"უკრაინას მხარი ძალიან ფრთხილად უნდა დავუჭიროთ" - კვირის პალიტრა

"უკრაინას მხარი ძალიან ფრთხილად უნდა დავუჭიროთ"

მომღერალმა ზურაბ ხაჩიძემ რამდენიმე წლის წინ პოლიტიკაში გადაინაცვლა და ახლა სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილეა. დავინტერესდით, რას ფიქრობს პოპულარული მუსიკოსი უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

- ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. ვფიქრობ, ამ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას დღემდე ვერ გაუანალიზებია, რომ საბჭოთა კავშირს ვეღარ აღადგენს და მის მეზობელ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დამოუკიდებლობა სჭირდებათ. სამწუხაროდ, საქართველოს და უკრაინას ერთნაირი ხვედრი ერგო, ეს ხომ ჩვენთვის ძალიან ახლობელი, მეგობარი ერი და ქვეყანაა! ალბათ არავინ ელოდა, რომ რუსეთი უკრაინის მიმართ ასეთ აგრესიას გამოავლენდა. სამწუხაროა, რაც დღეს ხდება; ყველაზე მძიმე მაინც ისაა, რომ ამ ომს უდანაშაულო ხალხი ეწირება! აშკარაა, რუსეთი უკრაინას დამოუკიდებელი განვითარების საშუალებას არ აძლევს. არ მეგონა, რომ ეს ომი დაიწყებოდა, მით უმეტეს, რომ მონათესავე ერები არიან. ისიც არავის ეგონა, თუ უკრაინელები ამდენ ხანს გაუძლებდნენ. მოლოდინი მაქვს, რომ ეს ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება, თუ მსოფლიო ლიდერები მის შეწყვეტას არ მოინდომებენ. დიპლომატია მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაპოვარია, საქმე ომამდე არ უნდა მიდიოდეს, რადგან ერთი ბავშვის სისხლი და ცრემლი არ მიღირს იმად, რაც ხდება უკრაინაში, სირიაში ან სხვა ქვეყნებში. ამ უბედურებაზე ყველამ ხმა უნდა ამოიღოს. მსოფლიო თანამეგობრობამ ორივე ქვეყნის ლიდერები ერთად უნდა დასვას და მოლაპარაკება დაიწყოს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება სიტუაციის განტვირთვა და მოგვარება. ის, რაც 2008 წელს მოხდა, რაც 1992-1993 წლებში აფხაზეთში დატრიალდა, ახლა უკრაინაში მეორდება. რუსეთი ის ქვეყანაა, რომლის დაქირავებული მეომრები აფხაზეთში ჩვენი ბიჭების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ. როგორია რუსული არმიის ქმედებები, ქართველებმა ყველაზე უკეთ ვიცით.

- ოპოზიცია ლამის ყოველდღიურ რეჟიმში აკრიტიკებს ჩვენს მთავრობას, რომ ის ინერტულია და მოძმე ქვეყანას სათანადო დახმარებას ვერ უწევს. ამაზე რას იტყვით?

- ამ კრიტიკას ვერანაირად ვერ დავეთანხმები, რადგან გაეროში, ევროსაბჭოში, ჰააგის სასამართლოში - ყველგან საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა და უამრავი ქმედითი ნაბიჯი გადადგა. პრემიერმა ღარიბაშვილმა არაპოპულარული განცხადება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ სამშვიდობო პოლიტიკას გაატარებს, მაგრამ რაც უნდა აკრიტიკონ პრემიერის ეს განცხადება, მას მხარს ვუჭერ: ღარიბაშვილმა ის თქვა, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს. სახარებაში წერია - არს ჟამი ქვების სროლისა და ქვების შეგროვებისაო... დღეს ჩვენი ქვეყანა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ დაკარგული ტერიტორიები საომარი მოქმედებებით დაიბრუნოს. პირიქით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები მშვიდობიანი გზით უნდა მოვაბრუნოთ. ჩვენი ეკონომიკა იმ დონეზე უნდა განვითარდეს, რომ მათ თავად მოინდომონ ჩვენს ისტორიულ საზღვრებში დაბრუნება. ამიტომ ახლა მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ვიყოთ ფრთხილები, მაგრამ ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე უნდა გავატაროთ უკრაინის მხარდამჭერი, მკაცრი პოზიცია. ამ სიტუაციაში ხელისუფლებას ვუდგავარ მხარში და მთლიანად ვეთანხმები ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც სწორი და ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი ქვეყანა სამშვიდობო პოლიტიკას ინარჩუნებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო ტრიბუნაზე ჩვენს სათქმელს არ ვამბობთ და უკრაინას მხარს არ ვუჭერთ.

- და მაინც, ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლების პოლიტიკა სულ სხვა რამეზე მეტყველებს და ამ პოლიტიკით რუსეთი სარგებლობს.

- როგორ?.. თვითონ უკრაინულმა მხარემ გამოაქვეყნა მონაცემი, რომ საქართველო პირველ ადგილზე დგას ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად ჩავიდა ბუჩაში და უკრაინელებს სამძიმარი გამოუცხადა. რასაც საქართველოს ხელისუფლებას აბრალებენ, ეს არის ოპოზიციის რიტორიკა, რომელიც მუდმივად ჩასაფრებულია და ქვეყანას დესტრუქციის, არევისა და ჩამოშლისკენ უბიძგებს. ვერ დავეთანხმები პოზიციას, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ უკრაინას მხარი არ დაუჭირა. თუ ის მიაჩნიათ პრობლემად, რომ საქართველოში "მეორე ფრონტის" ხაზი არ იხსნება, ცხადია, ეს უგუნურობაა - უგუნური უნდა იყოს ადამიანი, რომ თავისი ქვეყანა საომარ მოქმედებებში ჩართოს. ახლა ჩვენს ქვეყანას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება, მხოლოდ ასე წავალთ წინ და ასე დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს მსოფლიო თანამეგობრობაში. მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელმაც ოთხი ომი ნახა და კარგად იცის, ეს რას ნიშნავს.

- გამოდის, 90-იანი წლების განსაცდელი თქვენც გამოიარეთ?

- სამწუხაროდ, ასეა. ცხინვალის ომიც მახსოვს, სადაც ჩვენს ტერიტორიას მამაჩემი იცავდა, და აფხაზეთის ომიც, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა! ბოლოს მივიღეთ ის, რომ დღეს საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულ ზღვართანაა. ახლა "მეორე ფრონტი" კი არა, განვითარებისკენ სწრაფვა გვჭირდება. მოგეხსენებათ, საზოგადოების ძალიან ბევრ ფენასთან მაქვს ურთიერთობა და ჩემ გარშემო 90-95% სამშვიდობო პოლიტიკის მომხრეა. ეს რუსეთის მხარდაჭერას ნიშნავსო, - ამტკიცებენ ოპოზიციონერები, მაგრამ ეს მათი რიტორიკაა, რომელიც დესტაბილიზაციასა და ქვეყნის არევას ემსახურება. რატომ?.. ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს არა აქვს შანსი, ხელისუფლებაში დაბრუნდეს, მათ მხოლოდ არეულობისა და სახელმწიფოს ჩამოშლის ხარჯზე აქვთ თეორიული შანსი, რომ ეს შეძლონ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება და ამ სიტუაციაში ქულების დაწერა და ჩასაფრებული პოზიციიდან ლაპარაკი არ შეიძლება... სხვათა შორის, რუსთაველზე, სადაც ომის დაწყებისას რუსული აგრესია გავაპროტესტეთ, ჩემს შვილთან ერთად ვიყავი, მაგრამ აქცია პოლიტიკურ მოთხოვნებსა და დემაგოგიაში რომ გადაიზარდა, იქაურობა დავტოვე.

- ბევრს კამათობენ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც პუტინის რეჟიმს გამოექცნენ და საქართველოში ჩამოვიდნენ. ხომ შეიძლება, ზოგიერთ მათგანს მტრული მიზნები ამოძრავებდეს?

- პირდაპირ გეტყვით: უშიშროების სამსახური საკმაოდ კარგად მუშაობს. 2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ფაქტს, რომ პროვოკაციებს საქართველოში ადგილი ჰქონოდა. ჩვენ არა გვაქვს უფლება, ვინმეს რაიმე დავაბრალოთ ან ვინმე ჩავქოლოთ. ადამიანს, რომელიც თავის მთავრობას გამოექცა, თავისი გაჭირვებაც ეყოფა. თუ პროვოკატორია და მისი სურვილია, აქ არეულობა მოაწყოს, დარწმუნებული ვარ, უშიშროების სამსახური ამას დროულად გამოავლენს. ყოველ შემთხვევაში, მათი ქმედებებით ჩვენს ქვეყანაში საფრთხე ჯერ არავის დამუქრებია. ბევრ მათგანთან მისაუბრია და ვიცი, რომ შეწუხებულნი არიან რუსეთის ახლანდელი ხელისუფლების პოზიციით. ზოგი ჯარს გამოექცა, ზოგი - საომარ მოქმედებებს და ზოგი - ხელისუფლებას. ყველას თავისი მიზეზი აქვს. ადამიანს თავის ქვეყანაში თუ არ დაედგომება და აქ ჩამოსვლა ურჩევნია, ჩამოვიდეს და იყოს.

- რუსეთის მოქალაქეებმა რამდენიმე თვეში 191 კომპანია დაარეგისტრირეს. ჩნდება ეჭვი - ეს რუსეთისთვის სანქციებისგან თავის დახსნის საშუალება ხომ არ არის?

- ჩვენი ქვეყანა თავისუფალია, აქ ბიზნესის წამოწყებაც ადვილია, ამიტომ, ადამიანი თუ ჩამოვიდა და აქ ბიზნესი დაიწყო, თუ შემოწმებულია სპეცსამსახურების მიერ და ყველა ინსტანცია აქვს გავლილი, ჩვენ რა უნდა ვქნათ? მთავარია, პროვოკაცია არ მოხდეს და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას და სპეცსამსახურებს იმდენი გამჭრიახობა აქვთ, რომ ქართველი საზოგადოება ამ ტიპის საფრთხისგან დაიცვან.

- აუცილებლად უნდა დაგისვათ შეკითხვა, რომელიც საქართველოში ბევრს აწუხებს: რა მოხდება, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი რომ გადაუვადონ, სამკურნალოდ გაუშვან და მისი სიცოცხლე რისკის ქვეშ არ იყოს?

- დაჭერილ კაცზე არაფრის თქმა არ შემიძლია, ამიტომ მოკლე კომენტარით შემოვიფარგლები: სასჯელაღსრულების სისტემაში უამრავი მძიმე პაციენტი გვყავს, მაგრამ მესამე პრეზიდენტს ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ. დარწმუნებული ვარ, თუ საჭირო გახდება, მას უცხოეთშიც გაიყვანენ. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ყველაფერი კონტროლზეა აყვანილი და რომ არა პროტესტის ნიშნად საკვებზე უარის თქმა, სააკაშვილს ეს პრობლემები არ ექნებოდა. სხვათა შორის, მასზე "მძიმე" უამრავი პატიმარი გვყავს და მათ რა ვუთხრათ, როდესაც ასეთი პრეცედენტი მოხდება?

- პოპულარული ჯგუფის - "ქუჩის ბიჭების" წევრი ხართ. მუსიკიდან პოლიტიკაში გადანაცვლება რატომ გადაწყვიტეთ და რამდენად რთული იყო ეს პროცესი?

- პოლიტიკაში უნებურად, 2007 წლიდან ჩავერთე, როცა საპროტესტო ტალღის მონაწილე გავხდი. ადრე ვერც კი წარმომედგინა, რომ პოლიტიკასთან შეხება მექნებოდა ან ოდესმე თანამდებობას დავიკავებდი. იმ რეჟიმმა გადამაწყვეტინა, ბოლომდე მებრძოლა. ადამიანებთან ურთიერთობა არასდროს მიჭირდა. ამავე დროს, სამცხე-ჯავახეთში გუბერნატორის მესამე მოადგილე ვარ. ტურიზმი, კულტურა, რეგიონის პოპულარიზაცია და ჩემი კუთხის წარმოჩენა მევალება - ამ საქმეს დიდი პოლიტიკოსობა სულაც არ სჭირდება, ამისთვის მონდომება და შენი კუთხის სიყვარულიც საკმარისია. ჩემი საქმე როგორ გამომდის?.. ამას ადამიანები წლების შემდეგ იტყვიან. ახლა მინდა, ჩემს რეგიონს, ჩემს ხალხს გულით ვემსახურო, დანარჩენი კი საზოგადოებამ განსაჯოს.

დაბოლოს, ჩვენს ჯგუფზეც გეტყვით: დღემდე ერთად ვართ და ისევ ვმუშაობთ. არაერთი სიმღერა გვაქვს ჩაწერილი, რომელსაც ფართო აუდიტორია სულ მალე გაეცნობა. "ქუჩის ბიჭები" უკვე 27 წლისაა, მაგრამ ისევ არსებობს, არ დაშლილა! ახალ სიმღერებსაც ვწერთ და როცა ვიკრიბებით, ყოველთვის ძველი შემართებითა და მონდომებით ვმუშაობთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"