"სამეწარმეო საქმეებზე გადაკვალიფიცირება ძალიან სახიფათო ტენდენციაა“
ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში ყველაზე ხმაურიანი "მთავარი არხის" დირექტორისთვის გამოტანილი განაჩენია, რა დროსაც მოსამართლემ პროკურატურის ბრალდებებიდან ყველაფერი ფაქტობრივად უარყო და სრულიად ახალი - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით მიუსაჯა პატიმრობა. ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ასეა ფორმულირებული: "მუხლი 220. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის, ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე, ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ხუთ წლამდე". რამდენად სამართლიანია სამეწარმეო საქმიანობაში ამ მუხლის გამოყენება, თან სისხლისსამართლებრივი დევნით, არის თუ არა თანხვედრაში სამართლიან საერთაშორისო პრაქტიკასთან და საქართველოში მისი ასე გამოყენება რა საფრთხეების შემცველია, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:
- ამ შინაარსის მუხლი თანამედროვე სამართლისთვის უცხო არ არის, თუმცა საკმაოდ საფრთხილოა პრაქტიკის თვალსაზრისით. შესაძლოა შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც ხელმძღვანელობითი საქმიანობა, რომელიც არაერთ რისკს მოიცავს, იქცეს საფრთხედ და შედეგად, სამეწარმეო საქმიანობა გაქრეს. ბიზნესში ხელმძღვანელობით პოზიციაზე ყველა გადაწყვეტილება რამდენიმე არჩევანს შორის მოცემული მომენტისთვის და მოცემული კომპანიისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას ნიშნავს. შეფასების ნაწილში კი, რომელი გადაწყვეტილება მიიღოს, დისკრეცია გადაწყვეტილების მიმღებს აქვს. ასე რომ, სასამართლო ამ ნაწილში რომ შევიდეს, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან მან არ იცის მართვა, არ იცის კონკრეტულად ეს მომენტი და შესაბამისად, მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც კანონით მისი კომპეტენცია არ არის და გარდა ამისა, არც საკმარისი ცოდნა და გამოცდილება აქვს. მარტივ მაგალითზე რომ წარმოვიდგინოთ - თქვენ გაქვთ დღეს ასი პური და შეგიძლიათ, ვთქვათ, გაყიდოთ ჯამში ას ლარად, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ - ან გაყიდით, ან არა და შესაბამისად, ამ ფულს მიიღებთ თუ არა დღეს სრულად, ძნელი სათქმელია. მაგრამ, თუ პურს უფრო იაფად გაყიდით, შესაძლოა დღესვე სრულად გაყიდოთ და შემოსავალი ცოტა ნაკლები, მაგრამ დღესვე მიიღოთ და ეს გერჩივნოთ, რადგან ფულს ღირებულება აქვს დროში. არითმეტიკულად ეს ნაკლებია, მაგრამ მომგებიანობით გიღირთ, და თუ სასამართლო ამას წმინდა არითმეტიკული თვალსაზრისით წაიკითხავს, მიიღებს არასწორ გადაწყვეტილებას. ეს რისკია ამ მუხლის გამოყენებისას და ამიტომ გაჩნდა კითხვები გვარამიას შემთხვევაშიც. დეტალურად არ ვიცი საქმე, მაგრამ გვარამიას მენეჯერულ გადაწყვეტილებას ედავებიან, რაც არასწორია, რადგან იმ მოცემულობაში მისთვის ამოსავალი იყო კომპანიის მდგომარეობა.
- რამდენად სამართლიანია, როდესაც კანონში არის ეს მუხლი და თან სისხლის სამართლის კოდექსში?
- კანონში უნდა იყოს, რადგან თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობები არსებობს. ამიტომ უნდა იყოს, რათა პარტნიორები და აქციონერები დაცული იყვნენ. თუმცა სასამართლომაც და ყველამ უნდა გავმიჯნოთ გადაწყვეტილებები, დისკრეცია და მოქმედებდა თუ არა კონკრეტულ მოცემულობაში კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღები კომპანიის ინტერესების შესაბამისად.
- ამბობთ, რომ ეს მუხლი თავისთავად საფრთხილოა და ისეთ სენსიტიურ საკითხზე, როგორიც მედიის მფლობელის დაკავებაა, ეს საფრთხილო მუხლი რატომ გამოიყენეს?
- ლოგიკურად ვასკვნი, რომ პროკურატურაც კი ფრთხილობდა, ეს მუხლი არ გამოიყენა და სხვა მუხლებით წავიდა. ამიტომ საინტერესოა, სასამართლო ამ გადაკვალიფიცირებას და ამ მუხლის გამოყენებას როგორ დაასაბუთებს. როგორ დაასაბუთებს მოსამართლე, რომ მას ჰქონდა კომპეტენცია და ცოდნა, შესულიყო ამ საკითხში, მეეჭვება, რომ მისი დასაბუთება ვერ იქნება თანამედროვე საბაზრო და კონკურენტულ სამეწარმეო ფასეულობებზე დამყარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში.
- ეს გადაწყვეტილება მოხვდა კრიტიკულ საერთაშორისო შეფასებებში და სასამართლო უარესად გაიფუჭებს რეპუტაციას... რატომ მიდის სასამართლო თუ ხელისუფლება ამ რისკზე?
- სავარაუდოდ, მოსამართლე ამ შემთხვევაში გარემოებების მძევალი აღმოჩნდა. ერთი მხრივ, იმის გამო, რომ ჩვენი სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი ძალიან დაბალია, ასევე ძალიან დაბალია პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიტიკური ლოიალურობის ხარისხი, ასეთ პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეზე სასამართლო ვერ დარჩა, ასე ვთქვათ, კანონის ფარგლებში. სამართლებრივად ასეა. მე ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავს შევიკავებდი, რადგან ეს არის ძალიან სახიფათო მუხლი, რაშიც, თუკი გამოცდილებითი კომპეტენცია არა გაქვს, შეუძლებელია სწორი შეფასების გაკეთება. მოსამართლეს ვიღაცამ რომ ჰკითხოს, იცის, რა არის ფულის ღირებულება დროში, რაც დღეს ექსელსაც კი აქვს ჩაშენებული თავის პროგრამაში - ანუ, მაგალითად, ათი ლარი დღეს უდრის ერთი წლის თავზე ას ლარს და ამ ნაწილში როგორ შეაფასებს, ძალიან მაინტერესებს ამ კითხვას როგორ გასცემს პასუხს? ეს არის პრობლემა, რომ სამეწარმეო საქმეებზე, რომლებსაც პოლიტიკური შლეიფი ახლავს, სასამართლო იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. ანალოგიური იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, როდესაც პროკურატურა ფულის გათეთრებისთვის ედავებოდა და სასამართლომ გადაუკვალიფიცირა სულ სხვა რაღაცაზე. სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ეს უკვე მეორე პრეცედენტია და სახიფათო ტენდენცია ჩამოყალიბდა. დემოკრატიულ და სასამართლო გარემოს და ევროასოცირებას ხომ აზიანებს, ცხადია, მაგრამ მეორე პრობლემაა, რომ სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოსაც აზიანებს. უცხოელი წარმატებული მენეჯერი აქ თავის საქმიანობას არ დაიწყებს იმის შიშით, ხვალ ვიღაც დაინტერესებულმა პირმა შეიძლება მიჩივლოს და ციხეში აღმოვჩნდე მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემი კომპანიისთვის კარგი მინდოდაო. ამიტომ სამეწარმეო საქმეებზე გადაკვალიფიცირება ძალიან სახიფათო ტენდენციაა.
რუსა მაჩაიძემ