"ჩემი ცხოვრება შეცდომებით არის სავსე და ზუსტად ვიცი, რომ ხვალაც უამრავ შეცდომას დავუშვებ!“ - კვირის პალიტრა

"ჩემი ცხოვრება შეცდომებით არის სავსე და ზუსტად ვიცი, რომ ხვალაც უამრავ შეცდომას დავუშვებ!“

მასზე ამბობენ, რომ ფერით, ფორმით, კომპოზიციით, და სამყაროს სრულიად განსხვავებული ხედვით ფერწერაში საოცრებებს ძერწავსო. დღევანდელი ჩვენი სტუმარი ფერმწერი შალვა მატუაშვილია. ჯერ კიდევ 1988 წელს მის ერთ-ერთ ნამუშევარს, "რუსთაველის გამზირი", წლის საუკეთესო ნამუშევრის პრემია მიენიჭა. არის წინანდლისა და თელავის საპატიო მოქალაქე, 2018 წელს კი გადაეცა ღირსების ორდენი თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. ჩვენი დიალოგი ბატონ შალვასთან მის სახელოსნოში შედგა

- სახელოსნოში რომ შემოვდივარ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. როდესაც შენს მიკროსამყაროში შემოდიხარ, ქრება ის აზრი, რომ მარტო აღარ ვარ. ისე, სულ მაქვს განცდა, რომ მარტო ვარ ხოლმე. ხან პორტრეტებზე ვმუშაობ, ხან შიშველ ფიგურაზე, ხან ნატიურმორტზე. ვცდილობ მრავალი ჟანრი მოვიცვა და სხვადასხვანაირად ვწერო... შეიძლება ერთი პროცენტი იყოს, რასაც მატუაშვილისეული წერის მანერა შეიძლება დავარქვა, თორემ დანარჩენი რა მანერაშიც მე ვწერ, ზღვა ინფორმაციას მოიცავს: ანტიკურ საბერძნეთს, ვენეციურ ფერწერას, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია.

tilo3-1653225333.jpg

რაც უფრო დიდხანს ატარებს მხატვარი ემოციას, უფრო და უფრო სიღრმისეული ხდება მისი ნამუშევარი. ხშირად არც ვიცი რას ვხატავ და აუცილებლად მივყვები ფერის სისტემას.

ვგიჟდები ფერზე. ტყეში რომ გავდივარ შემოდგომაზე, მგონია, ოქრო დაღვარეს. აი, როცა ეს შეგრძნება გაქვს, ამას შვიდი ტიციანიც კი ვერ გააკეთებს ერთად, მაგრამ მე მინდა გავაკეთო. მხატვარი უნდა ხატავდეს სხეულს, ფორთოხლის ქერქს ან მწიფე ასკილს.

ძალიან ამაყად შემიძლია გითხრათ, რომ მე არ ვხატავ გასაყიდად. თუმცა ვყიდი, რა თქმა უნდა, მაგრამ იმიტომ არ ვხატავ, რომ გავყიდო.

- თქვენი დამოკიდებულება მხატვრობის მიმართ როგორია?

- აკადემიური, კონსერვატიული. როცა პოლ გოგენის შემოქმედების იცნობ და აფასებ, რასაკვირველია, უკვე ცოტა სხვაგვარად ფიქრობ. მაგალითად, რემბრანდტისეულ ან დიურერისეულ ავტოპორტრეტზე. სხვა შტრიხი შემოდის, სხვა განწყობა, სხვა მახასიათებლები, როგორც მხატვრული, ისე ხერხები, მაგრამ ღერძად ჩემთვის მაინც რჩება აკადემიურობა და რეალიზმი. ცხადია, იცვლება რაღაცები, ჯერ ერთი, მასალაა სხვა. არ იყო წინათ ასეთი მჟღერი საღებავები. "თუ გინდა იყო მხატვარი, მოიმარაგე პატარა ფუნჯები და დიდი მოთმინება", ¬- ამბობს ლეონარდო. მოთმინების გარეშე ნამდვილი მხატვრობა არ იქმნება. ხშირად ვიწყებ ნახატს, მერე ვჩერდები, თითქოს კონტაქტს ვწყვეტ და გარკვეული დროის შემდგომ ვუბრუნდები. რაღაც ახალი ემოციური დამოკიდებულება მიჩნდება ასეთ ნამუშევართან, უკვე სრულიად ახლებურად ვხედავ და ვხვეწ.ჩემთვის მხატვრობაში უმნიშვნელოვანესია მისტიკა, გარინდება, სიღრმე და არა ზედაპირზე ყველაფრის ამოყრა, რაც ნამუშევრებში ხშირად გვხვდება ხოლმე. ჩემთვის მხატვრობა მოთმინება და რუდუნებაა.

tilo2-1653225333.jpg

ერთხელ მითხრეს, თქვენს შემოქმედებაში სკრიაბინიაო. მე ვიტყოდი, ალბათ, უფრო მოცარტია ან ბახი. თუმცა ვიღაცა დებიუსის ხედავს ჩემს შემოქმედებაში, ვიღაც შოსტაკოვიჩს, ვიღაც ბეთჰოვენს. ეს გემოვნების ამბავია. საერთოდ, მუსიკა ყოველთვის ახლავს ჩემს ყოველდღიურობას, ყოველ აზრს, ნამუშევარს.

- დედათქვენი მეცხვარის შვილი იყო და მან თქვენ ვიოლინოს დაკვრის შესასწავლად მიგიყვანათ, ამის შემდეგ კი დაიწყეთ ხატვა...

- ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც დღეს ვარ. ჩემი კუთხე, წინანდალი, ჩემთვის ყველაფრის საწყისია: ოჯახის, სამშობლოს, ფასეულობებისა და ბოლოს ფერწერის, რაც ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი, აზრი და საფუძველია.

მახსოვს, რუსთაველის 800 წლის იუბილეზე ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა თოიძის, ქობულაძის და სხვა ხელოვანთა ილუსტრაციები. განსაკუთრებით სერგო ქობულაძის მომეწონა, კერძოდ, ავთანდილისა და ტარიელის შეყრა. ეს იყო ის მომენტი, როცა გადავწყვიტე მეხატა, მეხატა და სულ მეხატა. თუ საათები ისე გავიდა, ფუნჯი ხელში არ ავიღე, ცუდად ვხდები, კანკალი მეწყება. სულ ვხატავ, 13 წლიდან... ძალიან ადვილია სურათის დაწყება, მაგრამ ძალიან რთულია დასრულება. ბევრი მაქვს დაწყებული და ახლა ვფიქრობ, იქნებ შევძლო და მეოთხედი მაინც დავასრულო.

სულ რამდენიმე ნამუშევარი მაქვს, რომლებზეც შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემია. რამდენიმე სურათია, 5-6, რომლებზედაც ვიტყვი, რომ მეტის გაკეთება არ შემეძლო.

- ვისი ნამუშევარი ახდენს თქვენზე ძლიერ შთაბეჭდილებას?

- გამოფენები და ფესტივალები მრავლად იყო. ვიმოგზაურე მიუნხენშიც, პარიზშიც, ვენეციაშიც, ფლორენციაშიც, რომშიც... თითოეულმა მათგანმა ძალიან ბევრი რამ მომცა და გაუნელებელი შთაბეჭდილება დამიტოვა. არ შეიძლება ხედავდე ტიციანის, ლეონარდოს, ვერონეზეს, მიქელანჯელოს, დონატელოს ორიგინალებს და მათგან წამოყოლილმა შთაბეჭდილებამ ბევრი რამ არ დახვეწოს და შეცვალოს შენში. ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და დღემდე მაოგნებს სერგო ქობულაძის „"დანტე"“ და მერაბ ბერძენიშვილის საოცარი ქმნილება "გიორგი სააკაძე".

ხშირად ვამბობ, რომ ჩემი მიზანია ვხატავდე ისე, როგორც ვხედავ, მინდა დავხვეწო ოსტატობა, ხელობა ვისწავლო. ალბათ ყველა მხატვრის მიზანიც ეს არის - მიაღწიოს ოსტატობის ისეთ დონეს, როგორიც ზემოთ დასახელებულ ავტორებს ჰქონდათ. უნდა განიცდიდე, ხედავდე და გადმოგქონდეს ფერი ისე, რომ ყველანაირი გემოვნების დამთვალიერებელზე ახდენდე გავლენას.

- ზემოთ ბრძანეთ, ხშირად არ ვიცი, რას ვხატავო...

- ხშირად პატარა ლაქებს ვდებ ტილოზე და იქ რაღაცა ჩნდება ხოლმე გამოსახულების ან თუნდაც სურნელის სახით. ფერს აქვს ამის უნარი და დიაპაზონი, მით უმეტეს, თუ ფერთან ერთად იზრდები და მასთან ერთად ცდილობ გაიარო ყველაფერი, რასაც ცხოვრებისეული ციკლი ჰქვია, და მე ამას გავდივარ. ჩემთვის მხატვრობაზე დიდი და მაღალი არაფერია. შეიძლება ძალიან მკრეხელურ რამეს ვამბობ, მაგრამ ჩემთვის რელიგიაზე მაღლა მხატვრობა დგას.

- ქრისტიანობა რა არის თქვენთვის?

- ჩემთვის ყველაზე დიდი ქრისტიანობაა, რომ არავინ შევაწუხო. საქმე ჩუმად ვაკეთო. აღსარებას ერთადერთ კაცს, შალვა მატუაშვილს, ანუ საკუთარ თავს, თუ ჩავაბარებ.

- ვინ არის შალვა მატუაშვილი?

- კაცი, რომელსაც არასოდეს დაუხევია უკან და მთელი ცხოვრება შრომობს. თუმცა ჩემი ცხოვრება შეცდომებით არის სავსე და ზუსტად ვიცი, რომ ხვალაც უამრავ შეცდომას დავუშვებ!

რუსუდან შაიშმელაშვილი