გაიმართება თუ არა ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმი - კვირის პალიტრა

გაიმართება თუ არა ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმი

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინმა ცხინვალის რეგიონში­ დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის შესახებ აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან საქართველოს უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და ეს უყურადღებოდ არ რჩება. პარალელურად ხელისუფლება საერთაშორისო ბერკეტებსაც გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ჯერ კიდევ მოქმედმა მარიონეტმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა­. ბიბილოვის განცხადებით: "შესაბამისი დოკუმენტები სასამართლოს გადაეცა. ველოდებით გადაწყვეტილებას და უახლოეს დროში­, მალე ახდება ჩვენი დიდი ოცნება­. რუსეთი და სამხრეთი ოსეთი დაკავშირებული არიან ერთი ისტორიით. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა და მეგობრობა. ეს უფრო ორი ძმის ურთიერთობაა, როდესაც უფროსი ძმა ყოველთვის გაგიგებს და მხარს დაგიჭერს, უმცროსი კი პატივს­ სცემს და დაეხმარება­ უფროსს. მოვიდა დრო, გავერთიანდეთ ერთხელ და სამუდამოდ".

ახალარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის აზრით, რეფერენდუმის ჩატარება ცალმხრივი პროცესი არ არის.

აპირებს თუ არა რუსეთი სამხრეთ ოსეთის მიერთებას და რა პასუხი აქვს ამაზე საქართველოს ხელისუფლებას, "კვირის პალიტრა" ბატონ ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა:

- მე ვესაუბრე­ გრიგორი კარასინს, იციან ამ საკითხის მიმართ ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება და ეს უყურადღებოდ არ დარჩება. კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების საკითხში არანაირად არ არიან ჩართული. მოგეხსენებათ, ანალოგიური კომენტარი გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

- თქვენ პირადად დაურეკეთ და გამოთქვით პროტესტი რეფერენდუმზე?

- ამაზე არ ვამახვილებთ ყურადღებას­ - საუბარი შედგა. რაც შეეხება პრაღის ფორმატის ბოლო შეხვედრას, ეს დღის წესრიგში არ დგას, ვთვლით, რომ ახლა ამის დრო არ არის. არ ყოფილა­ საუბარი­ არც ავიამიმოსვლაზე. მოკლედ განვიხილეთ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო პუნქტზე შექმნილი ვითარებია. რუსეთის მხარეში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რის გამოც სატვირთო­ ავტომობილების საჭირო რაოდენობას ვერ ატარებენ. ამის გამო საქართველოს ტერიტორიაზე თავი მოიყარა ძალიან ბევრმა­ ავტომანქანამ, მათ შორის სომხეთიდან, უზბეკეთიდან და თურქეთიდან. როგორც კარასინმა გვითხრა, შეძლებისდაგვარად მიიღებენ ზომებს.

- მაინც რას აპირებს რუსეთი რეფერენდუმთან დაკავშირებით?

- მისგან რაც მოვისმინე, გითხარით. საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო მიმართულებით ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა. ნებისმიერი ასეთი ე.წ. რეფერენდუმი უკანონოა, ასევე ნებისმიერი არჩევნები, რომელიც ამ ტერიტორიაზე ტარდება, ნებისმიერი ხელისუფლებაც უკანონოა.

- ამ თემას რუსეთი სპეკულაციისთვის ხომ არ გამოიყენებს?

- მოგახსენეთ, რაც მოვისმინე კარას­ინისგან. რა აქვთ დაგეგმილი, მოვლენების მიხედვით ვიმსჯელებთ.

- პრევენციისთვის რას აკეთებთ?

- ავამოქმედებთ ყველა საერთაშორისო ბერკეტს, როგორც ადრე გაგვიკეთებია.­ ხელისუფლება დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდის დასავლელ პარტნიორებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას.