რეფერენდუმი - გრძელვადიანი ნაღმი თუ ბიბილოვის ახირება - კვირის პალიტრა

რეფერენდუმი - გრძელვადიანი ნაღმი თუ ბიბილოვის ახირება

"ანატოლი ბიბილოვის უკანასკნელი სპეცოპერაცია", - ასე აფასებს ოსური მედია ცხინვალის რეგიონის ყოფილი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებას 17 ივლისს "რეფერენდუმის" დანიშვნის შესახებ, რომლის მიზანი იმის გარკვევაა, რეგიონის მოსახლეობა "ემხრობა თუ არა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებას".

ოსი პოლიტოლოგის ვიაჩესლავ გობოზოვის აზრით, "ახალი მმართველის" ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე პლებისციტის დანიშვნა ძალზე მცდარი ნაბიჯია.

"ადგილობრივი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს უფლება არა აქვს რეფერენდუმი დანიშნოს, ვინაიდან ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე რეფერენდუმს ვერ დანიშნავს ის პირი, რომელიც მოსახლეობამ გადაირჩია". კითხვას იწვევს რეფერენდუმის კითხვის ფორმულირებაც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. სულ მცირე, დამაბნეველია კითხვა, "მხარს უჭერთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთთან გაერთიანებას?" რუსეთთან გაერთიანება არ ნიშნავს მის შემადგენლობაში შესვლას და პირიქით. თუ სუბიექტის სტატუსით რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე იყო საუბარი, მაშინ კითხვაც შესაბამისად უნდა დასმულიყო. ასე რომ, გაუგებარია, რას გვთავაზობენ, რომელიმე ქვეყანასთან თუ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას და ამ ფორმით რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. ამასთან, რუსეთის ფედერაციაში შესვლის გადაწყვეტილებას თუ მივიღებთ, საამისოდ კანონმდებლობა გვაქვს მომზადებული და რეფერენდუმი რა საჭიროა?" - ამბობს ვიაჩესლავ გობოზოვი ოსურ მედიასთან.

კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილის აზრით, ცხინვალის მოსახლეობის არჩევანი ანატოლი ბიბილოვით დიდი იმედგაცრუებით აიხსნება.

- ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა მზად იყო აერჩია ნებისმიერი პირი, გარდა ბიბილოვისა. პირველ "საპრეზიდენტო არჩევნებში" ალან გაგლოევმა ამომრჩეველთა ხმების 15% მიიღო, რაც ადგილობრივ პოლიტიკაში სრულიად უცნობი პირისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელი იყო. ამას დაემატა ახალგაზრდა ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმე, რა დროსაც ბიბილოვმა ხელი დააფარა ძალოვანი უწყების თანამშრომლებს, გაგლოევმა კი, პირიქით, ჯაბიევის ოჯახის მხარე დაიჭირა. მოსახლეობის არჩევანი ე.წ. საპრეზიდენტო მარათონზე ამ საქმეზე გაგლოევის პოზიციამ გადაწყვიტა. ანატოლი ბიბილოვი უინტელექტო, უხეში, რთულად საურთიერთობო კაცია და ამანაც დიდი როლი ითამაშა. რაც შეეხება გაგლოევს, ის სპეცსამსახურების კადრია. 2007 წელს სამსახური მიატოვა და პოლიტიკოსობა მოინდომა. ის რუსეთის საიმედო საყრდენია, რადგან უშიშროების ოფიცერია და ეს კრემლს ნდობის საფუძველს აძლევს.

- 17 ივლისს ცხინვალში რეფერენდუმი დაინიშნა, რაც გაგლოევის თქმით, კითხვებს ბადებს ბიბილოვთან...

- ეს პირველად არ ხდება, ბიბილოვმა ადრეც დააყენა ეს საკითხი და ამ ლოზუნგით არჩევნებიც მოიგო. ახლაც იცოდა, რომ დაბალი რეიტინგი ჰქონდა და ეს თემა იმიტომაც გაააქტიურა, მაგრამ არ გამოუვიდა, მაინც წააგო. ამიტომ წაგებულმა კანდიდატმა მოგებულის წინააღმდეგ ავანტიურა წამოიწყო და ნაღმი დაუტოვა. გაგლოევი ამბობს, რომ რეფერენდუმის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ჯერ მისი ჩატარების საფუძველს ვერ ხედავს. სხვა თუ არაფერი, მის ჩატარებას ძალიან დიდი სახსრები სჭირდება, ამის ფული კი ახლა ცხინვალის ადმინისტრაციას არა აქვს. კიდევ ერთი ფაქტორია - ე.წ. არჩევნები ძალიან დაძაბულ, სიძულვილით გაჯერებულ გარემოში მიმდინარეობდა და წაგებულმა ბიბილოვმა მოგებულ გაგლოევს ნიშნი მოუგო - მასთან შეუთანხმებლად დანიშნა რეფერენდუმის დღე - ამ "სიურპრიზით" ანიშნა, რომ ამინდს ჯერ კიდევ თავად ქმნის. გაგლოევის პოზიციიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რეფერენდუმს გააუქმებს, რადგან ამის დრო ახლა არავის აქვს.

- რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან პესკოვის განცხადებას გულისხმობთ?

- დიახ, ამით რუსეთმა თავისი პოზიცია გამოხატა, თქვა, რომ "ამ ეტაპზე რუსეთი სამხრეთ ოსეთის შემოერთების თემაზე არ მუშაობსო". წნელისის კრიზისის შექმნისა და ქართულ მხარესთან გზის ჩაკეტვის გარდა, არაფრით გამორჩეულ ბიბილოვს, ეს ფრაზა, ალბათ, ისტორიაში შესასვლელად სჭირდებოდა, რადგან ფიქრობს, რომ ხვალ-ზეგ რუსეთი ცხინვალის რეგიონს მართლაც მიიერთებს და უნდა ინიციატორი თავად იყოს.

- ანუ ადრე თუ გვიან, რუსეთი ამ რეგიონის ანექსიასაც გადაწყვეტს?

- ვფიქრობ, ახლა არ სჭირდება, რადგან რუსეთიდან საქართველოს ხელისუფლებისკენ კეთილგანწყობილი იმპულსები მოდის. რა ფაქტორებით არის ეს გამოწვეული, განზრახ აჩვენებენ ასეთ დამოკიდებულებას თუ რეალური საფუძველი აქვთ, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, კრემლის რუპორები, მარგარიტა სიმონიანი და სხვები, აქებენ ქართულ პოლიტიკას. ამიტომ აქ სიტუაციის არევა რეფერენდუმის გამოცხადებითა და მსგავსი ქმედებებით არ სჭირდებათ, მით უფრო, როდესაც უკრაინაში მასშტაბური ომი აქვთ. რუსეთის დუმის დეპუტატმა ზატულინმა ცხინვალის რეგიონზე საუბრისას თქვა, ახლა წვერის მოქაჩვის დრო არ არისო - ფაქტობრივად, თქვა, დღეს გაღიზიანების დრო არ არის, მაგრამ ხვალ-ზეგ რას ვიზამთ, ჩვენი გადასაწყვეტიაო. პუტინის რეჟიმი იმას შვრება, რასაც საჭიროდ მიიჩნევს. მთელი მსოფლიო უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ეს მაინც გააკეთეს.

რუსეთი მთელი საქართველოს თავის სივრცეში მიღებისკენ ისწრაფვის, მაგრამ თუ მთელ ქვეყანას ვერ მიიღებს, რაც უკვე მოზომილი აქვს, იმას "დაიკანონებს", რათა შემდგომ მთლიან ქვეყანაზე ზემოქმედების მეტი ბერკეტი ჰქონდეს. ის, რომ დღეს საქართველო ბეწვის ხიდზე გადის, არ ნიშნავს, რომ ხვალაც ასეთი რეალობა იქნება. თუ მანამდე რუსეთი მნიშვნელოვნად არ დასუსტდა, ცხინვალის რეგიონის მიერთების საკითხს აუცილებლად დააყენებს. თუნდაც დასუსტებული რუსეთი საქართველოსთვის მაინც იქნება სახიფათო, რადგან მან კარგად იცის, რითი ივაჭროს დასავლეთთან, სად აქვს გავლენის სფეროს შენარჩუნების უფლება. გრძელვადიან პერსპექტივაში დასავლეთის სანქციების გამო ნამდვილად ელოდება დასუსტება, მაგრამ მანამდე რას გააკეთებს, სად მოისურვებს სიტუაციის არევას, თუნდაც თავისი მოსახლეობის მხარდაჭერის მისაღებად, ეს მხოლოდ კრემლში იციან.

რაც შეეხება "გაერთიანებულ ალანიას", ცნობილია, რომ ჩრდილოეთი ოსეთი სრულიად განსხვავებულია სამხრეთ ოსეთისგან, თუნდაც იმით, რომ ვლადიკავკაზის მოსახლეობა ძალზე კეთილგანწყობილია ქართველების მიმართ. ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა კი რუსული პროპაგანდის მსხვერპლია და საქართველოს საფრთხედ აღიქვამს. ბიბილოვის ინიციატივას "გაერთიანებული ოსეთის" შესახებ დიდად არ იზიარებენ ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერები და პოლიტიკოსები, მაგრამ თუ რუსეთმა მოისურვა, მათ არავინ არაფერს ჰკითხავს.

- რა უნდა გააკეთოს საქართველომ კიდევ ერთი ანექსიის თავიდან ასაცილებლად?

- ახლა არაფერი გვემუქრებაო, თავის დამშვიდება სიბრიყვეა. ისტორიის სწორ მხარეს უნდა დავდგეთ, სხვა შემთხვევაში, ცუდად დავამთავრებთ. საქართველოს პოზიცია დასავლეთის იდენტური უნდა იყოს და ამ საფრთხეებზე ახლავე უნდა საუბრობდეს, ყველა საერთაშორისო ტრიბუნას უნდა იყენებდეს. იმით თავის დამშვიდება, რომ ახლა რუსეთი უკრაინით არის დაკავებული, ეს რეფერენდუმი კი მხოლოდ ბიბილოვის ახირებაა, სისულელეა, რადგან რუსეთს როცა სჭირდება, ყველაფერს კარგად იყენებს სათავისოდ და არც "პატრიოტი" ბიბილოვის ინიციატივის შემოტრიალება გაუჭირდება. ახლა არ სცალიაო, არ ნიშნავს, რომ არც მომავალში ეცლება.