"ერთხელ, ბენზინი გაგვითავდა. რომელიღაც ქალაქში გავჩერდით. ამ დროს ავტომატებით სამი სამხედრო მოგვადგა" - კვირის პალიტრა

"ერთხელ, ბენზინი გაგვითავდა. რომელიღაც ქალაქში გავჩერდით. ამ დროს ავტომატებით სამი სამხედრო მოგვადგა"

ბრიტანული გამოცემა The Time ვრცელ სტატიას უძღვნის იმ უცხოელ ქალებს, რომლებიც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. სტატიაში საუბარია ქართველ მებრძოლ ქალებზეც, ნანა ტომარაძის უკრაინელი მეუღლე ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება. ომის დაწყების დროს ნანა საქართველოში იყო, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, ვერაფრით შეეგუებოდა, შორიდან ეყურებინა იმ ტრაგედიისთვის რაც უკრაინაში ხდებოდა.

- როდესაც საქართველოდან უკრაინაში მყოფ ჩემს მეუღლეს, მისი ოჯახის წევრებს ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი, რა ხდებოდა, ვერავინ მპასუხობდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. უკრაინაში ჩემი მეუღლე, მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, თან დედაჩემიც უკრაინელი იყო და ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, ამიტომაც მოხალისეობა გადავწყვიტე. ჩემთვის მთავარი იყო, უკრაინაში ჩამეღწია, როგორმე ჩემებთან მივსულიყავი.

- ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა წინააღმდეგობა არ გაგიწიეს?

- საშინელი ფიქრები მდევდა... მამაჩემისა და ჩემი შვილისთვის რომ მეკითხა, ზუსტად ვიცოდი, რომ გადამაფიქრებინებდნენ. რა თქმა უნდა, ვიფიქრე, ჩემი 8 წლის შვილი როგორ დამეტოვებინა, მაგრამ წასვლა მაინც გადავწყვიტე.

საქართველოდან მოხალისეები ქართული ლეგიონის ბაზაზე მოვხვდით. დაახლოებით ორი თვე სამხედრო სწავლებას გავდიოდით. ერთხელ ლვოვიდან კიევში რომ მოვდიოდით, ბენზინი გაგვითავდა. რომელიღაც ქალაქში გავჩერდით. ვერც ვხედავდით, სად ვიყავით. ამ დროს ავტომატებით სამი სამხედრო მოგვადგა და გაგვჩხრიკეს. გვათვალიერებდნენ, თან ხმას არ იღებდნენ და ეჭვიც კი შეგვეპარა, უკრაინელი სამხედროები იყვნენ თუ ვიღაც დივერსანტები, ჩვენს დასახოცად მოსული... სანამ არ დავამტკიცეთ, რომ ლეგიონის წევრები, ქართველები ვიყავით (ერთი ბრიტანელიც გვახლდა), მანამდე არ გაგვიშვეს...

ფრონტის ხაზზე ჯერ არ ვყოფილვარ - იქ გასაგზავნად კვალიფიციურ პირებს სამხედროები არჩევენ... ამჟამად ჩემს მეუღლესთან ერთად კიევში ვარ.

ახალი გათხოვილი ვიყავი, მეუღლე თითქმის სამი თვე არ მენახა - იანვარში დავქორწინდით და მაშინვე თბილისში წამოვედი, თებერვლის ბოლოს კი ომი დაიწყო... კიევში ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდის. სიმშვიდეა, მაგრამ ეს სიმშვიდეც საშიშია. უკრაინელები ისეთი ძლიერი ხალხია, მეც კი გაოგნებული ვარ. ასეთი მამაცები თუ იყვნენ, ვერც წარმომედგინა. მართალია, მეუღლემ ბაზიდან წამომიყვანა, მაგრამ სულ მზადყოფნაში ვარ, რადგან ამბობენ, რომ მალე ყველაფერი უარესად იქნება.

- შვილი რას გეუბნებათ?

- დედა ძალიან ენატრება, მაგრამ სანამ უკრაინაში ასეთი სიტუაციაა, ჩემს მეუღლესა და ამ ქვეყანას ვერ დავტოვებ. მამაჩემი კარგად მიცნობს და იცის, რომ როცა ასეთ რაღაცას გადავწყვეტ, ჩემთვის რამის თქმას აზრი არა აქვს.