საქართველო დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შევიდა - კვირის პალიტრა

საქართველო დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შევიდა

"2021 წელს საქართველოს მოსახლეობა 40 ათასი კაცით შემცირდა“

სტატისტიკის ეროვნული სამსა­ხურის მონაცემებით, საქა­რ­თ­ველოს მოსახლეობის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა­ - 2021 წელს 40 ათასი­ კაცით შემ­ცირდა, 2022 წლის 1-ლი იანვ­რის მდგომარეობით კი 3 688 600 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან­ შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. \მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება, კერძოდ, სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის და მიგრაციული სალდო, ანუ სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის.

ავთანდილ სულაბერიძე, დემოგრაფი­ და მკვლევარი: - კოვიდპანდემიის დროს მოსახლეობის ბუნებრივი მატ­ება­ შე­მ­ცი­რდა,­ მაგრამ დეპოპულაცია მაინც არ აღინიშნა.­ 2020 წელს, პანდემიის დასაწყის ეტაპზე, მიგ­რაციის დადებითი­ მაჩვენებელი­ რომ არ ყოფილიყო (ქვეყნი­დან გასულებთან შედარებით მეტი შემოსული დაფიქსირდა,­ რამაც ქვეყანა მოსა­ხლეობის მკვეთრი შემცი­რებისგან იხსნა),­ სხვაგვარ მოცემულობას­ მივი­ღებდით. 2021 წლისთვის­ კი მოსახლეობა თანდათან­ შეეჩვია­ პანდემიის­ პი­რობებში ცხოვრებას და ქვეყნიდან­ გადი­ნება­ ისევ განახლდა. გაზრდილი ემიგ­რაციის ფონზე, შემცირდა უკან დაბრუნებულთა რიცხვი და 2021 წელს მოსახლეობის აბსოლუტური კლება გამოიკვეთა.

- შობადობის მაჩვენებელიც შემცირდა?

- დიახ, მკვეთრად და ამის კვალდაკვალ მოსახლეობის დაბერება დაიწყო, რაც მცირერიცხოვანი ერისთვის დიდი პრობლემაა. ამასთან, ქვეყნიდან გასულთა რიცხვი კი არ მცირდება, ყოველწლიურად მატულობს, ეს კი კატასტროფაა!

გაეროს შეფასებით, როდესაც მოსა­ხ­ლეობის 7%-ზე მეტს 65 წელს გადაცილებული ადამიანები შეადგენენ, ის ერი უკვე დაბერებულად ითვლება, საქართველოში­ კი­ მოსახლეობის 15%-ია ამ ასაკის. ამიტომ­ უკვე დიდი ხანია დაბერებულთა­ სიაში ვართ და ამ მაჩვენებლით სკანდინავიისა­ და ევროპის ქვეყნებს ვუთანაბრდებით. გაეროს მონაცემებით, ყველაზე მაღალი დაბერება სკანდინავიის ქვეყნებშია, შემდეგ მოდის ევროპა,­ რუსეთი,­ უკრაინა და ბელარუსი. ჩვენთან რამდენიმე­ წელიწადში დემოგრაფიული დაბერება 16-17%-ს გადა­აჭარბებს...

- რა განაპირობებს ქვეყნის დაბერებას?

- უპირველესად, 15 წლამდე ასაკის­ პირთა რაოდენობის შემცირება, რასაც­ "ქვემოდან დაბერება" ეწოდება. "ზემოდან დაბერებაა" 65 წელს გადაცილებულ პირთა­ ხვედრითი წილის ზრდა. ამას ემატება­ მიგ­რაცია. ცხადია, ქვეყნიდან ძირითადად გაედინება მოსახლეობის შრომისუნარიანი და რეპროდუქციული­ ნაწილი, რომელმაც ერის გამრავლებაზე უნდა იზრუნოს. არსებობს სხვა ფაქტორიც, კერძოდ, ახალგაზრდებმა ჯერ ოჯახის შექმნის, შემდეგ კი ბავშვის გაჩენის დრო გადასწიეს - წყვილი­ ხშირად პირველ შვილს 30-40 წლის ასაკში აჩენს, დაბალია ორი და მეტი შვილის გაჩენის სტატისტიკაც... არადა, ქართველებში ბევრი შვილის გაჩენის მოთხოვნილება­ არსებობს,­ თუმცა სოციალური ფონის, განათლების მიღების, კარიერული ზრდის (განსაკუთრებით ქალებში) გამო სურვილი­ სურვილად­ რჩება. თუ ადრე 25 წლის ქალი უკვე ერთი ან ორი შვილის დედა იყო, ახლა ის მეტ დროს უთმობს განათლებას და 30 წლამდე, სანამ მისთვის სასურველ კარიერას არ შეიქმნის, დაოჯახებას არ ჩქარობს. პატრიარქის რამდენიმე წლის წინ დაწყებული ინიციატივა რომ არა - მესამე­ და შემდეგი შვილების ნათლია თავად პატრიარქია - ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი იქნებოდა. ოჯახის შექმნას ახალგაზრდები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, ამიტომ ჯერ კაპიტალს აგროვებენ­ და შემდეგ ქორწინდებიან. ამასობაში დრო გადის და შვილის გაჩენის შანსიც მცირდება­. იშვიათი­ გამონაკლისების გარდა, ქალებმა მაქსიმუმ მეორე გააჩინონ, რასაც დემოგრაფიულ მაჩვენებელში ცვლილება ვერ შეაქვს.

- მოსახლეობის დეპოპულაციაში, ალბათ, კოვიდპანდემიის წვლილიც დიდია.

- პანდემიას უკვალოდ არ ჩაუვ­ლია.­ 2021 წელს გარდაცვლილთა 5% კოვი­დს შეეწირა, თუმცა დიდი ნაწილი­ უფროსი თაობა იყო და არა - რეპროდ­უქციული. დეპოპულაციის სხვა ფაქტორებიც­ არსებობს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკრაინაში ომია. თუ გაგრძელდა, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასაც გაუჩნდეს შიში, რომ ომი საქართველოშიც იქნება. როდესაც მუდმივად ლაპარაკობენ, მეორე ფრონტი უნდა გაიხსნასო, ეს ახალგაზრდების ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ სამშობლოში ოჯახის შექმნისა და შვილების გაჩენის კი არა, თვითრეალიზაციის, სამსახურის დაწყების, თავის დამკვიდრების­თვის ბრძ­ოლის მოტივაციაც კი ეკარგებათ. უკრაინის ომმა მიგრაციული­ ფონიც მკვეთრად შეცვალა - ევროპის ქვეყნები ცდილობენ­ უკრაინელები დაასაქმონ, რადგან მათ სახლ-კარის დატოვება მოუხდათ, სხვების, მათ შორის, ქართველების დასაქმების შანსმა კი იკლო.

- არის ცნობები, რომ ამის გამო, ემიგრანტთა ნაწილი დაბრუნდა.

- დიახ, მაგრამ ეს ზეპირი ცნობებია­ და­ შესწავლა უნდა...

- მიგრაციის მთავარი მიზეზი სიღარიბეა?

- იმის თქმა, რომ მიგრაციის მთავარი მიზეზი სიღარიბეა, შეცდომაა. ცუდი შედარებაა, მაგრამ ქვეყანაში საწვავის ფასმა ძალიან მოიმატა, მაგრამ მანქანების ტევა არ არის. სიღარიბე და უმუშევრობა თვალში საცემია, თუმცა მანქანა ყველას თუ არა, ყოველ მეორეს მაინც ჰყავს, არადა, უმეტესობა ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრის გამოგზავნილი ფულით ირჩენს თავს.

სხვათა შორის, ჩავატარეთ კვლევა ემიგრაციიდან დაბრუნებულ ადამიანებზე და გაირკვა, რომ ქალთა შრომა ბევრად მძიმეა,­ თუმცა ისინი უფრო ინარჩუნებენ სტაბილურ სამსახურს, ვიდრე მამაკაცები.­ გაირკვა, რომ ბავშვის ან მოხუცის მომვლელად უმეტესად ექთანები და მასწავლებლები მიდიან. ბოლო ცხრა წელიწადში იტალიასა და საბერძნეთში საქართველოდან სწორედ ამ პროფესიის ქალთა მიგრაცია ძალიან გაიზარდა. კარგია, რომ სოფლად ექთანებისა და მასწავლებლების ხელფასები გაზარდეს, თუმცა­, ჩანს, არ კმარა... ბევრს ურჩევნია თუნდაც დიდი ხნით წავიდეს ქვეყნიდან, კაპიტალი დააგროვოს და შემდეგ სამშობლოში დააბანდოს, თუმცა, თუ ქვეყანა სტაბილურად ვერ ვითარდება, აქ დაბრუნებისგან ბევრი იკავებს თავს.