"დედას ქმარმა და დედამთილმა გაუშვილეს პატარა მხოლოდ იმიტომ, რომ მესამე გოგონა იყო ოჯახისთვის" - კვირის პალიტრა

"დედას ქმარმა და დედამთილმა გაუშვილეს პატარა მხოლოდ იმიტომ, რომ მესამე გოგონა იყო ოჯახისთვის"

"მთელი ცხოვრება ვნატრობდი, და ან ძმა მყოლოდა. 42 წლის შემდეგ გავიცანი ჩემი 3 ბიოლოგიური და და დედასაც შევხვდი... მას მერე წლები გავიდა. ახლა აღარც გამზრდელები მყავს გვერდით, აღარც მშობელი დედა, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ ოდესღაც ისინი მყავდა...", - ამბობს ქალბატონი მანანა გურგენიძე, რომელსაც საოცარი ამბავი გადახდა თავს. ძალიან კარგი აღმზრდელი მშობლებით დაჯილდოებულმა, წლების შემდეგ ბიოლოგიური დედა გაიცნო, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, ქმარმა და დედამთილმა გაუშვილეს პატარა მხოლოდ იმიტომ, რომ მესამე გოგონა იყო ოჯახისთვის...

- 1961 წლის 23 დეკემბერს აღნიშნავდნენ მშობლები ჩემს დაბადების დღეს. გავიზარდე ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში. დედა პედაგოგი იყო, მამა სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე. ძალიან დაფასებული, განათლებული, კულტურული ხალხი იყვნენ. მათგან სიყვარულისა და სითბოს მეტი, არაფერი მიმიღია. 7-8 წლის ვიყავი, როცა სკოლაში ერთ-ერთმა ბავშვმა მითხრა, - შენ იცი, რომ ნაშვილები ხარო? გამეცინა, არაფერი მითქვამს, მაგრამ ეს საუბარი პიონერხელმძღვანელმა გაიგო და ის ბავშვი ოთახში შეიყვანა, საშინელი დღე აყარა... იმ ბავშვის სიტყვები მაშინ გულთან არც მიმიტანია. ისეთ სიყვარულს მაგრძნობინებდნენ და ისე მანებივრებდნენ ჩემი მშობლები, არ შეიძლებოდა, რაიმეში დავეჭვებულიყავი... წლები რომ გავიდა, ჩემსა და მშობლებს შორის მსგავსების ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერ ვპოულობდი.

- ანუ ეჭვი მაინც გაგიჩნდათ...

- კი, რაღაც ეჭვის ნაპერწკალი გაჩნდა. დედა თეთრი, ცისფერთვალება, ულამაზესი ქალი იყო და ჩემს შეკითხვაზე: გარეგნულად რატომ არ გგავართ ან შენ, ან მამას-მეთქი? მიპასუხა: რა ვქნა, დედა, ჩემს ბებიას დაემსგავსეო... გავიდა წლები. უკვე უფროსი შვილი მყავდა, როცა დედა ოზურგეთის საავადმყოფოში, კარდიოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს. მაშინ მე ვლადიკავკაზში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. მამაჩემის დეპეშა მივიღე, - დედა ცუდადაა და თუ შეგიძლია, ჩამოდიო. მაშინვე წამოვედი...

დილით შვილთან ერთად წავედი მის სანახავად. განყოფილებაში რომ შევედი, ტახტზე მჯდარ ქალს მოვკარი თვალი, რომელიც გაშტერებული მიყურებდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. შევედი, დედა ვნახე, მივეფერე... იქიდან რომ მოვდიოდი, ტროლეიბუსში ჩავჯექი. დავინახე, საავადმყოფოში ნანახი ქალიც (თურმე, ჩემ გამო, სასწრაფოდ გამოეწერა საავადმყოფოდან) ამოვიდა, ბილეთი ამიღო და მეუბნება, ჩვენ კიდევ შევხვდებითო. კარგი-მეთქი, დავიბენი და იქვე დავემშვიდობე. თურმე, ის ჩემი ბიოლოგიური დედა იყო...

- როდის გაიგეთ ამის შესახებ?

- წლების შემდეგ... მოკლედ, ახლა მასზე გიამბობთ. თურმე ამ საწყალ ქალს, ჩემს ბიოლოგიურ დედას მძიმე მშობიარობა ჰქონია. ჩემმა მამამ და ბებიამ (მამის დედამ) მოატყუეს, თითქოს მკვდარი დავიბადე, მერე ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფს, რაღაცაზე მოაწერინეს ხელი და სამშობიაროდან გამოსულს, თქვენ წარმოიდგინეთ, საფლავიც კი აჩვენეს, - აქაა შენი პატარა დასაფლავებულიო.

qajaias-masala-3-1653210007.jpg
დები

- თქვენი ბიოლოგიური მშობლები დაქორწინებულები იყვნენ?

- კი, ორი უფროსი და მყავს და კიდევ მესამე გოგო რომ გავჩნდი, არ მოეწონათ. ჩემი საცოდავი დედა 7 წელი დადიოდა ეკლესიაში და სანთელს მინთებდა სულის ცხონებისთვის. 7 წლის შემდეგ, მეზობლის ქალმა, თურმე ჩხუბისას წამოაძახა ბებიას: შენ რა ქალი ხარ, მედიკოს ბავშვი გაუშვილეო. გადარეულა დედაჩემი, - ეს რას ამბობსო? მერე მან ბებია აიძულა, სიმართლე ეთქვა. ცოდვას ვერ ვიტყვი, არ გავუყიდივარ ბებიას, ამაში ფული არ აუღია. გამზრდელმა მამამ მითხრა მერე: ერთადერთი, ექიმს მივეცი 200 მანეთი, მაგრამ მე ვიცოდი, რომ დედამ ბავშვზე უარი თქვა, თორემ ვინმეს შვილს როგორ წავართმევდიო?! მეც ვიცი, რომ ეს გამორიცხულია. ჩემი მშობლები ნამდვილად არ იყვნენ ის ადამიანები, რომ ვინმესთვის ბავშვი წაერთმიათ.

- როცა გაიგო, გაგაშვილეს, ბიოლოგიურმა დედამ ალბათ თქვენი ძებნა დაიწყო...

- დიახ და გაუგია კიდეც, ვინ მიშვილა. მას მერე დაუწყია საცოდავს ურეკში სიარული; თურმე შორიდან მაკვირდებოდა და მესიყვარულებოდა, ახლოს ვერ მოდიოდა. რომ მოვსულიყავი, ვისთვის რა მეთქვა? საბუთებით ისე გამოვიდა, რომ შვილზე უარი ვთქვი და ვისთან მეჩივლა, სად მეძებნა სამართალიო?! ერთი პატიოსანი გლეხი ქალი იყო, რომელიც თავისი შრომით ზრდიდა სამ შვილს. ჩემი გაშვილების ამბავი რომ გაიგო, თურმე მაშინვე აკრიფა გუდა-ნაბადი და ქმარს უთხრა, სადაც მე ვიქნები, იქ ფეხი არასდროს დადგა, არ დამენახვო, თორემ მოგკლავო. ოფიციალურად გასცილდა ქმარს...

qajaias-masala-4-1653210056.jpg
გამზრდელი მამა - ენრიკო გურგენიძე

- ბიოლოგიური დედის გაცნობის სურვილი როდის გაგიჩნდათ?

- ჩემი გამზრდელი დედა 1996 წელს, უეცრად გარდაიცვალა, ამის შემდეგ ჩვენთან მოვიდა მეზობელი გოგო, რომელიც იმ სოფელში იყო გათხოვილი, სადაც ჩემი ბიოლოგიური დედა ცხოვრობდა. მითხრა: ძალიან მიჭირს იმის თქმა, რაც დამაბარეს, მაგრამ რა ვქნა, დამაფიცეს... ერთ ქალს შენი გაცნობა უნდაო. მე ხომ მაშინ არაფერი ვიცოდი, არც ის, თუ რატომ გამიმეტეს გასაშვილებლად და გავბრაზდი, ამ თემაზე საუბარი არ ვისურვე...

ამის შემდეგ გავიდა წლები და ერთ დღეს მამა მეძახის: შვილო, აქ მოდი, საქმე მაქვსო. დაჯდა და მიჩვენა საბუთი, სადაც ეწერა, რომ დედა უარს ამბობდა შვილზე და მითხრა: არ ვიცი, ეს ამბავი რამდენადაა სიმართლე (რაღაც სტატია წაუკითხავს, სადაც ქალი ჰყვებოდა, რომ ბავშვი მოჰპარეს, გაუშვილეს და ამან მამაზე ისე იმოქმედა, რომ გადაწყვიტა ჩემთვის სიმართლე ეთქვა). შეიძლება "ისიც" დარდობს წლების წინ მომხდარს, შეიძლება სხვა შვილი არ ჰყავს და მიდი, მოძებნეო. უარი ვთქვი, არსად წავალ, რადგან ჩემზე უარი თქვეს, ე.ი. მათ არ ვჭირდებოდი-მეთქი...

ამის შემდეგ გავიდა კიდევ 5-6 წელი. ერთ დღეს ჩემი უმცროსი შვილი ვიღაც გოგონებთან ერთად მოვიდა: დედა, სტუმრები გვყავსო.

- ვერ გიცანით-მეთქი.

- ვერც გვიცნობ, მე შენი ღვიძლი ბიძაშვილი ვარ და ეს კიდევ, შენი უმცროსი ღვიძლი დააო, - მითხრა ერთ-ერთმა და ძალიან ცუდად გავხდი.

qajaias-masala-1-1653210094.jpg
გამზრდელი დედა - თამარ ჩქარეული

გონს რომ მოვედი, მიამბეს, რა როგორ მოხდა და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, მენახა ქალი, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა. მამას რომ შევხედე, ცრემლიანი თვალებით მიყურებდა. მივედი და ჩავეხუტე: შენ თუ გგონია, მიგატოვებ და წავალ, ძალიან შემცდარხარ. იცოდე, არც გვარს შევიცვლი. ჩემი მშობლები ყოველთვის თქვენ იყავით და როგორ შეიძლება, ხელი გკრა, სიკეთის მეტი ჩემთვის არაფერი გაგიკეთებიათ შენ და დედას-მეთქი...

მერე წავედი ბიოლოგიური დედის სანახავად. მძიმე იყო ეს შეხვედრა, ცრემლებით სავსე. ის არ მელოდა. იცოდა, რომ თავის დროზე უარი ვთქვი მასთან შეხვედრაზე და რომ დამინახა, ცუდად გახდა. მთელმა სოფელმა თავი მოიყარა იმ უზარმაზარ ეზოში და მოვიდა ბიძაც, რომელიც დღესაც ცოცხალია; კაცი, რომელიც არის ქვა, რომელსაც ვერ გატეხ, იმ დღეს ქვითინებდა.

qajaias-masala-1653210124.jpg
ბიოლოგიური დედა

- დედის ძმას გულისხმობთ ალბათ, ხომ?

- არა, მამის ძმას. მოვიდა და მითხრა: ბიძია, შენთან ყველა დამნაშავე ვართ! გვაპატიე, თუ შეგიძლიაო... მერე იყო ურთიერთობა, მისვლა-მოსვლა, გავიცანი ნათესავები. აეწყო ჩემი ურთიერთობა ბიოლოგიურ დედასთან, დებთან, ნათესავებთან, მაგრამ მერწმუნეთ, მამას რომ არ გადაედგა ეს ნაბიჯი და არ დამლაპარაკებოდა, არ შევეგულიანებინე, შეიძლება არ წავსულიყავი მათ სანახავად. მართალია, მაინტერესებდა ამ ადამიანების გაცნობაც, მაგრამ მამას გამო არ გავაკეთებდი ამას, მას ვერ ვატკენდი... სამწუხაროდ, ის 9 წლის წინ გარდაიცვალა და მისი დაკრძალვის დღეს ჩემი ყველა ახალგაცნობილი ნათესავი ჩამოვიდა, პატივი გვცეს... სამწუხაროდ, ჩემი საცოდავი ბიოლოგიური დედაც უკვე 7 წელია, იმქვეყნად გადასახლდა.

- მთავარია, რომ მასთან ურთიერთობა მოასწარით...

- კი, 6-7 წელი გვქონდა ურთიერთობა. ძალიან თბილი, ბუნჩულა, გემრიელი ადამიანი გახლდათ. ის ჩემ წინაშე არ იყო დამნაშავე, მას არც გავუყიდივარ და არც უარი უთქვამს ჩემზე. ვინ იცის, მისნაირი რამდენი დედაა ამქვეყნად, რომელსაც ძალიან ატკინეს და დღემდე არ უშრებათ თვალზე ცრემლი.

ამიტომ, მივმართავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავის დროზე იშვილეს: არ დანებდნენ, ეძებონ, ნუ გაჩერდებიან, სიმართლე გაიგონ. კი, არის შემთხვევები, როცა დედებიც ტოვებენ, უარს ამბობენ შვილებზე, ჰყიდიან მათ, მაგრამ ყველა ასეთი ხომ არ არის? ჩვენ უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ვინ გვაჩუქა სიცოცხლე. ყველას ვუსურვებ დაკარგულის პოვნას.

- ბიოლოგიურ მამაზე რას გვეტყვით?

- როცა დედის სანახავად მივედი, ბიოლოგიური მამა უკვე გარდაცვლილი იყო; ბებიაც, რა თქმა უნდა. და იცით, რა? საერთოდ, ძალიან კაცთმოყვარე ვარ, მაგრამ კიდევ კარგი, რომ არც ერთი არ დამხვდა ცოცხალი. მათ არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებდი იმას, რაც დედას გაუკეთეს, რაც მე გამიკეთეს!

რას ვიზამთ, იბადებიან ბებიაჩემის მსგავსი ადამიანებიც ამქვეყნად, რომლებიც ფიქრობენ: ამდენი გოგო რა საჭიროა, მათ ხომ გამზითვება უნდათ და ხარჯიაო. დალოცვილო, შენმა შვილმა რაც დათესა, ის მოიმკა და სხვასთან რა გინდა? ან შვილი, გოგოა თუ ბიჭი, შვილი არ არის? ძაღლი, კატა და თქვენ წარმოიდგინეთ, გველიც კი არ ტოვებს შვილს და, ადამიანი?..

მადლობა უფალს ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი, ნამდვილი ადამიანის არსებობისთვის!

ლიკა ქაჯაია

(სპეციალურად საიტისთვის)