"რესტორანში მიდიოდნენ აღსანიშნავად და ეს ტრაგედია მოხდა" - რას ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი ავარიაზე, რომელსაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა? - კვირის პალიტრა

"რესტორანში მიდიოდნენ აღსანიშნავად და ეს ტრაგედია მოხდა" - რას ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი ავარიაზე, რომელსაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა?

20 მაისს, ბორჯომში, სოფელ ლარებთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, მასთან ერთად მანქანაში მყოფი სამი დაშავებული, კი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ამბობენ, ახალგაზრდები სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ. გარდაცვლილი ახალგაზრდა ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე აღმოჩნდა. ერთი ვერსიით, ავარიის მიზეზად სიჩქარე სახელდება. ითქვა, რომ ორი დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს და საუბედუროდ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა. მეორე ვერსიით, საპირისპიროდ მიმავალი ორი ავტომობილიდან ერთმა საავარიო ვითარების თავიდან ასაცილებლად გვერდით გადაუხვია, ამ დროს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მალევე მივიდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში ამბობენ, ახალგაზრდა ბიჭი შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი იყო, ხოლო სამი ადამიანი სხვადახვა დაზიანებებით "ჯეოჰოსპიტალში" გადაიყვანეს.

კლინიკაში ამბობენ, რომ დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „სამი ახალგაზრდაა შემოყვანილი, მათგან ორი ბორჯომის მაცხოვრებელია, ერთი, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა სტუმრად იყო. სამივეს საჭირო გამოკვლევები ჩაუტარდათ. სიცოცხლისთვის სახიფათო ნიშნები არ აღმოაჩნდათ. ერთ-ერთ დაშავებულს, გოგონას, მარჯვენა ლავიწის მოტეხილობა აქვს და იგეგმება ოპერაცია. დანარჩენენს სავარაუდოდ, უახლოეს რამდენიმე საათში გავწერთ კლინიკიდან“, - ამბობს კლინიკის ექიმი.

გარდაცვლილი ბიჭი ბორჯომში მცხოვრები ლუკა ლეკიაშვილია. ადგილობრივის თქმით, ბოლო ზარის შემდეგ ბავშვები მწვანე მონასტერში ავიდნენ მოსალოცად და იქიდან უკან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა.

"წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა. ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეეები სკოლის შემდეგ მონასტერში ასულან და იქიდან ხაშურში, ერთ-ერთ რესტორანში მიდიოდნენ, რომ აღენიშნათ ბოლო ზარი. გზაზე ტრაგედიაც დატრიალდა, სანამ იმ ადგილამდე მივიდოდნენ ავარია მოხდა და მანქანა წყალში გადავარდა. თვითმხილველები ამბობენ, ჩქარა მოდიოდა რამდენიმე მანქანაო. როგორც ჩანს, ამ მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოხდა ეს უბედურება. მისი დედა თურმე პედაგოგია და იმავე სკოლაში მუშაობს მასწავლებლად. ძალიან დიდი ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ ოჯახს", ამბობს ადგილობრივი.

ბიჭის ცხედარი ახალციხის პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამართალდამცავები იძიებენ. შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მე–6 ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარის რეალურ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

"კვირის პალიტრა " მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს და მის ახლობლებს.

(სპეციალურად საიტისთვის)