ვინ იყო PP-8 ტიპის ბომბდამშენის ეკიპაჟის ერთადერთი ქართველი წევრი - 102 წლის ვეტერანის მოგონებები - კვირის პალიტრა

ვინ იყო PP-8 ტიპის ბომბდამშენის ეკიპაჟის ერთადერთი ქართველი წევრი - 102 წლის ვეტერანის მოგონებები

სამამულო ომის ვეტერანის, 102 წლის ვასილ ლეონიძის მოგონებები

სამამულო ომის ვეტერანი, 102 წლის ვასილ ლეონიძე იმ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრია, რომელმაც 1943 წლის აგვისტოში ბერლინის დაბომბვა განახორციელა. ბომბდამშენის ბორტზე ის ერთადერთი ქართველი გახლდათ. როდის დაიწყო მისი მომზადება ბრძოლისთვის, როგორ მოხვდა სპეცდანიშნულების დივიზიის შემადგენლობაში, ვის ეხებოდა ამ ტიპის თვითმფრინავებისთვის დავალების გაცემა... მეორე მსოფლიო ომსა და თავის პროფესიაში მიღებული არაერთი მედლისა და ჯილდოს მფლობელი, საქართველოს დამსახურებული მელიორატორი ბატონი ვასილ ლეონიძე ომისდროინდელ და ომის შემდგომ ამბებს იხსენებს.

- სკოლა დავამთავრე და მოსკოვის წყალთა მეურნეობის საინჟინრო ინსტიტუტის („მიივხ“) სტუდენტი გავხდი. მესამე კურსი რომ დავხურე, პრაქტიკაზე უნდა წავსულიყავით ბელორუსიაში. 21 ივნისს სამამულო ომი დაიწყო. სტუდენტები დილის შვიდ საათზე საერთო საცხოვრებლის ეზოში გაგვამწკრივეს, ვაგონებში ჩაგვსხეს და ბელორუსიაში წაგვიყვანეს. იქ ვთხრიდით ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს. მერე საავიაციო ჯგუფში აღმოვჩნდი. გარკვეული კურსის გავლისა და მომზადების შემდეგ ბორტმექანიკოსის პროფესიას დავეუფლე. ამ საქმეს ფრანგები გვასწავლიდნენ, ისინი საუკეთესო სპეციალისტები იყვნენ. პირველი სამი ფრენა შევასრულე E-8 ოთხმოტორიანი თვითმფრინავით. სამხედრო სპეცმომზადების შემდეგ იმ საავიაციო დივიზიაში მოვხვდი, რომელიც მხოლოდ ორი ადამიანის - საბჭოთა კავშირის ლიდერისა და გენშტაბის ხელმძღვანელის ბრძანებებს ასრულებდა. ვიყავი PP-8 ტიპის საომარი ბომბდამშენის ეკიპაჟის წევრი. ეს იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე მძლავრი საჰაერო ხომალდი, საკმაოდ დიდ სიმაღლეზე ადიოდა, უდიდეს სიჩქარეს ავითარებდა და ყველაზე დიდი - ხუთტონიანი ჭურვის ჩამოგდება შეეძლო.

- ბერლინის დაბომბვის ეპიზოდზე მიამბეთ...

- 11 ბომბდამშენი თვითმფრინავიდან მისია მხოლოდ ექვსს დააკისრეს, აქედან სამი დაბრუნდა უკან, ლენინგრადში. საჰაერო ბრძოლები ძირითადად ღამით მიდიოდა. ის კი იცი, რომ უნდა დაბომბო („რულევოი“ ვიყავი), მაგრამ ირგვლივ სიბნელეა. ხვდები ზონაში, სადაც ტყვიების ზუზუნია მარჯვნივ, მარცხნივ, უკან... თუ იღბალი გაქვს, გამოხვალ. ჩვენ გამოვედით, კარგი მეთაური გვყავდა. პარაშუტები გვქონდა, მაგრამ არ დაგვჭირდა. ჩემი მეგობრის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თვითონ გადარჩა, გადმოხტა და პარტიზანებმა გადაარჩინეს. საერთოდ, პარტიზანებს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის განადგურება ევალებოდათ, თუ ის არ აფეთქდებოდა. გერმანელებმა მაინც მოახერხეს მისი ანალიზი და დაასკვნეს: საბჭოთა ბომბდამშენებს აქვთ პროფილი - შესანიშნავი, წარმოება - კუსტარული, ძრავები - ნაგავი. როცა ჩემი თვითმფრინავი საბრძოლო ოპერაციებისთვის უვარგისი გამოდგა, ოფიცრებისთვის სავარჯიშოდ გადააკეთეს. სპეცდანიშნულების საავიაციო დივიზიიდან გადამიყვანეს „ლენდ-ლიზის“ აქტის ფარგლებში ტვირთების გადაზიდვაში. მოკავშირეები, ძირითადად ამერიკის მხარე, გვაწვდიდა თითქმის ყველანაირ სამხედრო ტექნიკას - ავიაგამანადგურებლებს, ავიაკობრებს, ტანკებს, სატვირთო მანქანებს, რომლებზეც ე.წ. კატიუშა მაგრდებოდა. თვითმფრინავები ტვირთებით ამერიკელებს ალასკიდან ახალი მიწის ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, იქ ჩვენ ვხვდებოდით და მერე ფრონტს ვაწვდიდით.

samx2-1653136189.jpg

- ომს ბევრი სირთულე ახლავს, ყველაზე მძიმედ რა გახსენდებათ?

- სანამ ბრძოლაში ჩავერთვებოდი, ზოგჯერ სიცივე და შიმშილი იმდენად გაუსაძლისი იყო, რომ მიფიქრია, სჯობია ვიბრძოდე-მეთქი.

- სად შეხვდით ომის დამთავრებას?

- ჩეხოსლოვაკიაში ვიყავი. გახარებული გამოვვარდი ოთახიდან. აღფრთოვანებული ისე ვყვიროდი, იქ მყოფმა გოგონებმა შენიშვნაც კი მომცეს, - რა გაყვირებსო?!

- რატომ არ დარჩით ავიაციაში და როდის დაბრუნდით საქართველოში?

- ავიაცია დიდად არ მაინტერესებდა. სამამულო ომის შემდეგ, მოსკოვში სწავლა გავაგრძელე ჩემს ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1948 წელს და მაშინვე თბილისში ჩამოვედი. იმათ ვორონეჟში გამანაწილეს, მაგრამ არ წავედი. სარწყავი არხების (ქვემო სამგორის, ზემო ალაზნის და სხვა) დაპროექტებაზე ვმუშაობდი საქწყალპროექტში, ჩვენი დირექტორი გეიდარ ფალავანდიშვილი იყო. ამ დარგს კარგა ხანს ვემსახურე.

- როგორც ვიცი, თქვენი კლასელი იყო პეტრე გრუზინსკი, არა?

- პეტრეს გარდა, რეზო ლაღიძე და მარეხ გოძიაშვილი. ერთხელ მარეხის გამოსვლას ტაშკენტში ვესწრებოდი. მან იმღერა „თბილისო“, კონცერტის მერე ვუთხარი: მაგას როგორ წარმოვიდგენდი, რომ პეტრე დაწერდა ტექსტს, რეზო - მუსიკას, შენ იმღერებდი და მე კიდევ, დარბაზში მოვისმენდი ამ შედევრს-მეთქი.

- მეგობრებიდან ვინ შემოგრჩათ?

- ორი მეჯვარე მყავდა, უახლოესი მეგობრები - გოგი (გელა) ქვათაძე და გოგი შალამბერიძე, ჩემზე ახალგაზრდები (ორივე 1929 წელს დაიბადა). ქვათაძე ცოცხალია, თავის დროზე მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო. გიორგი შალამბერიძე გარდაიცვალა. ის ხელმძღვანელობდა მრავალი ენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობას, საპატიო ენერგეტიკოსის წოდება ჰქონდა.

- 100 წლისთავი როგორ აღნიშნეთ? საკუთარი დაბადების დღე გიყვართ?

- 14 იანვარს დავიბადე, ძველი ახალი წელი ისედაც დღესასწაულია. არ მიყვარს დაბადების დღის აღნიშვნა, 100 წელიც პომპეზურობის გარეშე, ოჯახურ წრეში მომილოცეს.

- მაგიდაზე წიგნი დევს, რას კითხულობთ?

- მათემატიკის წიგნია... ფიზიკა და მათემატიკა ყოველთვის მიყვარდა, ახლაც, თვალს გადავავლებ ხოლმე. მიყვარს პოეზია, ბოლოს ბაირონის ლექსებს ვკითხულობდი. სტალინის შესახებ ბიოგრაფიული წიგნები მაინტერესებს და სიამოვნებით ვეცნობი ამ სახის ლიტერატურას.

P.S. ბატონ ვასილს ჯანმრთელობას და წელთა სიმრავლეს ვუსურვებთ!

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"