"საქართველოში ყველაფერი შემიყვარდა, „მარშრუტკის“ მძღოლის უხასიათო სახეც კი...“ - კვირის პალიტრა

"საქართველოში ყველაფერი შემიყვარდა, „მარშრუტკის“ მძღოლის უხასიათო სახეც კი...“

"იაპონიაში ცოტა დეპრესიული, ხან კი დაღლილი ვიყავი. მხოლოდ მუშაობა და სახლში დასაძინებლად დაბრუნება მიწევდა, რაც ისეთი ერთფეროვანი იყო, რომ ვგრძნობდი, ემოციებს თანდათან ვკარგავდი. სწორედ მაშინ ინტერნეტით შემთხვევით შევიტყვე რეზო გაბრიაძის შესახებ... მან და მისმა ნამუშევრებმა ისე მიმიზიდა, რომ მომინდა მისი თეატრიც მენახა..." - ამბობს იაპონიაში დაბადებული და გაზრდილი ჩიკა ოგი. ის დღეს ქართველ მეუღლესთან ერთად გურიაში ცხოვრობს.

- დავიბადე იაპონიის იამანაშის პრეფექტურაში, რომელიც ტოკიოს გვერდით მდებარეობს და გარშემორტყმულია უამრავი მთით, ტბებით... ეს ადგილი განთქმულია მთა ფუჯით. ჩემს მშობლებს სასტუმრო აქვთ და მეც უამრავი სტუმრის გარემოცვაში გავიზარდე. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მათთან საუბარი იყო. ამ გამოცდილებამ ჩამომაყალიბა კომუნიკაბელურ ადამიანად. ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა ბალეტი და დედამ სტუდიაში მიმიყვანა. მუსიკა თუ მესმოდა, ყველგან ვცეკვავდი, სუპერმარკეტშიც კი...

ჩემი პირველი სკოლა (6-12 წლის ასაკში სადაც ვსწავლობდი) ძალიან პატარა იყო, მხოლოდ 11 კლასელი მყავდა, თუმცა იქ სწავლა ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით - ისტორიის. ვერ დავივიწყებ, როგორ გვასწავლიდნენ კამაკურის ეპოქას, როცა სამურაიმ გამოჩენა დაიწყო. არ შემიძლია დავივიწყო 2001 წელს აშშ-ში ტერორისტული აქტი. შოკირებული ვიყავი! დავიწყე ფიქრი: რატომ ებრძვიან ადამიანები ერთმანეთს, როგორ უნდა იცხოვრონ ჰარმონიულად... ამ კითხვებმა გადამაწყვეტინა უნივერსიტეტში სპეციალობად კონფლიქტების მართვა ამერჩია. ვსწავლობდი არაბულს, მშვიდობის დამყარების მეთოდს ხელოვნების გამოყენებით. ვიყავი ისრაელსა და პალესტინაში კვლევისათვის და პროექტების განსახორციელებლად.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კინოწარმოებაში დავიწყე მუშაობა, კორპორაციული სტრატეგიის განყოფილებას ვხელმძღვანელობდი. მერე დავიწყე ფიქრი, მეცხოვრა იქ, სადაც მომესურვებოდა.

სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მქონდა, სად იყო საქართველო, მაგრამ გამახსენდა, რომ საქართველოს დროშა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვნახე. დავიწყე ძებნა, მაგრამ იაპონურად ბევრი ინფორმაცია არ იყო. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი საქართველოზე, მით უფრო მინდოდა ჩამოსვლა, ამიტომ დრო აღარ დამიკარგავს და გამოვემგზავრე...

- საქართველოსკენ მომავალ გზაზე მომავალ მეუღლეს შეხვდით...

- საქართველოსკენ მიმავალი ჩავედი დოჰაში, სადაც გავიცანი ჩემი მომავალი ქმარი მიშა არობელიძე. ის არგენტინიდან საქართველოში ბრუნდებოდა. მისგან ვისწავლე "გამარჯობა" და მაშინვე გამახსენდა, რომ ეს იაპონიაში ცნობილი პანტომიმური ჯგუფის სახელია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თავისი ოჯახი და მეგობრები გამაცნო, წამიყვანა მშვენიერ ადგილებში. "ცხოვრება წვრილმანებია, როგორც - კარგი, ასევე - ცუდი, თუმცა მათ შეუძლიათ ცხოვრება ფერადი და საოცნებო გახადონ..." - სწორედ ამას განვიცდიდი რეზო გაბრიაძის მხატვრულ ნამუშევრებში და მივხვდი, რომ საქართველოში დავიწყე ამ სიტყვების ასრულება. აქ ცხოვრება იმიტომ გადავწყვიტე, რომ უკვე ყველაფერი მიყვარდა, "მარშრუტკის" მძღოლის უხასიათო სახეც კი..."

- ქართული ადვილად ისწავლეთ?

- როცა აქ ჩამოვედი, ქართულად ვერ ვლაპარაკობდი, ამიტომ ჩემი ქმარი ან მეგობრები მეხმარებოდნენ ინგლისურად თარგმნაში. ახლა ვსწავლობ ახალ სიტყვებს და ვაკეთებ ჩემს ლექსიკონს ტელეფონში, თუმცა ქართულის სწავლა ჩემთვის ძალიან რთულია, ჯერ - გამოთქმა, მეორე - გრამატიკა... გურიაში ვცხოვრობ, აქ სწრაფად ლაპარაკობენ და ჩემთვის საუკეთესო ტრენინგია. სხვათა შორის, როგორც ჩანს, ხანდახან გურულადაც ვლაპარაკობ. ჩემთვის ქართულის სწავლა ძალიან საინტერესოა, რადგან ვგრძნობ, რომ ენის საშუალებით შემიძლია კულტურული ფონიც შევისწავლო. მაგალითად, "გენაცვალე" ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ ვთარგმნო, თუმცა უკვე ვიცი, როდის გამოვიყენო. ჩემი გატეხილი ქართულითაც კი ყველა ცდილობს, გაიგოს, რას ვამბობ და ახალი რაღაცები მასწავლოს.

- რას იტყვით გურიაზე?

- გურიის კლიმატი ჩემი მშობლიური ქალაქის მსგავსია და შეიძლება ესეც იყოს მიზეზი, რომ გურიაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც იაპონიაში!

მე და ჩემმა მეუღლემ ტურისტული სივრცე "ჩამო" შევქმენით. მიწა დავამუშავეთ, კოტეჯი ავაშენეთ, სანერგეები გავაშენეთ... თავიდან ჩვენი მიწა ველურ ჯუნგლებს ჰგავდა, თუმცა ახლა ყველაფერი სხვანაირად არის. უკვე ბევრი სტუმარი გვყავდა და, იმედია, მომავალში მეტი გვესტუმრება...

- როგორც ვიცი, თეატრშიც მუშაობთ...

- თეატრში ცეკვა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ჩემმა ქმარმა და მეგობრებმა წამახალისეს, რომ ეს ოცნება ამეხდინა. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ "მოძრაობის თეატრში" ნიჭიერ და ლამაზ მსახიობებთან ერთად შემიძლია ვიმუშაო.

მართალი გითხრათ, მომავლის გეგმა არ მაქვს და არც ვცდილობ, ამაზე ვიფიქრო, რადგან ის აუცილებლად შეიცვლება. მე ახლა მინდა ვიყო ჩემს საყვარელ ადამიანებთან და საყვარელი საქმე ვაკეთო.