხიარული.

- ჯანსაღი კრიტიკა პროფესიულ ზრდაში რამდენად გეხმარებათ? ვისი აზრია ამ შემთხვევაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია, რათა განვითარდე. ყოველთვის ვისმენ სხვის აზრს და შემდეგ ვფილტრავ, რა შეიძლება გავითვალისწინო, რა - არა. სხვადასხვა დროს ძალიან დამხმარებია სწორი შენიშვნა და ახლაც მზად ვარ მივიღო. სიმართლე გითხრათ, არავის მოუცია შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვთამაშობ. ზოგჯერ დედაჩემს არ მოსწონს, როგორც გამოვიყურები. ზოგადად, ერთი ადამიანის აზრი არ არის ჩემთვის გადამწყვეტი. ეს სერიალი მაყურებლისთვისაა განკუთვნილი და მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ სხვის აზრს არა აქვს მნიშვნელობა. კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ძირითადად, მოსწონთ.

ankavasaze.jpg

- რას გვეტყვით პარტნიორებზე, შემოქმედებით ჯგუფზე?

- როგორც გითხარით, ამ შემოქმედებით ჯგუფთან ადრეც მიმუშავია და ვიცოდი, რომ ძალიან კომფორტულები იყვნენ. ახლა, ასეთი ხშირი გადაღებების შემდეგ, ეს მეგობრული გუნდი კიდევ უფრო შემიყვარდა. მათთან ბევრ დროს ვატარებ და ურთიერთობა მსიამოვნებს, მუშაობის პროცესში ეს ძალიან მეხმარება. ყველა მსახიობი კარგად თამაშობს და იხდენს თავის როლს. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ბევრისგან ვისმენ. მაყურებელს შესაძლოა რომელიმე პერსონაჟის ქცევა არ მოსწონდეს, მაგრამ მოსწონთ, როგორც თამაშობენ. მსახიობების შესარჩევად ბევრი დრო დასჭირდათ. კასტინგზე იმდენი კარგი მსახიობი შემხვდა და იმდენი არჩიეს, ამის გამო გადაღებები თავის დროზე ვერ დავიწყეთ.

- როგორც მსახიობისთვის, რომელი როლი უფრო საინტერესო სათამაშოა, როცა პერსონაჟი გგავთ, თუ როცა თქვენგან რადიკალურად განსხვავებულია?

- ჩემი პროფესია იმიტომ მომწონს, რომ შემიძლია ისეთი ვიყო, როგორც არასოდეს ვიქნები; რასაც ვერ წარმოვიდგენ, შეიძლება ის გავიაზრო და გავაკეთო. არის შემთხვევა, როცა მსახიობი კარგად, ბუნებრივად ასრულებს როლს, მაგრამ ისეთივეა, როგორიც ცხოვრებაში. როცა სერიალზე მელაპარაკებიან, სულ ამბობენ, როგორი გოგოა მარიამი, ჩემგან როგორი განსხვავებულია. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გმირი ჩემგან ფასეულობებით განსხვავდება. მარიამის ხასიათში ბევრი რამ მომწონს, უბრალოდ, ჩემი ამოცანაა, როგორც მსახიობმა, ემოცია სხვაგვარად გამოვხატო, სხვანაირი რეაქცია მქონდეს, თუნდაც სხვანაირი მზერა. პირდაპირ გეტყვით, საკუთარი თავის თამაში ბევრად იოლია.

anka-vasadze-1-1653029584.jpg

- რეალურ ცხოვრებაში აnნას მსგავსი მეგობარი რომ გყავდეთ, რას ეტყოდით მას?

- რთულია წინასწარ იმაზე საუბარი, ამა თუ იმ მოვლენაზე რა რეაქცია გექნება და როგორ მოიქცევი. ერთი ვიცი, ცხოვრებაში შეცდომები კარგ ადამიანებსაც მოსდით. არც მე ვარ მორალისტი, რომ არაჯანსაღი რეაქცია მქონდეს. მსგავსი შემთხვევა ჩემს სამეგობროში არ მქონია, ამიტომ ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ.

- როგორ ფიქრობთ, მეუღლის ღალატის თემა, ჩვენს რეალობაში აქტუალურია?

- ვფიქრობ, ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის აქტუალური იყო და ქართულ რეალობაში უფრო მამაკაცის მხრიდან ხდება. ანნას პერსონაჟს ქმარი რომ ღალატობდეს, ეჭვი მეპარება, მაყურებელს ასეთი მძაფრი რეაქცია ჰქონოდა. ღალატი ყველა შემთხვევაში ცუდია, ურთიერთობას ანგრევს. თავიდან ანნას როლზე ვიყავი დამტკიცებული და გადაღებების დაწყებამდე ორი დღით ადრე, მარიამის გმირზე გადამიყვანეს. ანნას პერსონაჟზე ნაფიქრი მაქვს და შემიძლია გითხრათ, ის გაუაზრებლად იქცევა, მოვლენები კი მისგან დამოუკიდებლად ხდება, მას თავისი საქციელი აწუხებს, მაგრამ თავს ვერ ერევა.

- ამ სერიალში თამაშის პარალელურად, მარჯანიშვილის თეატრის არაერთ სპექტაკლში ხართ დაკავებული, ამასთან, 2 შვილის დედა ხართ. ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება რთული არ არის?

- მინდა გითხრათ, ხანდახან გაუსაძლისია, ისე ვიღლები. ორი შვილიდან ერთი პატარაა და ღამე კარგად ვერ ვიძინებ. ამ ყველაფერთან ერთად, თეატრში რეპეტიციებიც დამეწყო, შვილების მოვლაში ოჯახის წევრები მეხმარებიან. პანდემიის დროს ვთქვი, რომ სიტყვას "დავიღალე" აღარ ვიტყოდი. მაშინაც კი, როცა დაღლილობისგან თვალები მეწვის, ვამბობ, რომ ეს ჯობია, მსახიობისთვის ესაა ბედნიერება. რაც მეტი საქმე მაქვს, მით მეტს ვასწრებ. ბედნიერებისთვის სტიმული და საქმე მჭირდება.

- არცთუ ისე დიდი ხნის წინ, დედა მეორედ გახდით. როგორი გოგოა ტუსია, როგორ მიიღო ის უფროსმა ძმამ?

- ნიკოლოზი სხვაზე ზრუნვას ეჩვევა.

anka-vasadze-3-1653029750.jpg

- თქვენს შვილებს შორის 11-წლიანი სხვაობაა. წლების შემდეგ შვილის გაჩენას სხვა შეგრძნებები ახლავს?

- რაც უფრო იზრდები, უკეთესი დედა ხარ. ნიკოლოზი რომ გავაჩინე, პატარა ვიყავი, მაშინ ბევრს ვღელავდი, ახლა უფრო გამოცდილი და მეტად მშვიდი ვარ.

- რა შეცვალა ტუსიას დაბადებამ თქვენს ოჯახში?

- ბუნებრივია, მეტი სიხარული და ბედნიერება შეგვმატა.

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

- ჩემი ოჯახი და მეგობრები. განსაკუთრებით დედა, ჩემი მეუღლე და ჩემი და - ნუცა.

- თვისება, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ, რომელია?

- უფრო ბეჯითი და სწრაფი მინდა ვიყო.

- თეატრისთვის ინტრიგები უცხო არ არის, როდესმე ცუდად შეგხებიან?

- არასდროს. არ ვიცი, ჩემი ბრალია, კოლეგების თუ ზოგადად ჩვენი თეატრის ურთიერთობების, მაგრამ არც მე ვარ კონფლიქტური და ძალიან ვაფასებ იმას, რომ თეატრში მისვლის დღიდან ყველა კარგად მექცევა.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"