ქალის სხეულის კონტროლი - რა აკრძალვები დაუწესეს მათ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ქვეყანაში - კვირის პალიტრა

ქალის სხეულის კონტროლი - რა აკრძალვები დაუწესეს მათ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ქვეყანაში

ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ თურქმენეთში ქალბატონებს წამწამების დაგრძელება, ბოტოქსის გაკეთება, თმის შეღებვა, წარბების ტატუაჟი და მანქანაში, წინა სავარძელში დაჯდომა აეკრძალათ. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ქვეყანაში მსგავს კანონებს ისე იღებენ, რომ ხშირად მათ არავინ აპროტესტებს.

მსგავსი უცნაური ინიციატივების ავტორი, ძირითადად, 40 წლის სერდარ ბერდიმუჰამედოვია. 2022 წლის 19 მარტს მან მამამისი, ქვეყნის პრეზიდენტი გურბანგული შეცვალა და თანამდებობაც დაიკავა. უკვე ტრადიციად იქცა ის ფაქტი, რომ თურქმენ ქალებს ხელისუფლება კარნახობს ქცევის წესებს, ეს კი მათი პირველი პრეზიდენტის - "თურქმენბაშის" დროს დაიწყო.

„თურქმენები ფიქრობდნენ, რომ მათი ახალი პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი უფრო პროგრესულ გზას აირჩევდა, ვიდრე მამამისი, მაგრამ შეცდნენ“.

ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანაში, ფაქტობრივად, აკრძალულია აბორტი, ორსულობის შეწყვეტა 12 კვირიდან 5 კვირამდე დაიყვანეს. ასეთ მცირე პერიოდამდე კი ქალთა ნაწილმა საერთოდ არ იცის, რომ ორსულადაა.

„იმიტომ, რომ ტრადიციებს ეწინააღმდეგება“

თურქმენეთში მცხოვრები ქალების ცნობით, მაისიდან ტაქსის მძღოლებმა მათ მანქანაში წინ დაჯდომაზე უარი განუცხადეს, მიზეზად კი ახალი კანონი დაასახელეს, რომელიც მათ ტაქსოპარკში წაუკითხეს.

სახელმწიფო დოკუმენტი, რომელშიც მსგავსი კანონი იქნებოდა აღნიშნული, არავის უნახავს. ეს ხშირად ხდება თურქმენეთში, როცა „ვერბალურ კანონს“ იყენებენ. საკმარისია პრეზიდენტმა უბრალოდ თქვას ახალი კანონი თუ განკარგულება, რომელიც არსად არ არის აღნიშნული და მის შესრულებას მთელი ქვეყანა მაინც იწყებს.

„თურქმენეთში 2017 წლიდან ქალებს მართვის მოწმობას აღარ აძლევენ, ამას კი წერილობით ვერ ადასტურებენ, ამიტომ ახალი შეზღუდვების შემოღება არავის გაჰკვირვებია“, - ამბობს Turkmen.news-ის რედაქტორი რუსლან მიატიევი.

თავად რედაქტორი თურქმენეთიდანაა, ამიტომ კარგად იცის, თუ რა შეზღუდვებს აწესებდნენ აქამდე ქვეყანაში. ჯერ კიდევ 2000-იან წლებში, თუ ვინმეს შორტები ეცვა, საზოგადოების მომსახურების ცენტრში შესვლა ეკრძალებოდა. მისი თქმით, ახლა ქვეყანაში სიტუაცია აბსურდამდეა მისული.

„ჩემს 5 თანამშრომელს ვთხოვე, მანქანაში წინ ჩამსხდარიყვნენ, ისინი საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და უკანა სავარძელში გადაჯდომა მოსთხოვეს“.

როგორც რედაქტორი ამბობს, ქალები ისევ გააგრძელებენ ყველაფრის კეთებას, რასაც აქამდე ღიად აკეთებდნენ, „უბრალოდ, ეს ყველაფერი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და არსად გაქრება“.

ჯარიმები და სამსახურიდან გათავისუფლება

ქალთა ნაწილმა, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობდნენ, განაცხადეს, რომ სამსახურში ფრჩხილის ლაქისა და წარბის ტატუაჟის მოშორება მოსთხოვეს. ისინი მოკრძალებულად უნდა გამოიყურებოდნენ.

„რადიო თავისუფლების“ თურქმენეთის ბიუროს ცნობით, რამდენიმე ავიაკომპანიამ ბორტგამცილებლები ტუჩზე გაკეთებული ბოტოქსისა და წარბის ტატუაჟის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა.

მკერდისა და ტუჩის გაზრდის გამო თანამშრომელთა ნაწილი დააჯარიმეს კიდეც. ესთეტიკის ცენტრთა და სილამაზის სალონთა მფლობელები კი გააფრთხილეს, რომ თუ ისინი ქალებს აკრძალულ მომსახურებას შესთავაზებდნენ, ან დააჯარიმებდნენ, ან 15 დღით დააკავებდნენ.

თვითმხილველთა თქმით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ეწყობა რეიდებიც. პოლიციელები იმ ქალებს აკავებენ, რომელთაც ფრჩხილის ან წამწამების დაგრძელება აქვთ გაკეთებული.

„ახალი აკრძალვები მე არ შემხებია, თითქოს, სხვა სამყაროში ვცხოვრობ“, - ამბობს BBC-სთან უმიდა (გოგონას სახელი შეცვლილია).

უმიდას თქმით, ის აშხაბადში, ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობს, ფრჩხილებსაც იგრძელებს და წამწამებსაც. ქალაქში, ძირითადად, ტაქსით გადააადგილდება, ტრადიციულ სამოსს კი მხოლოდ ოჯახში, დღესასწაულებზე იცვამს. უმიდას ვარაუდით, აკრძალვები საჯარო სამსახურის თანამშრომლებს შეეხო.

ხელისუფლების აზრით, არა მხოლოდ კოსმეტიკური ჩარევები ეწინააღმდეგება ტრადიციულ შეხედულებებს, არამედ - გრძნობების საჯაროდ გამოხატვაც...

რადიო „აზალტიკის“ – „რადიო თავისუფლების“ თურქმენული ბიუროს ცნობით, ერთ-ერთ ქალაქში პოლიციამ წყვილი დააკავა. ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ხელჩაკიდებულები დადიოდნენ. ამბობენ, დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და პირობა დაადებინეს, რომ საზოგადოების თვალწინ გრძნობებს აღარ გამოხატავენ.

მკაცრი აღზრდა

პოლიტოლოგ სერდარ აიტაკოვის თქმით, შეზღუდვები უკვე დიდი ხანია, მზადდებოდა, თუმცა მათი გასაჯაროება ახალი პრეზიდენტის სათავეში მოსვლას დაემთხვა.

tas2-1653046403.jpg

„თურქმენეთში მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი შიდა მიგრაციის პირობებში ცხოვრობს - პრაქტიკულად, ვერ მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სწორედ ამიტომ, მათ ლექციათა ციკლი გამორჩათ, რომელსაც უნივერსიტეტებსა და სკოლებში ატარებდნენ. სემინარის თემა „თურქმენული ტრადიციების განსაკუთრებულობა, ოჯახის სიწმინდე, ბავშვთა აღზრდა და ეტიკეტი“ იყო. ეს სემინარი წინაპირობა იყო იმისა, რომ მალე საზოგადოებას ახალ რეგულაციებს დაუწესებდნენ, პირველი შეზღუდვები კი ქალებს შეეხოთ“.

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, პრეზიდენტ სერდარს ბავშვობაში მკაცრად, ტრადიციული ღირებულებების მიხედვით ზრდიდნენ, რომლის მიხედვითაც ქალი დედა და დიასახლისია და - სხვა არავინ. ის ერთ მაღალჩინოსანსაც ციტირებს, რომელიც პრეზიდენტის ოჯახს კარგად იცნობდა:

„სერდარს სახლში ძალიან მკაცრად ზრდიდნენ, სკოლასა და უნივერსიტეტში კი ის ულტრანაციონალიზმსა და ფსევდოტრადიციონალიზმზე დაფუძნებულ გარემოში მოხვდა, რომელიც თურქმენეთის პრეზიდენტმა საფარმურატ ნიაზოვმა, "თურქმენბაშმა" შექმნა. აქ ქალს მხოლოდ დედისა და დიასახლისის როლი ჰქონდა, ემანსიპაციის გამოჩენა კი ანომალიური იყო. სულიერების მხრივ, სერდარი თურქმენბაშს უფრო ჰგავს, ვიდრე - მამამისს, გურბანგულ ბერდიმუჰამედოვს“.

tas3-1653046403.jpg

პოლიტოლოგის თქმით, უმცროსი ბერდიმუჰამედოვი მმართველთა იმ ტრადიციას აგრძელებს, რომელთა აზრით, საზოგადოების მარწუხებში მოქცევა მათ მმართველობას უფრო ხანგრძლივს გახდის, შიშით, დაკავებებითა და ფსიქოლოგიური წნეხით საზოგადოების მართვა უფრო მარტივია.

40 წლის სერდარი თურქმენეთის ყოფილი პრეზიდენტის, გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის ერთადერთი ვაჟია. მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 72% აიღო. ანალიტიკოსების თქმით, მას უკვე დიდი ხანია, ამზადებენ პრეზიდენტობისთვის. ქვეყანაში ძალიან ცოტა თუ ელოდა, ახალგაზრდა, მამამისზე პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკოსისგან ახალ აკრძალვებს, რომლებიც ქალებს შეეხებოდათ.

თურქმენეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა. აქ მმართველი კანონებს ისე იღებს, რომ მას არავითარი განხილვა და დამტკიცება არ სჭირდება. ქალთა შესახებ კანონი კი პირველად ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა - საფარმურატ ნიაზოვმა მიიღო, რომელმაც განაცხადა, რომ ქალების ადგილი სახლშია და ისინი „სახელმწიფო საქმესთან“ არ უნდა მიუშვა. სახლში კი ქალი ქალღმერთია და ოჯახის კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება, - ამბობდა ნიაზოვი, რომელსაც „თურქმენბაში“ - თურქთა მამის სახელი შეარქვეს და ხელისუფლების სათავეში 21 წელი იმყოფებოდა.

პირველმა პრეზიდენტმა მისი მოსაზრებები წიგნად გამოაქვეყნა, რომელსაც „რუჰნამა“ - „სულიერების წიგნი“ უწოდა. ის სკოლებში ისწავლებოდა.

ნიაზოვის დროს რეკომენდებული იყო, ქალებს ტრადიციული გრძელი სამოსი ეტარებინათ, გათხოვილ ქალებს კი თავსაბურავიც უნდა ჰქონოდათ. აღსანიშნავია, რომ ქალებს რელიგიური სამოსი, მათ შორის - ფარანჯა, არ უნდა ეტარებინათ. დღესაც კი თურქმენეთის ზოგიერთ ქალაქსა თუ სოფელში ქალები ტრადიციულ სამოსს ატარებენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ღირებულება, დაახლოებით, 2 ათასი დოლარია. წყარო