"ინდულგენცია არც გვარამიას ეკუთვნის, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

"ინდულგენცია არც გვარამიას ეკუთვნის, მაგრამ...“

"დღეს ქვეყანაში რთული პოლიტიკური მოცემულობაა, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება "ოცნებას",­ - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი კახა ქემოკლიძე. მისი თქმით, გვარამია უდანაშაულო არ არის, მაგრამ მაშინ, როცა პრემიერი "კამიკაძეა", მმართველი პარტიის თავმჯდომარე კი სასარგებლო იდიოტი, კონტექსტი იცვლება.

- აქსიომაა, რომ ინდულგენცია არავის,­ მათ შორის არც გვარამიას ეკუთვნის, მაგრამ­ როცა ევროკავშირიდან გამოგზავნილი გაქვს კითხვარი და ეს კითხვები ჟურნალისტებისა და მედიამენეჯერების თავისუფლებასაც ეხება,­ შენ კი ამ დროს მედიამენეჯერს აპატიმრებ, ან მიზანმიმართულად იყენებ დაზიანებას, ან კომპეტენცია არ გყოფნის რეალობის გასაანალიზებლად.

- თქვენ რომელი გგონიათ?

- ორივე! ერთი მხრივ, ვფიქრობ, დღეს არა­კომპეტენტური სათამაშოების ხელში ვართ, რომლებსაც საკუთარი აზრი არ გაა­ჩნიათ. ეტყვიან, მარჯვნივ წადიო, წავ­ლენ, ეტყვიან, მარცხნივო, წავლენ.

- ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ?

- დიახ! ირაკლი კობახიძემ ბოლოდ­როინ­დელი განცხადებებით სასარგებლო იდიოტის ფუნქცია შეასრულა და უფრო მკაფიოდ გამოკვეთა, რა დონეზეა ჩა­რთული პოლიტიკურ პროცესებში ივანიშვილი.

- ივანიშვილის ფინანსური აქტივები, კაპიტალი დასავლეთში აქვს და ურთიერთობის გაფუჭება ხელს რატომ უნდა აძლევდეს?

- მას რა განწყობები აქვს, ეს მგონი, არავინ იცის. ჩვენ დასკვნებს მისი სათამაშოების ქმედებების მიხედვით ვაკეთებთ.­ დღეს ვხედავთ, რომ ეს არის სათამაშოების მიერ გადადგმული ანტიდასავლური ნაბიჯები. ივანიშვილი არასდროს ყოფილა დასავლური ღირებულებების მოტრფიალე. ჩემი ინფორმაციით, ის ერთხელაც არ ყოფილა ვაშინგტონში, არა აქვს პერსონალური ურთიერთობები ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოლიტელიტებსა და ლიდერშიფთან. თუ ლიდერს სურს ქვეყნის დასავლეთში ინტეგრირება, ინსტინქტი უნდა გკარნახობდეს, რომ მეგობრები გაიჩინო ამერიკასა და ევროპაში.

- ამ ლოგიკით ივანიშვილს არც კრემლში ჰქონია ოფიციალური შეხვედრები.

- თუ გავრცელებული­ სატელეფონო ჩანაწერებით ვიმსჯელებთ და დავუშვებთ, რომ ავთენტურია, უნდა ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს პუტინის უახლოეს ბიზნესელიტის წრესთან.

- გვარამია იმ პერიოდში დააპატიმრეს, რო­დესაც პრემიერი ღარიბაშვილი ბრიუსელში­ ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრებოდა. მმართველ გუნდს საკუთარი ლიდერის უხერხულ მდგო­­მარეობაში ჩაგდება რატომ უნდა ნდომოდა?

- ღარიბაშვილი იმიტომ არის პრემიერი, რომ ივანიშვილისთვის თვალში "კამიკაძეა". ის თავს კომფორტულად გრძნობს და სულაც არ აინტერესებს, ვინ რას იფიქრებს­ მის პოლიტიკურ რეპუტაციაზე... "ოცნების" ყველა წარმომადგენელი პრორუსი არ არის, პირიქით, მათ შორის ბევრ პროდასავლელს ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნით საკუთარი პრინციპების დასაცავად და არ შეუძლიათ შეეწინააღმდეგონ შეცდომების დამშვებ პირებს.

- პარტია "საქართველოსთვის" შეუერთდება იმ ოპოზიციური პარტიების პროტესტს, რომლებიც გვარამიას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ?

- ჩვენ ნებისმიერ ფასად შევეცდებით, რომ ევროკავშირმა მოგვანიჭოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი. გარწმუნებთ, "ოცნება" ძალიან მალე დაიშლება. ჩვენი გუნდის მთავარი გზავნილი ევროპელებისთვის ასეთია: ძვირფასო პარტნიორებო, არ მიაქციოთ ყურადღება "ოცნების" მავნებლობას, დააფასეთ ქართველი ერის ისტორიული არჩევანი და მოგვეცით საშუალება კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. რაც შეეხება გვარამიას, არ ვაპირებთ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან გაერთიანებას. გვარამიას საქმემ ძალიან დააზარალა სახელმწიფო, ისევე როგორც მელიას დაპატიმრებამ. მელიას დაჭერა აუცილებელი იყო, ოღონდ შენობის გარეთ. ახლაც ანალოგიურ შეცდომასთან გვაქვს საქმე.

ხათუნა ბახტურიძე