ავანტიურისტი ქართველი მზეთუნახავის ბოჰემური ცხოვრება - კვირის პალიტრა

ავანტიურისტი ქართველი მზეთუნახავის ბოჰემური ცხოვრება

არსებობენ დედოფლებად დაბადებული ქალები, რომელთაც ეპოქების განმავლობაში აღმერთებენ. მათ შორის არის ქართველი მზეთუნახავი სალომე ანდრონიკაშვილიც - ქალი, რომელიც ყოველთვის და ყველგან თაყვანისცემის ობიექტი იყო. რა იცის ისტორიამ სალომე ანდრონიკაშვილზე? მხოლოდ ბოლო წლებში გამოქვეყნებული ცნობები, რომლებიც სრულად ვერ ასახავს ვერც მის ბოჰემურ და ვერც მის ავანტიურისტულ ცხოვრებას. შესაძლოა იმიტომაც, რომ არც ამერიკაში მცხოვრებ მის ერთადერთ ქალიშვილზეა რამე ცნობილი, თუმცა სალომე ანდრონიკაშვილის მსგავსი ქალები განუმეორებელი შარმისა და ნიჭის წყალობით მაინც ლეგენდად რჩებიან. გაირკვა, რომ ის პირველი ქართველი ჟურნალისტი ქალი იყო უცხოეთში და თანაც სტატიებს პრესტიჟულ ფრანგულ ჟურნალ "ვოგში" წერდა გასული საუკუნის 30-იან წლებში. მის შესახებ ცნობებს ისტორიკოსი ნოდარ პაპოშვილი ლონდონში, იმ სახლშიც კი ეძებდა, სადაც ბოლო წლებში ცხოვრობდა, თუმცა: "სამწუხაროდ, ამ სახლში დღეს სულ სხვა ხალხი ცხოვრობს, რომელთაც სალომეს შესახებ არც კი სმენიათ". ჩვენ ისტორიკოს ნატალია ხიზანიშვილს ვთხოვეთ, ეამბა ამ განუმეორებელი ქართველი ქალის შესახებ.

- ქალბატონო ნატალია, სალომე ანდრონიკაშვილი ავანტიურისტადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ - სადაც უნდა ყოფილიყო, მის სურვილებს წინ ვერაფერი დაუდგებოდა და, ალბათ, არამხოლოდ მისი სილამაზის გამო...

- სალომე ანდრონიკაშვილი მართლაც იშვიათად საინტერესო პიროვნება იყო. მას თაყვანს სცემდა გასული საუკუნის დასაწყისის არაერთი ცნობილი ფიგურა. აღმერთებდნენ ეპოქის ცნობილი მამაკაცები, ლექსებს უძღვნიდნენ და ხატავდნენ გამორჩეული შემოქმედნი, თანაც - არაერთ ქვეყანაში.

თავად სალომეც არაჩვეულებრივად წერდა, თუმცა, სამწუხაროდ, მის შემოქმედებაზე ცოტა რამ არის ცნობილი. სავარაუდოდ, მისი ხასიათის გამო ეს ზღაპრულად მომხიბვლელი ქალბატონი ემიგრაციაშიც მუდამ ცნობილ პირთა შორის ტრიალებდა. მაგალითად, ლონდონში, სადაც ის სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა, უინსტონ ჩერჩილის მეუღლესთან, კლემენტინა ჰიზერთან, მეგობრობდა. ამერიკაში კი - არისტოტელე ონასისთან.

სალომე ანდრონიკაშვილის მამა, თავადი ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი სოფელ მელაანიდან იყო. განათლება მოსკოვში მიიღო და იქვე შეირთო ცოლად ლიდია პლეშჩეევა. სხვათა შორის, ლიდია, რომელიც რუსეთის ცნობილი ოჯახიდან იყო და ამ დროისთვის გათხოვილი გახლდათ, ამიტომ მეუღლეს სასწრაფოდ დაშორდა, ნიკოლოზს საქართველოში გამოჰყვა და სიკვდილამდე ერთად ცხოვრობდნენ. თავადი ნიკოლოზი 1916 წლამდე ბათუმის თავად (გამგებელი) მსახურობდა და სალომეც ამ ქალაქში იზრდებოდა უმცროს და-ძმასთან, მარიამსა და იესესთან ერთად.

სალომეს სილამაზემ პირველად ფურორი პეტერბურგში მოახდინა, სადაც სასწავლებლად ჩავიდა და მაშინვე შეუყვარდა ზინოვი პეშკოვს. ეს პეშკოვი მაღალი რანგის ბოლშევიკებთან დაახლოებული მწერლის, მაქსიმ გორკის შვილობილი იყო და მამობილის გავლენით არაერთხელ უშველა სალომეს. ციხიდანაც კი გამოიხსნა.

- ციხეში რა მიზეზით მოხვდა?

- ბოლშევიკური ხელისუფლების მიზეზით, თუმცა, მივყვეთ თანამიმდევრულად: თავად პეშკოვს სიძეობაზე სალომეს მშობლებმა სიღარიბის გამო უთხრეს უარი, რის შემდეგ 18 წლის სალომე 17 წლით უფროს რუს მთავარს გაჰყვა ცოლად.

eradze2-1653228285.jpg

- ალბათ, მშობლებზე გაბრაზებული.

- ვერ გეტყვით, თუმცა ეს მდიდარი თავადი საშინელი მექალთანე აღმოჩნდა, რის გამოც სალომემ გაყრა გადაწყვიტა და ქართველი ადვოკატის, ლუარსაბ ანდრონიკოვის წყალობით, ყოფილი ქმრისაგან დიდი ქონებაც მიიღო.

- აი, აქ დაიხმარა, ალბათ, ავანტიურისტის ნიჭიერება. სხვანაირად ბათუმიდან პეტერბურგში ჩასული გოგონა გავლენიან პეტერბურგელ კაცს პროცესს ვერ მოუგებდა.

- ვერც ამას დაგიდასტურებთ, თუმცა, ცნობილია, რომ…სწორედ ეს ქონება ეხმარებოდა სალომეს ლიტერატურული სალონების მოწყობაში. აქვე იწერებოდა ან იხატებოდა იმ შედევრების ნაწილი, რომლებსაც სალომეს უძღვნიდნენ. სხვათა შორის, მას ტიციანმა და პაოლო იაშვილმაც მიუძღვნეს ლექსები. ისე კი, ირკვევა, რომ სალომე ამ მიძღვნებით მაინცდამაინც არ იხიბლებოდა.A ამბობდა, პოეტები ლექსებს თავისთვის წერენ; მხატვრები თავისთვის მხატავენ;…ამერიკელმა მოქანდაკე როზი ბრაუნმა გამომძერწა; ასე განსაჯეთ, ჩემს ხელ-ფეხსაც კი ხატავენ, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთ ნამუშევარში ვცნობ საკუთარ თავსო.

როდესაც სალომეს ბოჰემურ ცხოვრებას ბოლშევიზმის აფეთქება დაემთხვა, ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თაყვანისმცემელმა გააფრთხილა, თბილისში დაბრუნდი, თორემ რუსეთში ხიფათი გელისო. როდესაც სალომე ქალიშვილთან ერთად საქართველოში ბრუნდებოდა, ის ბოლშევიკებმა ხარკოვში, მატარებელში დააპატიმრეს და რომ არა უგონოდ შეყვარებული პეშკოვი, შესაძლოა, ცოცხალიც ვერ გადარჩენილიყო. მაშინ პეშკოვმა სთხოვა მამინაცვალს, დაურეკე ლენინს, ტროცკის, თუნდაც კარლ მარქსს, ოღონდ ხარკოვის ციხიდან გამოიყვანე სალომეო. რამდენიმე დღის შემდეგ ციხიდან გამოსულ სალომეს გახარებული პეშკოვი თბილისის სადგურზეც დახვდა.

- როგორ ჰყვარებია!..

- დიახ. სხვათა შორის, მანვე წაიყვანა სალომე თბილისიდანაც ბოლშევიკების შემოჭრის წინ. იმ დღეს სალომეს ამ კაცმა მოულოდნელად უთხრა, არ გინდა, პარიზში წავიდეთო? და როდესაც სალომემ ჰკითხა, მინდა, მაგრამ რისთვისო? პეშკოვმა უპასუხა, თუნდაც თავსაბურავის შესაძენადო... და სალომეც დასთანხმდა.

- თავსაბურავისათვის! წარმომიდგენია, როგორი ძალაუფლება ჰქონდა სალომე ანდრონიკაშვილს!

- თავად ამ ეპიზოდს ასე იხსენებდა: "იმ მომენტში სერიოზულად არაფერზე დავფიქრებულარ და ისე "გავუტიე" პარიზში, ქალიშვილი კი ჩემს მშობლებს დავუტოვე." პეშკოვმა იცოდა, რომ ბოლშევიკები უკვე თბილისში შემოდიოდნენ და სალომე უსიამოვნებებს აარიდა. ამის მიუხედავად, როგორც ცნობილია, მას სალომე ცოლად არ გაჰყოლია.

- საბრალო პეშკოვი...

- და მაინც ის სიკვდილამდე ჰპატრონობდა სალომეს, რომელმაც პარიზში, ჟურნალ "ვოგში" დაიწყო მუშაობა.

- იქ როგორ მოხვდა?

- ასევე მასზე შეყვარებულ თბილისელი მხატვრის, ილია ზდანევიჩის პროტექციით (ეს ის მხატვარია, რომელმაც ნიკო ფიროსმანი აღმოაჩინა). ზდანევიჩი ნიჭიერი ადამიანი იყო, ბევრი ნაცნობი ჰყავდა, კოკო შანელთან ახლობლობდა და "ვოგისთვისაც" ქმნიდა ესკიზებს.

- გამართლებია სალომე ანდრონიკაშვილს - პოპულარულ ჟურნალს, ალბათ, დიდი ჰონორარი ჰქონდა...

- უნდა გითხრათ, რომ სალომე ანდრონიკაშვილი ბუნებით ქველმოქმედი იყო და ჟურნალში მოხვედრის შემდეგ უფრო მეტად ეხმარებოდა მეგობრებს. სწორედ "ვოგში" მუშაობისას გადაარჩინა მან ბოლშევიკებისაგან შერისხული ცნობილი რუსი პოეტი მარინა ცვეტაევა სიკვდილს. წერდა, "ვოგის" რედაქტორი მუდამ მეკითხებოდა, ვინ არის ეს შენი მეგობარი მარინა ცვეტაევა, რომელსაც ყოველთვე 120 ფრანკს ვუხდი საკუთარი ჯიბიდანო.

- მისი ავანტიურიზმი და კაცთმოყვარეობა ამითაც იგრძნობა - "ვოგის" რედაქტორსაც კი აიძულებდა, მის მეგობარს დახმარებოდა. შეიძლება ვერც ეს რედაქტორი უძლებდა სალომეს შარმს და უარს ვერაფერზე ეუბნებოდა.

- ამას ვერ გეტყვით, თუმცა იქ სალომე ცოლად გაჰყვა ასევე სიკვდილამდე მასზე შეყვარებულ ერთ-ერთ თაყვანისმცემელს, ალექსანდრ გალპერნის. გალპერნი ამერიკაში, ინგლისის საელჩოში მუშაობდა, სადაც სალომეც წაიყვანა. იქ ქალი ცნობილ ამერიკელ ბიზმესმენს, არისტოტელე ონასისს, დაუმეგობრდა, ხოლო ინგლისში დაბრუნების შემდეგ უნისტონ ჩერჩილის მეუღლის მეგობარიც გახდა.

- გამოდის, რომ სალომე ანდრონიკაშვილს ცნობილთა გაცნობის აზარტი ჰქონია.

- ფაქტია, რომ მის ნაცობებს შორის მსოფლიოს ცნობილი ადამიანები სჭარბობდნენ, მისი ბედისწერა კი დედოფლობა იყო, რაც ერთადერთხელ შეიცვალა მგლოვიარობით - როდესაც 1937 წელს მან თავის ძმა, იესეს, საფრანგეთიდან წერილი გამოუგზავნა ფრანგი ჟურნალისტების ხელით. წერილში მხოლოდ მოკითხვა ეწერა, მაგრამ იესე მაინც დახვრიტეს.

- უდიდესი ტრაგედია.

- ალბათ, ამ ტვირთის გამო სალომეს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი არ გამოუთქვამს. მხოლოდ საქართველოს მუზეუმს გამოუგზავნა ფრანგი მხატვრის მიერ შესრულებული თავისი პორტრეტი. ქალი, რომელმაც ასე საოცრად იცხოვრა, 1982 წელს გარდაიცვალა ინგლისის მდიდრულ სახლში, რომელიც მისი საკუთრება აღარ იყო, თუმცა ეს არაფერს ცვლიდა - როდესაც სალომე ანდრონიკაშვილის დიპლომატი მეუღლე გალპერნი გაკოტრდა, მან სახლი ახალ მესაკუთრეს ერთადერთი პირობით მიჰყიდა - სალომეს სიკვდილამდე იქ ეცხოვრა.

ქართველი მზეთუნახავის ფერფლი, მისივე ანდერძის თანახმად, ტრაფალგარის მოედანზე მიმოფანტეს.