მეტროს ჯგუფის ქართველები და მეცხრე სართულის "ბუდე“
(დასაწყისი "კვირის პალიტრა" ##18-19-20)
დღიურის ამ ნაწილში გაიგებთ, თუ რამდენ პრობლემას აწყდება რუსეთში სამუშაოდ გადახვეწილი ემიგრანტი და როგორ კარგავს ბევრი მათგანი საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაზე მთავარს - ღირსებას.
მოსკოვში ცხოვრებამ ბევრი რამ გადამაფასებინა და მომაძებნინა ზუსტი სახელი. რა თქმა უნდა, ქართველისგან მოყენებული წყენა გაცილებით მტკივნეული იყო, ვიდრე რუსისგან... ბევრმა ჩემიანმა ძალიან მატკინა გული, მაგრამ მაინც, ქუჩაში ან მეტროში ყურს რომ მოვკრავდი ქართულ საუბარს, გავინაბებოდი, მსიამოვნებდა მშობლიური სიტყვების მოსმენა და იმ წუთებში მეგონა, სამშობლოში ვიყავი. მერე, მატარებლის გრუხუნი ან რუსების ლაპარაკი ამ საოცნებო წარმოსახვიდან უცებ მაფხიზლებდა და მკაცრ რეალობას გულმოწურული ვუბრუნდებოდი. ქართველებთან ასეთ ხანმოკლე "შეხვედრებს" თითქოს ღმერთი შეგნებულად მიწყობდა და ცოტა ხნით მაინც მჩუქნიდა ბედნიერ წუთებს.
ერთ საღამოს, როცა სამსახურიდან გამოვედი (მაშინ ჯერ კიდევ "ნეგლინკაზე" ვმუშაობდი), მეტროში ჩასული, ემოციებითა თუ ფიზიკური შრომით დაღლილი, კედელს მივეყუდე. ველოდები მატარებელს და როგორც ყოველთვის, ჩაფლული ვარ დარდიან ფიქრებში. ცხადია, ეს მოსკოვში ჩემი მწარე ცხოვრების შედეგი გახლდათ, თორემ ზოგიერთი ქართველი ძალიანაც კომფორტულად გრძნობდა თავს საბჭოეთის დედაქალაქში. ბევრი მინახავს, "ძმურ, ერთიან კავშირს" რომ მისტიროდა, პირზე კი გაცვეთილი ფრაზა ეკერა:„გვაკლდა რამე საბჭოთა კავშირში? ქართველები ბატონებივით ვიყავით რუსეთში... ამ კატეგორიაში შედიოდნენ ისინიც, ვინც 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენას და ლარისა-ნატაშას დაკარგვას განიცდიდნენ...
მოკლედ, ფიქრებში ჩაძირულს მეტროს სადგურში ჩემი ტკბილი ქართული მომესმა თუ არა, მაშინვე იქით გავიხედე. ვხედავ, ოთხი ქალი ნელი ნაბიჯით მიახლოვდება... ასეთი შრომით მოპოვებულ ფულს რა ვუთხარი, ქართველი ხარ? - მეკითხება ერთი. თავი დავუქნიე. ცუდად ხომ არ ხარ? - ჩაერთო მეორე. თურმე ვერც შევამჩნიე, ისე წამომსვლია ცრემლები. მათ კი იფიქრეს, რომ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. ასეც იყო, მაგრამ აღარავისთან მინდოდა წუწუნი... იმ დღის შემდეგ დავმეგობრდით და ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ ისინიც რესტორნებში მუშაობდნენ. ერთდროულად ვამთავრებდით სამსახურს და ჩვენი შეხვედრის ადგილი წრიული ხაზის "ოკტიაბრსკაიას" სადგური იყო. ამ ქალების წყალობით, როცა უმუშევარი დავრჩი, რამდენიმე სამსახურს გამოვკარი ხელი.
ერთ მშვენიერ დღეს მე და ირა (მეტროს ამ ჯგუფის წევრი) "ლამაზოში"„გადავიკვეთეთ. ირა ფოთიდან გახლდათ. რესტორნის მეპატრონე, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი თამაზი, ძალიან აფასებდა მას, რადგან მართლაც კარგი ხელი ჰქონდა. პერსონალისთვის საერთო სადილი მზადდებოდა და ირამ მთხოვა, იქნებ რამე გააკეთოო. მეც აჯაფსანდალი მოვამზადე. ბატონი თამაზი რომ მობრძანდა და ისადილა, ძალიან მოეწონა ჩემი კერძი, მაგრამ სამზარეულოში შემოვიდა და მადლობა ირას გადაუხადა. ირამ ჩაილაპარაკა, მე - არა, ახალმოსულმა მოამზადაო, მაგრამ თამაზო-ლამაზოს (ასე შევარქვით, რადგან გვითხრა, კარგი ბიჭი ვიყავი და ბებიაჩემი თამაზო-ლამაზოს მეძახდა, რესტორანსაც მაგიტომ დავარქვი ეს სახელიო) ყურადღება არ მიუქცევია. ისეთი კირკიტა კაცი იყო, იმასაც კი გვიკონტროლებდა, მწვანე ხახვს ან ოხრახუშს როგორ ვაჭრიდით თავებს... ერთ დღეს საცივი (ბაჟე) არ მოეწონა. რატომღაც ჩათვალა, რომ ჩემი ნახელავი იყო და უბოდიშოდ გამომიცხადა, გათავისუფლებული ხარ სამსახურიდანო. საოცარია, არა? რაც მოეწონა, ჩემად არ ჩათვალა და რაც დაიწუნა, მე მომაწერა. არადა, ის ბაჟე მე მართლა არ გამიკეთებია. ირამ კვლავ გააპროტესტა, ასე არ შეიძლებაო, მაგრამ თამაზო-ლამაზოს, როგორც ყოველთვის, არაფრის გაგონება არ სურდა. იმ კატეგორიაში არ შევდიოდი, ხვეწნა დამეწყო, არიქა, არ დამღუპო, სამსახურიდან არ გამიშვა-თქო. თავად ქართველებს უნდა ჰქონოდათ თანადგომის უნარი, რადგან მშვენივრად იცოდნენ, რა გზას გადიოდნენ მოსკოვში სამუშაოდ ჩასული არალეგალები...
"ბერიოზკაში" მუშაობის დასაწყისი ცუდად არ მაგონდება. წინა ნაწილში ვწერდი, ყველაზე ნორმალურები "ბერიოზკის" მეპატრონე ძმები, არტურა და საშკა იყვნენ. თბილისელი სომხები გახლდნენ, დიდი ხნის წამოსულები მოსკოვში. უზარმაზარი შენობა ორ დიდ დარბაზს აერთიანებდა, ეზოში 5 კუპე, პატარა შადრევანი და საზაფხულო ქოლგებით მოწყობილი ადგილები - მათი საკუთრება იყო. წლების წინ ეს ტერიტორია ბიჭების მამამ შეისყიდა, მერე კი რესტორანი ააშენეს, რაც სარფიან შემოსავლად ექცათ.
"ბერიოზკაში" ქუთაისელი დები - ინგა და მავლო დამხვდნენ. რესტორანი დიდი იყო, ძმებმა ნდობა გამომიცხადეს და მთხოვეს, ცივი და ცხელი კერძებისთვის სანდო მზარეულები მომეძებნა. "ლამაზოდან" ჩემ შემდეგ გაშვებულ მაიკოს დავუკავშირდი და "ბერიოზკაში" წამოვიყვანე. იმხელა ბანკეტები იმართებოდა, ორი უზარმაზარი დარბაზი ივსებოდა. წარმოიდგინეთ, მთელი სომხური დიასპორა მათთან მოდიოდა. მოსკოველი სომხები 200-კაციან ქორწილებს ან იუბილეებს მართავდნენ, ამისთვის კი თადარიგს ორი დღით ადრე ვიჭერდით... მე ორი თანაშემწე მყავდა - მაიკო და ყირგიზი ქალი. რესტორანში მშვიდი ატმოსფერო იყო, დირექცია ეზოში ფეხს არ ადგმევინებდა არც საემიგრაციო სამსახურს, არც პოლიციას და უშიშროებას. გარკვეულ თანხას მუდმივად უხდიდნენ წესრიგის დამცველებს და ჩვენც არავინ გვაწუხებდა... იქაური სიმშვიდე მაშინ დაირღვა, როცა მაიკომ თავისი ნაცნობი, ასევე ქუთაისელი მადონიე მოიყვანა. 60 წელს გადაცილებული, ბევრ რესტორანში იყო ნამუშევარი და "ბერიოზკის" მეპატრონეებმა უყოყმანოდ აიყვანეს... როგორც კი გაშინაურდა, მადონიემ ტრაბახს მოუმატა, ჩემს გემოს ვენდობი, სულ ასთე ვამზადებდი და ყველა გადარეული იყო ჩემი კერძებითო... ჩვენ გვეღიმებოდა, სომხებს კი სჯეროდათ მისი. მარტო რომ ეტრაბახა, რა უჭირდა?! შევამჩნიეთ, რომ საღამოობით დირექციის კაბინეტში შეიპარებოდა და ღმერთმა იცის, რას ელაპარაკებოდა. ერთხელ, როცა კვლავ დიდი ბანკეტისთვის ვემზადებოდით, მადონიეს ვთხოვე დაგვხმარებოდა. აი, იქ დატრიალდა, რაც დატრიალდა - ჯერ შეკრულ თმაზე წაივლო ხელი და გაიშალა, მერე წინსაფარი მოიგლიჯა და გვესროლა, ბოლოს მუხლებზე ხელების ცემა დაიწყო და გაჰკიოდა, - რას მერჩი, რა გინდა ჩემგანო... ეს სპექტაკლი ჩემთვის ისეთი მოულოდნელი იყო, პირი დავაღე, ვერაფრით გამეგო, რა ვუთხარი ამისთანა, ასე რომ გადაირია. გავხედე დანარჩენებს, სიცილს ძლივს იკავებდნენ და ინტერესით შეჰყურებდნენ თმაგაწეწილ "მსახიობს". ცოტა ხანს კიდევ ივიშვიშა, ლოყებიც ჩამოიხოკა, თმა კიდევ უფრო გაიწეწა, მერე მკვირცხლად შეტრიალდა და დირექციისკენ აიღო გეზი. იქ რა იქოთქოთა, ვერ გეტყვით, მაგრამ ცოტა ხანში არტურა შემოვიდა... ავუხსენი, რომ როგორც სხვა დროს, ნაკლებად დატვირთულ ახალმოსულს დახმარება ვთხოვე, რამაც ასეთი რეაქცია გამოიწვია-მეთქი. არტურამ თავი გადაიქნია და გავიდა... ერთ სფეროში მომუშავე ქართველებში უცებ ვრცელდება ამბავი და ბევრმა გაიგო მადონიეს სპექტაკლის შესახებ. ყველა სათითაოდ მაფრთხილებდა: მადონიემ რამე არ მოგიწყოს, ვერ იტანს სხვის უპირატესობას და შენი მოშორება უნდა, ბევრს გაუკეთა ასეო... საფიქრალი ისედაც ბევრი მქონდა და მადონიეს ვერ ავაშლევინებდი ნერვებს. რადგან საბუთების მომზადება დავიწყე, გადავწყვიტე, "ბერიოზკიდან" წამოვსულიყავი. ორ თვეში მაიკომაც დატოვა იქაურობა... ისევ უმუშევარი დავრჩი, მაგრამ დრო მჭირდებოდა საბუთების მოსამზადებლად და დიდად არც ვდარდობდი... ნაცნობებისთვის ნათქვამი მქონდა, რომ სამსახურს და ბინას ვეძებდი. ცოტა ხანში დამირეკა ვინმე თეამ: "შალახოში" ვმუშაობ და მეორე პოვარი მჭირდება, შენ ძალიან გაქეს, მოდი და ერთად ვიმუშაოთ, თანაც აქვე, ორი წუთის სავალზე ბინა მაქვს ნაქირავები, რამდენიმე ქალი ერთად ვართ, თუ შენც გენდომება, ამაზე კარგ ვარიანტს ვერსად იშოვიო. გამიხარდა. მართლაც, ამაზე კარგი რა უნდა ყოფილიყო, რომ დილით გადატვირთულ მეტროში მგზავრობა არ მომიწევდა.
თავდაპირველად "ქასთინგი" უნდა გამევლო "შალახოს" შეფ-პოვართან. ეს ის ლევანა გახლდათ, თაღლითობის კონკურსი რომ ჩატარებულიყო, პირველ საპრიზო ადგილს აუცილებლად გამოჰკრავდა ხელს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თელაველ ლევანას მოეწონა ჩემი "დოსიე" და იქაური წესები ამიხსნა: ორი კვირის ხელფასს დაგიკავებთ, მერე დაიწყება ანაზღაურების გაცემა, იმ ორი კვირის ფულს კი მაშინ მოგცემთ, თუ წასვლას გადაწყვეტ. თეას ძალიან უნდა, რომ მასთან დაიწყოთ მუშაობა და მეც მაკმაყოფილებს თქვენი პრაქტიკაო... რა ვიცოდი, რამხელა ხაფანგს მიგებდნენ. თურმე ძალიან უჭირდათ მუშახელი - ფულს არ აძლევდნენ და ხალხიც გარბოდა. პერსონალი გასამრჯელოს ითხოვდა, გაბრაზებული მიხაილოვიჩი (ავლაბრელი სომეხი დირექტორი) და თელაველი ლევანა კი უარს ეუბნებოდნენ და პირიქით, იმაზე ჩხუბობდნენ, რატომ ითხოვდნენ პოვრები ფულს(?!). ბოლოს მიაძახებდნენ, სადაც გინდათ, იქ გვიჩივლეთო. აბა, არალეგალი სად წავიდოდა და იყო ერთი გამიშვი-დამაკავე...
მოკლედ, ჩავალაგე ჩემი ბარგი-ბარხანა და გადავედი თეასთან ბინაში, სადაც ძალიან კარგი მანანა და ორი უზბეკი გოგო დამხვდნენ. მალე გოგონებმა სამსახური შეიცვალეს და ბინიდანაც გადავიდნენ. ჩვენი ჯგუფი თანდათან შეივსო ქართველებით და ძალიან მიხაროდა. მაიკო, რომელიც ჩემსავით დაზარალდა ჯერ "ლამაზოში", მერე "ბერიოზკაში", ჩემთან გადმოვიყვანე. ბინაშიც ერთად ვიყავით და სამსახურშიც. ჩვენთან გადმოვიდა ცხინვალში დაბადებულ-გაზრდილი ინგაც, რომელიც ცრემლიანი თვალებით გვიყვებოდა ლამაზ ბავშვობაზე და იმ ურთიერთობებზე, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ ქართველებსა და ოსებს. ის უკვე ვლადიკავკაზში ცხოვრობდა და სულ იმდროინდელი ცხინვალის მონატრებაში იყო. ინგა-ასეწინკა - ასე ვეძახდით. "შალახოს" მეორე ფილიალში მუშაობდა, იქ, სადაც დირექტორის კაბინეტი იყო და თანდათან იზრდებოდა გადაგდებული მუშახელის რიცხვი. ინგა ოპერატიულად გვაწვდიდა ინფორმაციებს. ჩემი მისვლიდან ზუსტად ორ კვირაში თეა სხვა სამსახურში გადავიდა. ვეჭვობ, სპეციალურად გადმომიყვანა "შალახოში", რომ თავად წასულიყო. ხელფასს სრულად არ აძლევდნენ, აქაოდა, ვადაზე ადრე ტოვებ სამსახურსო. სხვაგან უკეთეს პირობებს და გაცილებით მეტ ხელფასს სთავაზობდნენ და რატომ დარჩებოდა? ეტყობა, უთხრეს, შემცვლელი იპოვეო. ჰოდა,„მიპოვა... მან კი უშველა თავს, მაგრამ მე და მაიკო დავრჩით პირდაღებული. ვმუშაობდით, ჩვენი ნაოფლარი კი დირექტორის და ლევანას ჯიბეში მიდიოდა. როცა ლევანას დავიმარტოხელებდით და ხელფასზე ვეკითხებოდით, საუბრის თემას ოსტატურად ცვლიდა სხვა საკითხებით - გვიყვებოდა თავის მოსკოვურ ბიზნესზე, წარმატებებზე, თუ როგორ გახდა შეფ-პოვარი, რამდენ ფულს შოულობდა და როგორი პოპულარული იყო რუსებში. ჩვენც ვუსმენდით, სხვა რა გზა გვქონდა? პასუხგაუცემელი კითხვების მიუხედავად, ვიმედოვნებდით, რომ დაგვიანებულ ხელფასს ერთიანად ავიღებდით. მიჭირს იმის აღიარება, რომ ზუგდიდელმა თეამ გამაცურა. მასთან ცუდი ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ფაქტია, ერთად მუშაობის პერსპექტივა ხანმოკლე აღმოჩნდა. "შალახოსგან" თავისი გასამრჯელო პირველმა მან ამოიღო კანონიერი ქურდის დახმარებით. როცა მეც დამჭირდა იმ ქურდთან დაკონტაქტება, თეამ არ მომცა ნომერი. სამაგიეროდ, ინგა-ასეწინკა დამიდგა გვერდში და მომცა იმ ქურდის ნომერი, რომელმაც სულ "ჰოპ-სტოპზე" დააყენა ავლაბრელი მიხაილოვიჩიც და თელაველი ლევანაც...
ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით და არ მინდოდა კონფლიქტი, მაგრამ თეას რამდენჯერმე ღიმილით ვუთხარი: რას მერჩოდი, რატომ მომიყვანე "შალახოში", შენ თავს უშველე, მე კი კინაღამ შევეწირე ამ თაღლითებს-მეთქი... ისიც ღიმილით მპასუხობდა: არ მეგონა, ასე თუ მოგექცეოდნენ, სამაგიეროდ, აქ რომ არ მოსულიყავი, ჩვენ ვერ გაგვიცნობდიო...“ამაში კი მართლა არ ტყუოდა - ნაქირავებ ბინაში ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. აბაშელი მანანა საუკეთესო მეგობარი აღმოჩნდა. მალე დაგვემატა ზუგდიდელი ნატო, მაიკო უკვე მიყვანილი მყავდა, ინგა-ასეწინკაც ჩვენთან იყო. მოკლედ, კარგი ჯგუფი შედგა. ჩემი ჩათვლით ექვსნი ვიყავით. თეა იმ ერთოთახიანი ბინის დიასახლისად ითვლებოდა. მეპატრონემ თეას გადააბარა ქირის ფულის აკრეფა, თუმცა კატეგორიულად გააფრთხილა, 4-ზე მეტი მდგმური არ აიყვანოო. ბინა 25.000 რუბლად ქირავდებოდა, თითოეული კი ვიხდიდით 5.000 რუბლს, გამოდის, თეა არ დებდა ფულს... რაღაც პერიოდის შემდეგ "ნეგლინკაზე" დაახლოებულმა სოფომ დამირეკა და მთხოვა, ორი კარგი ქალი, ერთი ქუთაისელია, მეორე კი დონეცკელი ლტოლვილი, ღია ცის ქვეშ რჩებიან და იქნებ ცოტა ხნით შეიფაროთ, სამსახური ჯერ არა აქვთ, მაგრამ ქირის გადახდას შეძლებენ, ფული აქვთო. ექვსნი ვიყავით იმ ერთ ოთახში და კიდევ ორის დამატება, თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ რომ წარმოვიდგინე ღია ცის ქვეშ დარჩენილი, პრობლემებით დახუნძლული ქალები, უარის თქმა ვერ შევძელი. თეას ვუთხარი, როგორმე ორი კვირით შევიფაროთ, სამსახურს იშოვიან და მალე გადავლენ-თქო. მაშინვე ის მკითხა, ფული აქვთო? კი, ქირას გადაიხდიან, როგორც კი სამსახურს იშოვიან, გადავლენ-მეთქი. თეამ გამოიტანა ლეიბები და იატაკზე გაუშალა ორივეს... ორი კვირაც გავიდა და სამიც, მაგრამ არც ერთი არ ფიქრობდა სხვაგან წასვლას. ოთახი გაძეძგილი იყო, მაგრამ თეას აწყობდა კიდეც მათი იქ ყოფნა. 35.000 გროვდებოდა უკვე, არადა, გადასახდელი 25.000 იყო. მოგვიანებით თეამ გამოგვიცხადა, ბინის მეპატრონემ ქირა გაგვიზარდა, კომუნალურების და ინტერნეტის ფულსაც ცალკე ითხოვს და 5.000-ის მაგივრად, 7.000 რუბლი უნდა გადაიხადოთო, რაც ჯამში 56.000 რუბლს ურტყამდა. მანანამ გააპროტესტა: მდგმურები მოგვემატა და გადასახადის შემცირების ნაცვლად, ქირაც მატულობსო? სამსახურიდან დაღლილ-დაქანცულები რომ მოვდივართ, ნორმალურად მაინც ხომ უნდა დავიძინოთ, ოთახში ჰაერი აღარაა, სუნთქვაც კი ჭირსო. თეა მაინც პირველ ჩვენებას აწვებოდა: რა ვქნა, ქირა გაგვიზარდა მეპატრონემო. არადა, თეა ჩვენგან ფულს აკეთებდა...
დონეცკელ ლტოლვილ ლუდას ყველანი განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით. მისი ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილი სხვაგან ცხოვრობდნენ, ლუდას კი უფლება არ ჰქონდა, დაუკითხავად მოენახულებინა ქალიშვილი და შვილიშვილი. ვატყობდით, სიძესთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. საღამოობით, როცა ყველანი ერთ მაგიდასთან ვიკრიბებოდით, უპირველესად ლუდას ვთავაზობდით საჭმელსა თუ რაიმე ნუგბარს. კარგა ხანს უმუშევარი იყო, ბოლოს, როგორც იქნა, ძიძის ადგილი იშოვა და კვირაში სამჯერ გადიოდა შინიდან. დანარჩენ დღეებში სახლში წამოწოლილი ტელევიზორს უყურებდა და მზესუმზირას შეექცეოდა. შეგნებულად არ ვეკითხებოდით დონეცკის ამბებზე, ვერიდებოდით მის განერვიულებას. ერთ საღამოს, ვახშმობისას თვითონ დაიწყო ლაპარაკი. მიაჩნდა, რომ რუსეთის გარეშე უკრაინა დაიღუპებოდა. ღრმად სწამდა, რომ დონეცკიც და ლუგანსკიც რუსეთს ეკუთვნოდა და იმედს არ კარგავდა, რუსეთი მალე შეიერთებდა ამ ტერიტორიებს. ვერ მოვითმინე და მივახალე: მე შენ უკრაინელი მეგონე და თურმე რუსი ყოფილხარ-თქო. უკრაინელი ვარ, მაგრამ არ ვემხრობი ამ საზიზღარ ბენდერებსო, - მიპასუხა. სახე ამეწვა... მოვუყევი, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის მერე კარგად ვიწვნიეთ ქართველებმა რუსების "მეგობრული" დამოკიდებულება. მრავალჯერ გადაგვიარეს ერთმორწმუნე "მოყვრებმა", "უფროსი ძმის" იარლიყით ტერიტორიები წაგვგლიჯეს და დაგვბომბეს, დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, თუმცა, ამის პარალელურად ჩვენშიც არიან შენნაირები, რუსეთის გარეშე არსებობა რომ ვერ წარმოუდგენიათ-მეთქი... მინდოდა ჩამელაგებინა ჩანთა და უკანმოუხედავად დამეტოვებინა ეს ბინაც და საერთოდ მოსკოვიც, სადაც ჰაერიც კი მემძიმებოდა... საშინლად მომეწამლა გუნება-განწყობა. ლუდას ვუთხარი: თქვენ, რუსეთუმეები, ყველა პატრიოტს ბენდერებს ეძახით, ასეთი რა გაგიკეთათ რუსეთმა, რომ საკუთარს უცხო გირჩევნიათ-მეთქი. არ ვიცი, თქვენ, ქართველებს როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთის გარეშე ყოფნა, მე კი მათთან ცხოვრება მირჩევნიაო. ის დღე იყო და ის დღე, მეც ამითვალწუნა და დანარჩენებიც. ხან რა დაგვაბრალა, ხან - რა. ერთხელ სკანდალი მოაწყო, ჩემს სუნამოს ისხამთ, ყუთში გაუხსნელი ფლაკონი მქონდა და რომ ამოვიღე, სუნამო აღარ ესხაო. ახსნა-განმარტება ვცადეთ: ჯერ ერთი, არ გვჩვევია სხვის ნივთებში ქექვა, მეორეც, სუნამომ ზოგჯერ აორთქლება იცის და ალბათ, ასე მოხდა-თქო. ამაზე მთლად გადაირია... მადონიესი გამიკვირდა და ამ ჩვენგან შებრალებულმა დონეცკელმა ლტოლვილმა არანაკლები სპექტაკლი დაგვიდგა. მიუხედავად კონფლიქტისა, მომდევნო დღეებში ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა, დადიოდა ღიღინით. სუფრას რომ გავშლიდით, პირველი ეგ მიუჯდებოდა მაგიდას. თეას მოთმინების ფიალა რომ აევსო, შეაპარა, რომ სხვაგან უნდა გადასულიყო... ლუდამ მეზობლად მცხოვრები რუსი ქალი დაიმეგობრა და წარამარა ჩვენს ჩაისა და ტკბილეულზე ეპატიჟებოდა, ცხადია, ყველა ბრუნვაში გვახსენებდა. არადა, ლუდამ ჩვენთან გადმოსვლისთანავე გვითხრა, რომ უკრაინელებთან ყოფნას ქართველებთან ცხოვრება ერჩივნა, ქართველები მეგობრულები ხართ, უკრაინელები კი ხშირად ჩხუბობენო. მერე მივხვდით, რომ თავად ლუდა იყო სკანდალების მოყვარული და ვერავინ ეგუებოდა. ცოტა წაისულელებდა კიდეც. იცოდა, რომ ბინის მეპატრონე 4 მდგმურზე მეტს კრძალავდა, მაინც იმას ჩალიჩობდა, როგორმე მიეწვდინა ხმა და ეთქვა, რომ ოთხნი კი არა, რვანი ვართო. ოღონდ ჩვენთვის ევნო და საკუთარ თავსაც აღარ დაეძებდა. თავის დროზე ბინის მეპატრონემ თეა თურმე იმაზეც გააფრთხილა, მანდ კაცები არ დავინახოო... ამაზე ძალიან ვხალისობდით, ყველას ოჯახი გვყავდა, შვილები, ზოგს შვილიშვილებიც, თვითონ რა სიტუაციებსაც იყვნენ მიჩვეული, ასე ეგონათ სხვებიც. ეს ჩვენთან შემოხიზნული ლუდა მეზობელთან ენას არ აჩერებდა... მანანას ვაჟი ორჯერ ჩამოვიდა საქართველოდან და რაღა თქმა უნდა, დედა მოინახულა. ამ ლუდამ რახან მამრი დაინახა, ჯერ გაეპრანჭა შვილისტოლა ბიჭს, მერე კი მეზობელს უთხრა, ბინის მეპატრონეს გადაეცი, აქ ზედახორაა და კაცებიც დადიანო... ცოტა ხანში ინფორმირებულმა ბინის მეპატრონემ თეას დაურეკა: იცოდე, მოულოდნელად შეგამოწმებთ და თუ ზედმეტი ხალხი ვნახე, ყველას დაგატოვებინებთ ბინასო... თეას ბევრი აღარ უფიქრია, ლუდას და მის ქართველ მეგობარს კატეგორიულად მოსთხოვა ბინა დაეცალათ. უკმაყოფილოდ დატოვა იმ ორმა იქაურობა. განსაკუთრებით, ლუდა აპროტესტებდა გადასვლას. ითხოვდა, ერთი დღით კიდევ დარჩენილიყვნენ, მაგრამ თეა კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, ვეღარ გაგაჩერებთო, უთხრა და ამით დაამთავრა მათთან ურთიერთობა. მერეღა მივხდით, რატომ უნდოდა ლუდას ის ერთი დღე დარჩენა. თურმე, აგარაკიდან ჩამოსული ბინის მეპატრონე იმ საღამოს აპირებდა ჩვენს შემოწმებას და ლუდას სეირის ყურება უნდოდა. მოკლედ, გადაბარგდნენ იმავე უბანში, ოღონდ ჩვენგან მოშორებით და იმ ღამეს გვესტუმრა ბინის მეპატრონეც. გვიანი იყო, ყველანი ვიწექით, როცა კარზე გაბმულმა ზარმა და ბრახუნმა უკვე მიძინებულები ფეხზე წამოგვყარა. გულგახეთქილმა თეამ კარი გააღო და ზღურბლთან განრისხებული ქალი იდგა ძმასთან ერთად. უბოდიშოდ შემოვარდა საძინებელში, აგვინთო შუქი და სათითაოდ დაგვათვალიერა. მერე სამზარეულოში გაიყვანა თეა და ბავშვივით დატუქსა: მითხრეს, რომ აქ კაცები მოდიან, რომ ბევრი მდგმური აიყვანე. თქვენს ნაციას აღარ ვენდობი... დაბნეული თეა ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. ვერ მოვითმინე და გავედი: რომელ ნაციას ვერ ენდობით? ან რას ჰქვია, კაცები მოდიან? ხომ არაფერი გეშლებათ, იქნებ, თქვენს ნაციაში გერევით? რა წესია, შუაღამისას რომ მოდიხართ და დაძინებულებს შუქს გვინთებთ, ბინის მეპატრონეობა მდგმურებთან უბოდიშოდ მოქცევას კი არ გულისხმობს-მეთქი. ძლივს ვახერხებდი აკანკალებული ხმის დამორჩილებას. დედას რომ ვაჟი მოაკითხავს ორი საათით, ან თანამემამულეს ყავაზე დავპატიჟებთ, ამას ეძახით გადამეტებულ სტუმრიანობას-მეთქი? თვალები დააჭყიტა, ის სტუმარი კაცი ერთ-ერთის შვილიაო? დიახ, შვილია, სჯობს გადაამოწმოთ და მერე აბრახუნოთ კარზე შუაღამისას-თქო. პასუხი რომ ვერ გამცა, უცებ სხვა თემაზე გადავიდა: შპალერი რა დღეშია, გაარემონტეთ და სილამაზეში იცხოვრეთ, არ გირჩევნიათ? უადგილო შენიშვნის გამო სიცილი წამსკდა: ჩვენ აქ სამუშაოდ ვართ წამოსული და არა რუსების ბინების გასარემონტებლად, გაქირავების ბიზნესი თქვენ გაქვთ და თქვენ უნდა იყოთ მოწადინებული, მდგმურებს ნორმალური პირობები შეუქმნათ-მეთქი. ეს მომართული რუსის ქალი თანდათან ჩაიფუშა, ბოლოს სულ გაიკმინდა ხმა. მის ძმას სიტყვაც არ დაუძრავს. ხომ ვამბობ, რუსი ასეთია: თუ თავი წაუხარე, ბოლომდე შეგდგება, თუ პასუხიც სამართლიანად გაეცი, უკან იხევს. ამის მერე ამ ბინაში დიდხანს აღარ გავჩერებულვარ. გოგოებიც ნელ-ნელა დაიფანტნენ. ასე დაიშალა მეცხრე სართულის "ბუდე", რომელშიც თითქმის წელიწად-ნახევარი ვიცხოვრე.
მარინა ბაბუნაშვილი
(დასასრული შემდეგ ნომერში)