"ჩემი შვილი დედით უკრაინელია, მას რუსი ცოლი ჰყავს და საიდუმლოდ მითხრა, რომ..." - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი დედით უკრაინელია, მას რუსი ცოლი ჰყავს და საიდუმლოდ მითხრა, რომ..."

"უკრაინაში სპორტის მიმართულებით, კალათბურთიდან დავდიოდი... პირველად 15 წლის წავედი, ოდესაში ვიყავი და გავგიჟდი, იმდენად მომეწონა... მერე ვიყავი კიევში, ხარკოვში... ჩემი ერთ-ერთი ვაჟი დედით უკრაინელია. 50 წლის წინ თბილისში დაიბადა, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე რომ გავშორდით, ეს ქალბატონი უკრაინაში წავიდა და ბავშვიც თან წაიყვანა...“

მსახიობი გეგე სულხანიშვილი ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ვრცლად და გულწრფელად გვესაუბრა:

- მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში მართლაც ძალიან დაძაბული სიტუაციაა ყოველმხრივ... ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე რომ ისმის საუბარი, ეგ ძალიან თითებიდან გამოწოვილი და ყოვლად არარეალური მგონია...

- ბოლო დღეებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ნიკა გვარამიას დაპატიმრებას, ამაზე რას იტყოდით?

- კარგს ვერაფერს - მის შესახებ! ძალიან ბევრი აიღო თავის თავზე... ადამიანმა შეიძლება რაღაც აიღოს საკუთარ თავზე, პირიქით - ძალიანაც მიყვარს ინიციატივიანი ადამიანები, მაგრამ ინიციატივასა და ბოღმას, ყველაფრის კადრებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა! უკადრებელს კადრულობდა! ამ ადამიანს არ ვიცნობ და ბედნიერი ვარ, რომ არ ვიცნობ... იმდენად საშინლად იქცეოდა, ისეთებს ლაპარაკობდა, მთელი საქართველოს 80% მაინც გაამწარა თავისი უგვანო ქცევით! ასეთი ქცევა მამაკაცს არ ეკადრება! საჯაროდ რომ გამოდიოდა - თქვენს სისხლს დავლევო, ვის გვგულისხმობდა ამ მუქარაში? აღარ ვიძახი ღვინოზე რა იკადრა... და ასე შემდეგ...

მე ასეთი უზნეო კაცი მეორე არ მეგულება! ეჭვი არ მეპარება, რომ განათლებულია, მაგრამ ინტელექტს როგორ გამოიყენებ და რა გზას მისცემ, ეგ არის მთავარი!

- ამ ყველაფრის გამო უნდა დაეპატიმრებინათ?

- ეგ არ მითქვამს! მის დანაშაულზე გამოძიება იმსჯელებს და სასამართლომ იცის... მე, უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვხატე, რომ არ მეწყინა, როცა დაიჭირეს, რადგან დაფიქრდება, ცოტა აზრზე მოვა და სხვანაირად მიმართავს ქართველ ერს... რა თქმა უნდა, უფლება გაქვს ოპოზიციაში იყო, ეს მთავრობა არ მოგწონდეს, მაგრამ ყველას მიმართ შხამს არ უნდა ანთხევდე!

- მთავრობის მიმართაც გაქვთ შენიშვნები?

- შენიშვნების მეტი რა მაქვს! რომელი მთავრობა ყოფილა, შენიშვნებს არ იმსახურებდეს?! მეც ძალიან ბევრს ვიტყვი, მაგრამ მნიშვნელობა აქვს თქმის სტილს, ბოღმა არ უნდა იყოს მთელი ქვეყნის მიმართ გამოხატული...

- ისმოდა მთავრობის წარმომადგენლების მიმართ კრიტიკა, რომ უკრაინას სათანადოდ არ დაუჭირეს მხარი...

- ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე პირიქით, მომხრე ვარ მთავრობის სიფრთხილის... აბსოლუტურად ვეთანხმები ფრთხილ და მოზომილ ნაბიჯებს... ჩვენ არც დღეს და არც კარგა ხანს ომის თავი არ გვექნება! სამი მილიონი ვართ და საომრად ასი ათას კაცს ვერ გამოიყვან, როცა იმ ქვეყანას მილიონი მეომარი ჰყავს... მე რომ ვიცი, ის ქვეყანა დამამარცხებს და მიწასთან გამასწორებს, ფრთხილად არ უნდა ვიყო?! ერთი თავში წამოკვრა კი არა, წკიპურტი გვეყოფა იქიდან, თავში ხელის წამოკვრაზე ხომ საერთოდ დავიშლებით! არ შეიძლება, ხალხო, სხვანაირად, რა! დღეს მთავრობა მაგ მხრივ სწორად იქცევა!

უკრაინის მიმართ მხარდაჭერა სხვა სახით არის გამოხატული და - ძალიანაც მკვეთრად! ეს მთავრობა უნდა გამოვიდეს და გიორგი გაბუნიასავით პუტინს დედა, ცოლ-შვილი აგინოს? შეიძლება საგინებელიც არის და უარესის ღირსიც, მაგრამ რა მოჰყვება, ის ხომ უნდა ვიცოდეთ! დედამიწიდან გავქრებით! სამი მილიონიდან რომ უმეტესობა კიდევ სხვაგან გაიქცეს, ჯერ ისედაც გაქცეულები ვართ და, ერთი ქალაქიც აღარ დავრჩებით.

შეიძლებოდა პოლიტიკის დონეზე მთავრობას მისი აზრი ცოტა უფრო მკვეთრად გამოეხატა, რაღაც მეტად პრინციპული ყოფილიყო, მაგრამ ყველაფრის გათვალისწინებით, მთლიანობაში მაინც დადებითად ვაფასებ მათ მოზომილ პოლიტიკას.

- უკრაინაში ყოფილხართ, გყავთ უკრაინელი მეგობრები?

- ღმერთო ჩემო, უკრაინაში, მგონი, უფრო ხშირად ვყოფილვარ, ვიდრე - თელავში... სასწაული, არაჩვეულებრივი ხალხია, უზარმაზარი სიყვარული აქვთ ქართველების მიმართ! სულ ასე იყო და დღესაც ასეა! ამჟამად ხუთი ქართველი, ბავშვობის დროინდელი მეგობარი მყავს უკრაინაში, რომლებიც დაოჯახდნენ და იქ ცხოვრობდნენ... ახლა ყველა მათგანი გაქცეულია უკრაინიდან და მათთან ყოველდღიური კავშირი მაქვს. მათ უკრაინაში სახლები დაკარგეს, საზღვარგარეთ მისცეს ოთახები, ყველანაირად ეხმარებიან, მაგრამ ერთს რომ ველაპარაკე, მაინც უკრაინაში უნდა მალე დაბრუნება... კიევთან ახლოს სოფელი, მეურნეობა ჰქონდა, როგორც კახელ კაცს შეშვენის, იქ ვენახი გააშენა, ბიზნესს აწარმოებდა...

უკრაინაში სპორტის მიმართულებით, კალათბურთიდან დავდიოდი...პირველად 15 წლის წავედი, ოდესაში ვიყავი და გავგიჟდი, იმდენად მომეწონა... მერე ვიყავი კიევში, ხარკოვში... ჩემი ერთ-ერთი ვაჟი დედით უკრაინელია. 50 წლის წინ თბილისში დაიბადა, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე რომ გავშორდით, ეს ქალბატონი უკრაინაში წავიდა და ბავშვიც თან წაიყვანა. მეც ძალიან ბევრს მეხვეწებოდა, უკრაინაში, ხარკოვში გადავსულიყავი, მაგრამ იქ საცხოვრებლად ვერაფრით გავძლებდი, მხოლოდ ერთი თვე თუ დავრჩებოდი, სიამოვნებით...

- სად არის დღეს თქვენი ვაჟი და რა გვარს ატარებს?

- ორივეს გვარზეა - ბონდარენკო-სულხანიშვილი... დაახლოებით, ხუთი-ექვსი წელია, დაქორწინდა, რუსი ქალი შეირთო ცოლად და მასთან გადავიდა საცხოვრებლად, როსტოვში... ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ხარკოვში ყველაფერი გაყიდა და იტალიაში გადავიდა.

- თქვენი შვილი დედით უკრაინელი, მამით ქართველი, რუსი მეუღლე ჰყავს და დღეს მხარს ვის უჭერს?

- ცოტა ხნის წინ ჩემს შვილს ველაპარაკე და თავად ვის დაუჭერს მხარს, მაგას რაღა ლაპარაკი უნდა?! მე მის მეუღლეზე მაინტერესებდა და მითხრა, ხმამაღლა თქმის ეშინია, თორემ, გაგიჟებას არის და ძალიან რცხვენიაო. დღეს ხალხს იქ იჭერენ, აჯარიმებენ, ციხეში უშვებენ, ღიად თუ გამოხატავენ პროტესტს...

ჩემს შვილს ხარკოვთან ახლოს აგარაკი ჰქონდა და ახლობლებთან რომ დაურეკავს, უთქვამთ, რომ ის სახლი რუსებს დაუნგრევიათ... საშინელებას სჩადიან და როგორ შეიძლება დღეს რუსეთის გამართლება?! არ მგონია, დედამიწაზე ადამიანი დადიოდეს, ვინც მათ საქციელს გაამართლებს!

- ზოგიერთი ცნობილი ქართველი მხარს უჭერს დღეს რუსეთის პოლიტიკას...

- მაგათ თავში რაღაც ძალიან დიდი პრობლემებია... მაგათნაირ ხალხს არც ვეკამათები, თუ სადმე შემხვდებიან, მხოლოდ გამარჯობას და ნახვამდის ვეტყვი, მეტს ვერაფერს გავიმეტებ!

15-დან 35 წლამდე კალათბურთს აქტიურად ვთამაშობდი და რუსეთში ძალიან ხშირად დავდიოდი... მოსახლეობის ძალიან ცოტა პროცენტია, რომლებსაც ხასიათში არ აქვთ იმპერიალიზმი, დანარჩენებს ნამდვილად აქვთ! ვინც განათლებული და ნაკითხია, მიხვდა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ასე დამპყრობლობა აღარ შეიძლება და სულ გაიქცნენ ქვეყნიდან!

(სპეციალურად საიტისთვის)