"ეს ქმნის ნიადაგს, რომ ყველა ჩუმადაა და ვისაც მოისურვებ, დასჯი, ან გამოყრი" - კვირის პალიტრა

"ეს ქმნის ნიადაგს, რომ ყველა ჩუმადაა და ვისაც მოისურვებ, დასჯი, ან გამოყრი"

რა აწუხებთ 21-ე საუკუნეში ქართული ხელოვნებისა და კულტურის მუშაკებს და როგორ შეიძლება შეფასდეს კულტურის სფეროს ვითარება? - ამ და სხვა საკითხებზე ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილი გვესაუბრება:

- "მათრახი და თაფლაკვერი" - ასე შეიძლება დავარქვათ მართვის სტილს, რომელიც დღეს ქართულ კულტურაშია გამეფებული: კულტურის სფეროს ზოგიერთ მუშაკს უხვად აფინანსებენ, ზოგიერთს კი სასტიკად სჯიან. ეს არის საბჭოთა ეპოქის მართვის სტილი, როცა ვერტიკალის სათავეში ერთი ადამიანი დგას. ეს არის "მტკიცე ხელის" პრინციპი, რომელიც 21-ე საუკუნეში სრულიად მიუღებელია. მართვის ეს სტილი საზოგადოების დახლეჩის წინა პირობაა, რადგან ვინც ფინანსდება, "ბედნიერია", მაგრამ მეორე მხარეს არის უამრავი ადამიანი, რომლებიც საყვარელ საქმეს მოსწყდნენ, გაითელნენ და უმუშევარი დარჩნენ.

ასე მგონია, რომ ვიღაც-ვიღაცები ერთობიან, როცა მინისტრის ქმედებებს აკვირდებიან. ფაქტია, რომ ამ ტრაგიკომიკურ სვლებს და ქმედებებს ლოგიკა არა აქვს და შთაბეჭდილება მრჩება, რომ თეა წულუკიანი თავისი "ძლიერი მარჯვენით" ვიღაცას თავს აწონებს. ის ცდილობს, ყველას ძალა დაატანოს და თავისი ძალაუფლება აჩვენოს. ეს მართლაც არის ძალოვანი სისტემისთვის დამახასიათებელი მართვის სტილი, მაგრამ ამ სტილის ხელოვნების მუშაკებზე გამოცდა მწარე ღიმილის მომგვრელია.

- არანაკლებ მწარეა სამსახურიდან იმ ადამიანების გაშვება, რომლებმაც მთელი ცხოვრება ქართულ კულტურას შეალიეს.

- სწორედ ეს არის რუსული მოდელი, როცა საშტატო ერთეულები ხელოვნურად არის გაბერილი და სამსახური ამ ადამიანებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ეს ქმნის ნიადაგს, რომ ყველა ჩუმადაა და ვისაც მოისურვებ, დასჯი, ან გამოყრი. აშკარაა, რომ ეს ერთგვარი საჩვენებელი ცვლილებებია: თავისი საქმის ერთგულ პროფესიონალებს ხმაურით გამოყრიან, ვინც დარჩება, ხმის ამოღებისა და აქტიურობის სურვილიც აღარ აქვს და ამ ძალადობას დამონებული, დინებას მიჰყვება. სწორედ ამიტომ ჩვენ ვხედავთ შემაძრწუნებელ დუმილს მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა ინსტიტუციებში. ხალხი გასაჭირშია, ისედაც კაპიკებს იღებს, ამას ინფლაციაც ემატება, ხვალინდელი დღის იმედი აღარ არის, უამრავი ადამიანი ქვეყნიდან გარბის და აღარავის აქვს სურვილი, პროტესტი გამოთქვას, რადგან მთელ ქვეყანას გამოუვალი მდგომარეობის შეგრძნება აქვს. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით.

- ოპონენტები გეტყვიან, წინა ხელისუფლების დროსაც ხომ უშვებდნენ კულტურის მუშაკებს და "ჩარეცხილებსაც" უწოდებდნენო?

- მათ არ ესმით, რომ გუშინწინდელი დღე არ შეიძლება იყოს დღევანდელი, ხოლო გუშინდელი დღე - ხვალინდელი. რასაკვირველია, საბჭოთა სისტემის ნგრევას შეცდომები მოჰყვა. მეც ვფიქრობ, რომ ხშირად ძალიან ხისტ მეთოდებს იყენებდნენ, მაგრამ მიზანი ის იყო, რომ ათასობით მოძველებული, უფუნქციო, ფორმალური ადგილი შეკვეცილიყო და ნამდვილი პროფესიონალებისთვის შეეწყოთ ხელი. დღეს კი პირიქით ხდება: ადამიანები ერთადერთ სამუშაო ადგილს კარგავენ და სანაცვლოდ ვერაფერს პოულობენ. წინა ხელისუფლების დროს ცვლილებები ახალი იდეებისა და შეჯიბრებითობის განვითარების მიზნით ხორციელდებოდა, ამიტომ ტყუილია, როცა ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშვერენ. მართალია, მეც ვფიქრობ, რომ ყველა რეფორმა უფრო რბილად, საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტით და მეტი ახსნა-განმარტებით უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ ეს ორი სხვადასხვა მოვლენაა. წინა ხელისუფლება ამას მაღალი მიზნისთვის აკეთებდა, ახლა კი იმისთვის კეთდება, რომ ხალხი დაიმორჩილონ, პირში წყალი ჩაუგუბონ და საზოგადოებას განვითარების სურვილი მოუსპონ.

- საკანდიდატო დისერტაცია X-XI საუკუნეების ხუროთმოძღვრებაზე დაიცავით. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა გელათში, რამ გამოიწვია პრობლემები, რომლებიც ამ უნიკალურ ტაძარში შეიქმნა?

- გელათი ნათელი მაგალითია იმისა, რა შედეგი მოაქვს სახელმწიფოს გულგრილობასა და კორუფციას! ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ ჩინოვნიკებს შეუძლიათ შეჭამონ ბიუჯეტის ფული, მოიწვიონ ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ერთი საქმე ათასჯერ გააკეთონ და ხალხის ფული უმისამართოდ ფლანგონ. გელათის მაგალითი აჩვენებს, რომ შეიძლება წლების განმავლობაში სახელმწიფოს ფულს ხარჯავდე და გულგრილად უყურებდე, ასეთი დიდი სიწმინდე შენ თვალწინ როგორ ქრება, ილევა... ამ შემთხვევაშიც ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშვერენ, მაგრამ ფაქტია - ყველაფერი, რაც მაშინ გაკეთდა, ძალიან ხარისხიანია, არსად წყალი არ ჩამოდის და ყველაფერი მაღალი სტანდარტით არის აგებული. კოლაფსი 2013 წლიდან დაიწყო და "ოცნების" ხელისუფლებას ამის გამო უნდა რცხვენოდეს.

- კულტურაზე არანაკლებ რთული სიტუაციაა მედიაში - თუნდაც ნიკა გვარამიას დაპატიმრება გავიხსენოთ... თქვენი აზრით, მედია-მენეჯერებისა და ჟურნალისტების დაპატიმრება კვლავ გაგრძელდება?

- ესეც რუსული მოდელია: თავისუფალი სიტყვა ისე უნდა ჩაახშო, რომ საზოგადოებას სამაგალითო დასჯა აჩვენო. ამით თითქოს გვეუბნებიან, ჩვენ არაფერი შეგვაჩერებს, შეგვიძლია ყველა დავაპატიმროთო! ეს საზოგადოების დამონების ერთ-ერთი მეთოდია. ყველაფერი მედიის დაბეჩავების მიზნით ხდება. ხვალ მსგავსი რამ შეიძლება ყველას დამართონ - სულერთია, ჟურნალისტი იქნება, ბიზნესმენი, ცნობილი ხელოვანი თუ პროფესორი... აბსურდის თეატრში გვაცხოვრებენ, თორემ რა აქვს დასაჭერი ან შესაწყალებელი ნიკა გვარამიას? ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მოსახლეობა ძალაგამოცლილია და გარინდებული უყურებს ამ აბსურდს.

ფაქტობრივად, მთელი საზოგადოების მოთვინიერება მიმდინარეობს და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. მოთვინიერებაა აბა, რა არის, როცა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი კორუფციაში იფლანგება და ხმას არავინ იღებს? თითქოს გზებს აგებენ, რემონტს აკეთებენ, მაგრამ არც გზებია დაგებული და ყველაფერი უხარისხოა, ან - ზიზილ-პიპილო და უფუნქციო. გაიარეთ ნებისმიერ ქალაქში ან სოფელში, ნახეთ დანგრეული გზები და შენობები - ეს არის განაცხადი, თქვენ არაფერს წარმოადგენთ, თქვენს აზრს ფასი არა აქვსო... ეს მართვის რუსული მოდელი კლავს ხვალინდელი დღის იმედს და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ადამიანებმა ხელი ჩაიქნიონ, მონებად იქცნენ და გასაჭირს შეეგუონ, ან საქართველოდან გაიქცნენ.

ხათუნა ჩიგოგიძე