"უკრაინა ახლა გოლგოთის გზას გადის...“ - კვირის პალიტრა

"უკრაინა ახლა გოლგოთის გზას გადის...“

უკრაინელი მოძღვარი, მარიუპოლის ერთ-ერთი ეკლესიის მსახური ვოლოდიმირ ჩერენიჩენკო­ სხვა სასულიერო პირებსა და მოხალისეებთან ერთად, საკვებით, მედიკამენტებითა და სხვა საჭირო ნივთებით ეხმარება უსახლკაროდ დარჩენილ თანამემამულეებს.

- საერთაშორისო საზოგადოებრიობა დიდხანს უყრუებდა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. ამიტომ დღეს ძალიან ძვირ ფასს ვიხდით. რუსეთი იდეოლოგიურადაც გვიტევდა. ამის შედეგია ის, რომ დღეს არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნიათ, რომ რუსეთთან წინააღმდეგობა ისევ ჩვენ დაგვაზიანებს. სამწუხაროდ, სასულიერო პირებშიც არიან ამ აზრზე. ომამდე უფრო მეტნი იყვნენ, ახლა თანდათან ხვდებიან, რომ სინამდვილეში რუსეთი შორს არის მართლმადიდებლობისგან, მას სისხლი სწყურია და ერთი მიზანი ამოძრავებს - დაგვიპყროს!.. რუსეთის განადგურება არავის უნდა, ჩვენ გვსურს ის დემოკრატიული სახელმწიფო იყოს, სადაც პატივს სცემენ სხვა ქვეყნის თავისუფალ არჩევანს. ყველამ ხომ ვიცით, როგორ მოქმედებდა ის 90-იანი წლებში საქართველოში - პირდაპირ მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში, თუმცა მსოფლიოს ატყუებდა, რომ "სამშვიდობო მისიას" ასრულებდა. უკრაინაშიც დაახლოებით იგივე პოლიტიკა აქვს - ქვეყანას "ნეონაცისტებისგან" ათავისუფლებს. მშვიდობიანი მოსახლეობა დაგვიხოცეს, ბავშვები დააობლეს, ქალაქები მიწასთან გაასწორეს. უკრაინაში იმყოფებიან უცხოელი ექსპერტები და იმედია, მტკიცებულებების მოგროვების შემდეგ ყველა დამნაშავე დაისჯება.

რუსული პროპაგანდა ძლიერად მუშაობს, ამიტომაც ბევრი, განსაკუთრებით რუსეთში, მიიჩნევს, რომ პუტინი ქრისტიანობის სახელით ებრძვის უკრაინას. სინამდვილეში, დიდი რუსეთის შექმნაზე ოცნებობს და მზად არის ამ იდეას როგორც სხვა, ასევე საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები შესწიროს, მაგრამ ღმერთი ყოველთვის მართლის მხარეს დგას. სიმართლე კი ახლა უკრაინისკენაა, რადგან ჩვენ გადარჩენისთვის, მშვიდობისთვის ვიბრძვით.

- რუსეთის ეკლესიაში უკრაინის ომი არ გაუპროტესტებიათ.

- ზოგმა გააპროტესტა, მაგრამ ყველანი დაბლოკეს. მაგალითად, ანტისაომარი რიტორიკის გამო დააჯარიმეს კოსტრომის ოლქში არსებული ეკლესიის წინამძღვარი იოანე ბურდინი, "რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის რეპუტაციის შელახვისთვის". კიდევ რამდენი მსგავსი შემთხვევა მოხდა, არავინ იცის.

ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ არაერთხელ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს შეწყვიტოს ძმათამკვლელი ომი, რომ ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტს ვიცავთ, რომ უკრაინელი და რუსი ხალხები დნეპრის მოსანათლი ემბაზიდან გამოვიდნენ და ამ ხალხებს შორის ომის დაწყება კაენის ცოდვის გამეორებაა. ჩვენი სულიერი მამა მუდმივად გვამხნევებს და გვთხოვს შევინარჩუნოთ სიმშვიდე და რაც მთავარია, ის ერთიანობა, რაც ომის დროს გამოვავლინეთ. ჩვენი პატრიარქის კურთხევით მამაცები და გამბედავები უნდა ვიყოთ, სამშობლო და ერთმანეთი გვიყვარდეს. უკრაინაშიც არის მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და მისმა რამდენიმე მსახურმა ქადაგებაში მხარი დაუჭირა რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ვიცი, რომ შორს არ არის იქამდე, როდესაც უკრაინაში მოქმედი რუსეთის ეკლესიას დაქვემდებარებული ეკლესიები ჩვენთან ერთად ილოცებენ.

დეზინფორმაცია, რომელსაც რუსეთი ძალიან კარგად იყენებს სათავისოდ, ყოველთვის ომის თანმდევი იყო, ახლა მით უფრო, რადგან ადამიანები უკვე მესამე თვეა ომის, სიკვდილის, უამრავი განსაცდელის პირისპირ ცხოვრობენ. ამიტომ სასულიერო პირებმა ყველა სიტყვა უნდა შევარჩიოთ, რომ კიდევ უფრო არ ვატკინოთ გული ერთმანეთს. სიმართლე უნდა ვთქვათ, მაგრამ მართალი სიტყვის თქმას ყველაზე დიდი მოზომვა სჭირდება, რათა სიტყვამ მოყვარე, სულიერი ძმა არ გაანაწყენოს. უკრაინა ახალ, თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოს აშენებს, ოღონდ უდიდესი ადამიანური დანაკარგის ფასად.

ჩემი ქალაქი აღარ არსებობს, იქიდან ასობით ადამიანი ლტოლვილად იქცა, მაგრამ შინ დაბრუნების იმედი არ დაუკარგავთ. ზოგჯერ მეკითხებოდნენ, მამაო, რა იქნება ხვალ, რა გველის ჩვენ, ჩვენს შვილებს და ვპასუხობდი, რომ იქნება გარდაუვალი გამარჯვება. ყველას გვტკივა გული დაკარგული ადამიანების, უდანაშაულო ბავშვების გამო. ვლოცულობ მათი სულებისთვის, ყველა იმ ადამიანის სულს საოხად, ვინც ამ ომს შეეწირნენ, ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეცნენ. ჩვენ არ გვმართავს ბოროტება და სიძულვილი. ჩვენი ხალხი ლუკმას უყოფდა ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებს. მოხალისეებმა ეკლესიაში მოიყვანეს ტყვე შეშინებული პატარა ბიჭები. ისინი ცოტა ხნით შევიფარეთ, შემდეგ კი შესაბამის სამსახურებს გადასცეს. ქრისტე თავისი მცნებებით გვაძლევს მაგალითს, როგორ მოვექცეთ ადამიანს. ამიტომ ჩვენ ყველა გვიყვარს, ყველას მიმტევებლები ვართ. მტრობა რუსი ხალხის მიმართ არც გვაქვს და არც არასდროს გვქონია. ან როგორ უნდა გვქონდეს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში უამრავი რუსი ცხოვრობს. რუსეთის ხელისუფლება თავის ეკლესიასთან შეთანხმებულად მოქმედებს ჩვენს წინააღმდეგ და იძულებულს გვხდის, თავი დავიცვათ მისი აგრესიისგან. ისინი თავად აზიანებენ ქრისტეს მოცემულ მშვიდობას. ყველა ქრისტიანის უპირველესი მისია, სწორედ მშვიდობის დამკვიდრებაა. ჩვენ გვწამს, რომ უკრაინა ახლა გოლგოთის გზას გადის, რომელიც აუცილებლად მოუტანს გამარჯვებას.

ლალი პაპასკირი