კატინი და ბუჩა: ორი დიქტატორის დანაშაული. ერთს შერჩა, რა ბედი ელის მეორეს?
საბჭოთა იმპერიას მრავალი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომელთაც ათწლეულების მანძილზე გულმოდგინედ მალავდნენ და მალავენ. მათგან ორი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: „მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის“ საიდუმლო დანართი, რომლის მიხედვითაც სტალინმა და ჰიტლერმა აღმოსავლეთ ევროპა (პოლონეთის, რუმინეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიები) გადაინაწილეს და „კატინის ტრაგედია“. საბჭოთა რეჟიმი ორივე ფაქტს საგულდაგულოდ მალავდა და დეზინფორმაციას ავრცელებდა: „რა გარიგება ჰიტლერთან, როგორ გეკადრებათ, სტალინი ამას როგორ გააკეთებდა“! „კატინის ტრაგედიის“ შესახებ კი ოფიციალური ინფორმაცია (უფრო სწორედ – დეზინფორმაცია) ამგვარი იყო: „საზიზღარმა ფაშისტებმა საბჭოთა ტერიტორიის ოკუპაციის დროს დახვრიტეს ათასობით საცოდავი პოლონელი“’! თუმცა „ბოროტების იმპერიის“ უკანასკნელ წლებში ამ დანაშაულების ნაწილს ფარდა აეხადა. ესეც იძულებითი ნაბიჯი იყო. 1990 წლის 13 აპრილს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩასულ პოლონეთის პრეზიდენტ ვოიცეხ იარუზელსკის ენკავედეს სამხედრო ტყვეთა და ინტერნირებულთა ყოფილი მთავარი სამმართველოს დოკუმენტების ასლები გადასცა, სადაც პოლონეთის იმ მოქალაქეების სიები (ძირითადად სამხედროების) იყო, რომლებიც 1940 წლის დასაწყისში იმყოფებოდნენ ენკავედეს ბანაკებში და შემდეგ „გაუჩინარდნენ“. რეალურად კი ისინი ჩეკისტებმა
სასამართლოს განაჩენის გარეშე, ე.წ. „სამეულის“ გადაწყვეტილებით დახვრიტეს. ვიზიტის დროს ვოიცეხ იარუზელსკიმ მოინახულა პოლონელთა სამარხი სოფელ კატინში და ხის კათოლიკური ჯვარი დადგა.
„კატინის ტყე“ მდებარეობს სმოლენსკიდან დაახლოებით 15-20 კილომეტრში. ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ტყე და მისი მიმდებარე ტერიტორია სიკვდილით დასჯის აღსრულების ადგილად იქცა. ამიტომაც ეს ტერიტორია საბჭოთა „პოლიტიკურ პოლიციას“ ( გეპეუ–ოგეპეუ–ენკავედე ) გადაეცა. მას შემდეგ ტერიტორიას განსაკუთრებით მკაცრად იცავდნენ. კატინში არის პოლონელების მასობრივი დახვრეტის ყველაზე მეტი სამარხები: 1940 წლის გაზაფხულზე იქ 5 ათასამდე ადამიანი დახვრიტეს და თხრილებში დამარხული. დახვრეტა ხდებოდა სხვა ადგილებშიც რუსეთის, ბელორუსისა და უკრაინის ტერიტორიაზე. სულ დახვრიტეს დაახლოებით 22 ათასი ადამიანი, მათგან უდიდესი ნაწილი პოლონელები იყვნენ. ყველაფერი კი 1939 წლის 17 სექტემბერს, „ წითელი არმიის“ პოლონეთში შეჭრით დაიწყო. მოსკოვმა ოფიციალურ ნოტაში სამხედრო მოქმედებები „პოლონეთის ამ რაიონებში მცხოვრები უკრაინელი და ბელორუსი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობით“ გაამართლა. დეზინფორმაციული რიტორიკა ხომ არ გეცნოთ? ამ დროს დაატყვევეს ათასობით პოლონეთის მოქალაქე: სამხედრო ოფიცერი, ჩინოვნიკი, პოლიციელი, ჟანდარმი და სხვ. რომლებიც საბჭოთა ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
1940 წლის აპრილ-მაისიდან საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი ტყვე პოლონელი ოფიცრების ოჯახები უკვე აღარ იღებდნენ წერილებს, რომლებიც მანამდე საერთაშორისო წითელი ჯვრის მეშვეობით რეგულარულად ეგზავნებოდათ. 1941 წლის 30 ივლისს პოლონეთ-საბჭოთა ხელშეკრულების დადებისა და იმავე წლის 14 აგვისტოს სამხედრო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში გახიზნულმა პოლონეთის მთავრობამ დაიწყო პოლონური არმიის ფორმირება სსრკ-ში, მათ იმედი ჰქონდათ, რომ საბჭოთა ბანაკებში მყოფი პოლონელი ოფიცრებისგან ახალ არმიაში უმცროს და უფროს ოფიცერთა კადრებს დააკომპლექტებდნენ. თუმცა 1941 წლის აგვისტოს ბოლოს განთავისუფლებული, პოლონელი ოფიცრების მხოლოდ ერთი ჯგუფი აღმოჩნდა, ხოლო დაახლოებით 8000 ოფიცრის გზა–კვალს პოლონეთის მთავრობამ ვერ მიაგნო. 1941 წლის 3 დეკემბერს, მოსკოვში ვიზიტის დროს, პრემიერ მინისტრმა სიკორსკიმ სტალინთან საუბარში ხაზი გაუსვა ყველა პოლონელი სამხედრო ტყვეს გათავისუფლების აუცილებლობას. თუმცა სტალინი არწმუნებდა სიკორსკის, რომ საბჭოთა მთავრობამ გაათავისუფლა ყველა პოლონელი ოფიცერი. პოლონელი გენერალი ანდერსი, რომელსაც დავალებული ჰქონდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პოლონეთის არმიის ფორმირება, ასე იხსენებს იმ შეხვედრაზე გამართულ საუბარს:
„სიკორსკი: თან მაქვს 4000-მდე ოფიცრის სია, რომლებიც იძულებით გადმოიყვანეს და ამჟამად ციხეებში და ბანაკებში იმყოფებიან, ეს ხალხი აქ არის. არცერთი მათგანი არ დაბრუნებულა.
სტალინი: შეიძლება გაიქცნენ?
ანდერსი: სად შეიძლებოდა წასულიყვნენ?
სტალინი: მაგალითად მანჯურიაში!
ანდერსი: შეუძლებელია ყველას გაქცევა!
სტალინი: ყველა უკვე გაათავისუფლეს, უბრალოდ ჯერ არ მოსულან .“
საბჭოთა დიქტატორმა მშვენივრად იცოდა, თუ სად იყო „გაქცეული“ ათასობით პოლონელი. საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ კატინისა და სხვა სამარხების ტერიტორია გერმანიის საოკუპაციო ზონაში მოხვდა. 1943 წლის თებერვალში გერმანელებმა კატინის ტყის ტერიტორიაზე აღმოაჩენა 150 მდე სამარხი. გერმანიის მიერ მოწვეულმა საერთაშორისო კომისიამ ჩაატარა ექსპერტიზა და დაასკვნა, რომ პოლონელების დახოცვა განახორციელდა 1940 წლის გაზაფხულზე ანუ გერმანელების მიერ ამ ტერიტორიების დაკავებამდე.
საბჭოთა კავშირი კი სასტიკად უარყოფდა რაიმე მონაწილეობას ამ დახვრეტებში. საბჭოთა რეჟიმის ფარისევლობა უფრო შორს წავიდა: 1978 წელს კატინის ერთ–ერთ სამარხს გარშემოარტყეს აგურის გალავანი, შიგნით კი დაამონტაჟეს მემორიალური სტელა წარწერით: ”ფაშიზმის მსხვერპლთ - პოლონელ ოფიცრებს, რომლებიც ჰიტლერელებმა 1941 წელს დახვრიტეს“. ამ დროს კი პოლონელების დახვრეტის ბრძანება საბჭოთა პოლიტბიუროს მიერ ჯერ კიდევ 1940 წლის 5 მარტს ყოფილა დამტკიცებული და მაისში უკვე შესრულებული! ელცინის პრეზიდენტობის დროს, საერთაშორისო ზეწოლის გამო, რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა გაესაჯაროებინა საბჭოთა ხელისუფლების დანაშაულის დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტები. 1992 წელს განსაიდუმლოებული საარქივო დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ 1940 წლის 3 მარტს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ლავრენტი ბერიამ სტალინს პოლონელების დახვრეტის წინადადებით მიმართა. სტალინი და პოლიტბიუროს სხვა წევრები რა თქმა უნდა დაეთანხმნენ .
„სრულიად საიდუმლო“ დოკუმენტზე გარკვევით ჩანს სტალინის, ვოროშილოვის, მოლოტოვის, მიქოიანის, კალინინისა და კაგანოვიჩის ხელმოწერები. შემდეგ გაირკვა საზარელი ფაქტი: 1940 წლის აპრილ–მაისში, როგორც "საბჭოთა ხელისუფლების დაუძინებელი მტრები და კონტრრევოლუციონერები", საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დახვრიტეს 22 ათასამდე ადამიანი, მათგან 97% პოლონელები იყვნენ. სიკვდილით დასჯას შემდეგნაირად ატარებდნენ: დახვრეტილებს ხელებს უკრავდნენ (ზოგჯერ თავზე ფარაჯასაც წამოაცმევდნენ) და მოჰყავდათ თხრილთან, რის შემდეგაც ახლო მანძილიდან პისტოლეტიდან ესროდნენ კეფაში. ერთ ჯერზე სრულიად უდანაშაულო 350–400 ადამიანს კლავდნენ. პოლონელების დახვრეტა, კატინის გარდა, ხდებოდა კიევისა და ხარკოვის ციხეებშიც. შემდეგ გვამები ქალაქგარეთ გაჰქონდათ და წინასწარ გათხრილ ორმოებში ერთად ჰყრიდნენ და ბულდოზერით მიწას აყრიდნენ.
„კატინის ტრაგედიის“ საკითხმა პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობები დიდი ხნის განმავლობაში გაართულა. 1943 წლის საერთაშორისო ექსპერტთა კომისიის წევრმა, იტალიელმა პროფესორმა ვ. პალმერმა 1973 წელს განაცხადა, რომ გერმანელების მხრიდან კომისიაზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და „ადრე თუ გვიან საბჭოთა კავშირს მოუწევს დანაშაულის აღიარებაო“. მართლაც ჯერ გორბაჩოვი, შემდეგ ელცინი, ბოლოს კი პუტინი იძულებულნი იყვნენ სიმართლე ეთქვათ „კატინის ტრაგედიის“ შესახებ.
2004 წელს რუსეთის მთავარმა სამხედრო პროკურატურამ დაადგინა, რომ ენკავედეს „სამეულმა“ 14 542 პოლონელი სამხედრო ტყვეს „სახელმწიფო დანაშაულის“ ჩადენის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ხოლო 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტმა დ. მედვედევმა აღნიშნა: „კატინის ტრაგედია ი. სტალინისა და მისი ხელქვეითების დანაშაულის შედეგია“.
2010 წლის 26 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო დადგენილება „კატინის ტრაგედიისა და მის მსხვერპლთა შესახებ“, რომელშიც აღიარებულია, რომ პოლონეთის მოქალაქეების მასობრივი სიკვდილით დასჯა კატინში განხორციელდა სტალინისა და პოლიტბიურო სხვა წევრების პირდაპირი მითითებით.
სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო „კატინის ტრაგედია“ არც მაშინ და არც შემდეგ წლებში სამწუხაროდ არ განიხილებოდა, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ნიურნბერგის სასამართლო პროცესებზე კატინის დანაშაულში პასუხისმგებელი პირები არ დასახელებულან და კატინის ბრალდება არ იყო შეტანილი საბოლოო განაჩენში, რადგან, სასამართლოს აზრით, საბჭოთა მხარემ არ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულება, რომ გერმანული დანაყოფები იყვნენ დამნაშავეები კატინის დახვრეტებში. 1951 წელს შეერთებულ შტატებში შეიქმნა აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპეციალური კომისია, რომელმაც გამოიძია „კატინის ტრაგედიის“ საკითხი. კომისია, არსებულ ჩვენებებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დანაშაული ჩადენილი იყო საბჭოთა კავშირის მიერ. სამწუხაროდ „საბჭოთა ბოროტების იმპერია“ 1991 წლის დეკემბერში არ დანგრეულა, მას ახალი სიცოცხლე ახალმა დიქტატორმა მისცა და „რუსეთი ბოროტების იმპერიად“ აქცია.
(პირველი ნაწილის დასასრული)