გაშეშებული ვიწექი და ვცდილობდი, ენგურის ღრიალში დანარჩენებისთვის მიმეწვდინა ხმა - საბედისწერო შეხვედრა ენგურთან - კვირის პალიტრა

გაშეშებული ვიწექი და ვცდილობდი, ენგურის ღრიალში დანარჩენებისთვის მიმეწვდინა ხმა - საბედისწერო შეხვედრა ენგურთან

იხილეთ წინა ბლოგი - გარემო მისტიკური ჩანდა - ადამიანის ჭაჭანება არ იყო, არც მანქანას ჩაუვლია... მხოლოდ გოლიათი მთები... მდინარე და ცხრანი - ლილიპუტებივით

სვანეთში ასვლა ბავშვობიდან მეოცნებებოდა. შორიდან კი კარგად "ვიცნობდი", მის მწერვალებს სიკვდილ-სიცოცხლით სამუდამოდ გადაჯაჭვული გმირების ვაჟკაცობის ამბებიც ბევრი მომესმინა, გურამ თიკანაძის "ღალატსაც" ვერ ვპატიობდი შხარას, მაგრამ... სვანეთთან პირისპირ შეხვედრა და მისთვის თვალის გასწორება მაინც ოცნებად მრჩებოდა. ჰოდა, პირველად ეს ოცნება ჩემმა ბიძაშვილმა - მუსიკოსმა და ჟურნალისტმა მანანა ხვედელიძემ ამისრულა... 2008 წლის ივნისში ანუ კოდორის ხეობის რუსებისთვის ჩაბარებამდე თვე-ნახევრით ადრე.

2-10-1653075325.jpg
შესანიშნავი ხუთეული - გოგა, თათია, მე, მიშო და მაიკო

იმხანად ფესტივალ "აღდგომიდან ამაღლებამდეს" დასკვნითი ნაწილი სვანეთში, კონკრეტულად კი - ლატალში უნდა ჩატარებულიყო. როგორც მახსოვს, ორი თუ სამი პატარა ყვითელი ავტობუსით გავემგზავრეთ. სწორედ მაშინ, ჩვენს ავტობუსში გავიცანი ჩემი ძვირფასი ბატონი გურამ დოჩანაშვილი, რომელთან წლების შემდეგ ურთიერთობამ დაუვიწყარი მოგონებები შემომინახა. ავტობუსში უმრავლესობა უფროსი ასაკის იყო, უმცირესობა კი ჩვენ, ახალგაზრდები ვიყავით - ჟურნალისტები მაიკო ღუღუნიშვილი, თათია პაქსაშვილი და მე, ასევე, ჩემი დაუდგრომელი უმცროსი მეგობარი, დღეს უკვე ცნობილი პოეტი და დოკუმენტალისტი მიშო ტყებუჩავა, იგივე "მებაღე" და იმხანად 18 წლის, დღეს უკვე ცნობილი ფოლკლორისტი, მომღერალი, პედაგოგი და სამი შესანიშნავი შვილის მამა, ამჟამად დედულეთში - ლატალში დასახლებული გოდერძი (გოგა) აფციაური.

3-8-1653075804.jpg
იონა წინასწარმეტყველის ხსნა ვეშაპისგან. იენაში

ახლა კარგი გზაა სვანეთისკენ, მაშინ კი სვანეთის მიხვეულ-მოხვეული აღმართი ჯერ კიდევ გრუნტიანი იყო. "შესანიშნავი ხუთეული" უკანა სკამებზე ვისხედით და ძლივს გადავურჩით ტვინის შერყევას – ყოველი ორმოს გადავლა ბატუტზე ხტომას უდრიდა, შესაბამისად - ჭერზე თავის არტყმას და ჩვენს ხმაურიან შეძახილებს.

4-11-1653075986.jpg
მესტია და ჩვენი გურამ დოჩანაშვილი

ლატალში, ოჯახებში გაგვანაწილეს და გოგას დამსახურებით შესანიშნავ, თბილ მასპინძლებთან, გოგას ბიძის, ჯიხური გირგვლიანის ოჯახში მოვხვდით. ყოველი დღე ოჯახის დიასახლისის უგემრიელესი "ჭვიშტარით" (მაშინ გავსინჯე პირველად), კალამ-ფურცელ მომარჯვებული მიშოს პოეტური ქმნილებებით ("სვანეთის სავანეთი" და ა. შ.), ასევე, გირგვლიანებთან ერთად სიმღერებით იწყებოდა და სრულდებოდა.

5-9-1653076037.jpg
მესტიის მუზეუმიდან დანახული კოშკები

ერთ საღამოს კი ტრაგიკულად დაღუპული სანდრო გირგვლიანის მამისეულ სახლშიც ამოვყავით თავი - კარი შევაღეთ და... კედელზე, მოცინარი სანდროს ყველასთვის ნაცნობმა ფოტომ შემოგვანათა... სწორედ იმ დღეს გავიცანით ოჯახის მასპინძელი ირაკლი გირგვლიანიც, სანდროს ღვიძლი ბიძაშვილი, შესანიშნავი ადამიანი, თამადა და მომღერალი, რომელსაც, სხვათა შორის, გამოსამშვიდობებელ საღამოს ნარდის თამაშში მოვუგე... ან მომაგებინა და... თავიც "დაისაჯა" - დღეს ქალმა ითამადოსო, გამოაცხადა და ეს საპასუხისმგებლო მისიაც დამაკისრა. მე ვიუარე და, საბოლოოდ, მაიკომ ჩაიბარა თანამდებობა...

6-9-1653076107.jpg
ჩვენი სვანები - მამუკა, ირაკლი, გოგა და იკა

ამ მოგზაურობის დაუვიწყარი მოგონება იყო საბედისწრო შეხვედრა ენგურთან, კინაღამ საბედისწერო... ვიდრე ირაკლი და მამუკა გირგვლიანები კონცერტის რეპეტიციას გადიოდნენ, 18 წლის გოგამ და მისმა 17 წლის დეიდაშვილმა ირაკლი კვანჭიანმა ლატალის დასათვალიერებლად წაგვიყვანეს.

7-10-1653076630.jpg
ლატალელი თხები

ახალი ნაწვიმარი იყო. ულამაზესი ადგილები გავიარეთ, თხებიც შემოგვხვდნენ და მოვესიყვარულეთ, პატარა მდინარის ხიდიც გადავიარეთ და ხმაურიან ენგურსაც მივადექით. ნაწვიმარზე ფეხი ძალიან მიცურავდა და მივხვდი, დანარჩენებთან ერთად ენგურის პირას ჩასვლას ვერ შევძლებდი, ამიტომ ვიფიქრე, ზემოდან მაინც გადავხედავ ამ მრისხანე მდინარეს-მეთქი. ფრთხილად წავედი, მაგრამ... ფეხზე მდგომი, უცებ დავცურდი. 4 მეტრიც არ მრჩებოდა კლდის კიდემდე. თითქოს თვალთ დამიბნელდა, პირი გამიშრა, შიშისგან ხმაც ჩამიწყდა. ერთადერთი, მოვიფიქრე, იქვე წავქცეულიყავი და ქუსლები ჩამერჭო მიწაში... ალბათ, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იყო!

8-10-1653076699.jpg
სიცოცხლით ვტკბები - ენგურს გადარჩენილი

გაშეშებული ვიწექი და ვცდილობდი, ენგურის ღრიალში დანარჩენებისთვის მიმეწვდინა ხმა. წამებში ლამის მთელმა ცხოვრებამ გაირბინა, ცივმა ოფლმა დამასხა და... არ ვიცი, ჩემი ხმა გაიგონეს თუ, რომ აღარ გამოვჩნდი, იმიტომ ამომაკითხეს, ფაქტია, დღეს ცოცხალი რომ ვარ, გოგას და ირაკლის დამსახურებაა. ჩემი წამოყენება რომ სცადეს, კიდევ რამდენიმე სანტიმეტრით ჩავცურდი ქიმისკენ. ბოლოს ვიყვირე, ორივემ, ერთად ამწიეთ ჰაერში და ფეხზე დამაყენეთ-მეთქი! ეს ერთადერთი გამოსავალი იყო და... გაამართლა. მადლობა უფალს, რომ გადავრჩი. ენგურს კი მაინც გადავხედე, ოღონდ ბალახიანი ადგილიდან მივედი კლდის პირას და სამახსოვრო ფოტოც გადავიღე...

9-10-1653076758.jpg
ენგური მუზად - მიშო მორიგ შედევრს ქმნის

ცხადია, მარტო სიმღერითა და ლექსებით სავსე არ იყო ჩვენი სვანური თავგადასავალი - მესტიის მუზეუმიც დავათვალიერეთ, ლატალის მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლებისა და იენაშის იონა წინასწარმეტყველის ტაძრებიც. XIV საუკუნის იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში ვნახეთ უიშვიათესი ფრესკა, რომელზეც გამოსახულია იონა წინასწარმეტყველის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდი - გველეშაპისგან მისი ხსნა. მსგავს ფრესკას და იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარს საქართველოში ვერსად ნახავთ... ცხადია, ახლა თუ არ ააშენეს სადმე.

10-10-1653076804.jpg
აქ გადაიღეს ფილმი „სვანი“

მოგზაურობა დაუვიწყარი აღმოჩნდა, ხოლო სვანეთთან და ჩვენს უსაყვარლეს ოჯახთან გამომშვიდობება კი - ძალიან ემოციური. ისიც არ ვიცოდით, კიდევ როდის მოვხვდებოდით სვანეთში, როდის შევხვდებოდით. და მაინც მოვხვდი სვანეთში, წლების შემდეგ, თანაც ორჯერ და ამ ამბებსაც გზადაგზა მოგიყვებით. იმასაც დაბეჯითებით გეტყვით, რომ საქართველოს მთიანეთში ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ დღემდე მაინც სვანეთი მრჩება უდიდეს სიყვარულად და ერთადერთ მუზად, რომელიც ლექსებსაც კი მაწერინებს.

11-11-1653074908.jpg
ხოჩაამდ უ ხარი - დამშვიდობება ჩვენს მასპინძლებთან

ეს ლექსი კი იმავე ზაფხულს თბილისში დავწერე და "სვანეთიდან გამოყოლილი" დავარქვი. ასე იქცა მუზად სვანეთი...

შორს გაგექცევი და

დაგემალები...

ენგურს გადავალ და

მთას შევეფარები.

დამედევნები და

ძებნას დამიწყებს გზააბნეული შენი თვალები...

მთა ნისლს მოგაყრის და

შემოგეფეთება

უმთვარო ენგური და ღამე - საზარები...

გულით ჯანღს გააპობ,

მზეს შეებრალები -

ცის-სარტყელს შეჰკრავს და...

მეც გაგედარები!

ირმა ხარშილაძე

2008 წ. ზაფხული

(გაგრძელება იქნება)