მოგვიხსენით სანქციები, გაგიხსნით პორტებს - რუსეთის შანტაჟს მხოლოდ "ჰარპუნები" თუ შეწყვეტენ...
რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ მარტო უკრაინის დამცველები და მოქალაქეები როდი ეწირებიან, შიმშილის წინაშე შეიძლება ასეულობით მილიონი ადამიანიც დადგეს მსოფლიოს ყველაზე გაჭირვებული ქვეყნებიდან, სადაც ძირითად საკვებს პური შეადგენს...
საქმე ის არის, რომ მარცვლეულის, მათ შორის - ხორბლის მსოფლიო ექსორტიორებს შორის ბოლო წლებში უკრაინას მეოთხე ადგილი ეკავა და შავი ზღვის თავისი პორტებიდან ყოველთვიურად 5 მლნ ტონამდე მარცვლეულს აგზავნიდა გემებით სხვა ქვეყნებში.
24 თებერვლიდან, ომის დაწყების პირველივე დღიდან, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა დაიწყო უკრაინის ძირითადი სავაჭრო საზღვაო პორტების - ოდესის, "იუჟნის", ჩერნომორსკისა და მიკოლაევის ბლოკადა და, შესაბამისად, საზღვაო ტვირთებს უკრაინა სამი თვეა, ვეღარ აგზავნის, რაც ომში მყოფი ქვეყნის ბიუჯეტისთვის სერიოზული დარტყმაა.
მაგრამ უკრაინაზე არანაკლებ გაეროში არიან შეშფოთებულნი, რადგან დღეს უკრაინას შეუძლია 20 მლნ ტონამდე ხორბლის გატანა, რომელიც ძალიან სჭირდებათ განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით კი - აფრიკაში, მაგრამ ამის ტექნიკური შესაძლებლობები რუსულმა საზღვაო ბლოკადამ მნიშვნელოვნად შეზღუდა.
თავად განსაზღვრეთ - ერთ ბალკერს (მშრალტვირთმზიდი სპეციალიზირებული გემი) 60 ათას ტონამდე ხორბლის მიღება და გადატანა შეუძლია, მაშინ, როდესაც სატვირთო ავტომობილს მხოლოდ ოციოდე ტონის, ანუ რამხელა საავტომობილო კოლონები იქნება საჭირო, რომ უკრაინული ხორბალი საავტომობილო გზებით რუმინეთისა და პოლონეთის საზღვაო პორტებში გადაიზიდოს, იქ გემებში ჩასატვირთად, და რამდენად გააძვირებს ეს პურის ფასს.
სარკინიგზო ეშელონებით მარცვლეულის გადაზიდვა ნაწილობრივ ხსნის ამ პრობლემას, მაგრამ უკრაინის შავი ზღვის პორტების დანიშნულებას მთლიანად მაინც ვერ ანაცვლებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასავლეთის ვიწროლიანდაგიან მარშრუტზე გადასვლისას საჭიროა ათასობით ვაგონის გადაყვანა 1 520 მმ-იანი სიგანის ლიანდაგიდან ევროპულ, 1 435 მმ-იანზე, რაც დიდ დროს მოითხოვს და სარკინიგზო საცობებს წარმოქმნის.
ამასთან, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ტექნიკური პრობლემაც - რუმინეთის, პოლონეთისა თუ ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვაო პორტებს წინასწარ დაგეგმილი საკუთარი ტვირთების ტრანსპორტირებაც ჰყოფნით და დამატებით მილიონობით ტონა უკრაინული ხორბლის გემებში ჩატვირთვა მათ პრობლემებს უმატებს...
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა განაცხადა, რომ უკრაინას მოჰყავდა ხორბლის მსოფლიო მოცულობის 12%, სიმინდის - 15% და აწარმოებდა მზესუმზირის ზეთის 50%-ს, რომელთა ექსპორტის ბლოკირება მსოფლიოს ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნებში სასურსათო კატასტროფას გამოიწვევს და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, უკრაინის საზღვაო პორტებიდან სასურსათო პროდუქციის გემებით გატანას მაინც მოუხსნას ბლოკადა.
მოსკოვის პასუხმაც არ დააგვიანა - მოგვიხსენით დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები და მოვხსნით უკრაინის პორტებიდან ხორბლით დატვირთული გემების გასვლის ბლოკადასო...
რუსული პოლიტიკური ვაჭრობა მართლაც ძალიან მაღალი ფსონებით მიდის - ჯერ რამე მნიშვნელოვანი ეფექტი არ მოუცია დასავლეთის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს და მისი შეჩერებით რაღა გამოვა?
დასავლეთი, ალბათ, არ წავა თავისივე დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნაზე რუსეთისთვის, თუმცა ამერიკულ პრესაში დღეს გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, დასავლეთმა შეიძლება დაუშვას ბელარუსისთვის ეკონომიკური სანქციების ექვსი თვით გაყინვა, რათა უკრაინული ხორბლით დატვირთულმა სარკინიგზო შემადგენლობებმა ბელარუსის გავლით ჩააღწიონ ლიეტუვის კლაიპედის საზღვაო პორტში, რისთვისაც სარკინიგზო ვაგონებს არ დასჭირდებათ ევროპულ ვიწროლიანდაგზე გადაყვანა - ყოფილ საბჭოთა კავშირში (მათ შორის - საქართველოშიც) ფართო სარკინიგზო ხაზი მოქმედებს.
მოკლედ, უკრაინაში მოყვანილი მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, რეალურად, მსოფლიო დონის პრობლემა შეიქმნა, რომლის სათავისოდ გამოყენებას კრემლი აქტიურად ცდილობს და ნებაყოფლობით ის უკრაინის შავი ზღვის პორტების დებლოკირებას არ განახორციელებს.
ამიტომაც რჩება ერთი და რეალური გამოსავალი - სამხედრო გზით რუსეთის საზღვაო ბლოკადის მოხსნა იმ დონემდე, რომ სავაჭრო გემებს არა მარტო უკრაინის პორტებიდან გამოსვლა, არამედ - შავ ზღვაში უსაფრთხოდ ცურვაც გარანტირებული ჰქონდეთ.
რუსეთს შავ ზღვაში ორი ძირითადი სამხედრო პორტი აქვს: ანექსირებულ ყირიმში - სევასტოპოლი და ჩრდილო-კავკასიის სანაპიროზე - ნოვოროსიისკი.
ნოვოროსიისკზე რა მოგახსენოთ, მაგრამ სევასტოპოლის სამხედრო პორტიდან გამოსასვლელის საიმედოდ ჩაკეტვა შეუძლიათ იმ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს, რომელთაც აშშ უკრაინას მალე გადასცემს ან უკვე ჩაუტანა კიდეც.
ეს არის კარგად ცნობილი ამერიკული ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი ფრთოსანი რაკეტა "ჰარპუნი" და უფრო თანამედროვე ნორვეგიული NSM-ი.
თუკი NSM-ის საბრძოლო მოქმედების მანძილი მხოლოდ 185 კმ-ია და მისი საშუალებით ოდესა-ოჩაკოვის მონაკვეთიდან კუნძულ ზმეინამდე შეიძლება საზღვაო აკვატორიის გაკონტროლება (ეს თანამედროვე ფრთოსანი რაკეტა კომპოზიციური მასალისგანაა დამზადებული და, შესაბამისად - ძნელად აღმოსაჩენი მოწინააღმდეგის ხომალდის რადიოლოკატორების მიერ), "ჰარპუნი" 280 კმ-მდე მიფრინავს და ისევე, როგორც უკრაინულ " ნეპტუნს", სევასტოპოლის ბუხტიდან გამოსასვლელის "ჩაკეტვაც" კი შეუძლია, რომ არაფერი ვთქვათ კუნძულ ზმეინთან მოდრეიფე რუსული ხომალდების სარაკეტო "მოსკვას" გზაზე გაშვებაზე...
პ.ს. სანამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინულ სავაჭრო პორტებს ბლოკავს, რუსმა სამხედრო "კომერსანტებმა" უკრაინის დროებით ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ათი ათასობით ტონა ხორბალი მოიპარეს, გემებში ჩატვირთეს და სირიაში ჩაიტანეს გასაყიდად...
პ.ს.ს. უკრაინის მარცვლეულის ბეღელი წელს და შემდეგომ წლებში ეტყობა, მნიშვნელოვნად "შეთხელდება", რადგან ის მინდვრები, სადაც ხორბალი, სიმინდი და მზესუმზირა უნდა მოიყვანონ, უკვე უხვად "დათესილია" ქვეით და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით, რომლებზეც რამდენიმე ტრაქტორი აფეთქდა...