რუსეთი მსოფლიოს სასურსათო ომითაც უპირისპირდება - კვირის პალიტრა

რუსეთი მსოფლიოს სასურსათო ომითაც უპირისპირდება

ხორბლის ფასი ევროპაში ისტორიულ მაქსიმუმზეა. სპეციალისტები შიშობენ, რომ მსოფლიოში ხორბალზე ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, ეს კი ღარიბი მოსახლეობისთვის შიმშილს ნიშნავს. რამდენად რეალურია ეს საფრთხე საქართველოსთვის და რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, "კვირის პალიტრა" ეკონომისტს, აკადემიკოს ლადო პაპავას ესაუბრა.

- დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიოში მიწოდების გლობალური ჯაჭვების წყვეტას ჯერ კიდევ კოვიდპანდემიის დროს ჩაეყარა საფუძველი. მიზეზი ის გახლდათ, რომ ეროვნულ მთავრობებს სხვადასხვა სექტორში ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებამ მოუწიათ, რათა ადამიანებს შორის კონტაქტების შეზღუდვით ვირუსის გავრცელება შეეფერხებინათ. ბუნებრივია, ამ პროცესში დაიწყო მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევაც, რაც მიწოდების შემცირებაზე აისახა. მიწოდების შემცირება კი არის პრობლემა, რომელიც სწორედ პანდემიის გამო წარმოიშვა და მსოფლიო ემზადებოდა ახალი გლობალური ჯაჭვების ფორმირების დასაწყებად, რომლის საფუძველი, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში მაიკლ სპენსი აღნიშნავს, დივერსიფიკაცია უნდა ყოფილიყო. ბუნებრივია, ამას დრო სჭირდებოდა, მაგრამ 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში დაიწყო ომი და დასავლეთმა რუსეთს დაუწესა ეკონომიკური სანქციები, რასაც მიწოდების გლობალური ჯაჭვებიდან რუსეთის გამოთიშვა მოჰყვა. ომის გამო, მიწოდების გლობალური ჯაჭვებიდან ამოვარდა უკრაინაც.

ომამდე ხორბლის მსოფლიო ექსპორტში რუსეთსა და უკრაინას ჯამში 25% ეკავათ, რაც ნიშნავს, რომ ამ ომის გამო მსოფლიოში ხორბლის მიწოდება 25%-ით შემცირდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და მას სანქციები დაუწესეს, უკვე მაშინ ინტენსიურად დაიწყო მუშაობა მარცვლეულის წარმოების ზრდაზე. მაშინვე დაიწყო საუბარი, რომ შესაძლოა ხორბალი გამხდარიყო გარკვეული პოლიტიკური ინსტრუმენტი რუსეთისთვის. პარალელურად, რუსეთ-უკრაინის ომმა რუსეთს რეალურად უბიძგა, რომ როგორც კი სანქციები დაედო, ცალკეულ შემთხვევებში ხორბლის ექსპორტი აეკრძალა, ცალკეულ შემთხვევებში კი გაეზარდა საექსპორტო ხორბლის ფასი. ამან, რა თქმა უნდა, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ხორბლის მიწოდებაზე. თავის მხრივ, უკრაინა ავტომატურად გამოეთიშა ექსპორტიორთა რიცხვს, რადგან ომში მყოფ ქვეყანას, ჯერ ერთი, თავად სჭირდება ხორბლის მოხმარება, მეორე მხრივ კი, თუკი რაიმე საექსპორტო რესურსი აქვს, გატანა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა შავ ზღვაში უკრაინული პორტების რუსების მიერ ბლოკირების გამო. ამ პრობლემამ მსოფლიოში ახალი ფენომენი - "სასურსათო ომი" გააჩინა.

სხვა სიტყვებით, დღეს რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად მიმდინარეობს "სასურსათო ომი", რომლის მთავარი აქტორი უშუალოდ რუსეთია, რომელიც სურსათს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ხორბალს იყენებს როგორც ინსტრუმენტს მსოფლიოსთან დაპირისპირების კონტექსტში. ამიტომ ეს პრობლემა სერიოზულია მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებს, სწორედ იმიტომ, რომ ეკონომიკურად ძლიერი არიან, აქვთ რესურსი, რომ "სასურსათო ომს", ასე თუ ისე, თავი გაართვან. თუმცა ღარიბი ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, სადაც სიღარიბე ისედაც საკმაოდ მაღალია, ახლა კი, როდესაც ხორბლის მიწოდება მსოფლიოში შემცირებულია, ბუნებრივია, მთლიანად სურსათი გაძვირდება და ეს დაარტყამს ღარიბებს. ამაზე დღეს უკვე წერენ ცნობილი ეკონომისტები, ანალიტიკოსები, რომ დღეს ერთ-ერთი გლობალური პრობლემა სწორედ "სასურსათო ომია".

- გასაგებია, რომ მიწოდების შემცირებამ ფასი გაზარდა, მაგრამ დღეს მსოფლიოს ფასის პრობლემა აქვს თუ იმის, რომ აღარ არის საკმარისი ხორბალი? ფასს რომ თავი გავანებოთ, რაც არის, თუნდაც ძვირი, მოსახლეობისთვის საკმარისია?

- ერთი მეორეს კი არ გამორიცხავს, არამედ შედეგია. ფასი იმიტომ არის მაღალი, რომ მიწოდებაა ნაკლები. რა თქმა უნდა, მსოფლიოში არის ხორბალი და მათ შორის, უფრო დაბალხარისხიანი, რომელიც, მაგალითად, ინდოეთს მოჰყავს, მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყანა, ალბათ, თავს შეიკავებს ინდური ხორბლის შეძენისგან, რადგან ის, როგორც გითხარით, ძალიან დაბალხარისხიანია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თავად ინდოეთმაც შეზღუდა ხორბლის ექსპორტი. ამიტომ ხორბლის ბაზარზე ახალი მიმწოდებლები უნდა გამოჩნდნენ და, რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან, მაგრამ ასე სწრაფად მიწოდების ჯაჭვების ცვლილება ტექნიკურად შეუძლებელია, რაც ფასების ზრდას იწვევს.

- მსოფლიოს შიმშილი რეალურად ემუქრება თუ პირობითი შეფასებაა?

- ეს რეალობაა. ღარიბი ქვეყნებისთვის პური ძირითადი საკვები პროდუქტია როგორც სიიაფით, ასევე ყუათიანობით. ამიტომ აქ იწყებს მოქმედებას ის ფენომენი, რასაც ეკონომისტები ვეძახით "გიფენის პარადოქსს". მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც პურზე ფასი იზრდება, ღარიბ მოსახლეობას უფრო ნაკლები ფინანსები რჩება იმისთვის, რომ სხვა, შედარებით ძვირი პროდუქტები მოიხმაროს; მათ ნაცვლად ღარიბები იძულებული არიან ისევ და ისევ პურით ისაზრდოონ. ამიტომ პურზე ფასების ზრდა ღარიბებისთვის პურზე მოთხოვნას ზრდის, პურზე მოთხოვნის ზრდა კი მიწოდების შემცირების კვალობაზე უფრო შეუწყობს ხელს მის გაძვირებას. ეს პურზე ფასების ზრდის ის "სპირალია", რომლის გარღვევის ერთადერთი მექანიზმი მარცვლეულის მიწოდების ახალი დივერსიფიცირებული გლობალური ჯაჭვების ფორმირებაა.

ukraina2-1653245168.jpg

- ომი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და სასურსათო კრიზისის საკითხი ახლა რატომ გააქტიურდა? ხომ მოსალოდნელი იყო, რომ ასე მოხდებოდა? შეუძლებელი იყო თავიდანვე გაეთვალისწინებინათ და რაიმე ეღონათ?

- ასე რომ მოხდებოდა, სპეციალისტების გაფრთხილებები მარტის დასაწყისშივე გაისმა. პრობლემა კი ის არის, რომ მსოფლიო მოუმზადებელი შეხვდა რუსეთის აგრესიას. არავინ იცოდა, რამდენ ხანს გასტანდა საომარი მოქმედებები. რუსეთს ჰქონდა გათვლა, რომ სწრაფად, დიდი დანაკარგის გარეშე დაამარცხებდა უკრაინას და დამატებით ტერიტორიებს წაართმევდა. რუსეთმა ეს ვერ გათვალა, დასავლეთის რეაქციაც საკმაოდ უცნაური იყო. ბევრი კითხვა იყო და არც ის იყო ცნობილი, როგორი იქნებოდა ეკონომიკური სანქციების ეფექტიანობა. აღმოჩნდა, რომ სანქციებს აქვს რამდენიმე "ხვრელი". "ხვრელი" ნომერი ერთი ის არის, რომ ევროკავშირი, რომელიც ბევრი სანქციის ინიციატორია, თავად ყიდულობს რუსულ ენერგეტიკულ რესურსებს, ანუ ცალი ხელით ეხმარება უკრაინას, მეორით კი უფრო მეტ ფულს უხდის რუსეთს ენერგორესურსებისთვის; მეორე "ხვრელი" გახლავთ ის, რომ არის მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებიც ამ სანქციებს არ შეერთებიან და განაგრძობენ რუსეთთან ეკონომიკურ, და არა მარტო ეკონომიკურ ურთიერთობას. რამდენიმე ქვეყანამ საჯაროდ კიდეც განაცხადა, რომ სანქციებს არც ერთ შემთხვევაში არ შეუერთდებიან. მათ შორის გამორჩეულია ისრაელი, თურქეთი, ჩინეთი, ინდოეთი. ამიტომ სანქციები ძალიან ძლიერია, მასშტაბური, თუმცა მათი ეფექტიანობა ამ "ხვრელების" გამო შემცირებულია.

- რუსეთში ამბობენ, რომ ენერგორესურსებიდან დღეში რა შემოსავალიც შესდით მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათი სამხედრო დანახარჯი ამის მეოთხედიც კი არ არის. ამის პარალელურად, ხორბალს იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და რატომ არ შეიძლება ევროკავშირმა სანქციები ეფექტიანი გახადოს, უარი თქვას რუსულ ენერგო­რესურსებზე?

- ფაქტია, რუსული რუბლი გამყარდა და ამის ახსნა მარტივია - ნავთობპროდუქტების გაყიდვიდან რუსეთს დიდი სავალუტო რესურსი შესდის. იმავდროულად, რუსეთს შეუმცირდა იმპორტი, რადგან სანქციებმა რუსეთისთვის მთელი რიგი საქონლის მიწოდება აკრძალა. შესაბამისად, ვალუტა არ გაედინება, ანუ რუსეთს სერიოზული სავალუტო მატება აქვს, რაც სანქციების ეფექტიანობას ამცირებს. იმავდროულად, ევროპისთვის არის წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება, რადგან ენერგეტიკული რესურსების გარეშე ევროპულ ქვეყნებს არსებობა არ შეუძლიათ, ხოლო ალტერნატიული რესურსების მოძიება და გამოყენება იოლი არ არის. რა თქმა უნდა, ნავთობის მოძიება შედარებით ადვილია, მაგრამ გაზის მიღება სხვა წყაროებიდან გაცილებით რთულია. ჯერ ერთი, მილსადენები არ არის და მეორე - საკმარისი თხევადი გაზის შეტანა რომც მოხერხდეს, წარმოებას ტექნოლოგიური გადაწყობა დასჭირდება, რასაც ძალიან დიდი ინვესტიცია და დრო სჭირდება. ამიტომ ევროპელი პოლიტიკოსები ვერ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომ ზიანი მიაყენონ თავიანთ მოსახლეობას, ეკონომიკას და ეს დღესავით ნათელია, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი პოლიტიკურად გაკოტრდებიან და მომდევნო არჩევნებს წააგებენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამიტომ თუ არა აქვთ გარანტია, რომ რუსულ ენერგეტიკულ რესურსს სხვა ქვეყნებიდან მიღებული რესურსით ჩაანაცვლებენ, რუსულ ენერგორესურსებზე უარს არ იტყვიან, რაც შესანიშნავად იციან კრემლში.

- სურსათსა და ხორბალს დავუბრუნდეთ. თუ არის შესაძლებელი, რომ ახლა მაინც დათესონ, რათა პრობლემა მოკლევადიანი იყოს?

- ქვეყნები უკვე ფიქრობენ და გეგმავენ ამას და მათ შორის, მოვისმინე საქართველოს მთავრობის განცხადებაც, რომ გაიზრდება მარცვლეულის წარმოება საქართველოში. ამიტომ ამაზე დღეს ყველა ქვეყანა ფიქრობს, სადაც მარცვლეულის წარმოებაა შესაძლებელი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სასურსათო ომი მეყსეულად დასრულდება. ის შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება.

- შეიძლება ხელოვნურადაც გააგრძელონ, რადგან არა მაინცდამაინც ხორბლის, არამედ სხვა პროდუქტების მწარმოებლებს აწყობდეთ გაძვირება?

- თავად ეკონომიკური სანქციებია ხელოვნური, რადგან ეს არანაირად არ ჯდება ეკონომიკის ბუნებაში. ეს არის ეკონომიკისთვის თავს მოხვეული, რათა რუსეთის ომს უკრაინაში შეუშალონ ხელი. ამიტომ როგორადაც უნდა დასრულდეს ეს ომი, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დასრულდება რუსეთის გამარჯვებით. მანამდე კი რუსეთი ყოველთვის შეეცდება გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და მათ შორის, ხორბალი და სურსათი.

- თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთიდან საქართველოში თითქმის წელიწადია ფქვილი შემოდის და არა ხორბალი, სურსათის ომი საქართველოზე მოახდენს გავლენას?

- უკვე ახდენს. მართალია, რუსეთიდან ხორბლის შემოტანა ძალიან შემცირდა, მაგრამ მაინც შემოდიოდა მცირე რაოდენობით, ახლა კი საბოლოოდ შეიზღუდა. ამიტომ ეს ჩვენი წისქვილკომბინატებისთვის დიდი პრობლემაა და ბუნებრივია, პურის გაძვირება გარდაუვალია.

- როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? საქართველოს შემთხვევაში სუბსიდირება გამოსავალი იქნება?

- პურის სუბსიდირება გამოიწვევს იმას, რომ იაფი პური შეხვდება ყველას და მათ შორის მათაც, ვისაც არ სჭირდებათ და აქვთ შემოსავალი, რომ გაძვირებული პურიც იყიდოს. ამიტომ აუცილებელია არა პურის, არამედ გაჭირვებული მყიდველის სუბსიდირება, ანუ პურის გაძვირების საკომპენსაციოდ, ფინანსური დახმარება უნდა გაიცეს გაჭირვებულ მოსახლეობაზე სოციალურ დახმარებასთან ერთად.

- ამბობთ, რომ მსოფლიოს შიმშილი ელოდება. მოშიმშილე ნაწილში საქართველოც მოხვდება?

- რა თქმა უნდა, არა. საქართველოში კი გაძვირდება პური, მაგრამ ჩვენ რასაც შიმშილს ვეძახით, ეს ძირითადად აფრიკული ღარიბი ქვეყნების მოსახლეობას შეეხება.

- საქართველოში სურსათსა და თუნდაც უშუალოდ ხორბალთან დაკავშირებული პოლიტიკა რამდენად სწორია და კიდევ რისი გაკეთება შეიძლება?

- ამ ეტაპზე რასაც მთავრობა აკეთებს, ვფიქრობ, სწორია. ვგულისხმობ ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების გაზრდის შესახებ ნაბიჯებს. თუმცა ვისურვებდი, ეს ცოტა ადრე დაწყებულიყო, თუნდაც 2020 წელს, პანდემიიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ამ დროს საქართველოში საკმაოდ მძლავრობდა ულტრალიბერალური შეხედულებები და ეკონომიკური პოლიტიკა მათ ემყარებოდა.

რუსა მაჩაიძე