"შკოდა" შეასკდა ტრაილერს, რომელსაც თურქი მძღოლი მართავდა და უცებ ხანძარიც გაჩნდა" - რას ჰყვებიან ბათუმში მომხდარ ავარიაზე - კვირის პალიტრა

"შკოდა" შეასკდა ტრაილერს, რომელსაც თურქი მძღოლი მართავდა და უცებ ხანძარიც გაჩნდა" - რას ჰყვებიან ბათუმში მომხდარ ავარიაზე

ავტოავარიის შედეგად მანქანაში ორი ადამიანი ჩაიწვა

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გამთენიას, ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბში. როგორც ირკვევა, მსუბუქი ავტომობილი საპირისპიროდ მიმავალ ტრაილერს შეეჯახა და შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მსუბუქ ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა. სამწუხაროდ, მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლო მძღოლმა და მისმა მგზავრმა, ორივე მანქანაში დაიწვა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, დასახმარებლად მისულებს ადგილზე ცხედრები დახვდათ. ადგილობრივების თქმით, მსუბუქად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. შესაბამისი სამსახურები ტრაგედიის ადგილას ამ დრომდე მუშაობენ და დროებით გვირაბში მოძრაობა შეჩერებულია.

"ეს საშინელი ტრაგედია გამთენიას, დაახლოებით 4 საათზეა მომხდარი. ორი ადამიანია გარდაცვლილი. როგორც ვიცით, ისინი ხელვაჩაურელები არიან. ერთი გვარად ფარტენაძეა, მასთან ერთად გარდაცვლილი მეორე ადამიანის ვინაობას ადგენდნენ. ორი საათის წინ ჯერ კიდევ უცნობი იყო მეორეს ვინაობა.

მსუბუქი ავტომობილი, "შკოდა" შეასკდა ტრაილერს, რომელსაც თურქი მძღოლი მართავდა და უცებ ხანძარიც გაჩნდა.

გამოძიება მიმდინარეობს და მომხდარის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა არის ვარაუდი, რომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ჩაეძინა. შეჯახების შემდეგ დაიწვა ავტომობილი.

როგორც ვიცი, ტრაილერის თურქ მძღოლს არაფერი სჭირს. ტრაილერიც ნაწილობრივ დამწვარია. ამ დრომდე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის შესწავლა და სპეციალისტები მუშაობენ. გვირაბი ჯერჯერობით ჩაკეტილია და მოძრაობა ჩაქვის გავლით ხდება.

ეტყობა მეორე მგზავრსაც ჩაეძინა მანქანაში, თორემ ხომ შეაფხიზლებდა მძღოლს. თუმცა ეს ჯერ ხალხის ვარაუდებია. რეალურად რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი, ამას ძალოვნები დაადგენენ. საშინელი ტრაგედიაა და ძალიან განვიცდით",- გვითხრა ჩაქვის მაცხოვრებელმა.

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

სპეციალურად საიტისთვის