"დედაჩემი ხშირად მეუბნება, წესიერად ჩაიცვი, ხალხი გიყურებსო..." - კვირის პალიტრა

"დედაჩემი ხშირად მეუბნება, წესიერად ჩაიცვი, ხალხი გიყურებსო..."

„ჩემს გემოვნებაზე მოგზაურობამ, მაღალ ხელოვნებასთან შეხებამ, ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვამ უდიდესი გავლენა მოახდინა... თუმცა, ყველაფერი ოჯახიდან მოდის და მე ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. დედა და მამა ძალიან წიგნიერი ხალხია, ბევრს მოგზაურობდნენ, იციან სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, ისტორია და მათი გავლენით, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე“, - გვეუბნება მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი...

- ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ოჯახი, მისი გარემოცვა და სოციუმი ახდენს; მნიშვნელოვანია სად იზრდები და ვითარდები, სად იღებ განათლებას... საწყის ეტაპზე ეს ფაქტორებია მნიშვნელოვანი, თორემ ადამიანი რაც უფრო იზრდება, მით უფრო ვითარდება, მსოფლმხედველობა ეცვლება, გემოვნებაც ეხვეწება (ან პირიქით)...

- როგორც ვიცი, მოგზაურობა მოგწონთ...

- გულწრფელად გეტყვით, მოგზაურობა ჩემი ჰობია... მიყვარს ახალი კულტურის, ტრადიციების, უცხო ქვეყნების თავისებურებების გაცნობა... მაინტერესებს მათი არქიტექტურა, სამზარეულო... სადაც ჩავდივარ, იმ ქვეყნის განსაკუთრებულ კერძს ვეძებ, ვაგემოვნებ. გურმანი ვარ.

პირველად ვიყავი ლიეტუვაში, ლატვიაში... შემდეგ იმდენი ვიმოგზაურე, დღეს უკვე აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად ნახევარი მსოფლიო მოვლილი მაქვს. საზღვარგარეთ ძალიან ბევრ ქალაქში მქონია კონცერტიც...

საზღვარგარეთ საყიდლებზე სიარული მიყვარს, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვნია იქაური კულტურისა და ისტორიის გაცნობა..

ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ქვეყანა იტალიაა, სადაც აღარც მახსოვს, რამდენჯერ ვიყავი... რომი, ფლორენცია, ნეაპოლი, პიზა, ვენეცია, მილანი - აი, ამ ქალაქებში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი... რომი - ეს ქალაქი-მუზეუმია. ადამიანი ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაოცებული რჩები, კულტურული შოკი გემართება...

nodiko-tatishvili-1653208299.jpg

წარმოიდგინეთ, საფრანგეთში ჩადიხარ და იმ შენობაში აღმოჩნდები, სადაც მეფეები ცხოვრობდნენ... ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში რომ შეხვალ, რაც კი ფილმები გინახავს ამ თემაზე, ყველაფერი შენს თვალწინ ცოცხლდება...

აი, ავიღოთ თურქული, ისტორიულ ფაქტებზე გადაღებული სერიალი „დიდებული საუკუნე“. მასში ხომ რეალური ამბებია ასახული ოსმალეთის იმპერიაზე. სტამბოლში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ერთ-ერთი ჩასვლისას დავათვალიერე სულთნის სასახლე, სულთან აჰმედის მეჩეთი, აია სოფია... ბევრი რამ რომ გაქვს წაკითხული თუ ეს ფილმიც ნანახი, შემდეგ ამ ადგილების დათვალიერებას სულ სხვა თვალით იწყებ...

წმინდა პეტრეს ტაძარში რომ შედიხარ, ხელმარჯვნივ საკურთხევლისკენ წმინდა პეტრეს ქანდაკებას თუ შეეხები, სურვილი უნდა ჩაიფიქრო. მე რამდენჯერაც ვიყავი და სურვილი ჩავიფიქრე, ყველაფერი ამისრულდა...

მოგზაურობის შთაბეჭდილებებიდან გამოვყოფდი ისრაელსაც... ჩემი პირველი ვიზიტი იქ 2010 წელს შედგა, როდესაც „ჯეოსტარი" მოვიგე და ისრაელის საგზური მაჩუქეს... მეგობრებთან ერთად მოვიარე იერუსალიმი, ბეთლემი, წმინდა გიორგის საფლავზეც ჩავედით. მაშინ ისრაელიდან ისეთი შეგრძნებებით წამოვედი, სულ რომ მემახსოვრება. ქრისტიანისთვის ყველაზე ამაღელვებელი ადგილია... შემდეგ კონცერტებით ვიმყოფებოდი ისრაელში, მაგრამ საქმიანი ვიზიტის დროსაც, ერთი დღე ექსკურსიისთვის ყოველთვის გამოყოფილი მაქვს.

- აზიურ ქვეყნებზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- ტაილანდი და მალაიზია სულ სხვა სამყაროა! ძალიან ფერადი და გამორჩეული... მდიდარი ისტორია, კულტურა, ტრადიციები. ყურადღებას ვერაფერზე გადაიტან, ირგვლივ ყველაფერი გხიბლავს... მალაიზიაში ვნახე აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მძინარე ბუდას ქანდაკება...

nodiko-tatishvili-3-1653208375.jpg

ამ ქვეყნების სამზარეულო ხომ საერთოდ, ფანტასტიკის ჟანრია. ჩემთვის იმდენად უნიკალური კერძები აქვთ, რომ მახსოვს, ვეღარ გავჩერდი და იქიდან წონაში საგრძნობლად მომატებული წამოვედი...

- ამერიკას "აღმოჩენას" ეძახით...

- ნამდვილად, ამერიკა ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენაა. ვიცით, რომ ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანაა, მაგრამ იმდენად განვითარებული, რომ გაოცებს! აქ ადამიანის უფლებები უმაღლეს ხარისხშია აყვანილი. ეს არის ქვეყანა, სადაც ჩადიხარ და იქაური ხალხის, გარემოს ნაწილი ხდები. ყველაფერს უმარტივესად ეჩვევი, გიყვარდება...

ნიუ-იორკი არის ქალაქი, სადაც ხელოვნების ყველა ჟანრი უმაღლეს დონეზეა და შეგიძლია მაქსიმალური სიამოვნება მიიღო... მანჰეტენზე მდებარე დარბაზებში ყველაზე დიდი ვარსკვლავების კონცერტები იმართება. აი, მაგალითად, მსოფლიოში აღიარებულ ჯაზის საუკეთესო კლუბ „ბლუ ნოუთში" 40-50 დოლარად ისეთ კორიფეებს მოუსმენ, მთელი ცხოვრება რომ გემახსოვრება... ნიუ-იორკშია მეტროპოლიტენ ოპერა, მსოფლიოს საუკეთესო საბალეტო დასი... მიდიხარ და, - რადიო სითი მიუზიკ ჰოლში ტონი ბენეტის და ლედი გაგას კონცერტია, სხვაგან ბრაიან ადამსი მღერის... მოკლედ, რასაც ინატრებ, იქ ყველაფერია... სამუზეუმო მიმართულებით რომ გადავინაცვლოთ, მეტროპოლიტენ მუზეუმი მსოფლიოში გამორჩეულია. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შეხვალ და იქ სასწაულების ნახვით იჯერებ გულს... ნიუ-იორკში გავლისას აღფრთოვანებას ვერ ფარავ! ის ჩემი ფავორიტი ქალაქია.

- რომელ ქვეყანაშია ყველაზე გემოვნებიანი მოსახლეობა?

- ასე ვერც ერთ ქვეყანას ვერ გამოვყოფ, თან არა მგონია, რომ ჩემი გემოვნებით უნდა განისაზღვროს სხვისი გემოვნების კოეფიციენტი. ყველა ქვეყანაში განსხვავებული გემოვნების ხალხია, ერთმანეთს არ ჰგვანან, მაგრამ სადაც შეგიძლია ყველანაირი გემოვნების ადამიანი ნახო, ეს ამერიკაა...

nodiko-tatishvili-2-1653208415.jpg

თბილისში რომ ადამიანმა ოდნავ ექსტრავაგანტურად ჩაიცვას, აუცილებლად ყურებას დაუწყებენ. ამერიკაში რაც უნდა გეცვას, გაკვირვებით არავინ შემოგხედავს. ნებისმიერის გემოვნებას პატივს სცემენ. ყველაზე ჭრელ და საინტერესო ჩაცმულობას იქ შევხვედრივარ. ინტერნაციონალური სახელმწიფოა, უამრავი ქვეყნის კულტურაა თავმოყრილი და არავის აქვს კომპლექსი. ამერიკა კიდევ იმით არის განსაკუთრებული, რომ დიდ მნიშვნელობას ნატურალიზმს ანიჭებენ. ბუნებრივები არიან ხასიათით, ჩაცმით, გარეგნობით. ბედნიერად ცხოვრობენ, ტკბებიან გარემოთი და შეზღუდვებით არ ინტერესდებიან.

- ამერიკასა და ევროპაში მოგზაურობამ ჩაცმულობის მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეცვალა?

- დიახ... ძალიან კარგად მახსოვს, 2010 წელს მე და ვაჟა მანია ერთად ვიმყოფებოდით საფრანგეთში, ვაჟა - ელ ჯეროს კონცერტზე, მე - სტივ უანდერის... პარიზში პირველად მივდიოდი და დიდ მზადებაში ვიყავი. რაც საუკეთესო ბრენდის სამოსი მქონდა, ყველაფერი წავიღე: დოლჩე და გაბანას ბოტასი, ზენიას შარვალი, სიქეის ზედა (იცინის). მეგონა პარიზში ყველა ბრენდებით დადიოდა, მაგრამ იქ ძალიან უბრალო და პრაქტიკული ხალხია. გაგანია ივლისში მე და ვაჟიკოს გვეცვა გამოწკეპილი სამოსი და პარიზელები „შლოპანცებით", მოკლე შარვლებით, ძალიან უბრალო მაისურებით დადიოდნენ... ჩვენს სამოსში ძალიან დაგვცხა, სერიოზული დისკომფორტი შეგვიქმნა და იქვე ერთ-ერთ მაღაზიაში შევედით, ორ ევროდ ვიყიდეთ "შლოპანცი", შორტებიც ძალიან იაფად, ათ ევროდ ზედა და უკვე გარემოს შესაფერისად ჩაცმულები ვიყავით...

ევროპაც ეგ არის, - თავისუფლება, კომფორტი და სიამოვნება. არა ის, რომ ვინმეს დაანახვო, რა გაცვია. ევროპა და ამერიკა ჩემთვის თავისუფლების ფლაგმანია.

- ცნობილი ქართველებიდან ვინ გახსენდებათ გამორჩეულად გემოვნებიანი?

- ძალიან ბევრი, მართლაც რომ სამაგალითო ადამიანი გვყავს ამ მხრივ, მაგრამ მათ ვერ ჩამოვთვლი, რადგან ვინმე გამომრჩება და საწყენი იქნება... შემიძლია გამოვარჩიო მხოლოდ ქალბატონი ნანი ბრეგვაძე...

ზოგადად, ჩაცმულობის მხრივ გემოვნება ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მთავარი ის არის, რომ კომფორტულად ვიგრძნო თავი. ჰოდა, თუ ბათუმში რომელიმე კლუბში მივდივარ სამღერად, შემიძლია შორტი, ბოტასი ჩავიცვა, მაგრამ ვიცი, რომ ფილარმონიის სცენაზე ხავერდის პიჯაკით ან სმოკინგით უნდა ვიდგე, ყველაფერს ხომ თავის დრო და ადგილი აქვს!

nodiko-tatishvili-1650435902.jpg

- ფერები, აქსესუარები...

- ადრე უფრო ვეძალებოდი შავ ფერს, მაგრამ რამდენიმე წელია, ნათელ ფერებზე გადავეწყვე. ეს ძალიან მახალისებს და მომწონს. რაც შეეხება აქსესუარებს, ვერ ვეგუები ბეჭედს, საყურეს, საათსაც ძლივს შევეჩვიე. ერთადერთი, გულზე მიკეთია ნათლობის ჯვარი და ღვთისმშობლის კულონი... საყურე ადრე ითვლებოდა თამამ ნაბიჯად და მე მაშინაც ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, რომ ამ თემაზე აქცენტირება და მისი განხილვაც კი ცოტა არ იყოს, უხერხულია. თავად უბრალოდ, მისი ტარების სურვილი არასდროს მქონდა. ვფიქრობ, არ მომიხდება...

- რას ურჩევდით ხალხს საიმისოდ, რომ მუდამ გემოვნებიანად გამოიყურებოდნენ?

- ძალიან არ მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ძვირად ღირებული სამოსით სხვაზე გავლენა მოახდინონ და ამით სხვებს რაღაც უპირატესობა დაუმტიცონ.

რაც შეეხება გემოვნებას, სასურველია ყველამ ჩვენი თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ... არა მგონია სწორი, მაინცდამაინც ის სამოსი ჩავიცვათ, რაც მოდაშია და თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდეთ. დედაჩემი ხშირად მეუბნება, - გარეთ რომ გადიხარ წესიერად ჩაიცვი, ხალხი გიყურებსო... მერე რა, რომ ცნობილი ადამიანი ვარ, მეც ხომ მჭირდება თავისუფლება?! შეიძლება შორტებით გავიდე მაღაზიაში და ამაში ცუდი არაფერია.

გადაცემაში თუ მივდივარ ან კონცერტზე გამოვდივარ, მაყურებელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა, შესაბამისად ვიმოსები. ალბათ მთავარია ვიცოდეთ, სად რა უნდა გვეცვას და ყოველთვის გემოვნებიანად გამოვჩნდებით!

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"